330310015815776
№ბს-935-927(კს-16) 09 მარტი, 2017 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური
მოწინააღმდეგე მხარე - ვ. ლ-ე
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.09.16წ. განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 28.11.2014წ. N000659 დადენილებით, სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე კაპიტალური ნაგებობის მიშენებისა და აივნის მოწყობისათვის, ვ. ლ-ე „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის“ კოდექსის 44.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენისათვის დაჯარიმდა 10 000 ლარით, მასვე დაევალა უნებართვოდ მიშენებული კაპიტალური ნაგებობისა და უნებართვოდ მოწყობილი აივნის დემონტაჟი. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 27.04.2015წ. N273 ბრძანებით ვ. ლ-ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
ვ. ლ-ემ 22.05.15წ. სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხეების ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 27.04.15წ. №273 ბრძანებისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 28.11.14წ. №000659 დადგენილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 18.04.16წ. გადაწყვეტილებით ვ. ლ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
ვ. ლ-ემ 20.09.16წ. განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ და მოითხოვა სამშენებლო სამართალდარღვევის შესახებ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 28.11.14წ. გაცემული №000659 დადგენილების მოქმედების სრულად შეჩერება. ამასთან, აპელანტმა მოითხოვა თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში ვ. ლ-ის მიმართ არსებული საქმისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის 12.09.16წ. გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ №A15015173-005/001 წინადადების შეჩერება. აპელანტმა აღნიშნა, რომ ტერიტორია, რომელზეც ნაგებობებია განთავსებული, იმყოფება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკუთრებაში. იმის გათვალისწინებით, რომ აპელანტი აღნიშნულ ტერიტორიასთან დაკავშირებით აწარმოებს სამინისტროსთან მოლაპარაკებას ტერიტორიის მის საკუთრებაში გადაცემის შესახებ, გასაჩივრებული სადავო აქტის აღსრულება (ნაგებობების დემინტაჟი) პირდაპირ, უშუალო და არსებით ზიანს მიაყენებს მას და გაართულებს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.09.16წ. განჩინებით ვ. ლ-ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე შეჩერდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 28.11.14წ. №000659 დადგენილება როგორც დაჯარიმების, ისე დემონტაჟის ნაწილში. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე შეჩერდა აგრეთვე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის 12.09.16წ. №A15015173-005/001 წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 28.11.14წ. №000659 დადგენილება ვ. ლ-ის დაჯარიმების ნაწილში, სასკ-ის 29.1 მუხლის თანახმად, შეჩერებულად ითვლება სარჩელის მიღების მომენტიდან, ვინაიდან იგი არ არის მოცული სასკ-ის 29.2 მუხლით გათვალისწინებულ საგამონაკლისო ჩამონათვალით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 28.11.14წ. №000659 დადგენილების დემონტაჟის ნაწილში შეჩერებასთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სასკ-ის 29.2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის მოთხოვნის გათვალისწინებით სარჩელის მიღებით აქტი დემონტაჟის ნაწილში ავტომატურად არ ჩერდება, "პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის" 25.4 მუხლის თანახმად, დადგენილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას დემონტაჟის ნაწილში. ამასთანავე, სასკ-ის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მხარის მოთხოვნით სასამართლოს შეუძლია შეაჩეროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის მოქმედება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ არსებობს დასაბუთებული ეჭვი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე ან თუ მისი გადაუდებელი აღსრულება არსებით ზიანს აყენებს მხარეს ან შეუძლებელს გახდის მისი კანონიერი უფლებისა და ინტერესის დაცვას. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში დემონტაჟის ნაწილში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 28.11.14წ. №000659 დადგენილების გადაუდებელი აღსრულებით შეიძლება არსებითი ზიანი მიადგეს აპელანტს და შეუძლებელი გახდეს მისი კანონიერი უფლებისა და ინტერესსის დაცვა. კერძოდ, უნებართვოდ მიშენებული კაპიტალური ნაგებობისა და უნებართვოდ მოწყობილი აივნის დემონტაჟის შემთხვევაში აზრს დაკარგავს სარჩელის (სააპელაციო საჩივრის) განხილვა და სარჩელის დაკმაყოფილებისა და აქტების ბათილად ცნობის შემთხვევაშიც კი ვეღარ აღსრულდება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის 12.09.16წ. გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ №A15015173-005/001 წინადადების შეჩერებასთან მიმართებით სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ვინაიდან სააღსრულებო წარმოება დაწყებულია დემონტაჟის შესახებ გამოცემული სადავო დადგენილების აღსრულების მიზნით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 28.11.14წ. №000659 დადგენილებასთან ერთად უნდა შეჩერდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის 12.09.16წ. №A15015173-005/001 წინადადებაც.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.09.16წ. განჩინება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა გაასაჩივრა საქართველოს უზენაეს სასამართლოში. საჩივრის ავტორი თვლის, რომ სააპელაციო პალატის 21.09.16წ. განჩინება სამართლებრივად დაუსაბუთებელია. ყოველგვარი რეალური დოკუმენტის არსებობის გარეშე სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობს აქტის ბათილობისა და მის კანონიერებაში ეჭვის შეტანის ალბათობა. განჩინების კანონიერ ძალაში დატოვება ხელს შეუწყობს არასწორი და ადმინისტრაციული ორგანოსთვის მიუღებელი პრაქტიკის დამკვიდრებას და პირდაპირ ეწინააღმდეგება "პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის" 25.4 მუხლის დანაწესს, უგულებელყოფს რა ამ სფეროში სპეციალური კანონის არსებობას, აკნინებს სამშენებლო სამართლის ფუნქციას და მისგან განსხვავებულ გარემოებას აწესებს. სამშენებლო სამართალი დამყარებულია საჯარო ინტერესის პრინციპზე. ამ სფეროში განსაკუთრებული საჯარო ინტერესის არსებობა განპირობებულია სხვადასხვა ფაქტორით და სახელმწიფოს აკისრია ვალდებულება უზრუნველყოს წესრიგის დამყარება, რათა მოქალაქეების მიერ არ მოხდეს მათი უფლებების ბოროტად გამოყენება.
სააპელაციო პალატის 11.18.16 წ. განჩინებით საჩივარი განსახილველად გადაეგზავნა საკასაციო სასამართლოს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების გაცნობისა და კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისკერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის თანახმად, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. ადმინისტრაციული მართლმსაჯულების ორგანიზაცია და პროცესი უნდა პასუხობდეს მოქალაქის კონსტიტუციურ უფლებას საჯარო ხელისუფლების მიმართ მისი უფლების ეფექტურ დაცვაზე. ეფექტური მართლმსაჯულება გულისხმობს არა მარტო დარღვეული უფლების აღდგენას, არამედ დროებით დაცვას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უფლების პრევენციული დაცვა.
ადმინისტრაციული საპროცესო კანანმდებლობა ითვალისწინებს უფლების დროებითი დაცვის დუალისტურ სისტემას - სასკ-ის 29-ე და 31-ე მუხლებით გათვალისწინებულია ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში უფლების დროებითი დაცვის სამართლებრივი საშუალებები ამავე კოდექსით განსაზღვრული სარჩელის სახეების მიხედვით. სასკ-ის 29-ე მუხლით გათვალისწინებული უფლების დროებითი დაცვის ღონისძიება - გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერება წარმოადგენს ამავე კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე აღძრული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას, ხოლო სასკ-ის 31-ე მუხლით გათვალისწინებული დროებითი განჩინება, როგორც უფლების დროებითი დაცვის საშუალება, გამოიყენება სხვა სახის სარჩელთან მიმართებით. აღნიშნული მუხლებით გათვალისწინებული უფლების დაცვის სამართლებრივი საშუალებები ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელების უზრუნველყოფას, გადაწყვეტილების ფაქტობრივი აღსრულების გაჭიანურების ან დაბრკოლების თავიდან აცილებას ემსახურება და მიზნად ისახავს სასამართლო გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების აღმოფხვრას, სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნის რეალიზაციის უზრუნველყოფას.
