#100310016001275929
#ბს-942-934(კ-16) 9 მარტი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2016 წლის 10 მარტს მ. ჭ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა საჩხერის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - ჭიათურის მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიმართ.
მოსარჩელემ მისთვის ... სამსახურის ... განყოფილების გამგებლის წარმომადგენელი ... ადმინისტრაციულ ერთეულში თანამდებობაზე დასანიშნად წარდგენაზე უარის თქმის შესახებ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილების, მ. ჭ-ის (პ/ნ ...) თანამდებობაზე წარდგენაზე უარის შესახებ და ... სამსახურის ... განყოფილების გამგებლის წარმომადგენელი ... ადმინისტრაციულ ერთეულში - ვაკანტურ თანამდებობაზე გამარჯვებულის ვერ გამოვლენის გამო ჩაშლილად გამოცხადების შესახებ კომისიის სხდომის ოქმში დაფიქსირებული გადაწყვეტილების და პროფესიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევების დადგენის მიზნით შეფასების #10 და #11 ფორმების ბათილად ცნობა, ასევე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკონკურსო-საატესაციო კომისიისთვის (ს/ნ215609544) ... სამსახურის ... განყოფილების გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობაზე ... ადმინისტრაციულ ერთეულში გასაუბრების ეტაპის ხელახლა დანიშვნისა და ჩატარების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება და საკონკურსო-საატესაციო კომისიისთვის ... სამსახურის ... განყოფილების გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობაზე ... ადმინისტრაციულ ერთეულში ხელახლა, კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, ობიექტურად, მიუკერძოებელ პირთა თანდასწრებით გასაუბრების ეტაპის ჩატარების დავალება მოითხოვა.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით მ. ჭ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ჭ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით მ. ჭ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; მ. ჭ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი მ. ჭ-ის ნაწილში ჭიათურის მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი საკონკურსო საატესტაციო კომისიის 2016 წლის 4 თებერვლის #2 ოქმი ... სამსახურის ... განყოფილების გამგებლის წარმომადგენლად ... ადმინისტრაციულ ერთეულში ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ჩაშლილად გამოცხადებისა და ამავე ვაკანტურ თანამდებობაზე მ. ჭ-ის წარდგენაზე უარის თქმის შესახებ; ჭიათურის მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედ საკონკურსო- საატესტაციო კომისიას ... სამსახურის ... განყოფილების გამგებლის წარმომადგენლად ... ადმინისტრაციულ ერთეულში ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ეტაპის - გასაუბრების ხელახლა ჩატარება დაევალა; დანარჩენ ნაწილში მ. ჭ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედმა საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 6 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ჭიათურის მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ჭიათურის მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი