#ბს-96-95(2კ-17) 29 მარტი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ე. ე-ისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 30 აგვისტოს განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2015 წლის 25 მაისს ე. ე-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 22 აპრილის #853121 ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებით ე. ე-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 22 აპრილის №853121 ბრძანება ე. ე-ის თანამდებობიდან გათავისუფლების ნაწილში და სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ე. ე-ის მიმართ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა, კანონით დადგენილ ვადაში და წესით; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. ე-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 30 აგვისტოს განჩინებით ე. ე-ის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დეპარტამენტის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 30 აგვისტოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე. ე-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი - ე. ე-ი დაუსაბუთებლად მიიჩნევს სასამართლოს გადაწყვეტილებას მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე სადავო საკითხის გადაუწყვეტლად გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის თაობაზე. კასატორის მითითებით, მოპასუხემ სასამართლოს ვერ წარუდგინა მისთვის შინაგანაწესის გაცნობის შესახებ დოკუმენტი ან გაცნობის დადასტურების ხელმოწერის მტკიცებულება. ამასთან, სასამართლოს დავალების მიუხედავად, მის წინააღმდეგ გამოთქმული ზეპირი მოსაზრებები იმის შესახებ, რომ იგი თითქოს ვერ უზრუნველყოფდა განყოფილებაში შესული შეტყობინებების ზუსტ გადაცემასა და რეგისტრაციას, გამოძახების ადგილზე დროულ გაგზავნას და ხშირ შემთხვევაში ეკიპაჟის არაზუსტ მისამართზე გაგზავნას, რის გამოც ფერხდებოდა სამაშველო სამუშაოების დროული აღკვეთა, მოპასუხემ ვერ დაადასტურა მტკიცებულებებით.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით შეფასების აქტში მითითებული არ არის გაცემის თარიღი. შეფასების აქტიდან ნათლად ჩანს პრეტენზია ე. ე-ის მიმართ შინაგანაწესის მოთხოვნების შეუსრულებლობაზე, ხოლო შინაგანაწესი დამტკიცდა 2015 წლის 7 აპრილს. ამდენად, შეფასების აქტი შინაგანაწესის დამტკიცებამდე ვერ გამოიცემოდა.
კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმის შესახებ, რომ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა დადგინდეს, ხომ არ ჰქონდა ადგილი მოსარჩელის მხრიდან მისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას. იმ პირობებში, როდესაც მოპასუხემ ვერ წარადგინა მისთვის შინაგანაწესის გაცნობის შესახებ მტკიცებულება და ამასთან, იგი გაათავისუფლეს 2015 წლის 10 აპრილიდან, ხოლო შინაგანაწესი კი დამტკიცდა 2015 წლის 7 აპრილს, კასატორი დაუშვებლად მიიჩნევს ადმინისტრაციული ორგანოსთვის საკითხის ხელახლა განხილვის დავალებას. კასატორის მითითებით, გაუგებარია რა ახალი ფაქტები უნდა დაადგინოს ადმინისტრაციულმა ორგანომ, თუ მან მტკიცებულებები ვერ წარუდგინა ვერც საქალაქო და ვერც სააპელაციო სასამართლოს. კასატორის მოსაზრებით, მხოლოდ ის გარემოება, რომ მას არ გააცნეს შინაგანაწესი და ისე გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან მასზე მითითებით, წარმოადგენს არსებით დარღვევასა და მისი სამსახურში აღდგენის უპირობო საფუძველს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 30 აგვისტოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მოსაზრებით, სასამართლოს მიერ არასრულად იქნა შეფასებული ე. ე-ის გათავისუფლების საფუძველი. კასატორის მითითებით, ე. ე-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 22 აპრილის #853121 ბრძანება გამოცემულ იქნა კანონმდებლობის მოთხოვნათა საფუძველზე, მისი ფორმალური და მატერიალური კანონიერების წინაპირობების დაცვით, რომელსაც საფუძვლად დაედო გამოსაცდელი ვადის შეფასების აქტი, რითაც დაცულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1 მუხლის მოთხოვნა ადმინისტრაციული წარმოებისას საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებანი სწორედ შეფასების აქტში იქნა ასახული.
კასატორის განმარტებით, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის #995 ბრძანების მე-14 მუხლი ადგენს პირის გამოსაცდელი ვადით მიღების წესს. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მოწმდება პირის კვალიფიკაციის, საქმიანი უნარ-ჩვევების, შესაძლებლობების და პირადი თვისებების შესაბამისობა დაკავებული თანამდებობის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებთან. გამოსაცდელი ვადის დასრულებამდე უნდა მოხდეს გამოსაცდელი ვადის გამოყენების შედეგების შეფასება. მე-14 მუხლის მე-3 პუნქტი კი ადგენს, რომ შეფასების აქტი დგება წერილობითი ფორმით უშუალო უფროსის მიერ. გამოსაცდელი ვადის არადამაკმაყოფილებელი შედეგების შემთხვევაში პირი შესაბამისი სამართლებრივი აქტით თავისუფლდება სამსახურიდან. კასატორის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილია ე. ე-ის მიმართ შედგენილი შეფასების აქტი, რომლითაც გამოსაცდელი ვადის განმავლობაში კანდიდატის საქმიანობა შეფასებულია არადამაკმაყოფილებლად. კასატორის განმარტებით, შეფასების აქტი ასახავს კანდიდატის დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისობას, საქმიან უნარ-ჩვევებს და პირადი თვისებების შესაბამისობას დაკავებული თანამდებობის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებთან. ამასთან, კანონმდებლობით არ არის მოთხოვნილი, რომ თითოეული შესაფება დადასტურდეს შესაბამისი მტკიცებულებით.
კასატორი არასწორად მიიჩნევს სასამართლოს მითითებას შესაფების აქტში მითითებულ მხოლოდ ერთ გარემოებაზე - შინაგანაწესის დარღვევის გამო მტკიცებულებების არქონაზე, რადგან შინაგანაწესის დარღვევის გარდა შეფასების აქტში მითითებულია, რომ ე. ე-ი თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში დაკისრებულ მოვალეობას ასრულებდა არადამაკმაყოფილებლად, უპასუხისმგებლოდ ეკიდებოდა მასზე დაკისრებულ მოვალეობის შესრულებას. მას სიტყვიერი გაფრთხილებაც კი აქვს მიღებული სამსახურში დროულად გამოუცხადებლობასთან დაკავშირებით, ასევე გამოთქვამდა უკმაყოფილებას დაკავებულ პოზიციაზე დანიშვნის თაობაზე. მისი ამგვარი დამოკიდებულება კი ცუდად აისახა განყოფილების მუშაობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ე. ე-ი სამსახურიდან გათავისუფლდა გამოსაცდელი ვადის განმავლობაში არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო კანონით მოთხოვნილ პროცედურათა დაცვით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 3 თებერვლის განჩინებებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ე. ე-ისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. ე-ისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინიტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მოსაზრებას სადავო ბრძანების კანონიერების თაობაზე. საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ აგრემოებას, რომ ე. ე-ი დანიშნული იყო გამოსაცდელი ვადით. მართალია გამოსაცდელი ვადის შედეგების შეფასება განეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციის სფეროს, თუმცა მასვე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლი ავალდებულებს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამორიცხოს თვითნებური, მიკერძოებული, არაკვალიფიციური გადაწყვეტილება და უნდა დაასაბუთოს მიღებული გადაწყვეტილების კანონთან შესაბამისობა და კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა. მოტივირებული, დასაბუთებული გადაწყვეტილება კანონიერი გადაწყვეტილების წინაპირობას წარმოადგენს. დასაბუთებაში კი არგუმენტირებულად უნდა მიეთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლის შესაბამისადაც მიღებულ იქნა ეს გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შეფასების აქტი, რომელიც საფუძვლად დაედო მოსარჩელის გათავისუფლებას, არ შეიცავს გამოცემის თარიღს, ამასთან, მიუთითებს ე. ე-ის მიერ შინაგანაწესის დარღვევაზე იმ პირობებში, როდესაც შინაგანაწესი დამტკიცებულია მოსარჩელის გათავისუფლებამდე 3 დღით ადრე, აღნიშნული კი აჩენს საფუძვლიან ეჭვს ე. ე-ის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების თაობაზე და ადასტურებს მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის გამოყენების საჭიროებას. საკასაციო სასამართლოს მითითებით, მიუხედავად მიღებული გადაწყვეტილების შედეგებისა, დაინტერესებული მხარისთვის გასაგები უნდა იყოს რა მოტივით იქნა მიღებული მის მიმართ კონკრეტული გადაწყვეტილება. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სამართლიანობისა და კანონიერების განცდას უნდა ქმნიდეს.
საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორის - ე. ე-ის მოსაზრებას სამსახურში უპირობო აღდგენასთან დაკავშირებით, ვინაიდან საქმეზე დადგენილი გარემოებები არ იძლევა დავის არსებითად გადაწყვეტის შესაძლებლობას. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე 2015 წლის 10 იანვრიდან დანიშნული იყო 3 თვის გამოსაცდელი ვადით და 2015 წლის 10 აპრილს მას გაუვიდა გამოსაცდელი ვადა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამოსაცდელი ვადის დამაკმაყოფილებელი შედეგების შემთხვევაში გამოიცემა სამართლებრივი აქტი პირის თანამდებობაზე მიღების შესახებ. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც ე. ე-ს გაუვიდა გამოსაცდელი ვადა და განსახილველი დავის ფარგლებში სასამართლოს შეფასების საგანს - ე. ე-ის გამოსაცდელი ვადის არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო გათავისუფლების კანონიერების დადგენა წარმოადგენს, სადავო აქტის არსებითად ბათილად ცნობის შემთხვევაშიც განსახილველი დავის ფარგლებში მოსარჩელის უპირობო აღდგენა შეუძლებელია.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის გამოყენება შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს, შესაბამისად სახეზეა სადავო საკითხის გადაუწყვეტლად აქტის ბათილად ცნობის და ადმინისტრაციული ორგანოსათვის საქმის გარემოებების შესწავლის შემდეგ ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.
რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე და 127.6 მუხლების საფუძველზე იძულებითი განაცდური ანაზღაურდება მხოლოდ მოხელის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც სასამართლომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნო გასაჩივრებული ბრძანება, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას მიიღოს გადაწყვეტილება იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე. ე-ისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 30 აგვისტოს განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ჩინჩალაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი