Facebook Twitter

#ბს-121-120(კ-17) 20 აპრილი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მ. ა-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 4 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2015 წლის 28 დეკემბერს მ. ა-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელემ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის მე-2 სამმართველოს უფროსის 2015 წლის 15 ოქტომბრის #2267933 აქტისა და იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის 2015 წლის 10 დეკემბრის #2761676 აქტის ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ზ. შ-ის ოჯახის სასარგებლოდ ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით 100 000 ლარის გაცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 15 თებერვლის სხდომაზე სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შედეგად მოსარჩელემ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების ფაქტის დადგენა/დადასტურების კომისიის 2015 წლის 15 სექტემბერის #2/23 გადაწყვეტილებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის 2015 წლის 10 დეკემბრის #2761676 წერილის ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის მოსარჩელის მიმართ ფულადი კომპენსაციის გაცემის თაობაზე ახალი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით მ. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ა-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით მ. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 4 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ა-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, თუმცა არასწორად განმარტა იგი, კერძოდ, სასამართლომ არასწორად არ მიაკუთვნა ზ. შ-ის გარდაცვალების ფაქტი „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევას. ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლოს უნდა გამოეყენებინა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 8 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. ა-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის დავას იწვევს ის გარემოება, მოსარჩელის მეუღლის - ზ. შ-ის გარდაცვალება ექცევა თუ არა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, იმ პირობებში, როდესაც სადავო არ არის მოსარჩელის მეუღლის გარდაცვალება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს.

„სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კანონის შესაბამისად კომპენსაციის მიღების უფლება აქვთ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღის (1991 წლის 9 აპრილი) შემდეგ, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ოჯახის წევრებს. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტის თანახმად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, კერძოდ, ამ კანონით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიების განხორციელებისას, სამართალდარღვევის აღკვეთისას, დამნაშავის შეპყრობისას, დამნაშავეობასთან ბრძოლისას, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისას ან/და საბრძოლო მოქმედებების დროს შეტაკებისას, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით თავდასხმისას, ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან/და ქონების გადარჩენისას პოლიციელის დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან, მინისტრის მიერ გამოცემული აქტის საფუძველზე ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 000 (ასი ათასი) ლარის ოდენობით და დაკრძალვის (საფლავის მოწყობის) ხარჯების ასანაზღაურებელი თანხა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. პოლიციელის დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო ანაზღაურებს. ამდენად, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტით იმპერატიულად არის განსაზღვრული იმ შემთხვევათა ჩამონათვალი, რომლებიც ექცევა მითითებული ნორმის რეგულაციაში.

იმისათვის, რომ გარდაცვლილი პოლიციელის ოჯახის წევრზე გავრცელდეს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი რეჟიმი, სახეზე უნდა გვქონდეს პოლიციელის გარდაცვალება ამ ნორმით გათვალისწინებულ ერთ-ერთ შემთხვევაში და უშუალოდ ამ შემთხვევის შედეგად. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევის დადგენა გულისხმობს უშუალო მიზეზობრივი კავშირის დადგენას ამ მუხლში მითითებულ კონკრეტულ ქმედებასა და პირის გარდაცვალებას შორის. კანონმდებელმა ერთმანეთისაგან გამიჯნა შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალება და მისგან გამომდინარე სოციალური გარანტიები („პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტი) და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას განსაკუთრებულ ვითარებაში დაღუპვა და მისგან გამომდინარე გარანტიები („პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტი).

მოცემულ შემთხვევაში, მართალია, ზ. შ-ე გარდაიცვალა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ავტოავარიის შედეგად, მაგრამ სახეზე არ გვაქვს უშუალოდ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევათა დროს გარდაცვალების ფაქტი, რაც გამორიცხავს აღნიშნული ნორმის საფუძველზე მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ა-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 4 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი