#ბს-143-141(კ-17) 20 აპრილი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 15 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2014 წლის 23 დეკემბერს გ. და მ. შ-ეებმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხის - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელეებმა მ. შ-ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2014 წლის 20 ნოემბრის #2681 ბრძანების, გ. შ-ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2014 წლის 20 ნოემბრის #2680 ბრძანების ბათილად ცნობა, მათთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენა და მოპასუხისთვის მათე და გ. შ-ეებისთვის 2014 წლის მარტის თვიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დრომდე თითოეული მათგანისათვის ყოველთვიურად 45 ლარის ოდენობით მიუღებელი დევნილის შემწეობის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვეს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 19 ივნისის განჩინებით გ. შ-ის და მ. შ-ის სარჩელთან დაკავშირებით მოცემული ადმინისტრაციული საქმე განსჯადობის წესის დაცვით გადაეგზავნა უფლებამოსილ სასამართლოს - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებით გ. შ-ისა და მ. შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2014 წლის 20 ნოემბრის #2680 ბრძანება მოსარჩელე - გ. შ-ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2014 წლის 20 ნოემბრის #2681 მოსარჩელე - მ. შ-ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ; გ. შ-ესა და მ. შ-ეს აღუდგათ იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი; მოპასუხე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა მოსარჩელეებისთვის - მათე და გ. შ-ეებისთვის მიუღებელი დევნილის შემწეობის ანაზღაურება 2014 წლის მარტის თვიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დრომდე თითოეული მათგანისათვის ყოველთვიურად 45 ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 15 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 15 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად შეაფასა მტკიცებულებები, შესაბამისად, არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და არასწორად განმარტა მთელი რიგი ნორმები, რამაც ერთობლიობაში გამოიწვია უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება. კასატორის მითითებით, „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის დანაწესი იმპერატიულად ადგენს, რომ პირს დევნილის სტატუსი მიენიჭება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ იგი იძულებული გახდა დაეტოვებინა მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. კასატორის მოსაზრებით, სამინისტროს მიერ მოპოვებული, მხარეთა მიერ მიცემული ახსნა-განმარტებები და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობიდან მიღებული ინფორმაცია, ცალსახად ადასტურებს, რომ შ-ეების ოჯახის მუდმივ საცხოვრებელს აფხაზეთი არ წარმოადგენდა.
ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების დასაბუთების დროს სასამართლო საერთოდ არ ითვალისწინებს და იგნორირებას უკეთებს აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის პოზიციას მოცემულ საქმეზე. ამ კატეგორიის საქმეებზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის მიერ მოწოდებულ ინფორმაციებთან დაკავშირებით სასამართლოების მხრიდან შეიმჩნევა ერთმანეთისაგან განსხვავებული მიდგომები.
კასატორის მითითებით, ამავე დროს მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროში დაცული მონაცემებით, როგორც გი. ასევე გ. შ-ე დაბადებულია ქ. ქუთაისში, მათი დაბადების აქტის ჩანაწერის მიხედვით, მათი მშობლების, მამის - გრ. შ-ის საცხოვრებელ ადგილად მითითებულია ყუბანი, … რაიონი, ... მხარე; დედის - ნ. გ-ას საცხოვრებელ ადგილად მითითებულია ქუთაისი, ... ქ. მე-8 ჩიხი #13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არასრულწლოვანის საცხოვრებელ ადგილად ითვლება მშობლის უფლების მქონე მშობლების საცხოვრებელი ადგილი, ხოლო სამეურვეო პირისა - მეურვის საცხოვრებელი ადგილი. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, გ. შ-ის და გი. შ-ის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს მშობლების საცხოვრებელი (რეგისტრაციის) ადგილი - ქუთაისი წარმოადგენდა.
კასატორის მითითებით, სასამართლო ეყრდნობა მოწმეთა ჩვენებებს, რომლებიც არამც თუ ერთმანეთისაგან, თავად ამ ოჯახის მთავარი წარმომადგენლის ნ. გ-ას მიერ გასაუბრების დროს ოჯახის შესახებ მიცემული ახსნა-განმარტებიდანაც რადიკალურად განსხვავდება. ამასთან, აღნიშნული მოწმეები არიან მოსარჩელის ახლობლები და ნათესავები და ცხადია, რომ ისინი არიან საქმის შედეგით დაინტერესებული პირები და შესაბამისად, მათი ჩვენებების უპირობო გაზიარება ეწინააღმდეგება სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა შეფასების და გაზიარების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს.
კასატორი ასევე არ ეთანხმება სასამართლოს მითითებას, თითქოს იმისათვის, რომ პირს ჩამოერთვას სტატუსი, სამინისტრო ვალდებულია ზუსტად გამოარკვიოს და დაადგინოს მისი ნამდვილი საცხოვრებელი მისამართი. კასატორის მოსაზრებით, აღნიშნული მითითება მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს, რადგან დევნილის სტატუსის მინიჭების თუ ჩამორთმევის დროს სავალდებულოა ოკუპირებულ ტერიტოირიაზე პირის მუდმივი ცხოვრების ფაქტის დადგენა.
კასატორის მითითებით, საინტერესოა ის გარემოება, რომ სასამართლო მოსარჩელეების მამის, აწ გარდაცვლილი გრ. შ-ის მიერ შპს ,,...“ დაარსებას ოკუპირებულ ტერიტორიაზე, გრ. შ-ის ამ ტერიტორიაზე მუდმივად ცხოვრების უტყუარ მტკიცებულებად მიიჩნევს, მაშინ როდესაც მოწმეების ჩვენებით აღნიშნული საწარმოს მიერ წარმოებულ პროდუქციას გრ. შ-ე რუსეთში უკეთებდა რეალიზაციას და ის ძირითადად დაკავებული იყო ამ საქმიანობით და ამ გარემოებით ხსნიდნენ გრ. შალამაბერიძის რუსეთის ფედერაციაში მოქალაქეობა/რეგისტრაციის ფაქტს. ამავე დროს არასწორია სასამართლოს მითითება, თითქოს სამინისტროს სადავოდ არ გაუხდია მოსარჩელეების მამის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუდმივად ცხოვრების ფაქტი.
კასატორი მიიჩნევს, რომ სამინისტროს მიერ დაცულ იქნა კანონით გათვალისწინებული ყველა პროცედურა ადმინისტრაციული წარმოების დროს, გამოკვლეულ იქნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, რაც დასტურდება მოსარჩელეების ცხოვრების იმ დეტალების გამოკვლევით, რომელსაც შეიძლება გავლენა მოეხდინა მათთვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევაზე გადაწყვეტილების მიღებისას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტზე და აღნიშნავს, რომ პირს დევნილის სტატუსი ჩამოერთმევა, თუ მან ეს სტატუსი ყალბი საბუთებისა და ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე მიიღო. ამასთან, აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება; ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვანი პირი უფლებამოსილია მიიღოს დევნილის სტატუსი, თუ ერთ-ერთ ან ორივე მშობელს მინიჭებული აქვს ან/და ჰქონდა დევნილის სტატუსი, მხოლოდ მშობლის (მშობლების) ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის საფუძველზე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრას და ამ ადგილის იძულებით დატოვების ფაქტის დადგენას. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ #ბს-1896-1849(კ-10) და #ბს-1227-1213(კ-11) ადმინისტრაციულ საქმეებზე გაკეთებულ განმარტებებზე და აღნიშნავს, პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატულია აღნიშნულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც შეიძლება დასტურდებოდეს მტკიცებულებებით, რომ პირი განსაზღვრულ ადგილას წარმოადგენს მუდმივ მაცხოვრებელს.
განსახილველ შემთვევაში დადგენილია, რომ სასამართლო სხდომაზე მოწმეებმა ნ. კ-ამ, მ. გ-ამ, გ. გ-ამ და შ. შ-ემ დაადასტურეს დევნილობამდე გრ. შ-ის მის შვილებთან გ. და გი. შ-ეებთან ერთად აფხაზეთში ცხოვრების ფაქტი. მ. ს-ის 2015 წლის 16 დეკემბრის ნოტარიულად დამოწმებული განცხადებით ასევე დასტურდება, რომ მოსარჩელეების მამა დაოჯახებამდე ცხოვრობდა დეიდასთან ერთად ..., დაოჯახების შემდეგ ცხოვრობდა სოხუმში, ხოლო შემდეგ „დაჩა“-ზე … . 1990 წელს მან მეგობართან ერთად დააფუძნა კოოპერატივი „...“, რომელიც მდებარეობდა სოხუმის ... ახლოს. მას ასევე ზემო კელასურში ჰქონდა მიწის ნაკვეთი და იძენდა სამშენებლო მასალებს სახლის მშენებლობისათვის. მოწმეებმა ასევე დაადასტურეს, რომ მოსარჩელეთა ძმა გი. შ-ე დაიბადა ქალაქ სოხუმში, რაც ასევე დადასტურდა მისი დაბადების აქტის ჩანაწერითაც, ანუ 1990 წელს მისი დაბადების ფაქტი დადასტურებულია სოხუმის სამსახურის მიერ. ამასთან, ამავე აქტში მამის - გ. შ-ის სამუშაო ადგილად ასევე მითითებულია მოწმეთა მიერ ნახსენები კოოპერატივი „...“. ყოველივე ზემოაღნიშნული კი ადასტურებს 1992 წლამდე მოსარჩელეთა მამის - გრ. შ-ის აფხაზეთში მუდმივად ცხოვრების ფაქტს, ხოლო მის შვილებს (მოსარჩელეებს) კი იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი მოპოვებული აქვთ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის დანაწესიდან გამომდინარე ანუ ისინი წარმოადგენენ დევნილის სტატუსის მქონე მშობლის შვილებს, რაც მათთვის დევნილის სტატუსის აღდგენის საფუძველს ქმნის.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 15 სექტემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი