Facebook Twitter

საქმე # 330310015709823

საქმე Nბს-687-680 (კ-16) 7 მარტი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - გ. წ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. წ-მა 2015 წლის 29 იანვარს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სaსამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ. მოსარჩელემ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2014 წლის 30 ოქტომბრის №81558 გადაწყვეტილებისა და 2014 წლის 26 დეკემბრის №3677 ბრძანების ბათილად ცნობა და 2008-2010 წლებში გამოცემული განკარგულებების ან გადაწყვეტილებების, სადაც ჯარიმების დაკისრებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ საქმეებზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება ხანდაზმულობის გამო შეწყდა მოპასუხისათვის გაცემის დავალება მოითხოვა.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2014 წლის პირველ ოქტომბერს გ. წ-ის წარმომადგენელმა - ნ. კ-ამ განცხადებით მიმართა სსიპ ,,აღსრულების ეროვნული ბიუროს“ თავმჯდომარეს და მოითხოვა 2008-2009-2010 წლების მიხედვით აჭარის სააღსრულებო ბიუროს ან/და ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე გადაწყვეტილება, რა დროსაც სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებზე დაკისრებული ჯარიმები გაუქმდა ანუ სააღსრულებო საქმე შეწყდა ხანდაზმულობის საფუძველზე. აღნიშნულ განცხადებაზე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმისწარმოებისა და საინფორმაციო სამსახურის 2014 წლის 30 ოქტომბრის №81558 წერილით განმცხადებელს ეცნობა, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს არქივში დაცული იყო საქმეები, რომლებზეც წარმოება შეწყდა ხანდაზმულობის გამო და განემარტა, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონიდან გამომდინარე, ვინაიდან განმცხადებელი არ წარმოადგენდა აღსრულების პროცესში მონაწილე პირს, ხოლო განცხადებაში მოთხოვნილი ინფორმაცია არ წარმოადგენდა საჯარო ინფორმაციას და სცდებოდა ინფორმაციის თავისუფლების ფარგლებს, აღსრულების ეროვნული ბიურო მოკლებული იყო შესაძლებლობას მიეწოდებინა სააღსრულებო წარმოებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით გ. წ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. წ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით გ. წ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; გ. წ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2014 წლის 30 ოქტომბრის N81558 გადაწყვეტილება, 2014 წლის 26 დეკემბრის N3677 ბრძანება და დაევალა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს გასცეს აღსრულების ეროვნული ბიუროს არქივიდან 2008-2010 წლებში გამოცემული განკარგულება ან გადაწყვეტილება, სადაც ჯარიმების დაკისრებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ საქმეებზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება შეწყდა ხანდაზმულობის გამო.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიცია, რომლის თანახმად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 3.4. მუხლის იმ დანაწესიდან გამომდინარე, რომ ამ კოდექსის მოქმედება არ ვრცელდება აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა იმ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული აქტების აღსრულებასთან, რომელთა შორის ერთ-ერთ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ აღსრულებას დაქვემდებარებულ აქტად მიჩნეულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმის დაკისრების შესახებ, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო არ არის უფლებამოსილი გასცეს ინფორმაცია აღნიშნული აქტის აღსრულებასთან დაკავშირებით იმდენად, რამდენადაც ზემოთ აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმები ინფორმაციის გაცემის შესახებ არ შეიძლება გავრცელდეს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განხორციელებული ცალკეული ქმედებების შედეგებთან (მოცემულ შემთხვევაში - ხანდაზმულობის საფუძვლით სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის შესახებ ქმედებებთან) მიმართებაში.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოცემული დავის გადასაწყვეტად და სარჩელის დასაკმაყოფილებლად უმნიშვნელოვანესია ის უდავო გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას, იმდენად, რამდენადაც ის ეხება აღსრულების ეროვნული ბიუროს არქივიდან აღსრულების ბიუროს მიერ 2008 -2010 წლებში გამოცემული იმ აქტის დაშტრიხული სახით გადაცემას, რომლითაც ხანდაზმულობის საფუძვლით, ადმინისტრაციული ჯარიმის ამოღების საქმეზე სააღსრულებო წარმოება არის შეწყვეტილი; ასევე უდავოა, რომ აღნიშნული ინფორმაცია აღსრულების ეროვნულ ბიუროს გააჩნია; სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ვინაიდან მოსარჩელის მიერ მოთხოვნილია ადმინისტრაციულ ორგანოში დაცული საჯარო ინფორმაცია, სახეზეა მისი გაცემის ვალდებულება, როგორც საქართველოს კანონმდებლობის, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ასევე საერთაშორისო აქტებში დეკლარირებული ნორმების საფუძველზე ადამიანის ძირითად და განუსხვისებელ უფლებათა პატივისცემისა და მათი განხორციელების უზრუნველყოფის ფარგლებში. არ არსებობს ისეთი მოქმედი საკანონმდებლო აქტი, რომელიც საჯარო დაწესებულებას ათავისუფლებს საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულებისგან, მიუხედავად იმისა, მისი საქმიანობის პროცედურები რეგულირდება თუ არა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმებით. სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა, რომ ინფორმაციის თავისუფლება გარანტირებულია ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-10 მუხლით, რომელიც უზრუნველყოფს გამოხატვის თავისუფლებას, იცავს სხვათა იდეების მოპოვებას, დამუშავებასა და შემდგომ გადაცემას; ამასთან, ინფორმაციის თავისუფლება საქართველოს კონსტიტუცით აღიარებული უფლებაა და წარმოადგენს დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს ქვაკუთხედს. საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლი ადგენს პირის უფლებას თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია. კონსტიტუციის 41-ე მუხლი კი განამტკიცებს საქართველოს ყოველი მოქალაქის უფლებას გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებაში არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავს პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას. იგივე შინაარსის დანაწესს ითვალისწინებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლი; ინფორმაციის თავისუფლება გულისხმობს საჯარო დაწესებულებებში არსებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობასა და მიღების უფლებას, თუ ის არ წარმოადგენს პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებულ ინფორმაციას და კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ინფორმაციის ღიაობა ადმინისტრაციულ ორგანოებში არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის, რადგან ის არის სახელმწიფოს მიერ მის მოსახლეობასთან ანგარიშვალდებულებისა და მისი საქმიანობის გამჭვირვალეობის გარანტი, რომელიც საზოგადოებას აძლევს შესაძლებლობას გაუწიოს კონტროლი ხელისუფლების მოქმედებებს და შებოჭოს ისინი თუ ადგილი ექნება მისი დისკრეციულული უფლებამოსილების გადამეტებას, თუ კანონშეუსაბამობას. საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ამავე კდოექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესის თანახმად, კოდექსის მოქმედების სფერო არ ვრცელდება ამავე მუხლში ჩამოთვლილ სახელმწიფო ორგანოებზე, გარდა III თავისა, რომელიც ითვალისწინებს ინფორმაციის თავისუფლებას. ამავე კოდექსის 10.1 მუხლი ყველას ანიჭებს უფლებას გაეცნოს ადმინისტრაციულ ორგანოში არსებულ საჯარო ინფორმაციას, აგრეთვე მიიღოს მათი ასლები, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას ან პერსონალურ მონაცემებს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან და მოთხოვნილი ინფორმაციის ხასიათიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე გ. წ-ს გააჩნია ლეგიტიმური უფლება და მიზანი მიიღოს ინფორმაცია აღსრულების ეროვნული ბიუროს არქივიდან 2008-2010 წლებში გამოცემული განკარგულების ან გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც ეხება ჯარიმების დაკისრებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ საქმებზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების შეწყვეტას ხანდაზმულობის გამო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორმა მიუთითა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილი მიუთითებს კოდექსის მოქმედების გავრცელებას ყველა იმ სახელმწიფო ორგანოს საქმიანობაზე, რომლებიც ამ კოდექსის შესაბამისად ითვლებიან ადმინისტრაციულ ორგანოებად, ამავე დროს ადგენს გამონაკლისებს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა კონკრეტულ საქმიანობებთან მიმართებაში, რომლებზეც არ შეიძლება გავრცელდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოქმედება. ერთ-ერთ საქმიანობად მითითებულია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული აქტების აღსრულებასთან დაკავშირებული საქმიანობა. მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია დაკავშირებული იყო ადმინისტრაციული სამართალდარღვევების იმ საქმეებთან, რომლებზეც მიმდინარეობდა სააღსრულებო წარმოება და წარმოებისათვის დადგენილი ცალკეული მოქმედებების განხორციელებისას აღმასრულებელი მოქმედებდა სწორედ სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად. კასატორის მოსაზრებით სწორედ აქედან გამომდინარე მითითებულ ურთიერთობაზე არ შეიძლება გავრცელდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მომედება. „სააღსრუელბო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლში მოცემულია სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე პირთა ჩამონათვალი, ხოლო მე-18 და მე-19 მუხლებით გათვალისწინებულია კრედიტორისა და მოვალის უფლებამოსილებანი და სააღსრულებო საქმის მასალების გაცნობა და მათი ასლების გადაცემის წესი. აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 2014 წლის 30 ოქტომბრის №81558 წერილით მოსარჩელეს სწორედ ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე აცნობა, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს არქივში დაცული იყო საქმეები, რომლებზეც შეწყდა წარმოება ხანდაზმულობის გამო და იქვე განემარტა, რომ ვინაიდან განმცხადებელი არ წარმოადგენდა აღსრულების პროცესში მონაწილე პირს და განცხადებით მოთხოვნილი ინფორმაცია არ წარმოადგენდა საჯარო ინფორმაციას და აღსრულების ეროვნული ბიურო მოკლებული იყო შესაძლებლობას მიეწოდებინა მოთხოვნილი ინფორმაცია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 6 დეკემბრის განჩინებით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად; საქმის განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების არასწორი სამართლებრივი შეფასებითაა განპირობებული, რაც საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილებას ანიჭებს, თავად მიიღოს გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება კასატორ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს, რომ განსახილველ საქმეზე გამოყენებული არ უნდა ყოფილიყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 - „ინფორმაციის თავისუფლების“ თავის დებულებები.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი იცავს სხვათა იდეების მოპოვებას, დამუშავებასა და შემდგომ გადაცემას. ხსენებული მუხლის შესაბამისად, პიროვნებას აქვს იდეების და ცნობების მიღების უფლება საყოველთაოდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან, სახელმწიფოს ჩარევის გარეშე. საქართველოს კონსტიტუცია ინფორმაციის თავისუფლების უზრუნველყოფის მეტ გარანტიას იძლევა და სახელმწიფოს აკისრებს არა მხოლოდ ნეგატიურ ვალდებულებას, ხელი არ შეუშალოს პიროვნებას ინფორმაციის მიღებაში, არამედ პოზიტიურ ვალდებულებას - გასცეს მის ხელთ არსებული ინფორმაცია. საქართველოს კონსტიტუცია მხოლოდ იმ შემთხვევაში ზღუდავს აღნიშნულ უფლებას თუ მოთხოვნილი ინფორმაცია შეიცავს სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას. თუმცა, აღნიშნული დანაწესის განვრცობისათვის საჭიროა გამოყენებულ იქნეს „გამოხატვის თავისუფლების საერთაშორისო პრინციპები“, რომელთაგან ერთ-ერთს წარმოადგენს გამონაკლისები. პრინციპი - გამონაკლისები - ითვალისწინებს, რომ საჯარო დაწესებულება მხოლოდ იმ შემთხვევაშია ვალდებული დააკმაყოფილოს ინფორმაციის მოთხოვნა, თუ ვერ დაამტკიცებს, რომ ეს ინფორმაცია გამონაკლისებს განეკუთვნება.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი ნაწილი ასევე იმეორებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის შინაარსს, რომლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით. ამასთან, აღნიშნული მუხლის მე-4 ნაწილი ითვალისწინებს პირველი ნაწილით გათვალისწინებული უფლების კანონის საფუძველზე შეზღუდვის შესაძლებლობას. იგივე შინაარსის დანაწესს ითვალისწინებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავის („ინფორმაციის თავისუფლება“) 28-ე მუხლი, რომელიც ადგენს, რომ საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლზე, რომელიც ადგენს ამავე კოდექსის გავრცელების სფეროს სახელმწიფო ორგანოებზე. აღნიშნული მუხლის ნაწილები აკონკრეტებენ იმ ადმინისტრაციულ ორგანოთა და მათ საქმიანობათა ჩამონათვალს, რომლებზეც ვრცელდება ამა თუ იმ შეზღუდვით ან არ ვრცელდება აღნიშნული კოდექსის ნორმები. კერძოდ, აღნიშნული კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის მოქმედება ვრცელდება სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და დაწესებულებების, აგრეთვე იმ პირების საქმიანობაზე, რომლებიც ამ კოდექსის შესაბამისად ითვლებიან ადმინისტრაციულ ორგანოებად. ამავე მუხლის მეორე ნაწილი ითვალისწინებს იმ სახელმწიფო ორგანოთა ჩამონათვალს, რომელთა საქმიანობაზეც არ ვრცელდება ამ კოდექსის მოქმედება, გარდა მე-3 თავისა: ა) საქართველოს პარლამენტი; აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოები; ბ) საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანოები; გ) საქართველოს სახალხო დამცველი; დ) საქართველოს სასამართლო ხელისუფლების ორგანოები; ე) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო; ვ) პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი; ზ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულებები). ამასთან, აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ ამ კოდექსის მოქმედება ვრცელდება ამ მუხლის მეორე ნაწილში აღნიშნული ორგანოების და ამ ორგანოთა თანამდებობის პირების იმ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია ადმინისტრაციული ფუნქციის განხორციელებასთან. მითითებული მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის მოქმედება არ ვრცელდება აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა იმ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია: ა) დანაშაულის ჩადენის გამო პირის სისხლის-სამართლებრივ დევნასთან და სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან; ბ) ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობასთან; გ) სასამართლოს მიერ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებასთან; გ1) „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული აქტების აღსრულებასთან; დ) სამხედრო საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებასთან, აგრეთვე სამხედრო დისციპლინის საკითხებთან, თუ ეს არ ეხება პირის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებებსა და თავისუფლებებს; ე) საქართველოს პრეზიდენტის მიერ პირთა საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ თანამდებობებზე დანიშვნისა და გათავისუფლების, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“−„ი“ და „პ“ ქვეპუნქტებითა და მე-2−მე-4 პუნქტებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელებასთან; ვ) საერთაშორისო ხელშეკრულებების და შეთანხმებების შესრულებასა და საგარეო პოლიტიკის განხორციელებასთან.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილი მიუთითებს კოდექსის მოქმედების გავრცელებას ყველა იმ სახელმწიფო ორგანოს საქმიანობაზე, რომლებიც ამ კოდექსის შესაბამისად ითვლებიან ადმინისტრაციულ ორგანოებად; მეორე ნაწილი აზუსტებს იმ ორგანოების ჩამონათვალს, რომლებზეც არ ვრცელდება კოდექსის მოქმედება გარდა მე-3 თავისა; ამავე მუხლის მე-4 პუნქტით იმპერატიულად არის დადგენილი გამონაკლისები აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა კონკრეტულ საქმიანობებთან მიმართებაში, რომლებზეც არ შეიძლება გავრცელდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოქმედება. ერთ-ერთ ასეთ საქმიანობად, აღნიშნული პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტში მითითებულია საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული აქტების აღსრულებასთან.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ, აღსრულებას დაქვემდებარებულ აქტად, კანონის მეორე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით მიჩნეულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო დადგენილება ქონებრივი გადახდევინების ნაწილში და ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმის დაკისრების შესახებ. შესაბამისად, უდავოა, რომ აღნიშნული აქტის აღსრულებასთან დაკავშირებით, უფლებამოსილი აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოს - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომელი საქმიანობას ახორციელებს ,,სააღსრულებო წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე.

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროდან გამოთხოვილი ინფორმაცია დაკავშირებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის იმ საქმეებთან, რომლებზეც მიმდინარეობდა სააღსრულებო წარმოება და შესაბამისად, წარმოებისათვის დადგენილი ცალკეული მოქმედებების განხორციელების სამართლებრივი საფუძველი იყო „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი. ამრიგად, ზემოაღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, მითითებულ ურთიერთობაზე არ შეიძლება გავრცელდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოქმედება. კერძოდ, ინფორმაციის გაცემის შესახებ ნორმები არ შეიძლება გავრცელდეს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განხორციელებული ცალკეული ქმედებების შედეგებთან (მოცემულ შემთხვევაში - ხანდაზმულობის საფუძვლით სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის შესახებ ქმედებებთან) მიმართებაში.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სპეციალური ნორმებიდან გამომდინარე, კანონმდებლობამ ინფორმაციის დაცვის თვალსაზრისით, განსაკუთრებულად მოაწესრიგა ურთიერთობა სახელმწიფო ორგანოებსა და იმ სუბიექტებს შორის, რომელთა მიმართაც მიმდინარეობს (ან მიმდინარეობდა) სააღსრულებო წარმოება, როგორც სპეციალური ურთიერთობა, სადაც დაწესებულებებს ცალმხრივად დაუდგინათ წარდგენილ ინფორმაციათა საიდუმლოების დაცვის ვალდებულება. სასამართლო მიუთითებს, რომ „სააღსრულებო წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლში მოცემულია სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე პირთა ჩამონათვალი: ა) კრედიტორი და მოვალე; ბ) აღმასრულებელი; გ) კერძო აღმასრულებელი; დ) სხვა პირები, რომლებიც მონაწილეობენ სააღსრულებო წარმოების პროცესში). ამავე კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტის თანახმად, კრედიტორსა და მოვალეს უფლება აქვთ დაესწრონ აღსრულების მიმდინარეობას, გაეცნონ სააღსრულებო მასალებს, მიიღონ აუცილებელი ცნობები, გარდა კომერციული (საგადასახადო და საბანკო) საიდუმლოების შემცველი და სხვა კონფიდენციალური ინფორმაციისა, რომლებიც შეეხება აღსრულებას. მე-19 მუხლის თანახმად კი, ანალოგიური უფლებებით სარგებლობენ სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე პირები იმ შეზღუდვის გათვალისწინებით, რომ მათ შეუძლიათ გაეცნონ მხოლოდ იმ საქმის მასალებს, რომლებიც პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენენ მათ უფლებებზე და ინტერესზე.

საკასაციო პალატა მიუთითებს „დასრულებულ სააღსრულებო წარმოებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შენახვის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 4 დეკემბრის №220 ბრძანების მე-10 მუხლზე, რომლის თანახმად, არქივში დაცული, დასრულებულ სააღსრულებო წარმოებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ასლები გაიცემა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, უფლებამოსილი პირის წერილობითი მიმართვის საფუძველზე.

მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოთხოვნილი დოკუმენტების გაცემაზე უარი დასაბუთებულია იმ გარემოებით, რომ განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტების გაცემის ვალდებულება შეზღუდული იყო კანონმდებლობით და დაუშვებელი იყო ასეთი სახის დოკუმენტაციის გაცემა სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირზე ინფორმაციის მესაკუთრის თანხმობის გარეშე. კერძოდ, მოსარჩელის წარმომადგენელს - ნ. კ-ას სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმისწარმოებისა და საინფორმაციო სამსახურის 2014 წლის 30 ოქტომბრის №81558 წერილით ეცნობა, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს არქივში დაცული იყო საქმეები, რომლებზეც წარმოება შეწყდა ხანდაზმულობის გამო და განემარტა, რომ ვინაიდან განმცხადებელი არ წარმოადგენდა აღსრულების პროცესში მონაწილე პირს და განცხადებაში მოთხოვნილი ინფორმაცია არ წარმოადგენდა საჯარო ინფორმაციას, აღსრულების ეროვნული ბიურო მოკლებული იყო შესაძლებლობას, მიეწოდებინა მოთხოვნილი დოკუმენტაცია.

საქმეზე დადგენილი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე არ წარმოადგენს უფლებამოსილ პირს, ხოლო მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია არ წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას, სცდება ინფორმაციის თავისუფლების ფარგლებს და წარმოადგენს კანონით გათვალისწინებულ გამონაკლისს, რის შესაბამისადაც, მოთხოვნილი ინფორმაციის მითითებულ ნაწილზე არ შეიძლება გავრცელდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოქმედება. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო იზიარებს კასატორის პოზიციას და მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, დაინტერესებული პირის - გ. წ-ის მიერ აღსრულების ეროვნული ბიუროს არქივიდან ინფორმაციის გაცემის შესახებ მოთხოვნა, მისი შინაარსისა და მოთხოვნის წარმდგენი პირის ვინაობის გათვალისწინებით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სპეციალური წესიდან გამომდინარე, ვერ დაკმაყოფილდებოდა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია თუ რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად. აღნიშნული მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან. სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე. შესაბამისად, არ არსებობს, მოსარჩელის არგუმენტების გაზიარებისა და მოპასუხისათვის მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემის დავალდებულების როგორც სამართლებრივი, ისე ფაქტობრივი საფუძველი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. წ-ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით კი, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, შესაბამისად, იგი შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

განსახილველ შემთხვევაში, გ. წ-მა კასატორ სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს უნდა აუნაზღაუროს საკასაციო ინსტანციაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე, 53-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. გ. წ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. გ. წ-ს დაეკისროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ საკასაციო ინსტანციაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის ანაზღაურება;

5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე