#080510015807743
#ბს-156-154(კ-17) 20 აპრილი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ნ. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. მ-ემ 17.12.2012წ. და 11.03.2013წ. სარჩელებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 21.12.2012წ. და 15.03.2013წ. განჩინებებით ნ. მ-ის სარჩელები განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა საჩხერის რაიონულ სასამართლოს.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 8 აპრილის განჩინებით აღნიშნული ადმინისტრაციული საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებად.
საჩხერის რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვისას მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნები და საბოლოოდ მოითხოვა: ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის გადადების შესახებ (სისხლის სამართლის საქმის დასრულებამდე) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 15.02.2013წ. №25141 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; ქ. ჭიათურაში, ... ქუჩაზე მდებარე სავაჭრო რიგში განთავსებულ №... ფართზე არსებულ ჩანაწერებში ტექნიკური ხარვეზის შესწორებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახურის 19.12.2012წ. №892012156733-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; ქ. ჭიათურაში, ... ქუჩაზე მდებარე მშენებარე სავაჭრო რიგის ... სართულზე №...-ში განთავსებულ არასაცხოვრებელ ფართზე ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 24.08.2009წ. ნა. მ-ის სახელზე განხორციელებული სარეგისტრაციო ჩანაწერის ბათილად ცნობა; ქ. ჭიათურაში, ... ქუჩაზე მდებარე მშენებარე სავაჭრო რიგის ... სართულზე №...-ში განთავსებულ არასაცხოვრებელ ფართზე ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 26.06.2009წ. ა. დ-ის სახელზე განხორციელებული სარეგისტრაციო ჩანაწერის ბათილად ცნობა; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახურისათვის ქ. ჭიათურაში, ... ქუჩაზე მდებარე №... სავაჭრო ობიექტზე ა. დ-ისა და ნა. მ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმის დავალება; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსის მიერ განხორციელებულ უკანონო სარეგისტრაციო ჩანაწერთან დაკავშირებით მისი სამსახურებრივი პასუხისმგებლობის საკითხის განხილვის დავალება, მოსარჩელის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების გადახდის მოპასუხეებზე დაკისრება.
დავის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვისას საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ნა. მ-ი და ა. დ-ე.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით ნ. მ-ის დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება #892012156733-03 რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება ქ.ჭიათურაში, ... ქუჩაზე, სავაჭრო რიგის ... სართულზე #... არასაცხოვრებელ ფართზე ა. დ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე და მის საფუძველზე განხორციელებული სარეგისტრაციო ჩანაწერი - განაცხადის რეგისტრაციის #882009184134, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი ....; ბათილად იქნა ცნობილი ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილება ქ.ჭიათურაში, ... ქუჩაზე, სავაჭრო რიგის ... სართულზე #... არასაცხოვრებელ ფართზე ნა. მ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე და მის საფუძველზე განხორციელებული სარეგისტრაციო ჩანაწერი - განაცხადის რეგისტრაციის #882009257544, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი ....; საჯარო რეესტრის ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა უარი ეთქვა ა. დ-ისა და ნა. მ-ისთვის ქ.ჭიათურაში, ... ქუჩაზე, სავაჭრო რიგის ... სართულზე #... არასაცხოვრებელ ფართზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე; მოსარჩელის მოთხოვნები ბათილად იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 15 თებერვლის #25141 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის გადადების შესახებ და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალოს განიხილოს ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსის სამსახურებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, მის მიერ განხორციელებული უკანონო სარეგისტრაციო ჩანაწერის გამო, არ დაკმაყოფილდა.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნა. მ-მა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახურის და ნა. მ-ის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ნ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 26 ივნისის #882009184134-03 გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ და მის საფუძველზე ქ.ჭიათურაში, ... ქუჩაზე მდებარე მშენებარე სავაჭრო რიგის ... სართულზე №...-ში განთავსებულ არასაცხოვრებელ ფართზე (ს/კ #...) ა. დ-ის სახელზე 2009 წლის 26 ივნისს განხორციელებული სარეგისტრაციო ჩანაწერი (განაცხადის რეგისტრაციის #882009184134; თარიღი: 26.06.2009); სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 25 აგვისტოს #882009257544-03 გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ და მის საფუძველზე ქ.