საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ
776აპ-09 ქ. თბილისი
15 თებერვალი, 2010 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),
მაია ოშხარელი, იური ტყეშელაშვილი,
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. ჯ-ას დამცველის, ადვოკატ რ. ბ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 23 ივლისის განაჩენზე.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 2 აპრილის განაჩენით ზ. ჯ-ა, გამართლდა და ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (ნ. ბ-ას კუთვნილი ქონების ქურდობის ეპიზოდი). იმავე განაჩენით ზ. ჯ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ» ქვეპუნქტის საფუძველზე (ნ. ბ-ას კუთვნილი ქონების ქურდობის ეპიზოდი) _ თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით, ასევე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა _ 3500 (სამი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ; საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა» და ,,ბ» ქვეპუნქტების საფუძველზე (გ. ა-ას კუთვნილი ქონების ქურდობის ეპიზოდი) _ თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლისა და 8 (რვა) თვის ვადით; საქართველოს სსკ-ის 379-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნტის საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად, რის შედეგადაც ზ. ჯ-ას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლისა და 11 (თერთმეტი) თვის ვადით, ასევე ჯარიმა _ 3500 (სამი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით. აღნიშნულ სასჯელს, საქართველოს სსკ-ის 67-ე და 59-ე მუხლების შესაბამისად, მთლიანად დაემატა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 8 თებერვლის განაჩენით ზ. ჯ-ის დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით და საბოლოოდ ზ. ჯ-ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლისა და 11 (თერთმეტი) თვის ვადით, ასევე ჯარიმა _ 3500 (სამი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით. მსჯავრდებულ ზ. ჯ-ას სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან _ 2008 წლს 15 ნოემბრიდან, მასვე პატიმრობის ვადაში ჩაეთვალა ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის სახით დაკავების დრო _ 2008 წლის 10 იანვრიდან 2008 წლის 12 იანვრამდე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 23 ივლისის განაჩენით ფოთის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 2 აპრილის განაჩენი მსჯავრდებულ ზ. ჯ-ას მიმართ დარჩა უცვლელად.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო პალატა სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ზ. ჯ-ას დამცველის, ადვოკატ რ. ბ-ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც იგი არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.
მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულის მიმართ ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ» ქვეპუნქტით (ნ. ბ-ას კუთვნილი ქონების ქურდობის ეპიზოდი), იმავე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა» და ,,ბ» ქვეპუნქტებით (გოგოშა აბაკელიას კუთვნილი ქონების ქურდობის ეპიზოდი) და იმავე კოდექსის 379-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებებს და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.
ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ზ. ჯ-ას დამცველის, ადვოკატ რ. ბ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 23 ივლისის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.