Facebook Twitter

#ბს-82-81(გ-17) 9 მარტი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

საჩივრის ავტორი _ გ. რ-ი

მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი

დავის საგანი _ სასამართლოთა შორის განსჯადობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2016 წლის 1 დეკემბერს გ. რ-იმ სასარჩელო განცხადებით მიმართა ლანჩხუთის მაგისტრატ სასამართლოს, მოპასუხის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიმართ.

მოსარჩელემ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის მიერ შედგენილი 2016 წლის 21 ივლისის №ეი449557 და 2016 წლის 24 აგვისტოს №აბ000210548 ელექტრონული საჯარიმო ქვითრების ბათილად ცნობა მოითხოვა.

ლანჩხუთის მაგისტრატი სასამართლოს 2016 წლის 5 დეკემბრის განჩინებით გ. რ-ის სარჩელი მიჩნეულ იქნა საჩივრად და განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს.

ლანჩხუთის მაგისტრატმა სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში 2012 წლის 26 აპრილს განხორციელებული ცვლილებების შედეგად აღნიშნული კოდექსის მე-6 მუხლის „ბ“ პუნქტით იმპერატიულად განისაზღვრება, რომ საქმეები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე, განიხილება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით, რამაც გამორიცხა ამ კატეგორიის საქმეთა სასარჩელო სამართალწარმოების წესით განხილვა, ხოლო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების გასაჩივრების წესი და ვადა დადგენილია საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 272-ე და 273-ე მუხლებით.

შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ გ. რ-ის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე მინიჭებული აქვს უფლება, სადავო გახადოს სამართალდარღვევის ოქმის კანონიერების საკითხი, სასამართლოში საჩივრის წარდგენის გზით, როგორც ეს დადგენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ზემოხსენებული ნორმებით.

სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ორგანოს (თანამდებობის პირის) დადგენილება, აგრეთვე ამ კოდექსის 2341-ე მუხლით განსაზღვრული წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება ჯარიმის სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს რაიონის (ქალაქის) სასამართლოში.

სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებულია იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის მიერ 2016 წლის 21 ივლისს და 2016 წლის 24 აგვისტოს შედგენილი ელექტრონული საჯარიმო ქვითრები, ხოლო საჩივრიდან ირკვევა, რომ სამართალდარღვევის ჩადენის ადგილს წარმოადგენს ქ. თბილისი.

სასამართლომ აღნიშნა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში გ. რ-ის მიერ გასაჩივრებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შედეგად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2341-ე მუხლის საფუძველზე, ადგილზე შედგენილი ელექტრონული ქვითარი.

სასამართლომ აღნიშნა, რომ მართალია ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის თავში კონკრეტულად არ არის მითითებული, რომ საჩივარი განიხილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილის მიხედვით, თუმცა სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ შემთხვევაშიც გამოყენებულ უნდა იქნეს 261-ე მუხლში მითითებული სპეციალური დათქმა (სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილის მიხედვით) და სამართალდარღვევათა კოდექსის 276-ე მუხლის საფუძველზე წარმოდგენილი საჩივარი განხილულ უნდა იქნეს სწორედ სამართალდარღვევის ჩადენის ადგილის მიხედვით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ლანჩხუთის მაგისტრატმა სასამართლომ მიიჩნია, რომ გ. რ-ის საჩივრის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 26 დეკემბრის განჩინებით მოცემული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

საქალაქო სასამართლოს მითითებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის განსჯადობა, კერძოდ, ამ მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილას, გარდა ამ კოდექსის 1595-1599 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებისა, რომლებსაც განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 116-ე-125-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები შეიძლება განხილულ იქნეს, აგრეთვე დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

შესაბამისად, კანონმდებლობა 125-ე მუხლთან დაკავშირებით ითვალისწინებს ალტერნატიულ განსჯადობას, კერძოდ 125-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული საქმის განხილვა შესაძლებელია როგორც სამართალდარღვევის ჩადენის ადგილას, ისე დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი - საჯარიმო ქვითარი, რომლის გაუქმებასაც ითხოვს საჩივრის ავტორი, შედგენილია 2016 წლის 21 ივლისს და 2016 წლის 24 აგვისტოს საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-9 ნაწილით; ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შედგენის ადგილია ლანჩხუთი, … ქუჩა, ხოლო სამართალდამრღვევის - გ. რ-ის საცხოვრებელი ადგილია - ქ.მოსკოვი, ... გამზ. №10.

სასამართლოს მითითებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობა შედგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებისაგან. იმავე კოდექსის 231-ე მუხლის მე-2 აბზაცის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა საქმეების წარმოების წესი სასამართლოებში განისაზღვრება ამ კოდექსით და საქართველოს რესპუბლიკის სხვა საკანონმდებლო აქტებით.

საქალაქო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლით დადგენილია განსჯადი სასამართლოს მიერ დავის განხილვისა და გადაწყვეტის პრინციპი. ეს კოდექსი არეგულირებს ერთი და იმავე საქმის რამდენიმე სასამართლოს განსჯადობის შემთხვევაში საკითხის გადაწყვეტის წესს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლის მიხედვით, სასამართლოს არჩევის უფლება, თუ საქმე რამდენიმე სასამართლოს განსჯადია, ეკუთვნის მოსარჩელეს.

საქალაქო სასამართლოს მითითებით, საჩივრის ავტორმა - გ. რ-იმ გამოიყენა კანონით მისთვის მინიჭებული უფლება სასამართლოს არჩევის შესახებ, შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის განსჯადობით გადაგზავნა არ შეესაბამება ზემოაღნიშნული ნორმების მოთხოვნებს, ვინაიდან არც საგნობრივი და არც ტერიტორიული პრინციპით თბილისის საქალაქო სასამართლო არ წარმოადგენს განსჯად სასამართლოს, რის გამოც საქმე განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა ლანჩხუთის მაგისტრატი სასამართლოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემული საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს ლანჩხუთის მაგისტრატ სასამართლოს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ არსებითად სწორად განსაზღვრა მოცემული დავის განსჯადობის საკითხი და მართებულად მიიჩნია საქმე ოზურგეთის რაიონული სასამართლოს ლანჩხუთის მაგისტრატი სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ დავად.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის 1-ლი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თუ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის III თავით (განსჯადობა) გათვალისწინებული განსჯადობის წესები. აღნიშნულ თავში შემავალი მე-15 მუხლით რეგლამენტირებულია საერთო განსჯადობის შესახებ წესები. მითითებული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით. ამდენად, აღნიშნული მუხლი საერთო განსჯადობას განსაზღვრავს და ერთნაირად ვრცელდება ნებისმიერ დავაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამავე კოდექსით განსხვავებული წესია დადგენილი.

ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლი რამდენიმე სასამართლოს განსჯადობის შემთხვევაში არჩევანის უფლებას მოსარჩელეს ანიჭებს, შესაბამისად, თუ სარჩელში დასახელებულია სხვადასხვა სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული რამდენიმე მოპასუხე, განსჯადი სასამართლოს განსაზღვრა მოსარჩელის პრეროგატივა და ერთპიროვნული საპროცესო უფლებაა, რასაც იგი განსაზღვრავს სარჩელის წარდგენის დროს, ანუ ირჩევს იმ სასამართლოს, სადაც წარადგენს სარჩელს. ამასთან, მოსარჩელის მიერ არჩეული სასამართლოს შეცვლა სხვა სასამართლოთი დაუშვებელია როგორც მოპასუხის მოთხოვნით, ისე სასამართლოს ინიციატიცით. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლი (განსჯადობა მოსარჩელის არჩევით) უზრუნველყოფს მოსარჩელის ინტერესების დაცვას.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის მიერ შედგენილი 2016 წლის 21 ივლისის №ეი449557 და 2016 წლის 24 აგვისტოს №აბ000210548 ელექტრონული საჯარიმო ქვითრების ბათილად ცნობა. დადგენილია, რომ აღნიშნული ელექტრონული საჯარიმო ქვითრები შედგენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, ლანჩხუთში, … ქუჩაზე, ხოლო სამართალდამრღვევის - გ. რ-ის საცხოვრებელი ადგილია - ქ. მოსკოვი, ... გამზ. №10.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის „ბ1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმების კანონიერების საკითხს იხილავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილას, გარდა ამ კოდექსის 1595–1599 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებისა, რომლებსაც განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო; ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, 116-ე–125-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები შეიძლება განხილულ იქნეს აგრეთვე დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

ამდენად, კანონმდებლობა 125-ე მუხლთან დაკავშირებით ითვალისწინებს ალტერნატიულ განსჯადობას, კერძოდ, 125-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა შესაძლებელია როგორც სამართალდარღვევის ჩადენის ადგილას, ასევე დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. გასაჩივრებულ აქტს საფუძვლად უდევს 125-ე მუხლი, საჯარიმო ქვითარი შედგენილია ლანჩხუთში, … ქუჩაზე, ხოლო გ. რ-ის საცხოვრებელი ადგილია - ქ. მოსკოვი, ... გამზ. №10 და მან საჩივრით მიმართა ლანჩხუთის მაგისტრატ სასამართლოს.

ზემოაღნიშნულიდნ გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მსჯელობას, რომ საჩივრის ავტორმა - გ. რ-იმ გამოიყენა კანონით მისთვის მინიჭებული უფლება სასამართლოს არჩევის შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმე ტერიტორიული განსჯადობის შესაბამისად, განსახილველად უნდა დაექვემდებაროს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს ლანჩხუთის მაგისტრატ სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. რ-ის საჩივარი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს ლანჩხუთის მაგისტრატ სასამართლოს;

2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი