Facebook Twitter

საქმე # 330310114517991

№ ბს-752-744 (კს-16) 09 მარტი, 2017წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - გ. ჩ-ე

მოწინააღმდეგე მხარე - ლ. ლ-ე, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.06.16წ. განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. ლ-ემ 06.06.14წ. სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის 15.02.14წ. №A14013542-004/009 გაფრთხილების ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამასთან, მოსარჩელემ დააყენა შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოითხოვა სააღსრულებო წარმოების შეჩერება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.06.14წ. განჩინებით ლ. ლ-ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ არ დაკმაყოფილდა, რაზეც მოსარჩელემ შეიტანა საჩივარი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.07.14წ. განჩინებით ლ. ლ-ის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.06.14წ. განჩინება და ლ. ლ-ის შუამდგომლობა ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.07.14წ. განჩინებით ლ. ლ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დაკმაყოფილდა და განსახილველ საქმეზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე შეჩერდა აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოს ქ. თბილისის განყოფილების წარმოებაში არსებული ლ. ლ-ის წინააღმდეგ მიმდინარე სააღსრულებო წარმოება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.07.14წ. განჩინებაზე დაინტერესებულმა მხარემ გ. ჩ-ემ შეიტანა საჩივარი. გ. ჩ-ემ აღნიშნა, რომ დავა არ მიმდინარეობს ამ ქონების მესაკუთრის მიმართ საკუთრების კანონიერების საკითხთან დაკავშირებით. გ. ჩ-ემ მიუთითა, რომ სააღსრულებო წარმოების შეჩერება ლახავს როგორც საკუთრების კონსტიტუციურ უფლებას, მატერიალურ ზიანს აყენებს მას, რის გამოც საჩივრის ავტორმა მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.08.14წ. განჩინებით გ. ჩ-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.07.14წ. განჩინებაზე დაუსაბუთებლობის გამო არ დაკმაყოფილდა და გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, გ. ჩ-ის განცხადება დამდგარი ზიანის უზრუნველყოფის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 21.11.14წ. განჩინებით გ. ჩ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა ამისთვის კანონით გათვალისწინებული საფუძვლების არარსებობის გამო.

26.02.15წ. გ. ჩ-ემ შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას საქმეში მესამე პირად ჩაბმის შესახებ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 13.03.15წ. საოქმო განჩინებით გ. ჩ-ე სასკ-ის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად იქნა ჩაბმული.

26.03.15წ. გ. ჩ-ემ შუამდგომლობით მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სააღსრულებო წარმოების შეჩერების შეცვლა ყადაღის დადებით, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.03.15წ. განჩინებით არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.02.16წ. გადაწყვეტილებით ლ. ლ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.07.14წ. განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ლ. ლ-მ და გ. ჩ-ემ.

გ. ჩ-ემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.02.16წ. გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262 მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე დაუშვებლობის მოტივით საქმის წარმოების შეწყვეტა. აპელანტმა მიუთითა, რომ ლ. ლ-ის სასარჩელო მოთხოვნას სასკ-ის 22-ე მუხლის საფუძველზე წარმოადგენდა აღსრულების ეროვნული ბიუროს 15.02.14წ. გაფრთხილების ბათილად ცნობა, მოსარჩელეს არ მოუხდენია სასარჩელო მოთხოვნის ტრანსფორმირება. აპელანტმა აღნიშნა, რომ მოპასუხე და მესამე პირი მოითხოვდნენ არა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას, არამედ აყენებდნენ მოთხოვნას საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ სარჩელის დაუშვებლობის მოტივით, რაზეც საერთოდ არ არის მსჯელობა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.02.16წ. გადაწყვეტილებაში. აპელანტმა მიუთითა, რომ გასაჩივრებული გაფრთხილება წარმოადგენს სააღსრულებო მოქმედებას, რომლის ერთჯერადად გასაჩივრების უფლება „სააღსრულებო წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე აქვს დაინტერესებულ მხარეს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან. ამასთან, სასკ-ის მე-2 მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული საჩივარი არის სარჩელის დასაშვებობის წინაპირობა. აპელანტის მითითებით, არათუ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, არამედ სარჩელი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი და შეწყდეს საქმის წარმოება, ვინაიდან, აღმასრულებლის გაფრთხილება ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არ აკმაყოფილებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის იმპერატიულ ნორმატიულ მოთხოვნებს და, შესაბამისად, არ მიიჩნევა ადმინისტრაციულ აქტად, რადგან არ აწესებს, არ ცვლის, არ წყვეტს და არ ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.06.16წ. განჩინებით გ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ გადაწყვეტილების კანონიერი ძალა ვრცელდება მის სარეზოლუციო ნაწილზე, რომელიც თავისი არსით არის სარჩელზე პირდაპირი პასუხი. პირი სარჩელის შეტანის გზით იცავს რა თავის უფლებებსა და შელახულ ინტერესებს, სასარჩელო მოთხოვნის შესახებ მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება უზრუნველყოფს მისი პრეტენზიის აღმოფხვრას, რასაც ამ შემთხვევაში ადგილი არ აქვს, ვინაიდან გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ გამოტანილ იქნა გ. ჩ-ის სასარგებლოდ, რაც იწვევს მისი იურიდიული ინტერესის დაკმაყოფილებას. სასამართლოს გადაწყვეტილებით სამართლებრივი წესრიგის დადგენა შესაძლებელია მხოლოდ გადაწყვეტილების აღსრულებით, აღსასრულებლად კი წარემართება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და არა სამოტივაციო ნაწილი, თუნდაც ეს უკანასკნელი ადგენდეს რაიმე უფლების ან ვალდებულების არსებობას. გადაწყვეტილების აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილები წარმოადგენს ამ სარეზოლუციო ნაწილის ფუნდამენტს, მასში უნდა აისახოს სასამართლოს შემეცნებითი მსჯელობა ფაქტების არსებობა-არარსებობის შესახებ (ფაქტობრივი მსჯელობა) და შეფასებით მსჯელობა ამ ფაქტების იურიდიული ძალისა და მნიშვნელობის შესახებ (სამართლებრივი დასაბუთება). კანონის იმპერატიული დათქმა გადაწყვეტილების დასაბუთების აუცილებლობაზე განპირობებულია მართლმსაჯულების ერთ-ერთი ძირითადი მიზნით, დაარწმუნოს მხარეები დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტაში და ამავდროულად გადაწყვეტილების დასაბუთებით რეალიზებულია საზოგადოების უფლება იცოდეს თუ რა გადაწყვეტილებები გამოქავთ მათი სახელით და რა არის მათი საფუძველი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.06.16წ. განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა გ. ჩ-ემ. აპელანტმა მიუთითა, რომ აღნიშნული განჩინება დაუსაბუთებელია და არ შეიცავს მსჯელობას იმის შესახებ, თუ რატომ არ უნდა შეწყდეს საქმის წარმოება. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით სარჩელის დასაშვებობისათვის სავალდებულო პირობაა ისეთი აქტის არსებობა, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის სამართლებრივ მდგომარეობას. აღმასრულებლის გაფრთხილება არის ინფორმაციული ხასიათის, ინფორმირება არ შეიძლება იყოს აქტი, რადგან აქტმა უნდა შეწყვიტოს ფართით სარგებლობის უფლება, რაც მხოლოდ გამოსახლების ოქმის მეშვეობით ხდება. ამასთან, მოსარჩელეს უნდა გააჩნდეს იურიდიული, ლეგიტიმური, პატივსადები ინტერესი აღძრული სარჩელის გადაწყვეტისადმი. აქტი პირდაპირ და უშუალო ზიანს უნდა აყენებდეს მოსარჩელის უფლებას ან კანონიერ ინტერესს ან უკანონოდ უნდა ზღუდავდეს მის უფლებას, რაც მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება, ვინაიდან მოსარჩელე სადავო აქტთან დაკავშირებით კანონიერ ინტერესს ასაბუთებს უსაფუძვლო გარემოებაზე მითითებით, რითიც ცდილობს საქმის გაჭიანურებას. აპელანტი აღნიშნავს, რომ როგორც მოპასუხე, ისე მესამე პირი, მიიჩნევდნენ, რომ 22-ე მუხლის საფუძველზე აღსრულების პოლიციის გაფრთხილების ბათილად ცნობის შესახებ სარჩელი დაუშვებლად უნდა ყოფილიყო ცნობილი. აღსრულების ეროვნულმა ბიურომ შესაგებელში და საქმის განხილვის ეტაპზეც არაერთხელ დააყენა შუამდგომლობა სარჩელის დაუშვებლად ცნობის შესახებ იმ მოტივით, რომ აღმასრულებლის გაფრთხილება არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, იგი არის სააღსრულებო მოქმედება, რომლის გასაჩივრების სპეციალური წესი დადგენილია „სააღსრულებო წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტით, რაც გულისხმობს დაინტერესებული მხარის მიერ ამ მოქმედების აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან ერთჯერადად გასაჩივრებას.

კერძო საჩივრის ავტორმა 262 მუხლის მე-5 ნაწილზე მითითებით მოითხოვა დაუშვებლობის მოტივით საქმის წარმოების შეწყვეტა, ვინაიდან სარჩელი არ აკმაყოფილებს სასკ-ის 22-25-ე მუხლებით დადგენილ დასაშვებობის პირობებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების გაცნობისა და კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა მიიჩნევს, რომ გ. ჩ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

სასკ-ის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სასკ-ის 364-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში. საქმის მასალებით დასტურდება, რომ გ. ჩ-ემ 26.02.15წ. შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას საქმეში მესამე პირად ჩაბმის შესახებ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 13.03.15წ. საოქმო განჩინებით გ. ჩ-ე საქმეში მესამე პირად იქნა ჩაბმული სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე. სასკ-ის მე-16 მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მესამე პირი სარგებლობს მოსარჩელის (მოპასუხის) ყველა უფლებით და მას ეკისრება მოსარჩელის (მოპასუხის) ყველა მოვალეობა. ამდენად, გ. ჩ-ე სააპელაციო საჩივრის უფლების სუბიექტია.

სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება გ. ჩ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლად უთითებს მხოლოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების გასაჩივრების დაუშვებლობაზე. სააპელაციო პალატის მოსაზრება, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი თავისი არსით წარმოადგენს პირდაპირ და ზუსტ პასუხს სარჩელზე (სსკ-ის 249.5 მუხ.), აღსრულებაზე წარიმართება გადაწყვეტილების სარეზოლუციო და არა სამოტივაციო ნაწილი („სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 21-ე მუხ.), არ ადასტურებს გ. ჩ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერებას. გ. ჩ-ე სააპელაციო საჩივარში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად უთითებს სარჩელის სასკ-ის 22-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის პირობებისადმი შეუსაბამობას. აპელანტი აღნიშნავს, რომ სადავოდ გამხდარი აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის 15.02.14წ. №A14013542-004/009 გაფრთხილების გასაჩივრება ემსახურება მხოლოდ დროის გაჭიანურებას, მესაკუთრისათვის საკუთრების გამოყენების ხელშეშლას. აპელანტი მოითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასკ-ის 262 მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დაუშვებლობის მოტივით საქმის წარმოების შეწყვეტას. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში აპელანტი სწორედ რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს ასაჩივრებს. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ გ. ჩ-ე სააპელაციო საჩივრით მოითხოვდა საქმის წარმოების შეწყვეტას. დაუსაბუთებელია სააპელაციო პალატის მოსაზრება იმის შესახებ, რომ არ იკვეთება გ. ჩ-ის იურიდიული ინტერესი მოცემულ საკითხთან დაკავშირებით. მართალია, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, თუმცა აპელანტი თვლის, რომ უნდა შეიცვალოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის ნაცვლად საქმის წარმოება უნდა შეწყდეს. სასამართლოწარმოების შეწყვეტა არის საქმის დასრულების ფორმა განპირობებული ისეთი კანონით გათვალისწინებული გარემოებებით, რომლებიც სრულად გამორიცხავენ სასამართლოწარმოების შესაძლებლობას და მაშასადამე არსებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას.

სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას და საქმის წარმოების შეწყვეტას განსხვავებული სამართლებრივი შედეგი სდევს. საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში დავის არსებითი განხილვა საერთოდ არ ხდება, ამის საპირისპიროდ დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში საქმე არსებითად განიხილება. განსხვავდება აგრეთვე საქმის წარმოების შეწყვეტისა და საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ განჩინებების გასაჩივრების წესი. სასამართლოს განჩინებაზე საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა, ხოლო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ განჩინება საჩივრდება ზემდგომ ინსტანციებში. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტს სურდა საქმის წარმოების შეწყვეტა, არსებით განხილვაზე უარის თქმა და არა არსებითი განხილვის შედეგად სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. სააპელაციო სასამართლომ განუხილველად დატოვა სააპელაციო საჩივარი იმის გამო, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა მაშინ, როდესაც აპელანტი საქმის წარმოების შეწყვეტას ითხოვდა.

დასაშვებობის და უწყებრივი ქვემდებარეობის საკითხს შემხებლობა აქვს მატერიალური და პროცესუალური თვალსაზრისით სარჩელზე უფლებასთან. მატერიალური თვალსაზრისით სარჩელზე უფლება არის სარჩელის წარმდგენი პირის უფლება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. პროცესუალური თვალსაზრისით სარჩელზე უფლება - არის მოსარჩელის უფლება მიმართოს სასამართლოს სასარჩელო განცხადებით დარღვეული უფლების აღდგენის მოთხოვნით. მატერიალური თვალსაზრისით სარჩელზე უფლების არარსებობა შედეგად იწვევს სასამართლოს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. პროცესუალური თვალსაზრისით სარჩელზე უფლების არარსებობა შედეგად იწვევს წარმოებაში მიღებაზე უარის თქმას, სარჩელის დაუშვებლობას, ხოლო უკეთუ აღნიშნული სასამართლოსთვის ცნობილი გახდება მოგვიანებით, გამოიწვევს საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინების გამოტანას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სარჩელის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტა შესაძლებელია ნებისმიერი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას. სარჩელის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო სარჩელის წარმოებაში მიღების ეტაპზე წყვეტს სარჩელის შესაბამისობას სასკ-ის 22-25-ე მუხლებით გათვალისწინებულ სარჩელის დასაშვებობის მოთხოვნებთან და 262 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განჩინებით წყვეტს საქმის წარმოებას, თუ იგი არ აკმაყოფილებს აღნიშნული მუხლებით დადგენილ დასაშვებობის მოთხოვნებს. სასამართლო ვალდებულია, მხარის მოთხოვნისგან დამოუკიდებლად, შეამოწმოს სარჩელის დასაშვებობის საკითხი. სასამართლოს ინიციატივით დასაშვებობის საკითხის შემოწმებას ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში ენიჭება არა დისპოზიციური, არამედ იმპერატიული ხასიათი. სარჩელის დასაშვებობის წინაპირობები წარმოადგენენ საპროცესო წინამძღვრებს. არსებობს მხარეებთან მიმართებაში საპროცესო წინამძღვრები და დავის საგანთან არსებული წინამძღვრები. საპროცესო წინამძღვრები საჯარო ინტერესს გამოხატავს. საჯარო ინტერესი გამოიხატება იმაში, რომ სარჩელს მხოლოდ მაშინ შეიძლება მოჰყვეს შედეგი, როცა ყველა საპროცესო წინამძღვრები სახეზეა. სასამართლო უფლებამოსილია შეამოწმოს პროცესის დასაშვებობა მხარეთა დამოუკიდებლად. ამდენად, სარჩელის დასაშვებობის საკითხი შესაძლოა დადგეს სასამართლოს მიერ სარჩელის დასაშვებად ცნობის შემდეგ, აგრეთვე ზედა სასამართლო ინსტანციებში. ამდენად, ის გარემოება, რომ სარჩელის დასაშვებობა არ გასაჩივრდება სასკ-ის 262 მუხლით გათვალისწინებული წესით, არ გამორიცხავს საქმის წარმოების შეწყვეტის მოთხოვნის დასმას ზემდგომ სასამართლო ინსტანციებში, მით უფრო, რომ გ. ჩ-ე საქმეში ჩაება მოგვიანებით.

გასათვალისწინებელია, რომ მოსარჩელემ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის 15.02.14წ. №A14013542-004/009 გაფრთხილების ბათილად ცნობის მოთხოვნით სასკ-ის 22-ე მუხლის საფუძველზე, თუმცა 11.06.15წ. მოსამზადებელი სხდომის ჩანაწერის მიხედვით მოსარჩელე მხარემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის 15.02.14წ. №A14013542-004/009 გაფრთხილების, როგორც ქმედების უკანონოდ ცნობა. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში სადავო გაფრთხილება განხილულია როგორც აღმასრულებლის ქმედება. კერძო საჩივრის ავტორი ეჭვქვეშ აყენებს გაფრთხილების მომწესრიგებელ ხასიათს და მიუთითებს, რომ გასაჩივრებული გაფრთხილება არ აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, შესაბამისად, ის არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. აღნიშნულზე მოსარჩელემ თავადაც მიუთითა დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნის წარდგენისას, რის გამოც გაასაჩივრა გაფრთხილება, როგორც რეალაქტი, საჯარო მოქმედება. ამასთანავე, აპელანტი სარჩელის დასაშვებობის, მისი არსებითი განხილვის გამომრიცხავ პირობად უთითებს არა მხოლოდ იმას, რომ გაფრთხილება არ არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, არამედ აგრეთვე იმას, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილია გასაჩივრების სპეციალური წესი, აღნიშნული ნორმის თანახმად დაინტერესებულ მხარეს, აპელანტის მოსაზრებით, აქვს უფლება გაფრთხილება ერთჯერადად გაასაჩივროს მხოლოდ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან (კერძო საჩივრის ავტორი არ ეხება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის 1-ლი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი ქმედების სასამართლოში გასაჩივრების წესს).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო საჩივრის ავტორი ასაჩივრებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების აღწერილობით და სამოტივაციო ნაწილებს, რის გამოც სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია სსკ-ის 364-ე და 374-ე მუხლების თანახმად, რომელთა მიხედვით შესაძლებელია პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილის ან მისი რომელიმე პუნქტის გასაჩივრება, არ ემყარება საქმის მასალებს და არის დაუსაბუთებელი. სააპელაციო სასამართლომ გ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ გადაწყვეტილების კანონიერი ძალა ვრცელდება მის სარეზოლუციო ნაწილზე, ხოლო საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყო აპელანტის ინტერესების შესაბამისი, რაც სააპელაციო პალატის აზრით გამორიცხავდა მის მიერ გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრებას აპელანტის იურიდიული ინტერესის არარსებობის გამო. სააპელაციო პალატის აღნიშნული დასკვნა არის დაუსაბუთებელი. ამასთანავე სააპელაციო სასამართლოს არ შეუმოწმებია სსკ-ის 368-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის სხვა წინაპირობები.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს აგრეთვე იმ გარემოებაზე, რომ კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა საკასაციო სასამართლოს მიერ საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ სცილდება გასაჩივრებულ განჩინებაზე შეტანილი კერძო საჩივრის ფარგლებს, ვინაიდან საკასაციო პალატა მოცემულ შემთხვევაში უფლებამოსილია იმსჯელოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობაზე უარის თქმის კანონიერებაზე და არა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებაზე, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის - გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლიანობაზე, აღნიშნული სააპელაციო საჩივრის არსებითი განხილვის საგანს შეადგენს. პროცესუალური კანონმდებლობა არ ითვალისწინებს კერძო საჩივრის განხილვის შედეგად ქვედა ინსტანციის სასამართლოს არსებითი გადაწყვეტილების გაუქმების შესაძლებლობას. სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი არ უკავშირდება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის კანონიერების გადაწყვეტას. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას შეადგენს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების შეწყვეტის მოთხოვნა, წარმოების შეწყვეტის საკითხი სააპელაციო საჩივრის არსებითი განხილვის საგანს შეადგენს და მასზე სააპელაციო სასამართლომ უნდა იქონიოს მსჯელობა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და საქმე უნდა დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას დასაშვებობის ეტაპიდან განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 399-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. ჩ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.06.16წ. განჩინება და საქმე დასაშვებობის ეტაპიდან განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი