#ბს-196-194(კ-17) 25 აპრილი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ნ. ჯ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 20 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2015 წლის 29 ივნისს ნ. ჯ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ მისი დისციპლინური წესით დასჯის და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 25 მაისის #1119087 ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 6 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „112“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილებით ნ. ჯ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ჯ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 20 დეკემბრის განჩინებით ნ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 20 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ჯ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი უკანონოდ მიიჩნევს სამსახურიდან მის განთავისუფლებას და მიუთითებს, რომ დისციპლინური სახდელების მიუხედავად, მის მიმართ ასევე გამოიყენებოდა წახალისებები სამსახურებრივ მოვალეობათა სანიმუშოდ შესრულებისათვის. კასატორის მოსაზრებით, თუ იგი მოვალეობებს სანიმუშოდ ასრულებდა, მაშინ სამსახურებრივ მოვალეობათა არაჯეროვან შესრულებაში მისი დადანაშაულება საფუძველს მოკლებულია.
ამასთან, კასატორის განმარტებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (27.10.2015წ.) 98-ე მუხლის მიხედვით, სამსახურიდან გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ მძიმე დისციპლინური გადაცდომის განზრახ ჩადენის შემთხვევაში. დადგენილია, რომ მომხდარი ფაქტის შედეგად, რომელიც ჩაითვალა დისციპლინურ გადაცდომად და რის გამოც გათავისუფლდა სამსახურიდან, მძიმე შედეგი არ დამდგარა და არავის უზარალია; მომხდარი ფაქტი კი ტექნიკური შეცდომა იყო და არა მისი მხრიდან განხორციელებული განზრახი ქმედება.
კასატორი ასევე მიუთითებს ნორმალური სამუშაო პირობების არარსებობაზე, რაც გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით, შრომის კანონმდებლობითა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით.
კასატორი აღნიშნავს იმ გარემოებას, რომ დისციპლინური გადაცდომა მოხდა 2015 წლის 21 მარტს, შსს გენერალურ ინსპექციას სამსახურებრივი შემოწმების მასალები 3 აპრილს გადაეგზავნა, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილება - მისი სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება გამოიცა 25 მაისს. კასატორისთვის გაუგებარია რატომ საჭიროებდა 2 თვეზე მეტ ვადას დისციპლინური წარმოება. ამ პერიოდის განმავლობაში ის განაგრძობდა მუშაობას და ჩამოცილებული არ ყოფილა სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებას. ამასთან, კასატორის მითითებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (27.10.2015წ.) 91-ე მუხლის მე-6 პუნქტი ითვალისწინებს, რომ თუ დისციპლინური წარმოების მოსალოდნელი შედეგია დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად სამსახურიდან გათავისუფლების შეფარდება, დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეული ვალდებულია ჩაატაროს ზეპირი მოსმენა დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენი პირის მონაწილეობით, რაც კასატორის მითითებით მის მიმართ არ შესრულებულა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 23 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი.
2017 წლის 18 აპრილს ნ. ჯ-მა შუამდგომლობით მომართა საკასაციო სასამართლოს, რომლითაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატისთვის საქმის განსახილველად გადაცემა მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, შუამდგომლობის გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ჯ-ის შუამდგომლობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატისთვის საქმის განსახილველად გადაცემის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატისთვის საქმის განსახილველად გადაცემის შესახებ კასატორის შუამდგომლობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს მოცემული დავის გადაწყვეტისათვის საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატისთვის საქმის განსახილველად გადაცემის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3911 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი საფუძველი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე სადავოდ ხდის მისი დისციპლინური წესით დასჯის და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 25 მაისის #1119087 ბრძანების კანონიერებას, რომლის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა1“ (სამსახურებრივ მოვალეობათა არაჯეროვანი შესრულება) და „ბ“ (სამსახურებრივი მოვალეობებისადმი დაუდევარი დამოკიდებულება) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის #989 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების“ პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში–სამინისტრო) მოსამსახურეთა დისციპლინური წესდება განსაზღვრავს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა (შემდგომში – მოსამსახურე) დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახალისების საფუძვლებს, სახდელებისა და წახალისების სახეებს, საქმისწარმოებისა და მოსამსახურეთათვის დისციპლინური სახდელების შეფარდებისა და მოხსნის წესს. ამავე წესდების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის მოსამსახურეს ეკისრება დისციპლინური სახდელი, ხოლო მე-2 პუნქტი განსაზღვრავს დისციპლინური გადაცდომის სახეებს, მათ შორის - „ა1“ ქვეპუნქტის მიხედვით, დისციპლინური გადაცდომის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს სამსახურებრივ მოვალეობათა არაჯეროვანი შესრულება, „ბ“ ქვეპუნქტით დისციპლინური გადაცდომის სახეს ასევე წარმოადგენს სამსახურებრივი მოვალეობებისადმი დაუდევარი დამოკიდებულება. ამავე წესდების მე-3 მუხლის თანახმად, დისციპლინური სახდელის სახეებია: ა) შენიშვნა; ბ) საყვედური; გ) სასტიკი საყვედური; დ) სამინისტროს სამკერდე ნიშნის ჩამორთმევა; ე) თანამდებობიდან ჩამოქვეითება; ვ) სპეციალური ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითება; ზ) სამსახურიდან დათხოვნა. დადგენილია, რომ ნ. ჯ-ს დისციპლინური სახდელი დაკისრებული აქვს ოთხჯერ, ამასთან, გათავისუფლების საფუძველიც სწორედ დისციპლინური გადაცდომა გახდა, რაც გამოიხატა სამსახურებრივ მოვალეობათა არაჯეროვან შესრულებასა და სამსახურებრივი მოვალეობებისადმი დაუდევარ დამოკიდებულებაში, კერძოდ, 2015 წლის 21 მარტს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სასწრაფო დახმარების გამოძახების შესახებ შეტყობინების მიღებისას მან არაჯეროვნად შეასრულა მოვალეობა და საკუთარი დაუდევრობით შეტყობინება რეაგირების გარეშე დატოვა, ეს იმ პირობებში, როდესაც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბერის #1073 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112-ის“ დებულების“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, „112-ის“ ერთ-ერთი ფუნქციაა: მისი საქმიანობის სფეროში შემავალი საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის შემთხვევათა შესახებ მიღებული შეტყობინებების დამუშავება და რეაგირებისათვის შესაბამისი სუბიექტებისათვის ინფორმაციის დროული მიწოდება. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში ნ. ჯ-ისთვის დისციპლინური სახდელის შეფარდებისას გადამწყვეტი მნიშნველობა სწორედ მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის ხასიათს აქვს.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 99-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან ამ კანონით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომისათვის. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სამსახურებრივ მოვალეობათა დარღვევისათვის მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან, თუ მის მიმართ უკვე მოქმედებს დისციპლინური პასუხიმგებლობის ნებისმიერი სხვა ზომა.
საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას გადაცდომის გამოვლენიდან დისციპლინური სახდელის 2 თვის შემდეგ გამოყენებასთან დაკაშირებით და მიუთითებს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების“ მე-4 მუხლის მე-6 პუნქტზე, რომლის თანახმად, დისციპლინური სახდელი გამოიყენება გადაცდომის გამოვლენიდან, მაგრამ არა უგვიანეს 1 წლისა, მოსამსახურის ავადმყოფობის ან შვებულებაში ყოფნის დროის ჩაუთვლელად. დისციპლინური სახდელი არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს გადაცდომის გამოვლენის დღიდან 1 წლის გასვლის შემდეგ, ხოლო საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის შემოწმების შედეგების მიხედვით არა უგვიანეს 2 წლისა მისი ჩადენის დღიდან. ამ ვადაში არ შედის სამსახურებრივი შემოწმებისა და სისხლის სამართლის საქმისწარმოების დრო. ამასთან, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის მიხედვით, პირს, რომელსაც უფლება აქვს გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, შეუძლია დისციპლინური წარმოების დაწყებიდან მოსამსახურე 24 საათის განმავლობაში ჩამოაშოროს სამსახურს. ამდენად, დისციპლინური წარმოების დაწყებისას მოსამსახურის სამსახურიდან ჩამოშორება წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას და არა ვალდებულებას.
საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას არასათანადო სამუშაო პირობებზე, ვინაიდან იგი გაცნობილი იყო სამსახურის შინაგანაწესს, რომლის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ოპერატიული მართვის სამსახურის ცვლაში მომუშავე მოსამსახურეთა სამუშაო დრო განისაზღვრებოდა თორმეტ საათიანი ცვლიანობის განრიგით. ამასთან, კასატორი უთითებს არასათანადო სამუშაო პირობებზე, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია.
ამასთან, კასატორი მიუთითებს მისი გათავისუფლებისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის კანონის დარღვევაზე იმ პირობებში, როდესაც ბრძანება გამოცემულია - 2015 წლის 25 მაისს.
მოცემულ შემთხვევაში, დისციპლინური გადაცდომის შინაარსისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112-ის“ ფუნქციების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ბრძანება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემულია დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის გათვალისწინებით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. ჯ-ის შუამდგომლობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატისთვის საქმის განსახილველად გადაცემის შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
2. ნ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
3. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 20 დეკემბრის განჩინება;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ჩინჩალაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი