Facebook Twitter

774აპ.-09 ქ. თბილისი

24 მარტი, 2010 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),

ზ. მეიშვილი, დ. სულაქველიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ქუთაისის რაიონული პროკურორის მოადგილე გ. გ-ისა და მსჯავრდებულ ნ. ა-ის დამცველის, ადვოკატ ვ. ბ-ის საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 30 ივლისის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 18 მაისის განაჩენით ნ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლით იმაში, რომ ჩაიდინა პროსტიტუციისათვის საცხოვრებლის გადაცემა, რაც გამოიხატა შემდეგში:

2005 წელს, ზუსტი თარიღი დაუდგენელია, ქუთაისში მცხოვრებმა ნ. ა-მა ანგარების მიზნით განიზრახა, თავის მფლობელობაში არსებული, ქ. ქუთაისში, --- ქ. ¹17-ში მდებარე 77,20 კვ.მ. საცხოვრებელი ბინა პროსტიტუციისათვის გადაეცა მეძავი ქალებისათვის. საამისოდ იგი დანაშაულებრივად დაუკავშირდა ნ. ბ-ას და დაუდგენელ ორ პირს. ისინი შეთანხმდნენ, რომ ეს უკანასკნელნი უზრუნველყოფდნენ მეძავი ქალების საქმიანობის ორგანიზებას და ამ გზით მიღებული შემოსავლის გადაცემას ნ. ა-ისათვის. განზრახვის შესასრულებლად ზემოხსენებული საცხოვრებელი ფართი შესაბამისი პირობების შექმნის შემდეგ, ნ. ა-მა პროსტიტუციისათვის გადასცა მეძავებს, მათ შორის _ ი. პ-ს, ა. ტ-ს, ნ. შ-ას, ი. ჯ-ს, ნ. რ-სა და ფ. ზ-ეს, რომლებიც შეუდგნენ სექსუალური მომსახურების გაწევას სხვადასხვა პირებისათვის. საცხოვრებელ ფართში მისული კლიენტი სექსუალური მომსახურებისათვის იხდიდა 50 ლარს, ხოლო მომსახურების გასაწევად შესაბამისი ოთახის დათმობისათვის _ 20-დან 50 ლარამდე, რაც უშუალოდ ნ. ა-ის შემოსავალს წარმოადგენდა.

აღნიშნული ქმედებისათვის ნ. ა-ს მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2008 წლის 20 სექტემბრიდან; მასვე სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა უძრავი და მოძრავი ქონება.

ამავე განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება პროკურორ გ. შ-ასა და განსასჯელ ნ. ბ-ას შორის, რომლის თანახმად, ნ. ბ-ას საქართველოს სსკ-ის 24-ე,254-ე მუხლით განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულის ადვოკატმა ვ. ბ-ემ და პროკურორმა გ. გ-ემ.

ადვოკატმა მ. ბ-ემ სააპელაციო საჩივრით ითხოვა განაჩენის გაუქმება, ნ. ა-ის გამართლება და განთავისუფლება სასამართლო სხდომის დარბაზიდან, ასევე _ სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმეული უძრავ-მოძრავი ქონების დაბრუნება, ხოლო პროკურორმა _ ნ. ა-ისათვის სასჯელის ზომად 4 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა და შემთხვევის ადგილიდან ამოღებული 91 დასახელების ოქროს სამკაულის ჩამორთმევა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 30 ივლისის განაჩენით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული განაჩენი დარჩა უცვლელად.

კასატორი _ პროკურორი გ. გ-ე საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ განაჩენი უკანონო, დაუსაბუთებელია და უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ნ. ა-ს არ გააჩნია პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები; მან არ აღიარა ჩადენილი დანაშაული და შეეცადა გამოძიებისა და სასამართლოსათვის ობიექტური ჭეშმარიტების დადგენაში ხელის შეშლას; მას არ გააჩნდა სხვა სახის ლეგალური შემოსავალი, გარდა პროსტიტუციისათვის საცხოვრებელი სახლის დათმობით მიღებულისა, და ეს შემოსავალი საკმაოდ სოლიდური იყო; სწორედ ამ თანხით იძენდა ის ოქროს ნივთებს და ინახავდა დანაშაულის ადგილზე; სწორედ ამიტომ მას სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ უნდა ჩამოერთვას შემთხვევის ადგილიდან ამოღებული 91 დასახელების ოქროს ნივთი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურორი ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და საქმის დაბრუნებას სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად.

კასატორი _ მსჯავრდებულის ადვოკატი ვ. ბ-ე საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ განაჩენი უსაფუძვლოა, დაუსაბუთებელია და არ გამომდინარეობს კანონიდან, ამიტომ უნდა გაუქმდეს, ნ. ა-ის მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა და მას უნდა დაუბრუნდეს ჩამორთმეული უძრავი ქონება, ასევე _ ფულადი თანხები, რომლებიც დანაშაულებრივი გზით არ არის მოპოვებული. ქუთაისში, --- ქ. ¹17-ში მდებარე 77,20 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი ქუთაისის საგადასახადო ინსპექციაში რეგისტრირებულია სასტუმრო „კ-ად» და მიღებული შემოსავლები დაფიქსირებულია საგადასახადო სამსახურში; ამ სასტუმროში ცვლაში მუშაობდნენ ადმინისტრატორები: ნ. ბ-ა, ე. თ-ე და ვ. ს-ა. ნ. ბ-ასა და ე. თ-ესთან გაფორმებულია საპროცესო შეთანხმება, ხოლო ვ. ს-ა, რომლის ჩვენებას ჭეშმარიტების დასადგენად არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა, არ დაუკითხავთ; მოწმის სახით დაკითხული ადმინისტრატორები და მეძავები ადასტურებენ, რომ პროსტიტუციის თანხასთან ნ. ა-ს არანაირი კავშირი არ ჰქონია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ნ. ა-ისათვის შერაცხული ბრალდება არ შეიცავს ქმედების სუბიექტურ მხარეს _ არ არის დადგენილი მისგან პროსტიტუციის თანხის მიღების ფაქტი.

ადვოკატის განმარტებით, საფუძველსაა მოკლებული ნ. ა-ისათვის უძრავი ქონებისა და შემთხვევის ადგილზე ამოღებული, ასევე _ საბანკო ანგარიშზე არსებული ფულადი თანხების ჩამორთმევა, რადგან მას საცხოვრებელი ფართი პროსტიტუციისათვის არ გადაუცია; აღნიშნული დადასტურებული რომც იყოს, მითითებული საცხოვრებელი ფართი საჯარო რეესტრში დაფიქსირებულია მეუღლეთა თანასაკუთრებად, ა. ა-ი კი იმ პერიოდში _ 2007 წლის 17 იანვრიდან 2008 წლის 17 დეკემბრამდე _ პატიმარი იყო და აღნიშნულ საქმესთან არანაირი კავშირი არ ჰქონია; მეტიც, ჩამორთმეულ ფართში არ შედის სასტუმროსგან იზოლირებული 17 კვ.მ. ფართის ოთახი, რომელიც ნ. და ა. ა-ების საძინებელია და გამოძიებით არ არის დადგენილი, რომ ამ ოთახსაც როდისმე ვინმე პროსტიტუციისათვის იყენებდა.

გარდა ამისა, ადვოკატი ვ. ბ-ე აღნიშნავს, რომ დაცვის მხარის მიერ სასამართლოზე წარდგენილი დოკუმენტაციით ნ. ა-ის პირად ანგარიშზე „ტიბისი ბანკსა» და „პროკრედიტ ბანკში» არსებული თანხების გარკვეული ნაწილის შემოსავლის წყარო დადგენილია, კერძოდ: „ტიბისი ბანკში» ნ. ა-ის ანგარიშზე ქალიშვილის _ ა. ა-ის მიერ იტალიიდან „ვესტენ უნიონით» სხვადასხვა პერიოდში ჩარიცხულია სხვადასხვა თანხა, სულ _ 14,490 ევრო; ამავე ბანკში ა. ა-ის მიერ (დაპატიმრებამდე) შეტანილია 1200 ევრო, ხოლო პატიმრობის პერიოდში მინდობილობით _ 5000 აშშ დოლარი; ასევე „პროკრედიტ ბანკში» მსჯავრდებულის შვილის _ ქ. ა-ის მიერ შეტანილია 9,490 ლარი და 350 აშშ დოლარი. აღნიშნული დოკუმენტაცია დაცვის მხარემ ამოიღო ბანკებიდან და დაურთო საქმის მასალებს, რაც სასამართლოს ობიექტური მსჯელობის საგანი არ გამხდარა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულის ადვოკატი ითხოვს განაჩენის გაუქმებას, ნ. ა-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას, მისთვის სახელმწიფოს სასარგებლოდ უკანონოდ ჩამორთმეული უძრავი ქონების, ნივთებისა და პირადი თანხების დაბრუნებას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრების საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ ისინი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებული განაჩენი გაუქმდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის დამცველის მოთხოვნას ნ. ა-ის მიმართ საქმის შეწყვეტის შესახებ, რადგან უტყუარადაა დადგენილი დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებანი და მისი ჩამდენი პირი, კერძოდ:

არაერთი მოწმის ჩვენებით ირკვევა, რომ სხეულით ვაჭრობდნენ სასტუმროში მის მეპატრონესთან _ ნ. ა-თან შეთანხმებით, რაც სხვაგვარად შეუძლებელი იყო. სასამართლოში დაიკითხნენ ის პირებიც, რომლებიც ამგვარი მომსახურებით სარგებლობდნენ. მათი და სასტუმროს მოსამსახურე პერსონალის განმარტებებით, უდავოდ დადგენილია და ეჭვს არ იწვევს, რომ ნ. ა-მა პროსტიტუციისათვის გადასცა საცხოვრებელი.

ადვოკატის მტკიცებით, პროსტიტუციით გამომუშავებულ თანხებთან ნ. ა-ს არაფერი აკავშირებს და არ არის დადგენილი ქმედების სუბიექტური მხარის ნიშნები.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 254-ე მუხლის შემადგენლობის ნიშანი _ განზრახვა, უდავოდ დადგენილია. რაც შეეხება მოტივს, იგი ამ დანაშაულის აუცილებელი ნიშანი არ არის. პროსტიტუციისათვის სადგომის ან საცხოვრებლის გადაცემა შეიძლება ჩადენილ იქნეს ანგარებით ან სხვა პირადი მოტივით, რაც გასათვალისწინებელია სასჯელის დანიშვნის დროს და არა ქმედების კვალიფიკაციისას.

სასტუმროს ადმინისტრატორების _ ე. თ-ის და ნ. ბ-ას ჩვენებებით, სასტუმროში მყოფი ქალები სხეულით ვაჭრობდნენ. ნ. ა-ი «ყველაფერს აკონტროლებდა» და ყველა საკითხს უშუალოდ წყვეტდა. პროსტიტუციით გამომუშავებული თანხის ნაწილს მეძავები გადასცემდნენ ადმინისტრატორებს, ისინი კი _ ნ. ა-ს. თუ ეს უკანასკნელი ქუთაისში არ იმყოფებოდა, სარგებლობდნენ საბანკო მომსახურებითაც.

პალატა აღნიშნავს,¸რომ უტყუარი მტკიცებულებებითაა დადგენილი პროსტიტუციით მოპოვებულ თანხებთან ნ. ა-ის კავშირი და, შესაბამისად, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის მოტივიც, კერძოდ, ანგარება.

ადვოკატი მიუთითებს, რომ 17 კვ.მ. ოთახი სასტუმროსაგან იზოლირებულია და არ დასტურდება მისი დანაშაულის ჩასადენად გამოყენება.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ 77.20 კვ.მ. ფართი, რაც უსასყიდლოდ გადაეცა სახელმწიფოს, სახლის გამოყოფილი ნაწილია (ტ. 2, ს.ფ. 223).

მსჯავრდებულ ნ. ბ-ას ჩვენებით, მეძავები სასტუმროს ყველა ოთახით სარგებლობდნენ.

მოწმე ე. თ-ე აღნიშნავს, რომ სასტუმროში დამლაგებლად მუშაობდა 2006 წლიდან, რა დროსაც სასტუმროში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა ნ. ა-იც, მაგრამ დაახლოებით 1 წელიწადში ისინი საცხოვრებლად ცალკე, სასტუმროს გვერდით გადავიდნენ.

პალატა აღნიშნავს, რომ ჩამორთმეული უძრავი ნივთის დანაშაულის ჩასადენად გამოყენება დადგენილია სხვადასხვა პირთა ჩვენებებით და წერილობითი მტკიცებულებებით. რაც შეეხება ამ ნივთის მესაკუთრის ვინაობას, პალატა განმარტავს, რომ ჩამორთმევას ექვემდებარება დანაშაულის საგანი ან მის ჩასადენად გამიზნული ნივთი იმ შემთხვევაშიც, თუ მას პირი მართლზომიერად ფლობს. ნ. ა-ის მიერ პროსტიტუციისათვის გადაცემული საცხოვრებლის მართლზომიერად ფლობას (გარდა იმისა, რომ მსჯავრდებული ამ ნივთის თანამესაკუთრეა) არც ადვოკატი უარყოფს.

გასაზიარებელია დაცვის მხარის საჩივრის მოტივი იმის შესახებ, რომ საქმეში არსებულ, საბანკო მომსახურებისა და თანხის განკარგვის მინდობილობის ამსახველ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა არ იმსჯელეს.

ადვოკატის მტკიცებით, მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით, მაგ. «თიბისი» ბანკში ნ. ა-ის ანგარიშზე ჩარიცხული თანხების მნიშვნელოვანი ნაწილი გადმოგზავნილია საზღვარგარეთიდან.

გასაჩივრებული განაჩენით, ნ. ა-ს მის პირად საბანკო ანგარიშზე არსებული თანხები ჩამოერთვა იმ მოტივით, რომ, გარდა დანაშაულებრივი საქმიანობისა, მას შემოსავლის სხვა წყარო არ გააჩნდა და თანხები მის საბანკო ანგარიშზე აღმოჩნდა.

სააპელაციო სასამართლოს ამ მოტივიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლოა პირის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ყველა ნივთი არ იყოს მოპოვებული დანაშაულებრივი გზით, შეუძლებელია ნ. ა-ის საბანკო ანგარიშზე ყველა შენატანის ჩამორთმევის ნაწილში გასაჩივრებული განაჩენის კანონიერების შემოწმება, რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად გაეგზავნოს იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას.

საქმის ხელახლა განხილვისას უნდა დადგინდეს, მართლაც ირიცხებოდა თუ არა ნ. ა-ის საბანკო ანგარიშებზე თანხა საზღვარგარეთიდან, დადებით შემთხვევაში, სასამართლომ უნდა იმსჯელოს, უკავშირდება თუ არა ქვეყნის ფარგლებს გარედან გადმოგზავნილი თანხები ნ. ა-ისათვის ბრალად შერაცხულ საქმიანობას.

გარდა აღნიშნულისა, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება ნ. ა-ისაგან ამოღებულ ოქროს ნივთების საკითხზე, კერძოდ:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. ა-ს, გარდა დანაშაულებრივი საქმიანობით მიღებულისა, სხვა შემოსავალი არ გააჩნდა. მსჯავრდებულმა სასამართლოში განაცხადა, რომ ამოღებულ ოქროს ნივთებს თავად ყიდულობდა (ტ. 4, ს.ფ. 16). მოწმე ჯ. ა-ის ჩვენებით, მან ნ. ა-ნს მიჰყიდა ოქროს ბეჭედი 700 ლარად, თუმცა ზუსტად არ ახსოვს, რამდენჯერ შეიძინა მისგან ოქროს ნივთები მსჯავრდებულმა. მოწმის განმარტებით, ოქროს ყიდულობდა ქ. თბილისში, ე.წ. «ოქროს ბირჟაზე», თუმცა ოქროთი არ ვაჭრობდა (ტ. 3, ს.ფ. 46-47). საგულისხმოა, რომ ოქროულობა ამოღებულია პროსტიტუციისათვის გადაცემული საცხოვრებლიდან, როცა, მსჯავრდებულის ჩვენებით, ძირითადად თბილისში ცხოვრობდა და ჯ. ა-იც ოქროს თბილისში ყიდულობდა.

გარდა ზემოაღნიშნულისა, საქმის ხელახლა განხილვის დროს სააპელაციო პალატამ სათანადოდ უნდა გამოიკვლიოს ამოღებულ ოქროულობასთან დაკავშირებული მასალები, იმსჯელოს მათზე და ამის შემდეგ მიიღოს კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ამასთან, უნდა გადაწყდეს ი. ჯ-ისაგან, ნ. რ-ისაგან და ფ. ზ-ისაგან ამოღებული და ნივთმტკიცებად ცნობილი თანხების საკითხიც (ტ. 2, ს.ფ. 263).

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უსამართლობის მოტივით გასაჩივრებული განაჩენის გაუქმების საფუძველი არ არსებობს. ნ. ა-ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია და ვერც პროკურორი ასაბუთებს, ასეთ ვითარებაში რატომ უნდა განესაზღვროს მსჯავრდებულს სასჯელის ზომის მაქსიმუმი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის «ბ” ქვეპუნქტით, 570-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ნ. ა-ის ადვოკატ ვ. ბ-ის და პროკურორ გ. გ-ის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 30 ივლისის განაჩენი ნ. ა-ის მიმართ და საქმე ხელახლა განსახილველად გაეგზავნოს იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.