ჭიათურაში, ... ქუჩაზე მდებარე მშენებარე სავაჭრო რიგის ... სართულზე №...-ში განთავსებულ არასაცხოვრებელ ფართზე (ს/კ #...) ნა. მ-ის სახელზე 2009 წლის 25 აგვისტოს განხორციელებული სარეგისტრაციო ჩანაწერი (განაცხადის რეგისტრაციის #882009257544; თარიღი; 24.08.2009); დაევალა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახურს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა ა. დ-ის 2009 წლის 26 ივნისის #882009184134 და ნა. მ-ის 2009 წლის 24 აგვისტოს #882009257544 განცხადებასთან დაკავშირებით; ნ. მ-ის მოთხოვნა რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 19 დეკემბრის #892012156733-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ, არ დაკმაყოფილდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. მ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნა. მ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 25 დეკემბრის განჩინებით ნა. მ-ის და ნ. მ-ის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 23 ივნისის განჩინებით ნა. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში (ნ. მ-ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 23 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნა. მ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩნების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 19 მაისის განჩინებით ნა. მ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 23 ივნისის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახურის (უფლებამონაცვლე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისი) და ნა. მ-ის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში რომლითაც დაკმაყოფილდა ნ. მ-ის სარჩელი - ბათილად იქნა ცნობილი ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება #892012156733-03 რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ და 2009 წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილება - ჭიათურაში, ... ქუჩაზე, სავაჭრო რიგის ... სართულზე №... არასაცხოვრებელ ფართზე ნა. მ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ და მის საფუძველზე განხორციელებული სარეგისტრაციო ჩანაწერი - განაცხადის რეგისტრაციის ნომერი 882009257544, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი ... და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ნ. მ-ის სარჩელი მითითებულ ნაწილში არ დაკმაყოფილდა; ქ.ჭიათურაში, ... ქუჩაზე, სავაჭრო რიგის ... სართულზე №... არასაცხოვრებელ ფართზე ა. დ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილების განაცხ. #882009184134 და მის საფუძველზე განხორციელებული რეგისტრაციის საკადასტრო კოდი ...) ბათილად ცნობის ნაწილში - საჩხერის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. მ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა. ამასთან, კასატორმა საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე იშუამდგომლა.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ დაადგინა და არ გამოიკვლია სახეზე იყო თუ არა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 187-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოება. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8, მე-13, 21-ე, 23-ე მუხლები და არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 185-ე, 187-ე, 412-ე მუხლები. ასევე, სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლები. სასამართლოს უნდა გამოეკვლია რა იყო გამყიდველის უფლების დამდგენი დოკუმენტი უძრავ ნივთზე ნ. ყ-ეს და ა. დ-ეს შორის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას. კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გაიგო უზენაესი სასამართლოს განჩინება და უსაფუძვლოდ დატოვა ნა. მ-ი კეთილსინდისიერ მყიდველად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 1 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ, საკასაციო სასამართლოს მითითებების გათვალისწინებით, საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილება მიიღო. საკასაციო სასამართლოს მითითებების საფუძველზე, სააპელაციო პალატამ დამატებით გამოიკვლია ფართების იდენტურობის საკითხი. კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების, მხარეთა და მესამე პირების ახსნა-განმარტებებისა და მოწმეთა ჩვენებების ურთიერთშეჯერებით დადგინდა, რომ ნ. მ-ესა და ნა. მ-ს პრეტენზია აქვთ ერთიდაიგივე ფართზე.
სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ ა. დ-ის სახელზე 26.06.2009 წლის №882009184134-03 გადაწყვეტილებით რეგისტრაცია განხორციელებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, სარეგისტრაციო სამსახურს უფლება არ ჰქონდა რეგისტრირებულ მონაცემებში ხარვეზის აღმოფხვრის გზით ა. დ-ის საკუთრებად დაერეგისტრირებინა №... არასაცხოვრებელი ფართი, რომელიც უკვე ნ. მ-ის საკუთრებად იყო რეგისტრირებული.
ამასთან, სააპელაციო სასამართლომ დამატებით გამოიკვლია რამდენად იყო ცნობილი შემძენის ნა. მ-ისათვის საკუთრების საჯარო რეესტრში ა. დ-ის სახელზე რეგისტრაციის ხარვეზის შესახებ, რაც საქმეზე დაკითხული მოწმეების ჩვენებით არ დადასტურდა, ხოლო ამ ფაქტის დამადასტურებელი რაიმე წერილობითი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. სამოქალაქო კოდექსის 185-ე და 312-ე მუხლებით გათვალისწინებულ „გამსხვისებელში“ იგულისხმება პირი, რომელიც არ არის უფლებამოსილი გაასხვისოს საჯარო რეესტრში მის სახელზე რეგისტრირებული უფლება, სახელდობრ იმ შემთხვევაში, როდესაც უძრავ ნივთს ასხვისებს საამისოდ არაუფლებამოსილი, მაგრამ საჯარო რეესტრში მესაკუთრედ რეგისტრირებული პირი, მნიშვნელობა ენიჭება სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაწესს. კეთილსინდისიერი შემძენის უფლება საკუთრებაზე წარმოიშობა არა იმიტომ, რომ არაუფლებამოსილი გამსხვისებელი რეგისტრაციის ფაქტით გახდა საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ქონების მესაკუთრე, არამედ იმიტომ, რომ სამოქალაქო ბრუნვის ინტერესების დაცვის მიზნით, კანონი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს გარეგნულად აღქმად ფაქტებს, რომლის მიმართ არსებობს დასაბუთებული ნდობა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ნა. მ-ის მიერ სადავო ფართის შეძენისას ფართზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იყო ა. დ-ის საკუთრების უფლება, ფართის შეძენის მომენტში ჩანაწერის საწინააღმდეგოდ საჩივარი შეტანილი არ ყოფილა.
განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდება სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლით გათვალისწინებული მყიდველის ფართის კეთილსინდისიერ შემძენად მიჩნევის გამომრიცხავი გარემოებების არსებობა.
სამოქალაქო კოდექსის 187.1 მუხლის შესაბამისად, შემძენი ხდება ნივთის მესაკუთრე მაშინაც, როდესაც გამსხვისებელი არ იყო ნივთის მესაკუთრე, მაგრამ შემძენი ამ ფაქტის მიმართ კეთილსინდისიერია. კეთილსინდისიერად არ ჩაითვლება შემძენი, თუ მან იცოდა ან უნდა სცოდნოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. დადგენილია, რომ №... ფართი სხვადასხვა პერიოდში დაურეგისტრირდა სხვადასხვა პირებს. მხედველობაშია მისაღები, რომ კეთილსინდისიერების უფლების წყაროდ გადაქცევისათვის, ობიექტური სინამდვილის სუბიექტური დამოკიდებულებით შეცვლისათვის, აუცილებელია იმის დადგენა, რომ შემძენისათვის ნივთის შეძენამდე უცნობი იყო უფლების ობიექტზე სხვა პირის საკუთრების უფლების აღრიცხვა. კეთილსინდისიერი შემძენის ინსტიტუტი კანონიერ ნდობის პრინციპს ეფუძნება და გარკვეულწილად ზღუდავს აღმჭურველი აქტის ბათილად გამოცხადებას. შესაბამისად, ვინიდან არ დასტურდება სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლით გათვალისწინებული მყიდველის, ნა. მ-ის კეთილსინდისიერ შემძენად მიჩნევის გამომრიცხავი გარემოებების არსებობა, ამასთან, სადავო არ არის რეგისტრაციის საფუძვლი - ა. დ-ესა და ნა. მ-ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ არ არსებობს ნა. მ-ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის ბათილად ცნობის საფუძველი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
რაც შეეხება კასატორის შუამდგომლობას საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ვინაიდან, აღნიშნული განჩინებით წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს აღნიშნულ შუამდგომლობაზე.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ნ. მ-ეს საკასაციო საჩივარზე 2017 წლის 13 თებერვალს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ნ. მ-ეს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. ნ. მ-ეს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2017 წლის 13 თებერვალს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
პ. სილაგაძე