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება წარმოადგენს, ერთი მხრივ, სასამართლოს მიერ აღიარებული უფლების განხორციელების გარანტს, ხოლო, მეორე მხრივ, მოწინააღმდეგე მხარის უფლების შეზღუდვის კანონიერ საფუძველს. შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე მსჯელობისას, სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება დავის განხილვის სამართლებრივი შედეგის - გადაწყვეტილების აღსრულება. უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას სასამართლომ უნდა შეამოწმოს, რამდენად არის გამართლებული მისი გამოყენება და გადაწყვიტოს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებასა და აღსრულების შეუძლებლობას შორის პირდაპირი მიზეზობრივი კავშირის არსებობის საკითხი.
ადმინისრაციული სამართლისთვის დამახასიათებელია სუსპენზიური ეფექტის, როგორც უფლების დაცვის პრევენციული საშუალების, არსებობა, რომლის მეშვეობითაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედება დროებით ჩერდება, კერძოდ, გასაჩივრების შემდგომ, საჩივარზე ადმინისტრაციული წარმოების დასრულებამდე ან სასამართლოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გასაჩივრებული აქტის მოქმედების შეჩერება ხდება კანონისმიერად - ადმინისტრაციული სარჩელის წარდგენა ავტომატურად, მხარის შუამდგომლობის გარეშე და მოსამართლის ნებისგან დამოუკიდებლად იწვევს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შეჩერებას (სასკ-ის 29.1 მუხლი). ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობა თავად არეგულირებს სარჩელის უზრუნველყოფის საკითხს და ითვალისწინებს სარჩელის უზრუნველყოფის ისეთ ორ სახეს, როგორებიცაა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერება (სასკ-ის 29-ე მუხლი) და დროებითი განჩინების მიღება (სასკ-ის 31-ე მუხლი). მოცემულ შემთხვევაში სადავოა სასკ-ის 29-ე მუხლით გათვალისწინებული უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. სასკ-ის 29.1 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღება სასამართლო წარმოებაში აჩერებს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედებას. ამასთან, მე-2 ნაწილი განსაზღვრავს იმ შემთხვევათა ჩამონათვალს, როდესაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედება ავტომატურად არ ჩერდება. ყველა საგამონაკლისო შემთხვევაში საჯარო ინტერესების დაცვაა წინა პლანზე წამოწეული და სწორედ მათი განსაკუთრებული მნიშვნელობის გამო კანონმდებლობა არ უშვებს ადმინისტრაციული აქტის მოქმედების ავტომატურად შეჩერების შესაძლებლობას. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ სასკ-ის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, მხარის მოთხოვნით, სასამართლოს მაინც შეუძლია შეაჩეროს ასეთი აქტის მოქმედება თუ არსებობს დასაბუთებული ეჭვი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე, ან თუ მისი გადაუდებელი აღსრულება არსებით ზიანს აყენებს მხარეს ან შეუძლებელს გახდის მისი კანონიერი უფლების ან ინტერესის დაცვას. აღნიშნული უფლების გამოყენებისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს როგორც მხარის ინტერესი, ისე ის თანამდევი შედეგი, რაც შესაძლოა მოჰყვეს აქტის შეჩერებას.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 28.11.14წ. №000659 დადგენილება ვ. ლ-ის დაჯარიმების ნაწილში, სასკ-ის 29.1 მუხლის თანახმად შეჩერებულად ითვლება სარჩელის მიღების მომენტიდან, ხოლო დემონტაჟის ნაწილში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 28.11.14წ. №000659 დადგენილების შეჩერება ექცევა სასკ-ის 29.2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის მოთხოვნის ფარგლებში (აქტის მოქმედება არ ჩერდება თუ ეს გათვალისწინებულია კანონით), ვინაიდან, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის" 25.4 მუხლის თანახმად, დადგენილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას დემონტაჟის ნაწილში. სასკ-ის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, მხარის მოთხოვნით სასამართლოს შეუძლია შეაჩეროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის მოქმედება თუ არსებობს დასაბუთებული ეჭვი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე ან თუ მისი გადაუდებელი აღსრულება არსებით ზიანს აყენებს მხარეს ან შეუძლებელს გახდის მისი კანონიერი უფლებისა და ინტერესის დაცვას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი წარმოადგენს მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სწრაფ და ეფექტურ საპროცესო-სამართლებრივ გარანტიას. უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას ერთმანეთს უპირისპირდება მომავალში მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის საჯარო ინტერესი და მხარის ინტერესი, ამდენად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ორივე მხარის კანონიერი ინტერესი მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული. უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება უნდა მოხდეს მოპასუხე მხარის კანონიერი ინტერესის შეზღუდვით იმ გონივრულ ფარგლებში, რაც აუცილებელია მოსარჩელის კანონიერი ინტერესის დაცვისათვის. სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების შემოწმების შედეგად, რაც გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულებასა და აღსრულების შეჩერებაზე არსებული ინტერესების ურთიერთშეპირისპირებას. ადმინისტრაციული აქტის მოქმედების შეჩერება ნიშნავს მისი მოქმედებისა და ყველა სამართლებრივი შედეგის გადადებას სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. დავის სასამართლოში გადაწყვეტამდე კანონი უბრუნებს პირს იმ სამართლებრივ და ფაქტობრივ მდგომარეობას, რომელიც არსებობდა სადავო ადმინისტრაციული აქტის გამოცემამდე. მართალია მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება მოსარჩელის უფლება მშენებლობის განხორციელებაზე, მაგრამ არ არის გამორიცხული კანონიერი ინტერესის არსებობა ობიექტზე უფლების მოპოვების თვალსაზრსით ან სადავო აქტის გაუქმება პროცედურული მოსაზრებებით. ამასთანავე, მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ სადავო აქტის გადაუდებელი აღსრულება უკავშირდება მოსარჩელის ოჯახის საცხოვრებელ პირობებს, სადავო აქტის მოქმედების შედეგად შეუძლებელი გახდება მოსარჩელის უფლების ან ინტერესის დაცვა. სასკ-ის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილი ითვალისწინებს ამავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ ყველა შემთხვევაში, მათ შორის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აქტის მოქმედების შეჩერების შესაძლებლობას. სასკ-ის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მხარის მოთხოვნით, სასამართლოს შეუძლია შეაჩეროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის მოქმედება თუ არსებობს დასაბუთებული ეჭვი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე ან თუ მისი გადაუდებელი აღსრულება არსებით ზიანს აყენებს მხარეს ან შეუძლებელს გახდის მისი კანონიერი უფლების ან ინტერესის დაცვას. ამდენად, ის გარემოება, რომ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25.4 მუხლის თანახმად, დადგენილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას დემონტაჟის ნაწილში, არ გამორიცხავს სადავო აქტის შეჩერების შესაძლებლობას სასკ-ის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უკეთუ მხარის მოთხოვნა გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შეჩერების თაობაზე შეიცავს მითითებას იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის გამოც მისი გადაუდებელი აღსრულება არსებით ზიანს მიაყენებს მას ან შეუძლებელს გახდის მისი უფლების ან ინტერესის დაცვას. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ განსახილველ შემთხვევაში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გარეშე აზრს დაკარგავს სარჩელის (სააპელაციო საჩივრის) განხილვა და სარჩელის დაკმაყოფილებისა და აქტების ბათილად ცნობის შემთხვევაში ვეღარ აღსრულდება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, ვინაიდან, აღარ იარსებებს სადავო მიშენებები. გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შემთხვევაში მოხდება სადავო ნაგებობის დემონტაჟი, რაც, თავისთავად, მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, შეუძლებელს შექმნის გადაწყვეტილების აღსრულებას.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებისა და მხარეთა ინტერესების თანაბარზომიერების პრინციპიდან გამომდინარე, წარმოიშობა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი და 29-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე - 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.09.16წ. განჩინება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 28.11.14წ. №000659 დადგენილების სრულად შეჩერებისა და გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის 12.09.16წ. №A15015173-005/001 წინადადების მოქმედების შეჩერების შესახებ.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი