საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ
795აპ-09 22 თებერვალი, 2010წ.
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე - მაია ოშხარელი
მოსამართლეები: დავით სულაქველიძე
იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ფ. კ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ფ. მ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 3 ივლისის განაჩენზე.
გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 2 თებერვლის განაჩენით ფ. კ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა», ,,ბ», ,,გ» ქვეპუნქტებით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მეორე ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მესამე ნაწილით _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა. ფ. კ-ს წინასწარ პატიმრობაში ყოფნის დრო 2008 წლის 23 ივნისიდან 2009 წლის 2 თებერვლამდე ჩაეთვალა თავისუფლების აღკვეთის სახით სასჯელის მოხდის ვადაში და სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 23 ივნისიდან.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 3 ივლისის განაჩენით დარჩა უცვლელად.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო პალატა, სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ფ. კ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ფ. მ-ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.
მოცემულ შემთხვევაში ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს მსჯავრდებულ ფ. კ-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა», ,,ბ», ,,გ» ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის პირველი, მეორე, მესამე ნაწილებით გათვალისწინებულ ქმედებას და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა და იგი ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.
ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ფ. კ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ფ. მ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 3 ივლისის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.