Facebook Twitter

#ბს-93-92(კ-17) 29 მარტი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შპს „...“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 8 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2015 წლის 27 თებერვალს შპს „...“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს მიმართ.

მოსარჩელემ შპს „...“ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 5 თებერვლის #094-8 ბრძანების, შპს „...“ საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 25 აპრილის #17574 ბრძანების და შპს „...“ საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „...“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „...“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 8 სექტემბრის განჩინებით შპს „...“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 8 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „...“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, შპს „...“ საბიუჯეტო დავალიანება წარმოშობილია მხოლოდ იმ მიზეზით, რომ საბიუჯეტო დაწესებულებამ - გურჯაანის მუნიციპალიტეტმა არ შეასრულა ვალდებულება, კერძოდ, სრულად არ დაფარა შპს „...“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოს (სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის რეაბილიტაცია) ღირებულება.

კასატორის მითითებით მიუხედავად სამუშაოების ანაზღაურებაზე უარის თქმისა შპს „...“ საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, იძულებული გახდა ცალმხრივად ეღიარებინა გურჯაანის სპორტკომპლექსზე გაწეული შესრულება, რის შემდეგაც დღგ-ს ნაწილში წარმოეშვა საბიუჯეტო დავალიანება.

კასატორის განმარტებით, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 5 თებერვლის ბრძანების აღსრულებით (ქონებაზე ყადაღის დადებით) ადგება არსებითი მატერიალური ზიანი, ვინაიდან, ვერ იღებს მონაწილეობას ვერც ერთ ტენდერში (რადგან იმპერატიული მოთხოვნაა შესაბამისი სუბიექტის ქონებაზე საგადასახადო გირავნობის, იპოთეკა-ყადაღის არ არსებობა) და შესაბამისად, მოკლებულია შემოსავლის წყაროს, რაც ფაქტობრივად ამ სუბიექტის გაკოტრებას იწვევს. კასატორმა მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 96-ე, 97-ე მუხლებზე და სადავო აქტების ბათილად ცნობა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 3 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს „...“ საკასაციო საჩივარი; შპს „...“ გადაუვადდა საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდა მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს.

მოცემულ შემთხვევაში შპს „...“ საკასაციო საჩივრის მოტივს და სადავო აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ კასატორის მოსაზრებით ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო აქტი (ყადაღის დადების შესახებ) გამოსცა საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, კერძოდ, საგადასახადო ორგანომ სადავო აქტის გამოცემისას არ გამოიკვლია დავალიანების წარმოშობის საფუძვლები. სსიპ შემოსავლების სამსახურს უნდა გაეთვალისწინებინა ის გარემოება, რომ შპს „...“ საგადასახადო დავალიანება წარმოშვა საბიუჯეტო დაწესებულების მიერ შპს „...“ თანხების გადაუხდელობამ.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე ყადაღა დაადოს პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში. ამდენად, გადასახადის გადამხდელის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციულ ორგანოს ევალება შეამოწმოს არის თუ არა დავალიანება, რომლის უზრუნველსაყოფადაც გამოიყენება ყადაღა გადასახადის გადამხდელის მიერ აღიარებული, ხოლო საგადასახადო დავალიანების გამომწვევი მიზეზების დადგენის და შეფასების ვალდებულება სსიპ შემოსავლების სამსახურს არ ეკისრება.

საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების სამართლებრივ შეფასებებს და საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილზე მითითებით აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო არ არის ის გარემოება, რომ საგადასახადო დავალიანების დარიცხვის საფუძველს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საგადასახადო დეკლარაცია წარმოადგენდა, ამდენად, დავალიანება, რომლის გადახდევინების უზრუნველსაყოფადაც იქნა გამოყენებული ყადაღა აღიარებული იყო გადასახადის გადამხდელის მიერ. შესაბამისად, არსებული ფაქტობრივი გარემოებებიდან და სამართლებრივი რეგულირებიდან გამომდინარე, სსიპ შემოსავლების სამსახური უფლებამოსილი იყო აღიარებული საგადასახადო დავალიანების ფარგლებში შპს „...“ ქონების მიმართ გამოეყენებინა ყადაღა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა საკასაციო საჩივრისათვის შეადგენს დავის საგნის ღირებულების 5 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა, ხოლო იმავე კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, თუ კასატორს წინასწარ არ აქვს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი საკასაციო საჩივარზე და მას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გადავადებული აქვს სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მისი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის შემთხვევაში, მას დაეკისრება გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის 30 პროცენტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, შპს „...“ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 3 თებერვლის განჩინებით სახელმწიფო ბაჟის გადახდა გადაუვადდა მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მას უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 90 ლარის ოდენობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „...“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 8 სექტემბრის განჩინება;

3. კასატორს - შპს „...“ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 90 ლარის გადახდა;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ჩინჩალაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი