Facebook Twitter

საქმე # 210310016001263696

საქმე Nბს-83-82(2კ-17) 7 მარტი, 2017 წელი

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები: ა. გ-ი (მოსარჩელე), საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობა (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 22 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, იძულებითი განაცდურის, პრემიის თანხისა და მორალური ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. გ-მა 2016 წლის 5 თებერვალს სარჩელი აღძრა სიღნაღის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა: ბათილად იქნეს ცნობილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 11 იანვრის №02 2 ბრძანება ა. გ-ის, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ... სამსახურის სარეზერვო განყოფილების უფროსის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ; დაევალოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობას აღადგინოს ა. გ-ი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ... სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ან გათავისუფლებამდე მის მიერ დაკავებული საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ... სამსახურის სარეზერვო განყოფილების უფროსის იდენტურ თანამდებობაზე; მოსარჩელემ ასევე მოითხოვა იძულებითი განაცდურის თანამდებობრივი სარგოს 2013 წლის 7 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ანაზღაურების, 2013 წლის 21 აპრილიდან 2015 წლის 21 დეკემბრის ჩათვლით მასზე გაუცემელი პრემიის 5265 (ხუთიათას ორას სამოცდახუთი) ლარისა და მორალური ზიანის 4719 (ოთხიათას შვიდასცხრამეტი) ლარის მოპასუხისათვის დაკისრება;

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით ა. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 11 იანვრის №02 2 ბრძანება ა. გ-ის, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ... სამსახურის სარეზერვო განყოფილების უფროსის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ; მოპასუხე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა აღადგინოს მოსარჩელე ა. გ-ი სამსახურში, კერძოდ: საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე მობილიზაციის საკითხებში, სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში; მოპასუხე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობას მოსარჩელე ა. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის (თანამდებობრივი სარგოს) გადახდა 2016 წლის 11 იანვრის №02 2 ბრძანების გამოცემის დღიდან სამსახურში აღდგენამდე; სასარჩელო მოთხოვნა 2013 წლის 7 ივნისიდან 2016 წლის 11 იანვრის №02 2 ბრანების გამოცემის დღემდე განაცდურის ანაზღაურების, 2013 წლის 22 აპრილიდან 2016 წლამდე გასაცემი პრემიების (5265 ლარის) და მორალური ზიანის (4719 ლარის) ანაზღაურების ნაწილში, არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ა. გ-მა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 22 სექტემბრის განჩინებით ა. გ-ისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 22 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ა. გ-მა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ.

კასატორმა ა. გ-მა მის მიერ გასაჩივრებული სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ მის მიერ გასაჩივრებული განჩნების გაუქმება და ა. გ-ისათვის სამსახურში არდგენაზე და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 31 მარტის განჩინებით საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ა. გ-ის საკასაციო საჩივრები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ა. გ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის შემდეგ ამომწურავ საფუძვლებს: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ა. გ-ის საკასაციო საჩივრები, რის გამოც კასატორებს უარი უნდა ეთქვათ საკასაციო საჩივრების განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ა. გ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 22 სექტემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე