Facebook Twitter

№ბს-504-499(2კ-16) 8 დეკემბერი, 2016 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები _ 1. ლ. ხ-ი, ნ. ქ-ა, გ. ბ-ა (მოსარჩელეები)

2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინებები (საოქმო განჩინებები) _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 24 მარტისა და 25 აპრილის განჩინებები და 2016 წლის 19 თებერვლის, 1 მარტისა და 24 მარტის საოქმო განჩინებები

დავის საგანი _ მოპასუხისათვის მოსარჩელეთა სასარგებლოდ ყოველთვიური ხელფასის გადახდის დაკისრება, მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2015 წლის 23 თებერვალს ლ. ხ-მა, ნ. ქ-ამ და გ. ბ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.

მოსარჩელეთა განმარტებით, ისინი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებს წარმოადგენენ და მათი სარჩელი შეეხება ხელფასის გაუცემლობასა და დავის მიმდინარეობისას პროცესის ხარჯების ანაზღაურებას.

მოსარჩელეთა მითითებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 იანვრის შემაჯამებელი გადაწყვეტილებით №3/3371-14 საქმეზე მოსარჩელეების - ლ. ხ-ის, ნ. ქ-ას და გ. ბ-ას სარჩელის დაკმაყოფილების შედეგად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 22 აგვისტოს №274 ბრძანება ლ. ხ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 22 აგვისტოს №273 ბრძანება ნ. ქ-ას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 22 აგვისტოს №275 ბრძანება გ. ბ-ას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა მოსარჩელეთა აღდგენა გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობებზე; მასვე დაევალა მოსარჩელეთა სასარგებლოდ 3 თვის იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომის ანაზღაურების გადახდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ №3/3371-14 საქმეზე 2015 წლის 27 იანვარს მიღებული განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელეების - ლ. ხ-ის, ნ. ქ-ას და გ. ბ-ას შუამდგომლობა თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში 2015 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ და მიღებული გადაწყვეტილება დასახელებულ ნაწილში მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 270-ე მუხლის მიხედვით, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა, რომელიც არ შეაჩერებს ამ განჩინების შესრულებას. ამდენად, დასახელებული განჩინება კანონიერ ძალაში შევიდა გამოცხადებისთანავე.

მოსარჩელეთა მითითებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში ლ. ხ-ის თანამდებობრივი სარგო შეადგენს 1800 ლარს, ხოლო წინასწარ გათვალისწინებული ყოველთვიური დანამატი თანამდებობრივ სარგოზე - 1800 ლარს, ნ. ქ-ას თანამდებობრივი სარგო შეადგენს 1300 ლარს, გ. ბ-ას თანამდებობრივი სარგო შეადგენს 1200 ლარს. მოსარჩელეებს - ლ. ხ-ს, ნ. ქ-ას და გ. ბ-ას დაუყოვნებლივ აღსრულებას დაქვემდებარებული გადაწყვეტილების ნაწილის ძალაში შესვლის დღიდან - 2015 წლის 27 იანვრიდან არ მიუღიათ კუთვნილი თანამდებობრივი სარგო, ხოლო ლ. ხ-ს - თანამდებობრივ სარგოზე დანამატი.

მოსარჩელეებმა მოითხოვეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დავალებოდა 1. 2015 წლის 27 იანვრიდან ყოველთვიურად, კანონით დადგენილი წესით, სამსახურიდან გათავისუფლებამდე ლ. ხ-ის სასარგებლოდ თანამდებობრივი სარგოს 1800 ლარის და ყოველთვიური დანამატის 1800 ლარის გადახდა, ნ. ქ-ას სასარგებლოდ თანამდებობრივი სარგოს 1300 ლარის გადახდა, გ. ბ-ას სასარგებლოდ თანამდებობრივი სარგოს 1200 ლარის გადახდა; 2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილების შეუსრულებლობით (აღუსრულებლობით) მიყენებული ზიანის (მიუღებელი შრომის) ანაზღაურება ლ. ხ-ის სასარგებლოდ 2015 წლის 27 იანვრიდან თვეში 3600 ლარის ოდენობით, ნ. ქ-ას სასარგებლოდ - 1300 ლარის ოდენობით, გ. ბ-ას სასარგებლოდ - 1200 ლარის ოდენობით, ამავე განჩინების აღსრულებამდე; 3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ №3/3371-2014 საქმეზე 2015 წლის 27 იანვარს მიღებული განჩინების აღუსრულებლობით გამოწვეული მიუღებელი შემოსავლის ზიანისთვის 2015 წლის 27 იანვრიდან ყოველი თვისთვის ამავე განჩინების აღსრულების დღემდე პერიოდისთვის მატერიალური ზიანის ანაზღაურება: ლ. ხ-ის სასარგებლოდ 55.55 ლარი, ნ. ქ-ას სასარგებლოდ 55.55 ლარი, გ. ბ-ას სასარგებლოდ 55.55 ლარი და ამავე განჩინების აღუსრულებლობით გამოწვეული არაქონებრივი, მორალური ზიანის ანაზღაურება მოსარჩელეთათვის პოლიტიკური ნიშანდებით დისკრიმინაციული მიდგომისთვის: ლ. ხ-ის სასარგებლოდ 55.55 ლარი, ნ. ქ-ას სასარგებლოდ 55.55 ლარი, გ. ბ-ას სასარგებლოდ 55.55 ლარი; 4. ლ. ხ-ისთვის, ნ. ქ-ასა და გ. ბ-ასთვის მათ მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება: ადვოკატის დახმარებისთვის თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ 2400 ლარი, სანოტარო წესით მინდობილობის შესადგენად გაწეული დანახარჯი თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ 12 ლარი, წერილობითი განცხადებების, წერილობითი შუამდგომლობების მომზადებაზე დახარჯული ცელულოზის ქაღალდის ფურცლებისთვის 5.55 ლარი, სარჩელის და თანდართული დოკუმენტების, ასევე სხვა მტკიცებულებების ასლების მომზადებაზე გაღებული ხარჯებისთვის 5.55 ლარი, ფურცლების აკინძვაზე გახარჯული ლითონის ამკინძვით შეკვრაზე გაღებული ხარჯებისთვის 0.05 ლარი, საქმის მასალების სასამართლოში გადაგზავნისას საფოსტო კავშირისათვის გაღებული დანახარჯი 5.55 ლარი, საფოსტო კავშირისას მასალების საფოსტო კონვერტით შესაფუთად გაწეული დანახარჯი 0.55 ლარი, სასამართლოში მოსარჩელისა და მისი წარმომადგენლის სხდომებზე გამოცხადების უზრუნველსაყოფად ტრანსპორტირებისთვის გაწეული დანახარჯი 55.55 ლარი, მოსარჩელისა და მისი წარმომადგენლის სასამართლოში გამოცხადებისას, მათი გამოცხადების პერიოდში აუცილებელ კვებაზე გაწეული გაზრდილი დანახარჯები 55.55 ლარი, სასამართლოში მოცდენილი (დაკარგული) დროის ანაზღაურება 555 555 555.55 ლარი.

ამასთან, მოსარჩელეებმა იშუამდგომლეს გადაწყვეტილების მიღების სტადიაზე საქმის დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისა და ამ მიზნის უზრუნველსაყოფად მოპასუხისათვის წერილობითი მოსაზრებების წარმოდგენის ვადის მინიმალურ დონეზე შემცირების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 2 მარტის განჩინებით მოსარჩელეების შუამდგომლობა გადაწყვეტილების მიღების სტადიაზე საქმის დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისა და ამ მიზნის უზრუნველსაყოფად მოპასუხისათვის წერილობითი მოსაზრებების წარმოდგენის ვადის მინიმალურ დონეზე შემცირების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

2015 წლის 23 მარტს ლ. ხ-მა, ნ. ქ-ამ და გ. ბ-ამ სასარჩელო მოთხოვნის გაზრდის შესახებ განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და ყველა არსებული მოთხოვნის უცვლელად შენარჩუნების პირობებში, დამატებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 4 თებერვლის №12-1/150351434, №12-1/150351441 და №12-1/150351419 წერილების ბათილად ცნობა მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 16 ივნისის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 4 თებერვლის №12-1/150351434, №12-1/150351441 და №12-1/150351419 წერილების ბათილად ცნობის ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა ლ. ხ-ის სასარგებლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილების შეუსრულებლობით (აღუსრულებლობით) მიყენებული ზიანის (მიუღებელი შრომის) ანაზღაურება 2015 წლის 27 იანვრიდან თვეში 3600 ლარის ოდენობით მოსარჩელის თანამდებობაზე აღდგენამდე; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა ნ. ქ-ას სასარგებლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილების შეუსრულებლობით (აღუსრულებლობით) მიყენებული ზიანის (მიუღებელი შრომის) ანაზღაურება 2015 წლის 27 იანვრიდან თვეში 1300 ლარის ოდენობით მოსარჩელის თანამდებობაზე აღდგენამდე; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ასევე დაევალა ლ. ხ-ისა და ნ. ქ-ასთვის მათ მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება: წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით შედგენისთვის თითოეულისთვის 12 ლარის ოდენობით, ადვოკატის დახმარებისთვის გაწეული ხარჯის თითოეულისთვის 300 ლარის ოდენობით; ლ. ხ-ს და ნ. ქ-ას უარი ეთქვათ სხვა საპროცესო ხარჯების, მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებაზე; გ. ბ-ას უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 22 აგვისტოს №274 ბრძანებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ... საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე ლ. ხ-ი, სამსახურებრივი მოვალეობათა არაჯეროვნად შესრულებისათვის, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 22 აგვისტოს №273 ბრძანებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ... საქალაქო სამსახურის ... განყოფილების მთავარი სპეციალისრტი ნ. ქ-ა, სამსახურებრივ მოვალეობათა არაჯეროვნად შესრულებისათვის, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსის №1891 განკარგულებით გ. ბ-ა 2013 წლის 1 ოქტომბრიდან 2014 წლის 1 ოქტომბრამდე დაინიშნა ქალაქ თბილისის მერიის ... საქალაქო სამსახურში შტატგარეშე მოსამსახურედ, შრომითი ხელშეკრულებით. 2014 წლის 22 აგვისტოს №275 ბრძანებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ... საქალაქო სამსახურის შტატგარეშე მოსამსახურე გ. ბ-ა, სამსახურებრივი მოვალეობათა არაჯეროვნად შესრულებისათვის, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილებით საქმეზე №3/3371-14 ლ. ხ-ის, ნ. ქ-ას და გ. ბ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 22 აგვისტოს №274 ბრძანება ლ. ხ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 22 აგვისტოს №273 ბრძანება ნ. ქ-ას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 22 აგვისტოს №275 ბრძანება გ. ბ-ას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. დაევალა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ლ. ხ-ის, ნ. ქ-ას და გ. ბ-ას გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობებზე აღდგენა. დაევალა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ლ. ხ-ისთვის, ნ. ქ-ასთვის და გ. ბ-ასთვის 3 თვის იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომის ანაზღაურების გადახდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ 2015 წლის 27 იანვარს მიიღო განჩინება №3/3371-14 საქმეზე ლ. ხ-ის, ნ. ქ-ას და გ. ბ-ას გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენის შესახებ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე.

საქალაქო სასამართლოს მითითებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2014 წლის 17 ნოემბრის №06/14282986-17 წერილით დასტურდება, რომ 2014 წლის აგვისტოში ლ. ხ-ის თანამდებობრივი სარგო შეადგენდა 1800 ლარს, ნ. ქ-ას თანამდებობრივი სარგო - 1300 ლარს, გ. ბ-ას შრომითი გასამრჯელო - 1200 ლარს.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის 4 თებერვლის №12-1/150351434 წერილით ლ. ხ-ს განემარტა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 დეკემბრის №6-19 დადგენილების საფუძველზე განხორციელებული ცვლილებებით გაუქმდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ... საქალაქო სამსახური და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სისტემაში არსებობდა ახალი სტრუქტურული ერთეულები: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის საქალაქო სამსახური, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური. დამატებით ეცნობა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ... საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობა არ არსებობდა.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის 4 თებერვლის №12-1/150351441 წერილით ნ. ქ-ას განემარტა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 დეკემბრის №6-19 დადგენილების საფუძველზე განხორციელებული ცვლილებებით გაუქმდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ... საქალაქო სამსახური და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სისტემაში არსებობდა ახალი სტრუქტურული ერთეულები: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის საქალაქო სამსახური, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური. დამატებით ეცნობა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ... საქალაქო სამსახურის ... განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობა არ არსებობდა.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის 4 თებერვლის №12-1/150351419 წერილით გ. ბ-ას განემარტა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 დეკემბრის №6-19 დადგენილების საფუძველზე განხორციელებული ცვლილებებით გაუქმდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ... საქალაქო სამსახური და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სისტემაში არსებობდა ახალი სტრუქტურული ერთეულები: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის საქალაქო სამსახური, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური. დამატებით ეცნობა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ... საქალაქო სამსახურის შტატგარეშე მომსახურების თანამდებობა არ არსებობდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ 2015 წლის 23 მარტს გასცა სააღსრულებო ფურცლები თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილებაზე საქმე №3/3371-15.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის 2015 წლის 11 მაისის №06/151041171-1 წერილით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროს ეცნობა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 დეკემბრის №6-19 დადგენილების საფუძველზე განხორციელებული ცვლილებებით გაუქმდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ... საქალაქო სამსახური და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სისტემაში არსებობდა ახალი სტრუქტურული ერთეულები: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის საქალაქო სამსახური, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური. შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დროისათვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ... საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ... საქალაქო სამსახურის ... განყოფილების მთავარი სპეციალისტისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ... საქალაქო სამსახურის შტატგარეშე მოსამსახურის თანამდებობა არ არსებობდა. აღნიშნულიდან გამომდინარე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ აღნიშნულ პირთა გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ადმინისტრაციული აქტის გამოცემის შემთხვევაში, ფაქტობრივი გარემოებების გამო, შეუძლებელი იქნებოდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან აღნიშნული ადმინისტრაციული აქტის შესრულება.

საქალაქო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლი კი ადგენს, რომ თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. იმავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ამავე კოდექსის 412-ე მუხლი კი განსაზღვრავს, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. სასამართლომ განმარტა, რომ ზიანის ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს, ანუ უნდა არსებობდეს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, კერძოდ, ზიანი მიყენებული უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო ქმედებით, მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი და ბრალი ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღვოდეს. ამასთან, ქმედება, რომელმაც პირს ზიანი მიაყენა, უნდა გამომდინარეობდეს პირის სამსახურეობრივი მოვალეობიდან და იყოს ბრალეული; ამდენად, ზიანის ანაზღაურებისთვის უნდა დადგინდეს შემდეგი საფუძვლების ერთობლივი არსებობა: მართლსაწინააღმდეგო ქმედება, შედეგი-ზიანი, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, პირის ბრალეულობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს დამდგარი ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს.

სასამართლოს მითითებით, საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-10 მუხლით განსაზღვრულია სასამართლო გადაწყვეტილებათა სავალდებულოობა, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს.

საქმეში არსებული მტკიცებულებებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ არ შეასრულა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 იანვრის განჩინება ლ. ხ-ის, ნ. ქ-ას და გ. ბ-ას გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენის დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეებს ლ. ხ-სა და ნ. ქ-ას უნდა აუნაზღაურდეთ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილების შეუსრულებლობით (აღუსრულებლობით) მიყენებული მატერიალური ზიანი, მიუღებელი შრომის ანაზღაურების სახით, რომელსაც ხსენებული მოსარჩელეები მიიღებდნენ სასამართლოს განჩინების დროულად აღსრულების შემთხვევაში, კერძოდ 2015 წლის 27 იანვრიდან ლ. ხ-ი ყოველთვიურად ხელფასის და დანამატის სახით მიიღებდა 3600 ლარს, ხოლო ნ. ქ-ა - 1300 ლარს.

საქალაქო სასამართლოს მითითებით, ზიანის ანაზღაურების გარდა მოსარჩელეები ითხოვდნენ 2015 წლის 27 იანვრიდან ყოველთვიურად თანამდებობრივი სარგოს და დანამატის ანაზღაურებას. სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული მოთხოვნა მოკლებული იყო სამართლებრივ საფუძველს.

სასამართლოს განმარტებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. დანამატების გაცემა უნდა განხორციელდეს მხარჯავი დაწესებულებებისათვის ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. ამავე კანონის 112-ე მუხლის თანახმად, სამსახურიდან უკანონოდ განთავისუფლებული მოხელე უფლებამოსილია მოითხოვოს განთავისუფლების უკანონოდ ცნობა, განთავისუფლების საფუძვლის შეცვლა და თანამდებობრივი სარგო. ამდენად, შრომითი გასამრჯელოს მიღების უფლება აქვს მოხელეს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე და აგრეთვე უკანონოდ განთავისუფლების შემთხვევაში. მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სამსახურში აღდგენაზე უკანონოდ უარის თქმის შემთხვევაში ხელფასის ანაზღაურებას. აღნიშნული ქმედება უნდა შეფასდეს როგორც ადმინისტრაციული ორგანოს უმოქმედობით გამოწვეული მატერიალური ზიანი, მიუღებელი შემოსავალი. საქალაქო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელეები ფაქტობრივად ითხოვენ ხელფასის გაორმაგებული ოდენობის თანხების ანაზღაურებას, ერთ შემთხვევაში მიუღებელი ხელფასის სახით, ხოლო მეორე შემთხვევაში ზიანის სახით, რაც სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია.

სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილშიც და განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. პირადი არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებას კი ითვალისწინებს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლი, რომელიც განსაზღვრავს იმ საფუძვლებს, რომლის ხელყოფის დროსაც პირს უფლება აქვს მოითხოვოს მორალური ზიანის ანაზღაურება. მითითებული მუხლით დაცულ სიკეთეს მიეკუთვნება პირის სახელი, პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა და საქმიანი რეპუტაცია. მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე. მოსარჩელე უფლებამოსილია სარჩელში მიუთითოს ფულადი თანხა, რომელსაც ის ითხოვს მიყენებული სულიერი თუ ფიზიკური ტკივილის კომპენსაციისათვის, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის გასაზღვრა სასამართლოს შეხედულებით უნდა გადაწყდეს. მორალური ზიანი გულისხმობს ფიზიკურ და ზნეობრივ-ფსიქოლოგიურ ტანჯვას, რასაც პირი განიცდის ამა თუ იმ სიკეთის, უმეტესწილად არამატერიალურ ფასეულობათა ხელყოფით და მის ანაზღაურებას აკისრია სამი ფუნქცია: დააკმაყოფილოს დაზარალებული, ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე და თავიდან აიცილოს პიროვნული უფლების ხელყოფა სხვა პირების მიერ. მორალური ზიანის შეფასებისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს დაზარალებულების სუბიექტური დამოკიდებულება ასეთი ზიანის სიმძიმის მიმართ, ასევე, ობიექტური გარემოებები, რითაც შეიძლება, მისი ამ კუთხით შეფასება. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დადგინდეს მორალური ზიანის არსებობა და მისი გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმები.

ამასთან, სასამართლომ განმარტა, რომ მორალური ზიანის უმთავრეს მიზანს არ შეადგენს ხელყოფილი უფლებების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ექვივალენტი არ გააჩნია და შეუძლებელია მისი სრული კომპენსაცია. მორალური ზიანის განსაზღვრისას, მთავარი ის ტკივილია, რომელიც ქმედებამ (მოქმედებამ თუ უმოქმედობამ) გამოიწვია მოსარჩელეში. შედეგების გამოსწორება ძალიან ხშირად შეუქცევადი მოვლენაა და როგორი დიდიც არ უნდა იყოს კომპენსაცია, იგი მაინც ვერ აღუდგენს დაზარალებულს ხელყოფამდე არსებულ სულიერ მდგომარეობას. კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების შემსუბუქება. კომპენსაცია მიმართულია უარყოფითი ემოციების გასაქარწყლებლად. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ლ. ხ-ის, ნ. ქ-ას და გ. ბ-ას მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

ამასთან, გ. ბ-ას უარი ეთქვა ზიანის ანაზღაურებაზე შემდეგ გარემოებათა გამო: „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, შტატგარეშე მოსამსახურე არის პირი, რომელიც დანიშვნით ან შრომითი ხელშეკრულებით გარკვეული ვადით მიიღება სამსახურში არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად. საქმის მასალებით სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსის №1891 განკარგულებით გ. ბ-ა 2013 წლის 1 ოქტომბრიდან 2014 წლის 1 ოქტომბრამდე დაინიშნა ქალაქ თბილისის მერიის ... საქალაქო სამსახურში შტატგარეშე მოსამსახურედ, შრომითი ხელშეკრულებით. ხოლო 2014 წლის 22 აგვისტოს №275 ბრძანებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ... საქალაქო სამსახურის შტატგარეშე მოსამსახურე გ. ბ-ა, სამსახურებრივი მოვალეობათა არაჯეროვნად შესრულებისათვის, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილებით საქმეზე №3/3371-14 ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 22 აგვისტოს №275 ბრძანება გ. ბ-ას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. დაევალა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას გ. ბ-ას გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენა. დაევალა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას გ. ბ-ასთვის 3 თვის იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომის ანაზღაურების გადახდა. შესაბამისად, გ. ბ-ას შრომითი ხელშეკრულებით დარჩენილი დროის განმავლობაში ხელფასის სრული მოცულობით ანაზღაურებაზე სასამართლოს მიღებული აქვს გადაწყვეტილება.

სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველ ნაწილზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 105-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ მოცემულ საქმეზე არ დასტურდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან ბრალეული ქმედებით გ. ბ-ასათვის მატერიალური ზიანის მიყენების ფაქტი. შესაბამისად, არ არსებობდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი.

ამასთან, საქალაქო სასამართლომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ 2015 წლის 27 იანვარს მიღებული განჩინების აღუსრულებლობით გამოწვეული მიუღებელი შემოსავლის ზიანისთვის 2015 წლის 27 იანვრიდან ყოველი თვისთვის ამავე განჩინების აღსრულების დღემდე პერიოდისთვის 55.55 ლარის თითოეული მოსარჩელისთვის ანაზღაურების ნაწილში სასარჩელო მოთხოვნები დაუსაბუთებლად მიიჩნია. სასამართლომ მიუთითა, რომ მიუღებელი ხელფასის ანაზღაურების ნაწილში სასამართლომ უარი უთხრა მოსარჩელეებს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე (6.5 პუნქტი). მოპასუხეს დაეკისრა უკანონო ქმედების (სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობით) გამოწვეული ზიანის ანაზღაურება მოსარჩელეების მიერ მიუღებელი ხელფასის ოდენობით. შესაბამისად, უსაფუძვლო იყო მოსარჩელეების მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის მიუღებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების შესახებ.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილსა და 47-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და მიიჩნია, რომ განსახილველი საქმის სირთულისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით მოპასუხეს ლ. ხ-ის და ნ. ქ-ას სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის თითოეული მოსარჩელისათვის 300 ლარის ანაზღაურება. აგრეთვე უნდა დაეკისროს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით შედგენისთვის გაწეული ხარჯის თითოეულისთვის 12 ლარის ანაზღაურება. რაც შეეხება სხვა საპროცესო ხარჯების, კერძოდ წერილობითი განცხადებების, წერილობითი შუამდგომლობების მომზადებაზე დახარჯული ცელულოზის ქაღალდის ფურცლების, სარჩელის და თანდართული დოკუმენტების, ასევე სხვა მტკიცებულებების ასლების მომზადებაზე გაღებული ხარჯების, ფურცლების აკინძვაზე გახარჯული ლითონის ამკინძვით შეკვრაზე გაღებული ხარჯების, საქმის მასალების სასამართლოში გადაგზავნისას საფოსტო კავშირისათვის გაღებული დანახარჯის, საფოსტო კავშირისას მასალების საფოსტო კონვერტით შესაფუთად გაწეული დანახარჯის, სასამართლოში მოსარჩელისა და მისი წარმომადგენლის სხდომებზე გამოცხადების უზრუნველსაყოფად ტრანსპორტირებისთვის გაწეული დანახარჯის, მოსარჩელისა და მისი წარმომადგენლის სასამართლოში გამოცხადებისას, მათი გამოცხადების პერიოდში აუცილებელ კვებაზე გაწეული გაზრდილი დანახარჯების და სასამართლოში მოცდენილი (დაკარგული) დროის ანაზღაურებას, ამ ნაწილში მოთხოვნა უსაფუძვლო იყო, ვინაიდან მოსარჩელეებს არ აქვთ წარმოდგენილი მტკიცებულებები თუ რა ოდენობის ხარჯები იქნა გაღებული კონკრეტულ სარჩელთან მიმართებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 16 ივნისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს ლ. ხ-მა, ნ. ქ-ამ და გ. ბ-ამ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ლ. ხ-მა, ნ. ქ-ამ და გ. ბ-ამ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, კერძოდ: 1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 16 ივნისის შემაჯამებელი გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო პალატაში ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება; 2. საქმის დაჩქარებული წესით განხილვაზე უარის თქმის ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 2 მარტის განჩინების გაუქმება; 3. სასამართლოს ინიციატივით საქმის განხილვის შეჩერებისა და სხვა დროისათვის გადადების თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 31 მარტისა და 2015 წლის 27 აპრილის საოქმო განჩინებების (საოქმო ჩანაწერი) გაუქმება; 4. საქმის სააპელაციო განხილვის ეტაპზე მოწინააღმდეგე მხარისათვის სასამართლოსგარეშე პროცესის ხარჯების ანაზღაურების დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ასევე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 19 თებერვლის საოქმო განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და საქმეს მტკიცებულების სახით დაერთო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ივლისის (საქმე №3ბ-485-15) გადაწყვეტილების ასლი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 24 მარტის განჩინებით ლ. ხ-ის, ნ. ქ-ას, გ. ბ-ას და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება და გასაჩივრებული საოქმო განჩინებები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 24 მარტის განჩინებით ლ. ხ-ის, ნ. ქ-ასა და გ. ბ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 16 ივნისის განჩინება.

სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითა მათზე. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია ლ. ხ-ის, ნ. ქ-ას და გ. ბ-ას მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ. სასამართლოს მითითებით, აპელანტები ლ. ხ-ი, ნ. ქ-ა და გ. ბ-ა მორალური ზიანის მოთხოვნას აფუძნებენ „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის 10.1. მუხლის თანახმად, „ნებისმიერ პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, უფლება აქვს, სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ პირის/დაწესებულების წინააღმდეგ, რომელმაც, მისი ვარაუდით, მის მიმართ დისკრიმინაცია განახორციელა, და მოითხოვოს მორალური ან/და მატერიალური ზიანის ანაზღაურება“. მოსარჩელეების განმარტებით, ისინი წარმოადგენენ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, რაც გახდა მათი დისკრიმინაციისა და დაკავებული თანამდებობებიდან გათავისუფლების საფუძველი. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, როგორც სამოქალაქო, ასევე ადმინისტრაციულ წარმოებაში მხარეები სარგებლობენ თანაბარი საპროცესო უფლებებითა და შესაძლებლობებით. კერძოდ, თითოეული მხარე ვალდებულია დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეებმა ვერ დაასაბუთეს და სასამართლოში არ წარმოუდგენიათ იმის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება, რომ მათი სამსახურიდან გათავისუფლება მოხდა პოლიტიკური კუთვნილების ნიშნით.

2016 წლის 25 მარტს ლ. ხ-ის, ნ. ქ-ას და გ. ბ-ას წარმომადგენელმა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 24 მარტის განჩინებაზე დამატებითი გადაწყვეტილების მიღებით მოწინააღმდეგე მხარისათვის ყველა მოთხოვნილი სასამართლოსგარეშე პროცესის ხარჯების დაკისრება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 25 აპრილის განჩინებით ნ. ქ-ას, ლ. ხ-ისა და გ. ბ-ას წარმომადგენლის შუამდგომლობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 24 მარტის განჩინებაზე დამატებითი გადაწყვეტილების (განჩინების) გამოტანის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ აპელანტების ნ. ქ-ას, ლ. ხ-ის და გ. ბ-ას მოთხოვნას ნამდვილად წარმოადგენდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილშიც, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მათი მოთხოვნა სასამართლოს გარეშე პროცესის ხარჯების მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე. თუმცა, მართალია სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილში არ არის კონკრეტული მსჯელობა სასამართლოს გარეშე პროცესის ხარჯების თაობაზე, მაგრამ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 24 მარტის განჩინებით ნ. ქ-ას, ლ. ხ-ის და გ. ბ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა არცერთ ნაწილში, შესაბამისად, მთლიანად უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება და გასაჩივრებული საოქმო განჩინებები. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი სასამართლოს გარეშე პროცესის ხარჯების ანაზღაურების ნაწილშიც უსაფუძვლო იყო და ამიტომ ამ ნაწილშიც უარი აქვთ ნათქვამი მოსარჩელეებს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე. რაც შეეხება მოტივაციას იმის შესახებ, თუ რატომ არ დაკმაყოფილდა მოსარჩელეების (აპელანტების) მოთხოვნა სასამართლოს გარეშე პროცესის ხარჯების მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე, ამის შესახებ მითითებულია სააპელაციო სასამართლოს განჩინების სამოტივაციო ნაწილში სრულად, კონკრეტულად და ამომწურავად.

ლ. ხ-მა, ნ. ქ-ამ და გ. ბ-ამ საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 24 მარტის, 2016 წლის 25 აპრილის განჩინებები და 2016 წლის 19 თებერვლის, 1 მარტისა და 24 მარტის საოქმო განჩინებები, რომლითაც გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება და საკასაციო ეტაპზე სასამართლოსგარეშე პროცესის ხარჯების მოწინააღმდეგე მხარისთვის დაკისრება მოითხოვეს.

კასატორებმა საკასაციო საჩივრით ასევე იშუამდგომლეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 28-ე მუხლის საფუძველზე საქმის დაჩქარებული წესით განხილვის თაობაზე, სასამართლოს მიერ მიღებული/მისაღები ყველა შუალედური სასამართლო აქტის დამოწმებული ასლების მხარისათვის გადაგზავნის თაობაზე, საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ლ. ხ-ის, ნ. ქ-ასა და გ. ბ-ას სასარგებლოდ დაკისრებოდა სასამართლოსგარეშე ხარჯის სახით ადვოკატის დახმარებისათვის თითოეული მოსარჩელისათვის 2400 – 2400 ლარის ანაზღაურება და ასევე სასამართლოსგარეშე პროცესის ხარჯის სახით, საქმის განხილვის უზრუნველსაყოფად სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საკასაციო საჩივრის, წერილობითი განცხადებების, წერილობითი შუამდგომლობების მომზადებამდე დახარჯული ცელულოზის ქაღალდის ფურცლებისათვის - 55.55 ლარის, საკასაციო საჩივრის და თანდართული დოკუმენტების, ასევე სხვა მტკიცებულებების ასლების მომზადებაზე გაღებული ხარჯებისათვის - 55.55 ლარის, შესაგებლის გადაცემისათვის მოპასუხესთან საფოსტო კავშირის გამო, ასევე საქმის მიმდინარეობისას სხვა დოკუმენტების სასამართლოში საფოსტო კავშირით გადაგზავნით გამოწვეული გაღებული ხარჯის - 55.55 ლარის, საფოსტო კავშირისას გადასაგზავნი მასალების საფოსტო კონვერტით შესაფუთად გაწეული დანახარჯის - 55.55 ლარის, სასამართლოში სარჩელის ჩასაბარებლად აპელანტისა და მისი წარმომადგენლის სხდომებზე გამოცხადების და სხდომის ოქმების, სასამართლოს გადაწყვეტილებების ჩაბარებისათვის სასამართლოში გამოცხადების უზრუნველსაყოფად გადაადგილებაზე ტრასპორტირებისათვის გაწეული დანახარჯის - 55.55 ლარის, მოსარჩელის და მისი წარმომადგენლის სასამართლოში გამოცხადებისას, მათი გამოცხადების პერიოდში აუცილებელ კვებაზე გაწეული გაზრდილი დანახარჯების - 55.55 ლარის, სასამართლოში მოცდენილი (დაკარგული) დროის - 55 555 555.55 ლარის ოდენობით ანაზღაურება.

კასატორების - ლ. ხ-ის, ნ. ქ-ას და გ. ბ-ას განმატებით, სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არ მსჯელობს სააპელაციო საჩივარში მოყვანილ არგუმენტებზე და არ აქარწყლებს მათ. კასატორთა მოსაზრებით, იმ პირობებში, როდესაც გაბათილდა მათი სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება და აღდგა გათავისუფლების ბრძანებამდე არსებული სამართლებრივი მდგომარეობა, მათ უნდა მისცემოდათ თანამდებობრივი სარგო 2015 წლის 27 იანვრიდან. კასატორები დაუსაბუთებლად მიიჩნევენ სააპელაციო სასამართლოს მიერ ამ პერიოდის მიუღებელი ხელფასის მოაზრებას როგორც ზიანისა, ვინაიდან ხელფასის გაცემის ვალდებულების შეუსრულებლობა წარმოშობს ხელფასის გაცემის ვალდებულებას და არა როგორც მიყენებული ზიანისას, მაგრამ თუ მასზე გაუცემლობამ ასევე გამოიწვია ზიანი, ხელფასთან ერთად დამატებით - ზიანისაც. კასატორთა მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ სწორად არ განმარტა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 9.1. მუხლი.

ამასთან, კასატორების მითითებით, დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება მორალური ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით. ისინი აღნიშნულ მოთხოვნას აყენებდნენ „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, რასაც სასამართლომ არ მისცა შეფასება.

კასატორები ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნევენ სააპელაციო სასამართლოს განჩინებას მიუღებელი შემოსავლის ზიანისთვის თითოეული აპელანტისთვის 55.55 ლარის მოპასუხისთვის ანაზღაურების დაკისრებაზე უარის თქმის თაობაზე. კასატორების განმარტებით, 2015 წლის 27 იანვრიდან ხელფასის მიუღებლობით მოსარჩელეებმა განიცადეს ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით. სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

კასატორთა მოსაზრებით, დაუსაბუთებელი და წინააღმდეგობრივია სააპელაციო სასამართლოს განჩინება გ. ბ-ას ნაწილში, ვინაიდან, იმ პირობებში როდესაც სასამართლომ აღადგინა იგი სამსახურში და გადაწყვეტილება ამ ნაწილში მიაქცია დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, მის მიმართ უნდა დაკმაყოფილებულიყო ხელფასის და მოთხოვნილი ზიანის ანაზღაურებაც.

კასატორები ასევე არ იზიარებენ სააპელაციო სასამართლოს განჩინებას სასამართლოსგარეშე ხარჯებთან და ადვოკატისათვის გადახდილი ხარჯის ოდენობასთან დაკავშირებით.

ამასთან, კასატორთა მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოში მოცემილი საქმე განხილულ იქნა არაკანონიერი სასამართლო შემადგენლობის მიერ, რამეთუ დავის სპეციფიკიდან გამომდინარე საქმე სააპელაციო სასამართლოში უნდა განეხილა სამ მოსამართლეს, ნაცვლად საქმის ერთპიროვნული განხილვისა.

რაც შეეხება გასაჩივრებულ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმის შესახებ სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 25 აპრილის განჩინებას, კასატორები მიუთითებენ, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით არ გადაუწყვეტია სააპელაციო საჩივრითა და სააპელაციო შესაგებლით წარმოდგენილი სასამართლოსგარეშე ხარჯები, რის გამოც მათ დამატებითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე იშუამდგომლეს, რაც უარყოფილ იქნა იმ მოტივით, რომ საკითხი სააპელაციო სასამართლოს შემაჯამებელი გადაწყვეტილებით უკვე გადაწყვეტილი იყო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 24 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ არ შეასრულა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 იანვრის განჩინება ლ. ხ-ის, ნ. ქ-ას და გ. ბ-ას გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენის დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ. სასამართლო აღნიშნულს აფასებს, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს უმოქმედობას, რომელმაც გამოიწვია მოსარჩელეებისათვის მატერიალური ზიანის მიყენება. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია არ ეთანხმება სასამართლოს მიერ მითითებულ გარემოებებს და განმარტავს, რომ პასუხისმგებლობის წარმოშობისათვის კანონმდებლობა ითვალისწინებს ოთხ აუცილებელ პირობას: 1. უნდა არსებობდეს ზიანი, 2. ზიანი უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო ქმედების/უმოქმედობის შედეგი, 3. ზიანის მიყენებასა და დამდგარ შედეგს შორის უნდა არსებობდეს პირდაპირი და უშუალო კავშირი, 4. ზიანის მიმყენებელს ზიანის მიყენებაში უნდა მიუძღვოდეს ბრალი. კასატორის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელი არც ერთი წინაპირობა. სახეზე არ გვაქვს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მართლსაწინააღმდეგო ქმედება ან უმოქმედობა. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ადგილი არ აქვს არც მოქმედებით და არც უმოქმედობის მიყენებულ ზიანს.

ამასთან, კასატორის მითითებით, ვინაიდან აღარ არსებობდა მოსარჩელეთა გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობები, ადმინისტრაციული ორგანო შეცვლილი ფაქტობრივი გარემოებების გამო მოკლებული იყო შესაძლებლობას მოსარჩელეები აღედგინა თანამდებობებზე. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობას ადასტურებს ის გარემოებაც, რომ სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელეთა მათ გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობებზე აღდგენა შეცვალა დღეს არსებულ თანამდებობებზე აღდგენით. კასატორის განმარტებით, გარდა იმისა, რომ თავად საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულება შეუძლებელი იყო, აღნიშნული გადაწყვეტილება, ისევე როგორც მისი დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ განჩინება, გაუქმებულია ზემდგომი ინსტანციის მიერ, რაც წარმოადგენს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობის კიდევ ერთ დამატებით საფუძველს და კიდევ ერთხელ გამორიცხავს ადმინისტრაციული ორგანოს მართლსაწინააღმდეგო უმოქმედობას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 1 ივლისის განჩინებებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ლ. ხ-ის, ნ. ქ-ას და გ. ბ-ას და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 22 სექტემბრის განჩინებით ლ. ხ-ის, ნ. ქ-ას და გ. ბ-ას და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მათი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 22 სექტემბრის განჩინებით ლ. ხ-ის, ნ. ქ-ასა და გ. ბ-ას შუამდგომლობა საქმის დაჩქარებული წესით განხილვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა; ლ. ხ-ის, ნ. ქ-ასა და გ. ბ-ას შუამდგომლობა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სასამართლოს მიერ მიღებული/მისაღები ყველა შუალედური სასამართლო აქტის დამოწმებული ასლების მხარისათვის გადაგზავნის თაობაზე დაკმაყოფილდა; სასამართლოსგარეშე ხარჯების ანაზღაურების თაობაზე ლ. ხ-ის, ნ. ქ-ასა და გ. ბ-ას შუამდგომლობის გადაწყვეტა დადგინდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრების საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ხ-ის, ნ. ქ-ასა და გ. ბ-ას საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 24 მარტის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, წარმოდგენილი სარჩელით განსახილველი დავის ფარგლებში მოსარჩელეებმა - ლ. ხ-მა, ნ. ქ-ამ და გ. ბ-ამ მოითხოვეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დავალებოდა 1. 2015 წლის 27 იანვრიდან ყოველთვიურად, კანონით დადგენილი წესით, სამსახურიდან გათავისუფლებამდე ლ. ხ-ის სასარგებლოდ თანამდებობრივი სარგოს 1800 ლარის და ყოველთვიური დანამატის 1800 ლარის გადახდა, ნ. ქ-ას სასარგებლოდ თანამდებობრივი სარგოს 1300 ლარის გადახდა, გ. ბ-ას სასარგებლოდ თანამდებობრივი სარგოს 1200 ლარის გადახდა; 2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილების შეუსრულებლობით (აღუსრულებლობით) მიყენებული ზიანის (მიუღებელი შრომის) ანაზღაურება ლ. ხ-ის სასარგებლოდ 2015 წლის 27 იანვრიდან თვეში 3600 ლარის ოდენობით, ნ. ქ-ას სასარგებლოდ - 1300 ლარის ოდენობით, გ. ბ-ას სასარგებლოდ - 1200 ლარის ოდენობით, ამავე განჩინების აღსრულებამდე; 3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ №3/3371-2014 საქმეზე 2015 წლის 27 იანვარს მიღებული განჩინების აღუსრულებლობით გამოწვეული მიუღებელი შემოსავლის ზიანისთვის 2015 წლის 27 იანვრიდან ყოველი თვისთვის ამავე განჩინების აღსრულების დღემდე პერიოდისთვის მატერიალური ზიანის ანაზღაურება: ლ. ხ-ის სასარგებლოდ 55.55 ლარი, ნ. ქ-ას სასარგებლოდ 55.55 ლარი, გ. ბ-ას სასარგებლოდ 55.55 ლარი და ამავე განჩინების აღუსრულებლობით გამოწვეული არაქონებრივი, მორალური ზიანის ანაზღაურება მოსარჩელეთათვის პოლიტიკური ნიშანდებით დისკრიმინაციული მიდგომისთვის: ლ. ხ-ის სასარგებლოდ 55.55 ლარი, ნ. ქ-ას სასარგებლოდ 55.55 ლარი, გ. ბ-ას სასარგებლოდ 55.55 ლარი; 4. ლ. ხ-ისთვის, ნ. ქ-ასა და გ. ბ-ასთვის მათ მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება: ადვოკატის დახმარებისთვის თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ 2400 ლარი, სანოტარო წესით მინდობილობის შესადგენად გაწეული დანახარჯი თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ 12 ლარი, წერილობითი განცხადებების, წერილობითი შუამდგომლობების მომზადებაზე დახარჯული ცელულოზის ქაღალდის ფურცლებისთვის 5.55 ლარი, სარჩელის და თანდართული დოკუმენტების, ასევე სხვა მტკიცებულებების ასლების მომზადებაზე გაღებული ხარჯებისთვის 5.55 ლარი, ფურცლების აკინძვაზე გახარჯული ლითონის ამკინძვით შეკვრაზე გაღებული ხარჯებისთვის 0.05 ლარი, საქმის მასალების სასამართლოში გადაგზავნისას საფოსტო კავშირისათვის გაღებული დანახარჯი 5.55 ლარი, საფოსტო კავშირისას მასალების საფოსტო კონვერტით შესაფუთად გაწეული დანახარჯი 0.55 ლარი, სასამართლოში მოსარჩელისა და მისი წარმომადგენლის სხდომებზე გამოცხადების უზრუნველსაყოფად ტრანსპორტირებისთვის გაწეული დანახარჯი 55.55 ლარი, მოსარჩელისა და მისი წარმომადგენლის სასამართლოში გამოცხადებისას, მათი გამოცხადების პერიოდში აუცილებელ კვებაზე გაწეული გაზრდილი დანახარჯები 55.55 ლარი, სასამართლოში მოცდენილი (დაკარგული) დროის ანაზღაურება 555 555 555.55 ლარი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით წარმოდგენილი სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა ლ. ხ-ის სასარგებლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილების შეუსრულებლობით (აღუსრულებლობით) მიყენებული ზიანის (მიუღებელი შრომის) ანაზღაურება 2015 წლის 27 იანვრიდან თვეში 3600 ლარის ოდენობით მოსარჩელის თანამდებობაზე აღდგენამდე; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა ნ. ქ-ას სასარგებლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილების შეუსრულებლობით (აღუსრულებლობით) მიყენებული ზიანის (მიუღებელი შრომის) ანაზღაურება 2015 წლის 27 იანვრიდან თვეში 1300 ლარის ოდენობით მოსარჩელის თანამდებობაზე აღდგენამდე; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ასევე დაევალა ლ. ხ-ისა და ნ. ქ-ასთვის მათ მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება: წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით შედგენისთვის თითოეულისთვის 12 ლარის ოდენობით, ადვოკატის დახმარებისთვის გაწეული ხარჯის თითოეულისთვის 300 ლარის ოდენობით; ლ. ხ-ს და ნ. ქ-ას უარი ეთქვათ სხვა საპროცესო ხარჯების, მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებაზე; გ. ბ-ას უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა გასაჩივრებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 24 მარტის განჩინებით.

დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილებით ლ. ხ-ის, ნ. ქ-ას და გ. ბ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 22 აგვისტოს №274 ბრძანება ლ. ხ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 22 აგვისტოს №273 ბრძანება ნ. ქ-ას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 22 აგვისტოს №275 ბრძანება გ. ბ-ას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა ლ. ხ-ის გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენა, ნ. ქ-ას გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენა, გ. ბ-ას გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენა; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ასევე დაევალა მოსარჩელეებისათვის - ლ. ხ-ის, ნ. ქ-ას და გ. ბ-ასთვის 3 თვის იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომის ანაზღაურების გადახდა, ხოლო მოსარჩელეებს - გ. ბ-ას, ნ. ქ-ას და ლ. ხ-ს უარი ეთქვათ აგვისტოს თვის ხელფასის ანაზღაურებაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 იანვრის განჩინებით განისაზღვრა ლ. ხ-ის, ნ. ქ-ას და გ. ბ-ას გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენის შესახებ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება.

ამასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ლ. ხ-ის, ნ. ქ-ასა და გ. ბ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილების შეცვლით საქმეზე მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; ლ. ხ-ის, ნ. ქ-ასა და გ. ბ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2014 წლის 22 აგვისტოს №274 ბრძანება ლ. ხ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა ლ. ხ-ის აღდგენა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ... საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილედ; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა ლ. ხ-ისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 3 თვის სახელფასო სარგოს ოდენობით; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2014 წლის 22 აგვისტოს №273 ბრძანება ნ. ქ-ას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა ნ. ქ-ას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ... საქმეთა საქალაქო სამსახურში ... განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე აღდგენა; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა ნ. ქ-ასათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 3 თვის სახელფასო სარგოს ოდენობით; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2014 წლის 22 აგვისტოს №275 ბრძანება გ. ბ-ას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა გ. ბ-ასათვის შრომითი ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება მხარეთა შორის შეთანხმებული სახელფასო სარგოს ოდენობით 2014 წლის 22 აგვისტოდან 2014 წლის 1 ოქტომბრამდე; გ. ბ-ას მოთხოვნა თავდაპირველ თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში არ დაკმაყოფილდა; მოსარჩელეების მოთხოვნა გათავისუფლებიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე სამსახურში არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში იძულებითი განაცდურის ანაზღაურებისა და აგვისტოს თვის ხელფასის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელეთა - ლ. ხ-ის, ნ. ქ-ასა და გ. ბ-ას სასარგებლოდ დაეკისრა ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 2000 ლარის ოდენობით, დანარჩენი ხარჯების ანაზღაურებაზე მოსარჩელეებს ეთქვათ უარი; ამასთან, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 იანვრის განჩინება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის თაობაზე; მოსარჩელეთა შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის თაობაზე დაკმაყოფილდა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილება გადაეცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 17 დეკემბრის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილება გარდა, ლ. ხ-ისა და ნ. ქ-ასათვის იძულებითი განაცდური ხელფასის სრულად ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ ნაწილისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის მოსარჩელეთა მიერ გაწეული ადვოკატის ხარჯის - 2000 ლარის ანაზღაურების დაკისრების ნაწილისა დარჩა უცვლელად).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 14 ივლისის განჩინებით ლ. ხ-ის და ნ. ქ-ას საკასაციო საჩივარი დაშვებულ ნაწილში (იძულებითი განაცდურის სრულად ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში) დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დაშვებულ ნაწილში (ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის მოსარჩელეთა მიერ გაწეული ადვოკატის ხარჯის - 2000 ლარის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში) დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილება ლ. ხ-ისა და ნ. ქ-ას იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის ლ. ხ-ის, ნ. ქ-ას და გ. ბ-ას სასარგებლოდ ადვოკატისათვის გაწეული ხარჯების - 2000 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა ისე დააკმაყოფილეს მოსარჩელეთა მოთხოვნა და ისე დაევალა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილების შეუსრულებლობით (აღუსრულებლობით) მიყენებული ზიანის (მიუღებელი შრომის) ანაზღაურება 2015 წლის 27 იანვრიდან ლ. ხ-ის სასარგებლოდ თვეში 3600 ლარის ოდენობით მოსარჩელის თანამდებობაზე აღდგენამდე და ნ. ქ-ას სასარგებლოდ 2015 წლის 27 იანვრიდან თვეში 1300 ლარის ოდენობით მოსარჩელის თანამდებობაზე აღდგენამდე, რომ შეფასება არ მიუციათ აღნიშნული თანხების მოპასუხეზე დაკისრებით სახეზე ხომ არ გვაქვს განსხვავებული ფორმულირებით და სხვადასხვა სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით სხვადასხვა სარჩელით წარდგენილი ერთი და იმავე თანხების მოპასუხისთვის დაკისრების შემთხვევა.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. დანამატების გაცემა უნდა განხორციელდეს მხარჯავი დაწესებულებებისათვის ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. ამავე კანონის 112-ე მუხლის თანახმად, სამსახურიდან უკანონოდ განთავისუფლებული მოხელე უფლებამოსილია მოითხოვოს განთავისუფლების უკანონოდ ცნობა, განთავისუფლების საფუძვლის შეცვლა და თანამდებობრივი სარგო. ამდენად, შრომითი გასამრჯელოს მიღების უფლება აქვს მოხელეს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე, ხოლო უკანონოდ განთავისუფლებული პირი უფლებამოსილია მოითხოვოს იძულებითი განაცდური.

ქვედა ინსტანციის სასამართლოები მიუთითებენ, რომ მოსარჩელეები წარმოდგენილი სარჩელით ფაქტობრივად ხელფასის გაორმაგებული ოდენობის თანხების ანაზღაურებას ითხოვენ, ერთ შემთხვევაში მიუღებელი ხელფასის სახით, ხოლო მეორე შემთხვევაში ზიანის სახით, რასაც უსაფუძვლოდ მიიჩნევენ, თუმცა აღნიშნულს მიუთითებენ განსახილველ სარჩელთან მიმართებაში და შეფასების მიღმა ტოვებენ იმ გარემოებას, რომ მიუღებელი ხელფასის სახით თანხების ანაზღაურებას მოსარჩელეები სხვა ადმინისტრაციული დავის ფარგლებშიც აყენებდნენ.

კერძოდ, საკასაციო სასამართლომ 2016 წლის 14 ივლისის განჩინებით სააპელაციო სასამართლოს საქმე ხელახალი განხილვისათვის სწორედ იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის ნაწილში დაუბრუნა. მითითებულ ადმინისტრაციულ საქმეში მოსარჩელეთა სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ სადავო ბრძანებების ბათილად ცნობასა და მოსარჩელეთა განთავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობებზე აღდგენასთან ერთად, სასარჩელო მოთხოვნას ასევე წარმოადგენდა სამსახურში არყოფნის მთელი პერიოდის მანძილზე იძულებითი განაცდური ხელფასის სრული ანაზღაურება. ამდენად, აღნიშნულ ადმინისტრაციულ საქმეში მოსარჩელეები იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას ითხოვდნენ სამსახურიდან განთავისუფლების პერიოდიდან (22.08.2014წ.) სამსახურში აღდგენამდე, ხოლო განსახილველ შემთხვევაში საუბარია 2015 წლის 27 იანვრიდან მოსარჩელეთა თანამდებობებზე აღდგენამდე თანხების ანაზღაურებაზე. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმე მოიცავს მოცემული დავის ფარგლებში მოთხოვნილი თანხების ანაზღაურებას.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, მოცემული საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ, საქმის სწორად გადაწყვეტისთვის, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლიობაში შესწავლისა და მათი ანალიზის საფუძველზე, ასევე სააპელაციო სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმის გათვალისწინებით, რომელიც სააპელაციო სასამართლოს ხელახალი განხილვისათვის სწორედ იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის ნაწილში დაუბრუნდა, შეფასება უნდა მისცეს სახეზე ხომ არ გვაქვს მოსარჩელეთათვის ხელფასის გაორმაგებული ოდენობის თანხების ანაზღაურება, ერთ შემთხვევაში მიუღებელი ხელფასის სახით, ხოლო მეორე შემთხვევაში ზიანის სახით. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას საქმე გადაწყვიტოს არსებითად, რის გამოც საქმე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის საფუძველზე ხელახლა განსახილველად უნდა დუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეები ვერ ადასტურებენ მათ სამსახურიდან განთავისუფლებას პოლიტიკური კუთვნილების ნიშნით, შესაბამისად, უსაფუძვლოა მოსარჩელეთა მოთხოვნა „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის 10.1. მუხლის საფუძველზე მათთვის მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორების - ლ. ხ-ის, ნ. ქ-ასა და გ. ბ-ას მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო სასამართლოში მოცემული საქმე განხილულ იქნა არაკანონიერი სასამართლო შემადგენლობის მიერ, საქმე უნდა განეხილა სასამართლოს კოლეგიურ შემადგენლობას, ნაცვლად საქმის ერთპიროვნული განხილვისა. საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლემ შეიძლება ერთპიროვნულად განიხილოს სააპელაციო საჩივარი ამ კოდექსის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაზე. ამავე კოდექსის მე-6 მუხლი ჩამოთვლის მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეებს და მათ შორის ასახელებს საჯარო სამსახურში შრომითი ურთიერთობიდან წარმოშობილ დავასთან დაკავშირებით საქმეებს („ე“ ქვეპუნქტი). საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი სარჩელის ძირითადი დავის საგანია მოპასუხისათვის მოსარჩელეთა სასარგებლოდ ყოველთვიური ხელფასის ანაზღაურების დაკისრება. აღნიშნული მოთხოვნა წარმოადგენს საჯარო სამსახურში შრომითი ურთიერთობიდან წარმოშობილ საკითხს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იყო მოცემული საქმე განეხილა და გადაეწყვიტა ერთპიროვნულად.

კასატორები - ლ. ხ-ი, ნ. ქ-ა და გ. ბ-ა საკასაციო საჩივრით ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 19 თებერვლის, 1 მარტისა და 24 მარტის საოქმო განჩინებების გაუქმებას ითხოვენ. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 216-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქმის განხილვის გადადება დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გონივრული ვადით. თუ საქმის სრულყოფილად გამოკვლევა და დამთავრება შეუძლებელია იმავე სხდომაზე, საქმის განხილვა მისი გადადების შემთხვევაში გრძელდება იმ სტადიიდან, რომელზედაც იგი გადაიდო. სასამართლო აგრეთვე უფლებამოსილია, საქმის განხილვა გააგრძელოს იმ სტადიიდან, რომელსაც მიზანშეწონილად მიიჩნევს. მხარეები ვალდებული არიან, ხელი შეუწყონ სასამართლოში საქმის დადგენილ ვადაში განხილვას. ამდენად, კანონით დადგენილ შემთხვევებში, მათ შორის, საქმის სრულყოფილად გამოკვლევისა და დამთავრების ერთ სხდომაზე შეუძლებლობის შემთხვევაში, სასამართლო უფლებამოსილია გონივრული ვადით გადადოს საქმის განხილვა. კასატორები ვერ ასაბუთებენ, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის გადადება მოხდა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით. რაც შეეხება სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების გადადებას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქმის ზეპირი განხილვის შემდეგ ცხადდება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი. მოსამართლე უფლებამოსილია, სათათბირო ოთახში გაუსვლელად გამოაცხადოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი. თუ საქმე არსებითად რთული გადასაწყვეტია, გამონაკლის შემთხვევაში, მოსამართლე უფლებამოსილია, გადადოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება გონივრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს ერთი თვისა. აღნიშნული ნორმის მიხედვით, კანონმდებელი დასაშვებად მიიჩნევს, რომ სასამართლომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ გამოაცხადოს საქმის ზეპირი განხილვის დასრულებისთანავე, არამედ გადადოს გონივრული ვადით, თუ საქმე რთული გადასაწყვეტია. სასამართლომ უნდა შეაფასოს, რამდენად რთულ ფაქტობრივ ან სამართლებრივ პრობლემასთანაა დაკავშირებული კონკრეტული საქმე და რა დრო შეიძლება დასჭირდეს სასამართლოს გადაწყვეტილების მისაღებად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 1 მარტის საოქმო განჩინებით აპელანტის გ. ბ-ას განცხადება სხდომის გადადების შესახებ დაკმაყოფილდა და საქმის განხილვა გადაიდო სხვა დროისთვის, შესაბამისად, აღნიშნული საოქმო განჩინებით საქმის განხილვის გადადება აპელანტის ინიციატივით მოხდა; ხოლო სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 24 მარტის საოქმო განჩინებით სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება სხვა დროისთვის არ გადაუდია, სააპელაციო სასამართლომ განჩინების სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა იმავე დღეს - 2016 წლის 24 მარტს.

კასატორები ასევე სადავოდ ხდიან თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 19 თებერვლის საოქმო განჩინებას, რომლითაც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და საქმეს მტკიცებულების სახით დაერთო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ივლისის (საქმე №3ბ-485-15) გადაწყვეტილების ასლი. საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას შეიძლება მოყვანილ იქნეს ახალი ფაქტები და წარდგენილ იქნეს ახალი მტკიცებულებები; სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო მიიღებს ახლად წარმოდგენილ მტკიცებულებებს, თუ მათ მნიშვნელობა აქვთ საქმისათვის, 380-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მტკიცებულების სახით წარმოდგენილი გადაწყვეტილება პირდაპირ კავშირში იყო განსახილველ საქმესთან, ამასთან, მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია საკუთარ პოზიციას ამყარებდა აღნიშნულ გადაწყვეტილებას, ხოლო სააპელაციო სასამართლომ თავისმხრივ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში იმსჯელა და შეფასება მისცა სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებას, რის გამოც საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს კასატორების მოთხოვნას აღნიშნული საოქმო განჩინების გაუქმების თაობაზე.

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 28-ე მუხლის საფუძველზე საქმის დაჩქარებული წესით განხილვასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის დაჩქარებული წესით განხილვა დასაშვებია მხოლოდ მხარის მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას ამ წესით საქმის განხილვის თაობაზე იღებს სასამართლო. სასამართლოს შესაფასებელია, მხარის ინტერესების გათვალისწინებით, რამდენად არსებობს დაჩქარებული სამართალწარმოების განხორციელების საფუძველი.

გასაჩივრებულ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 25 აპრილის განჩინებასთან დაკავშირებით, რომლითაც არ დაკმაყოფილდა აპელანტების - ნ. ქ-ას, ლ. ხ-ის და გ. ბ-ას შუამდგომლობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 24 მარტის განჩინებაზე დამატებითი გადაწყვეტილების (განჩინების) გამოტანის თაობაზე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძვლებზე, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ: ა) იმ მოთხოვნის გამო, რომლის შესახებაც მხარეებმა წარადგინეს მტკიცებულებანი და მისცეს ახსნა-განმარტებანი, გადაწყვეტილება არ გამოტანილა; ბ) სასამართლოს, რომელმაც გადაწყვიტა უფლების საკითხი, არ მიუთითებია გადასახდელი თანხის ოდენობა, გადასაცემი ქონება ან მოქმედება, რომელიც მოპასუხემ უნდა შეასრულოს; გ) სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის დამატებითი გადაწყვეტილების (განჩინების) გამოტანის წინაპირობები, სააპელაციო სასამართლომ 2016 წლის 24 მარტის განჩინებით იმსჯელა აპელანტების მიერ სადავოდ ქცეულ ყველა საკითხზე, განჩინების სამოტივაციო ნაწილი შეიცავს დასაბუთებას სასამართლოსგარეშე პროცესის ხარჯების თაობაზე, ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ლ. ხ-ის, ნ. ქ-ას და გ. ბ-ას სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა არცერთ ნაწილში და შესაბამისად, უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სრულად. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს გასაჩივრებული სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 25 აპრილის განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

კასატორების - ლ. ხ-ის, ნ. ქ-ას და გ. ბ-ას მოთხოვნას ასევე წარმოადგენს საკასაციო ეტაპზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისთვის თითოეული კასატორის სასარგებლოდ სასამართლოსგარეშე ხარჯების დაკისრება. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში - განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან არ არსებობს ლ. ხ-ის, ნ. ქ-ას და გ. ბ-ას საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, შესაბამისად, უსაფუძვლოა მათი მოთხოვნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის თითოეული კასატორის სასარგებლოდ საკასაციო სასამართლოში გაღებული სასამართლოსგარეშე ხარჯების ანაზღაურების დაკისრების თაობაზე.

ამასთან, საკასაციო სასამართლო, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408.3 მუხლის საფუძველზე, უფლებამოსილია გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ. ხ-ის, ნ. ქ-ასა და გ. ბ-ას საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 24 მარტის განჩინება და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ. ხ-ის, ნ. ქ-ასა და გ. ბ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

3. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 24 მარტის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

4. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 19 თებერვლის, 1 მარტისა და 24 მარტის საოქმო განჩინებები და 2016 წლის 25 აპრილის განჩინება;

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი