საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ
820აპ-09 1 თებერვალი, 2010 წ.
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე – პაატა სილაგაძე
მოსამართლეები: დავით სულაქველიძე,
იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულების _ ა. და კ. შ-ების ინტერესების დამცველი ადვოკატის _ ზ. რ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 15 სექტემბრის განაჩენზე.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 25 დეკემბრის განაჩენით გ. შ-ი (ძებნილი) ცნობილ იქნა ბრალეულად საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის I ნაწილის ,,ა», ,,გ» ქვეპუნქტებითა და 236-ე მუხლის I, II ნაწილებით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენაში, რისთვისაც საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის I ნაწილით, შეკრების წესით, მას სასჯელად განესაზღვრა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ა. შ-ი და კ. შ-ნი ცნობილ იქნენ ბრალეულად საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის I ნაწილით და მიესაჯათ 2-2 (ორ-ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც იმავე კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალათ პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის გამოყენებით ა. შ-სა და კ. შ-ს დამატებით სასჯელად განესაზღვრათ ჯარიმა _ 2000-2000 (ორი ათას-ორი ათასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ვ. ბ-ის სამოქალაქო სარჩელი დარჩა განუხილველად. მას უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 15 სექტემბრის განაჩენით ახალციხის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 25 დეკემბრის განაჩენი ა. შ-სა და კ. შ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო პალატა სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ ეს უკანასკნელი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.
მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულების მიმართ ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებებს და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.
ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულების _ ა. და კ. შ-ების ინტერესების დამცველი ადვოკატის _ ზ. რ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 15 სექტემბრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.