#ბს-131-129(კ-17) 20 აპრილი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 2 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2015 წლის 16 იანვარს მ. ხ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობის მიმართ.
მოსარჩელემ მისი განთავისუფლების შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს რაიონის გამგებლის 2014 წლის 12 დეკემბრის #423 ბრძანების, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2014 წლის 14 ნოემბრის #6 სხდომის ოქმის ბათილად ცნობა, თანამდებობაზე აღდგენა, განაცდური ხელფასის ანაზღაურება და გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით მ. ხ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; მოსარჩელე მ. ხ-ეს უარი ეთქვა თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს რაიონის გამგეობის 2014 წლის 12 დეკემბრის #423 ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ხ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 2 ნოემბრის განჩინებით მ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვის მიზნით დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 2 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს რაიონის გამგეობამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მოსაზრებით, მ. ხ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საბურთალოს რაიონის გამგებლის ბრძანების ბათილობის საფუძვლების განხილვის ეტაპზე სასამართლოს უნდა ემსჯელა არსებობდა თუ არა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული ბათილობის საფუძვლები, კერძოდ, გასაჩივრებული აქტი გამოცემული იყო თუ არა კანონის დარღვევით ან ისეთი პროცედურული დარღვევებით, რომლის არ არსებობის შემთხვევაში საქმეზე სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია აღნიშნული აქტის ბათილობის საფუძვლებზე.
ამასთან, კასატორის მოსაზრებით, მოცემული დავის ფარგლებში სააპელაციო სასამართლოს არ უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 394-ე მუხლით, ვინაიდან მ. ხ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საბურთალოს რაიონის გამგებლის ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე პირველ ინსტანციაში მიმდინარე პროცესზე გამოცხადებული იყო და მონაწილეობას იღებდა მოსარჩელეც და მოპასუხეც. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც აწესრიგებს ისეთ სამართალურთიერთობებს, როდესაც სასამართლომ საქმე განიხილა ერთ-ერთი მხარის გარეშე და რომელიც მოცემულ შემთხვევაში არსებული გარემობებიდან გამომდინარე არ უნდა გამოეყენებინა.
რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ საქმეში ჩართული არ ყოფილა ქ. თბილისის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისია, კასატორის მოსაზრებით, აღნიშნული გარემოება არ შეიძლება გავლენას ახდენდეს საბურთალოს რაიონის გამგეობის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერებაზე, ვინაიდან საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილება წარმოადგენს სხვა ადმინისტრაციული ორგანოს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელსაც გასაჩივრების თავისი წესი აქვს და დაკავშირებული არ არის საბურთალოს გამგებლის გასაჩივრებულ ბრძანებასთან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიუთითებს, რომ წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელემ მისი განთავისუფლების შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს რაიონის გამგებლის 2014 წლის 12 დეკემბრის #423 ბრძანების, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2014 წლის 14 ნოემბრის #6 სხდომის ოქმის ბათილად ცნობა, თანამდებობაზე აღდგენა, განაცდური ხელფასის ანაზღაურება და გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა მოითხოვა.
ამდენად, მოსარჩელე გამგებლის ბრძანებასთან ერთად ასევე სადავოდ ხდიდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2014 წლის 14 ნოემბრის #6 სხდომის ოქმს ანუ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებას, რომლის კანონიერებაზე პასუხისმგებელ ორგანოს წარმოადგენს აღნიშნული საკონკურსო-საატესტაციო კომისია. ამასთან, დადგენილია, რომ დავის გადაწყვეტის პროცესში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისია საქმეში მოწვეული არ ყოფილა კანონით დადგენილი წესით.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ მოპასუხის დასახელება წარმოადგენს მოსარჩელის პრეროგატივას, თუმცა მოთხოვნის შინაარსიდან და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის პრინციპებიდან გამომდინარე, სასამართლოს წარმოეშვა ვალდებულება განემარტა მოსარჩელისათვის, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობა მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2014 წლის 14 ნოემბრის #6 სხდომის ოქმის ბათილობის ნაწილში არ წარმოადგენდა სათანადო მხარეს.
გამომდინარე იქიდან, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში მხარეს არ მისცემია საქმესთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციების წარდგენის შესაძლებლობა, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმის ხელახალი განხილვისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოსთვის დაბრუნების თაობაზე, რა ეტაპზეც უზრუნველყოფილი უნდა იყოს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის ჩართულობა და საქმის სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში განხილვა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 2 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი