საქმე ბს-950-941(გ-16) 28 მარტი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე განიხილა სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის საჩივართან დაკავშირებით წარმოშობილი დავა განსჯადობის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიებს შორის.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე შპს „...“ მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 15 ივლისის განჩინებით სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სარჩელი, მოპასუხე შპს „…“ მიმართ განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელესა და შპს „...“ შორის 2014 წლის 15 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულების საგანია აივ ინფეციის/შიდსის, ტუბერკულიოზისა და მალარიის წინაარმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდის დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში ფარმაცევტული პროდუქტების შესყიდვა, რაზეც მომწოდებელმა აიღო ვალდებულება შემსყიდველისათვის მიეწოდებინა ხელშეკრულებაში მითითებული საქონელი 42 357,36 ლარად. ხელშეკრულების თანახმად, შემსყიდველი უფლებამოსილია მოითხოვოს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო საქონელი, ხოლო მიმწოდებელი უფლებამოსილია მოითხოვოს შემსყიდველისგან საქონლის ღირებულების დროული დარიცხვა მის საბანკო ანგარიშზე. მხარეებმა ხელშეკრულებით გაითვალისწინეს პასუხისმგებლობა ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისათვის.
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ განმარტა, რომ მხარეებს შორის გაფორმებულია ნასყიდობის ხელშეკრულება ფარმაცევტული პროდუქტის მიწოდების შესახებ, ხოლო სადღეისო დავის საგანს შეადგენს ვალდებულების შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლოს დაკისრება. ამდენად, მართალია ხელშეკრულების ერთ-ერთ მხარეს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანო, მაგრამ მხარეთა შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება, მისი შინაარსიდან გმომდინარე, არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას და განეკუთვნება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ დავას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია არ დაეთანხმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებას და 2016 წლის 5 დეკემბრის განჩინებით წამოიწყო დავა განსჯადობის შესახებ.
სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ განმარტა, რომ ამა თუ იმ დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიჩნევისათვის აუცილებელი პირობაა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა იურიდიულად ეფუძნებოდეს - ადმინისტრაციული სამართლის შესაბამის ნორმებს. მოსარჩელის მიერ მითითებული უფლების დარღვევა თავისი არსითა და შინაარსით განპირობებული უნდა იყოს მოპასუხის მხრიდან საჯარო, მატერიალური სამართლის შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების დარღვევით. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვისათვის აუცილებელ ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც მითითებულია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 ნაწილებში, ამასთან, აღნიშნული დავები წარმოშობილი უნდა იყოს იმ სამართალურთიერთობიდან, რომლებიც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობითაა მოწესრიგებული. სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №107/ნ ბრძანების მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ცენტრის ფუნქციებია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში სახელმწიფო პროგრამებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთეობის დაცვის ღონისძიებების განხორციელება და მონიტორინგი კომპეტენციის ფარგლებში. სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრსა და შპს „...“ შორის დადებული ხელშეკრულება კი სწორედ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით დადებული ხელშეკრულებაა, რომლის არაჯეროვანი შესრულებისათვის ითხოვს მოსარჩელე მხარე მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებას.
აღნიშნულის გათვალისწიენბით, სასამართლომ მიიჩნია, რომ აღძრული დავა განეკუთვნებოდა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ დავას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიების განჩინებების გაცნობის შედეგად, სასკ-ის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის საგნობრივი განსჯადობის თაობაზე, მიიჩნევს, რომ სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის საჩივარი განსჯადობით განსახილველად ექვემდებარება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. წინააღმდეგ შემთხვევაში სახეზე იქნება არაუფლებამოსილი სასამართლოს მიერ საქმის განხილვა, რაც იწვევს საპროცესო ნორმების იმგვარ დარღვევას, რომელიც სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური პროცესუალური საფუძველი ხდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საერთო სასამართლოები ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილ დავებს. ადმინისტრაციული ფუნქციის განმახორციელებელი ორგანოს მიერ სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან თუ კერძო პირთან დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავის ადმინისტრაციულ საქმეთა კატეგორიისადმი მიკუთვნების საფუძველს არ ქმნის მხოლოდ ის გარემოება, რომ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე, მოცემულ შემთხვევაში - სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი საჯარო სამართლის იურიდიული პირია და მის ფუნქციას წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში სახელმწიფო პროგრამების და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებების განხორციელება და მონიტორინგი კომპეტენციის ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კანონიერი ინტერესების დასაკმაყოფილებლად ისარგებლოს კერძო სამართლის საშუალებით, უკეთუ აღნიშნული მისი შეხედულებით უფრო მისაღებია და არ ეწინააღმდეგება საჯარო სამართლებრივ ნორმებს, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის კერძო-სამართლებრივი ფორმები და შესაბამისად დადოს კერძო-სამართლებრივი ხელშეკრულება. ამდენად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, ხოლო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კერძო-სამართლებრივ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული დავები განიხილება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით (სასკ-ის 251 მუხ, სზაკ-ის 65.2, 651 მუხ.). საჯარო-სამართლებრივი და კერძო-სამართლებრივი ხელშეკრულების გამიჯვნისათვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება არა ხელშეკრულების მონაწილეთა სტატუსს, არამედ ხელშეკრულების მიზანს. ადმინისტრაციული ხელშეკრულების დეფინიციის (სზაკ-ის 2.1 მუხლის “ზ” ქვეპუნქტი) ძირითად ელემენტს შეადგენს ხელშეკრულების დადება საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით. ხელშეკრულების მიზანი მისი შინაარსით განისაზღვრება. ამდენად, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ხელშეკრულების მხარეების მიერ ნაკისრი ვალდებულებების, ხელშეკრულების დადების შედეგად წარმოშობილი უფლება-მოვალეობების შინაარსს.
ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების შედეგად შესაბამისი პირი აღიჭურვება საჯარო-სამართლებრივი უფლება-მოვალეობებით, ხოლო კერძო-სამართლებრივი ხელშეკრულების დადებისას მხარეები გვევლინებიან სამოქალაქო-სამართლებრივი უფლება-მოვალეობების მატარებლებად. განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს აივ ინფეციის/შიდსის, ტუბერკულიოზისა და მალარიის წინაარმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდის დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში ფარმაცევტული პროდუქტების შესყიდვის შესახებ 2014 წლის 15 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებითი ურთიერთობა. ხელშეკრულების საფუძველზე კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა იკისრა ვალდებულება შემსყიდველი საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის მიეწოდებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული 42 357,36 ლარის საქონელი. მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების ერთ-ერთ მხარეს წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირი, ხელშეკრულება არ აღჭურავს პირს საჯარო-სამართლბერივი უფლება-მოვალეობით, ადმინისტრაციული ხელშეკრულების სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულებისაგან გამიჯვნისათვის ხელშეკრულების მიზნის და საგნის ანალიზის გარდა, მნიშვნელობა აქვს ხელშეკრულების დადებას ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე, ხელშეკრულების დადების შედეგად ადმინისტრაციული ორგანოსათვის ადმინისტრაციული აქტის გამოცემის ან ქმედების (რეალაქტის) განხორციელების მოვალეობის წარმოქმნა, ხელშეკრულების დადების შედეგად მხარის საჯარო-სამართლებრივი უფლება-მოვალეობებით აღჭურვა.
მოცემულ შემთხვევაში, იმის მიუხედავად რომ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე საჯარო სამართლის იურიდიული პირია, ხელშეკრულება არ აღჭურავს მხარეს საჯარო-სამართლებრივი უფლება-მოვალეობებით. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება არ შეიცავს ადმინისტრაციული ორგანოსათვის ადმინისტრაციული აქტის გამოცემის ან სხვა მმართველობითი ღონისძიების განხორციელების ვალდებულებას. ხელშეკრულების მხარეთა შორის არ არსებობს საჯარო-სამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც მოწესრიგდებოდა ადმინისტრაციული ხელშეკრულებით, მოსარჩელის მოთხოვნას საფუძვლად უდევს სამოქალაქო კანონმდებლობა, განსახილველი დავის საგანი დაკავშირებულია იმ სამართალურთიერთობასთან, რომელიც სამოქალაქო სამართლის ნორმებიდან გამომდინარეობს, ამასთანავე, სამოქალაქო კოდექსის 24.4 მუხლის თანახმად, სახელმწიფო უფლებამოსილებების განმხორციელებელი ორგანოები სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილეობენ ისევე, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირები. ამდენად, სადავო სამართალურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, ცხადია, რომ დავა კერძო-სამართლებრივი კანონმდებლობის საფუძველზე უნდა გადაწყდეს. სადავო სამართალურთიერთობა არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან, რაც სასკ-ის 2.3 მუხლის თანახმად საქმის ადმინისტრაციული კატეგორიისადმი მიკუთვნების სავალდებულო პირობას წარმოადგენს. სადავო სამართალურთიერთობა გამომდინარეობს ხელშეკრულებიდან, რომელიც საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ დადებულ კერძო-სამართლებრივ ხელშეკრულებათა რიცხვს განეკუთვნება, სასკ-ის 251 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კერძო-სამართლებრივი ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განიხილება. შესაბამისად, მის შესრულებასთან დაკავშირებული დავა, სსკ-ის მე-11 მუხლის საფუძველზე სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განსჯადია და სამოქალაქო სამართალწარმოების წესით უნდა იქნეს განხილული.
საქართველოს კონსტიტუციის 42.2 მუხლის თანახმად ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარეობა მისი საქმე. სასკ-ის 26-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. შესაბამისად, სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სასარჩელო მოთხოვნა, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებების სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, ზემოაღნიშნულის თანახმად, უნდა განიხილოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11, 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სარჩელი მოპასუხე შპს „...“ მიმართ განსჯადობით დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე