¹797აპ-09 ქ. თბილისი 22 თებერვალი, 2010 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),
ზ. მეიშვილი, დ. სულაქველიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ. კ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 1 სექტემბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 30 დეკემბრის განაჩენით რ. კ-ე დაუსწრებლად ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-3 ნაწილებით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, მე-19,108-ე მუხლით იმაში, რომ ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება და გადაზიდვა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შენახვა, ასევე _ მკვლელობის მცდელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:
თერჯოლის რაიონის სოფელ --- მცხოვრებმა რ. კ-ემ დაუდგენელ გარემოებებში, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა 7,62 მმ კალიბრიანი «AKM»-ს მოდიფიკაციის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და მისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალა _ არანაკლებ 32 ვაზნა, რომლებიც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ შეინახა თავის საცხოვრებელ სახლში.
2008 წლის მარტში რ. კ-ე და მის მეზობლად მცხოვრები პოლიციელი თ. ა-ე იმყოფებოდნენ თერჯოლის რაიონის სოფელ --- მცხოვრებ ა. ლ-ას ოჯახში გამართულ ქორწილში, სადაც მთვრალმა რ. კ-ემ თ. ა-ეს მიმართა შეურაცხმყოფელი სიტყვებით. აღნიშნულის გამო მათ შორის დაწყებული კამათი გადაიზარდა ჩხუბში, რის შემდეგ ისინი ერთმანეთს დაშორდნენ.
2008 წლის 4 მაისს, დაახლოებით 15.30 საათზე, საკუთარი სახლთან მყოფ თ. ა-ესთან მივიდა რ. კ-ე და კვლავ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. მათ შორის მომხდარი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე რ. კ-ემ განიზრახა ზემოაღნიშნული ავტომატით თ. ა-ეს მოკვლა და დაემუქრა კიდეც მას. განზრახვის განსახორციელებლად რ. კ-ემ თავისი სახლიდან ქუჩაში გამოიტანა ავტომატი და დაახლოებით 45 მეტრი მანძილიდან დაუმიზნა სახლის ჭიშკართან, ქუჩაში სკამზე მჯდარ თ. ა-ეს, კვლავ დაემუქრა მოკვლით და მისი მიმართულებით ისროლა 4-ჯერ, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა, რადგან დაზარალებულმა თავი შეაფარა თავის ეზოს, ხოლო რ. კ-ე მიიმალა. ძებნილმა რ. კ-ემ თერჯოლის რაიონის სოფელ --- ზესტაფონის რაიონის სოფელ --- გადაზიდა ავტომატი და მისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალა, რომლებიც შეინახა ვ. გ-ის კუთვნილ, მიტოვებულ სახლში, საიდანაც ამოიღეს პოლიციელებმა 2008 წლის 17 მაისს.
აღნიშნული ქმედებისათვის რ. კ-ეს მიესაჯა: სსკ-ის მე-19,108-ე მუხლით _ 10 წლით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 6 თვით, მე-2 ნაწილით _ 3 წლით და 6 თვით, მე-3 ნაწილით _ 5 წლით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას საბოლოოდ განესაზღვრა 19 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა _ 2000 ლარი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა. მან ითხოვა განაჩენიდან სსკ-ის მე-19,108-ე მუხლისა და 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილის (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვა) ამორიცხვა, მისი ქმედების დაკვალიფიცირება სსკ-ის 151-ე მუხლით, 236-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-3 ნაწილებით, ასევე _ დამატებითი სასჯელის მოხსნა, რადგან მისი ოჯახი მიეკუთვნება სოციალურად დაუცველთა კატეგორიას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 1 სექტემბრის განაჩენით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ამასთან, გასაჩივრებული განაჩენი შეიცვალა ნივთმტკიცებათა ნაწილში და მსჯავრდებულს სასჯელის ათვლა დაეწყო 2009 წლის 27 აპრილიდან.
კასატორი _ მსჯავრდებული რ. კ-ე საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ წარდგენილ ბრალდებაში თავს ნაწილობრივ ცნობს დამნაშავედ, კერძოდ: მას არ ჰქონია თ. ა-ის მოკვლის განზრახვა, უნდოდა მხოლოდ მისი შეშინება, რათა მისთვის აღარ მიეყენებინა შეურაცხყოფა; იარაღიდან გაისროლა ჰაერში მხოლოდ ორჯერ; დაზარალებულის მოკვლის სურვილის შემთხვევაში, ისეთი მანძილი იყო მათ შორის, რომ აუცილებლად მოკლავდა; თ. ა-ე სროლამდე შევიდა სახლში, რასაც ადასტურებს დაზარალებულის შვილი; სასამართლომ არ გაიზიარა მოწმე შ. ა-ის ჩვენება, რომელმაც ასევე დაადასტურა, რომ მსჯავრდებულმა ჰაერში ისროლა მას შემდეგ, რაც დაზარალებული მას ცემდა და ახრჩობდა; სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, ამიტომ მის მიმართ წარდგენილი სსკ-ის მე-19,108-ე მუხლი უნდა გადაკვალიფიცირდეს 151-ე მუხლზე.
კასატორის აზრით, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები მოპოვებულია კანონდარღვევით; სასამართლომ მტკიცებულებად არ უნდა გამოიყენოს შემთხვევის ადგილზე დათვალიერების ოქმი, გადაუდებელ შემთხვევაში ამოღების ჩატარებისა და ჩხრეკის კანონიერების შემოწმების დადგენილებები, რადგან ისინი მოპოვებულია კანონის უხეში დარღვევით; მასრები უნდა ამოეღოთ სამართალდამცავებს კანონით დადგენილი წესით და არ უნდა მომხდარიყო დაზარალებულის მიერ შეგროვილი და ცელოფნის პაკეტში მოთავსებული მასრების დაკანონება, ამიტომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებები დაუშვებლად უნდა იყოს ცნობილი, თანახმად საქართველოს სსსკ-ის 111-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ» ქვეპუნქტისა.
საყურადღებოა ისიც, რომ საბრალდებო დასკვნითა და განაჩენებით რ. კ-ეს ერთიდაიგივე ქმედებაზე ორჯერ წარედგინა ბრალდება, კერძოდ _ სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, ამიტომ განაჩენიდან უნდა ამოირიცხოს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა.
მსჯავრდებული ასევე განმარტავს, რომ დანიშნული სასჯელი _ 19 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და 2000 ლარი ჯარიმა _ უსამართლოა, რადგან მისი ოჯახი არის მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში, არ აქვთ საკუთარი სახლი, რ. კ-ე და მისი ორივე და დაავადებულნი არიან ეპილეფსიით და არ აქვს მედიკამენტების შეძენის საშუალება. სასამართლომ არ გაითვალისწინა მისი ასეთი მატერიალური მდგომარეობა და დამატებით სასჯელად დააკისრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, ამიტომ განაჩენი ამ ნაწილშიც უკანონოა და უნდა გაუქმდეს.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად გამოიყენა კანონი და მის ქმედებას არასწორი კვალიფიკაცია მისცა; ასევე _ სსსკ-ის 563-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ» ქვეპუნქტის შესაბამისად, არსებითად დაარღვია კანონი და გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაუდო ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც დაუშვებლად უნდა ყოფილიყო ცნობილი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებული ითხოვს მისი ქმედების გადაკვალიფიცირებას სსკ-ის მე-19,108-ე მუხლიდან 151-ე მუხლზე, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილისა და დამატებითი სასჯელის ამორიცხვას. რაც შეეხება სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ელ, მე-2 და მე-3 ნაწილებით წარდგენილ ბრალდებას, თავს ცნობს დამნაშავედ.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორის მტკიცების საპირისპიროდ, დაზარალებულის შვილი _ ო. ა-ე თავის არცერთ ჩვენებაში არ მიუთითებს, რომ მამამისი გასროლამდე შევიდა სახლში. მცირეწლოვანი მოწმის ყველა ჩვენება თანმიმდევრული და დამაჯერებელია. მან გარკვევით აღნიშნა, რომ რ. კ-ემ ავტომატი დაუმიზნა დაზარალებულს და ესროლა, რა დროსაც თ. ა-ე შევარდა ეზოში (ტ. 1, ს.ფ. 26, ტ. 2, ს.ფ. 110; 210).
ანალოგიურად აღწერს მომხდარს დაზარალებული თ. ა-ე.
დადგენილია, რომ დაახლოებით 45 მეტრიდან გასროლისთანავე დაზარალებულმა 1,9 მეტრი სიმაღლის ლითონის კონსტრუქციით შემოღობილ ეზოს შეაფარა თავი, ხოლო რ. კ-ე მიიმალა. ამდენად, უსაფუძვლოა მსჯავრდებულის მტკიცება, რომ სურვილის შემთხვევაში თ. ა-ეს აუცილებლად მოკლავდა. დაზარალებული მიუთითებს: «სახლში რომ არ შემესწრო, იგი (რ. კ-ე) მომკლავდა კიდეც».
შემთხვევის ადგილზე მყოფი ა. ბ-ის ჩვენებით, მას არაფერი დაუნახავს, თუმცა მოწმე ტ. გ-ე განმარტავს, რომ, როგორც ა. ბ-ისაგან შეიტყო, «რ. კ-ეს უსვრია თ. ა-ისათვის» (ტ. 2, ს.ფ. 109).
მსჯავრდებულის მტკიცებით, მან იარაღიდან შესაშინებლად გაისროლა ჰაერში, თუმცა საქმის მასალების ანალიზით იკვეთება, რომ დაზარალებულის ეზოში შევარდნა გამოიწვია მისთვის ავტომატის დამიზნებამ და სროლამ. ამაზე მეტყველებს შემთხვევის ადგილზე მყოფი სხვა პირების რეაქციაც, მათ თავი არსად შეუფარებიათ.
რაც შეეხება მოწმე შ. ა-ეს, მისი ჩვენება სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება. აღსანიშნავია მხოლოდ, რომ შ. ა-ის შემთხვევის ადგილზე ყოფნას არ ადასტურებს მომხდართან დაკავშირებით დაკითხული არცერთი მოწმე.
უსაფუძვლოა კასატორის მითითება ცალკეული საგამოძიებო მოქმედებების კანონდარღვევით ჩატარების შესახებ. მასრები ამოღებულია დაზარალებულისაგან მომხდარი ფაქტის დღესვე და, როგორც გაირკვა, ისინი გასროლილია იმ ავტომატში, რომლის შეძენა-შენახვა, ტარებასა და გადაზიდვას მსჯავრდებული არ უარყოფს. იგი ასევე არ უარყოფს შემთხვევის ადგილზე, მისივე თქმით, ჰაერში გასროლას. ამდენად, აშკარაა ამოღებული მასრების წარმომავლობა და კავშირი საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შენახვა ერთიანი _ დენადი დანაშაულია და დამთავრებულად ითვლება ქმედების შეწყვეტის მომენტიდან, რაც ამ ნივთების პირის მფლობელობიდან გასვლას (ამოღებას, გასაღებას, ჩაბარებას ან დაკარგვას) გულისხმობს. იარაღის ტარება, მისი ხელახლა შენახვის შემთხვევაში დანაშაულის დენად ხასიათზე გავლენას არ ახდენს, რამდენადაც მას არ წყვეტს. იარაღის შენახვის ადგილმდებარეობის ცვლა, რაც მის ტარებას ან გადაზიდვას მოითხოვს, არ წარმოადგენს პირის ერთიანი ქმედების (იარაღის შენახვის) რამდენიმე, ერთი და იგივე მუხლით დაკვალიფიცირების საფუძველს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენიდან უნდა ამოირიცხოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული მსჯავრი.
გარდა ამისა, პირველი ინსტანციის სასამართლომ რ. კ-ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად მიუთითა მისი მიმალვა, რაც არასწორია და ეს მითითება განაჩენიდან უნდა ამოირიცხოს.
პალატა მიიჩნევს, რომ რ. კ-ე უნდა გათავისუფლდეს დამატებით სასჯელად დანიშნული ჯარიმისაგან, კერძოდ, თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის ცნობით, რ. კ-ის ორივე და დაავადებულია ეპილეფსიით, ოჯახს აქვს მძიმე ეკონომიკური პირობები, არ გააჩნიათ სახლ-კარი და ცხოვრობენ სხვის სახლში. მსჯავრდებულის მეზობლების ოფიციალურად დამოწმებული აქტის მიხედვით, პირადობის მოწმობის უქონლობის გამო ოჯახის წევრებმა ვერ გაიარეს რეგისტრაცია, რათა მოხვედრილიყვნენ სოციალურად დაუცველთა სიაში. ძლიერი ეკონომიკური სიდუხჭირის გამო არასამთავრობო ორგანიზაციამ ოჯახს გადასცა ერთი სული საქონელი (ტ. 1, ს.ფ. 143; ტ. 2, ს.ფ. 190).
აღნიშნულისა და იმის გათვალისწინებით, რომ რ. კ-ის ქმედებას არ მოჰყოლია რაიმე შედეგი, მას უნდა შეუმსუბუქდეს სსკ-ის მე-19,108-ე მუხლით დანიშნული სასჯელი, როგორც მეტისმეტად მკაცრი.
გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან კანონიერი და დასაბუთებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ» ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ რ. კ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 1 სექტემბრის განაჩენიდან ამოირიცხოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული მსჯავრი;
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შენახვის ბრალდების ეპიზოდში რ. კ-ის ქმედება დაკვალიფიცირდეს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და განესაზღვროს 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;
გასაჩივრებული განაჩენიდან ამოირიცხოს მითითებები მსჯავრდებულისათვის დამატებით სასჯელად ჯარიმის _ 2 000 (ორი ათასი) ლარის დანიშვნისა და პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად რ. კ-ის მიმალვის მიჩნევის შესახებ;
სსკ-ის მე-19,108-ე მუხლით დანიშნული სასჯელი _ 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა რ. კ-ეს შეუმცირდეს 1 (ერთი) წლით და ამ მუხლით მიესაჯოს 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა.
გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად და რ. კ-ეს საბოლოოდ განესაზღვროს 18 (თვრამეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.