#ბს-142-140(კ-17) 19 აპრილი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 26 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2015 წლის 24 მარტს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სასარჩელო განცხადებით მიმართა ახალქალაქის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის _ მ. ა-ის მიმართ.
მოსარჩელემ მოპასუხისათვის ნინოწმინდის რაიონის გამგეობასა და მ. ა-ს შორის 2001 წლის 25 დეკემბერს გაფორმებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის #063/06 საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საიჯარო ქირის თანხის - 36 324 ლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა.
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მ. ა-ს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ - 8121 ლარის გადახდა დაეკისრა.
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ. აპელანტმა გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 26 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 105-ე მუხლებზე და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არ გამოიკვლიეს საქმეში არსებული მტკიცებულებები, კერძოდ, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 02.10.2014 წლის #16/36614 და 18.12.2014 წლის #16/49460 წერილები, რომლითაც დასტურდებოდა, რომ მოპასუხეს სააგენტომ არაერთხელ წაუყენა მოთხოვნა ვალდებულების შესასრულებლად. გარდა ამისა, იჯარის ხელშეკრულება #063/06 დეტალურად აწესრიგებდა საიჯარო ქირის გადახდის ოდენობას და ვადებს და სააგენტოს ანგარიშსწორების შედგენის ვალდებულება არ გააჩნდა. მოპასუხე მხარისათვის ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით ხელშეკრულების დადების მომენტიდან ცნობილი იყო სავალდებულო ანგარიშსწორების შესახებ.
კასატორი მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად გაავრცელეს აღნიშნულ სამართალურთიერთობაზე მოთხოვნის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, ვინაიდან, უძრავ ნივთებთან დაკავშირებით სახელშეკრულებო მოთხოვნისათვის დადგენილია ხანდაზმულობის ექვსწლიანი ვადა, ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად კი მოიჯარე მ. ა-ი მოვალე იყო მეიჯარის - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსათვის გადაეხადა საიჯარო ქირა, ვინაიდან, საიჯარო საგანს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა წარმოადგენდა და მის მიმართ ხანდაზმულობის სამოქალაქო სამწლიანი ვადის გავრცელებით სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 23 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, იმის თაობაზე, რომ სამოქალაქო კოდექსი ყოველი ცალკეული შემთხვევისათვის ადგენს ხანდაზმულობის ვადას, რომლის განმავლობაშიც უფლებადარღვეულ პირს ეძლევა შესაძლებლობა მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. ყველა მოთხოვნა შემოფარგლულია დროის გარკვეული პერიოდით, რომლის გასვლაც იწვევს მოთხოვნის იძულებით განხორციელების უფლების შეწყვეტას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან არის სამი წელი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს მხარეთა შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების მე-2 პუნქტზე და მიიჩნევს, რომ მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული საიჯარო ქირის გადახდის წესი წარმოადგენდა პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას (ვინაიდან, პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებად მიიჩნევა ვალდებულება, რომელიც კანონით ან ხელშკრულებით გარკვეული დროის მონაკვეთში უნდა შესრულდეს განსაზღვრული პერიოდულობით, ამასთან, თითოეული დარღვევა ცალ-ცალკე წარმოშობს მოთხოვნის უფლებას), შესაბამისად, საიჯარო ქირის მოთხოვნაზე, როგორც პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებაზე უნდა გავრცელდეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 129-ე მუხლით განსაზღვრული სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 2 ოქტომბრის #16/36614 და 2014 წლის 18 დეკემბრის #16/49460 წერილები ცალსახად არ წარმოადგენენ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მხრიდან მ. ა-ისათვის ვალდებულების შესასრულებლად წარდგენილ მოთხოვნას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 26 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ჩინჩალაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი