Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

¹811აპ-09 ქ. თბილისი

2 თებერვალი, 2010 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე დავით სულაქველიძე

მოსამართლეები: მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ. მ-ის დამცველის, ადვოკატ ს. მ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 22 სექტემბრის განაჩენზე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 18 ივნისის განაჩენით ვ. მ-ი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისათვის, რის გამოც მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით, მასვე საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა _ 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით. იმავე განაჩენით გაუქმდა ვ. მ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო და ყადაღა მოეხსნა --- რაიონის, სოფელ -- მდებარე, ე. ლ-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების _ 4 000 (ოთხი ათასი) ლარის წილს. მსჯავრდებულ ვ. მ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან _ 2009 წლის 18 ივნისიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა წინასწარი გამოძიების ეტაპზე პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2006 წლის 27 მაისიდან იმავე წლის 29 მაისის ჩათვლით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 22 სექტემბრის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 18 ივნისის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ: ვ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისათვის, რის გამოც სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით, მასვე საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა _ 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით. იმავე განაჩენით გაუქმდა ვ. მ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო და ყადაღა მოეხსნა ხელვაჩაურის რაიონის, სოფელ - მდებარე, ე. ლ-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების _ 4 000 (ოთხი ათასი) ლარის წილს. მსჯავრდებულ ვ. მ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან _ 2009 წლის 18 ივნისიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა წინასწარი გამოძიების ეტაპზე პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2008 წლის 27 მაისიდან იმავე წლის 29 მაისის ჩათვლით.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

საკასაციო პალატა სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ვ. მ-ს დამცველის, ადვოკატ ს. მ-ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც იგი არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულის მიმართ ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებას და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ვ. მ-ის დამცველის, ადვოკატ ს. მ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 22 სექტემბრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.