Facebook Twitter

#ბს-199-197(2კ-17) 19 აპრილი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ს. ს-ის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 22 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2015 წლის 13 ივლისს ს. ს-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 10 ივნისის #1248323 ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილებით ს. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 10 ივნისის #1248323 ბრძანება ს. ს-ის თანამდებობიდან გათავისუფლების ნაწილში და სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ს. ს-ის მიმართ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა, კანონით დადგენილ ვადაში და წესით; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს. ს-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 22 დეკემბრის განჩინებით ს. ს-ის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 22 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს. ს-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.

კასატორი - ს. ს-ი დაუსაბუთებლად მიიჩნევს სასამართლოს გადაწყვეტილებას მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე სადავო საკითხის გადაუწყვეტლად გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის თაობაზე. კასატორის მოსაზრებით, მაშინ როდესაც მისი განთავისუფლების ბრძანებას წინ უძღოდა სამსახურის მიერ დასაქმებულისათვის ჩატარებული ნორმატივები, რომელიც მან წარმატებით ჩააბარა და მისი განთავისუფლება მხოლოდ და მხოლოდ გამოსაცდელი ვადის გასვლის გამო განხორციელდა, სასამართლოსათვის ნათელი გახდა მისი უკანონოდ განთავისუფლების საფუძველი, ამდენად, ადმინისტრაციული ორგანოსათვის საკითხის დამატებით ხელახლა განხილვის დავალების საჭიროება აღარ არსებობდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 22 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, ს. ს-ი, რომელიც 2015 წლის 21 იანვრიდან გამოსაცდელი ვადით იყო დანიშნული, სამსახურიდან გათავისუფლდა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანების 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რაც ითვალისწინებდა სამსახურიდან გათავისუფლებას გამოსაცდელი ვადის გასვლის ან არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო. მოცემულ შემთხვევაში ს. ს-ი გათავისუფლდა გამოსაცდელი ვადის გასვლის გამო.

კასატორის მითითებით, სასამართლომ სავალდებულოდ მიიჩნია გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდგომ შეფასების აქტის შედგენა, რაც კანონის მოთხოვნებიდან ცალსახად არ გამომდინარეობს. გამოსაცდელი ვადის გასვლა, როგორც სამსახურიდან გათავისუფლების კანონმდებლობით დადგენილი საფუძველი, მოითხოვს გათავისუფლების აქტის შედგენას, შეფასების აქტის წერილობითი გაფორმების სავალდებულოობა კი არ არის განსაზღვრული.

კასატორი ყურადღებას ამახვილებს აღნიშნული წესის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის ბოლო წინადადებასა და 35-ე მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის ურთიერთმიმართებაზე და მიუთითებს, რომ ნორმათა დისპოზიციის მიხედვით, კანონმდებელი პირის სამსახურიდან გათავისუფლების ორ დამოუკიდებელ საფუძველს ადგენს, კერძოდ, არადამაკმაყოფილებელი შედგენის გამოვლენა გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაში და გამოსაცდელი ვადის გასვლა, რომლებიც განიხილება არა კუმულატიურად, არამედ ცალ-ცალკე. კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს განმარტება გვერდს უვლის გამოსაცდელი ვადის გასვლის, როგორც სამსახურიდან გათავისუფლების დამოუკიდებელი საფუძვლის აღიარებას იმ ვითარებაში, როდესაც ის კანონით არის დადგენილი.

ამასთან, კასატორის მითითებით, აღნიშნული წესის მე-19 მუხლი განსაზღვრავს სამინისტროში მიღებისას დადგენილ შეზღუდვებს, კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, სამინისტროში არ მიიღება სპეციალური შემოწმების შედეგად უარყოფითი შეფასების/შედეგების მქონე პირი. მოცემულ შემთხვევაში ს. ს-ის მიმართ ჩატარებული შემოწმების შედეგად გამოვლენილ იქნა უარყოფითი შედეგები, რომლის შეფასების აქტში აღწერა ან მისი გათავისუფლების ბრძანებაში საფუძვლად მითითება არ მოხდა იმ საფუძვლით, რომ ასეთი ინფორმაცია საიდუმლო დოკუმენტს წარმოადგენს და კანონი მისი ამ ფორმით გაცემას არ ადგენს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 23 თებერვლის განჩინებებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ს. ს-ის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ს. ს-ის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინიტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მოსაზრებას სადავო ბრძანების კანონიერების თაობაზე. საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ს. ს-ი დანიშნული იყო გამოსაცდელი ვადით. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ 35-ე მუხლი განსაზღვრავს სამსახურიდან დათხოვნის/გათავისუფლების საფუძვლებს, რომლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამინისტროს მოსამსახურე შეიძლება დათხოვნილ/თანამდებობიდან გათავისუფლებულ იქნეს გამოსაცდელი ვადის გასვლის ან არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო; ხოლო ამავე წესის 50-ე მუხლი ადგენს გამოსაცდელი ვადის გასვლის ან არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო დათხოვნის პირობებს, რომლის მიხედვით, გამოსაცდელი ვადის გასვლის ან არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო მოსამსახურის დათხოვნა ხდება გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მისი მუშაობის არადამაკმაყოფილებელი შედეგების ან სპეციალური შემოწმების ჩატარებისას უარყოფითი შედეგების არსებობის შემთხვევაში. ამდენად, 50-ე მუხლი პირდაპირ მიუთითებს რა შემთხვევაში შეიძლება გახდეს გამოსაცდელი ვადის გასვლა სამინისტროს მოსამსახურის დათხოვნის საფუძველი, რაც გამორიცხავს კასატორის მოსაზრებას დასაბუთების გარეშე მხოლოდ გამოსაცდელი ვადის გასვლაზე მითითებით მოსარჩელის გათავისუფლების თაობაზე. ამასთან, საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს აღნიშნული წესის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მოწმდება პირის კვალიფიკაციის, საქმიანი უნარ-ჩვევების, შესაძლებლობების და პირადი თვისებების შესაბამისობა დაკავებული თანამდებობის (ამოცანის შესასრულებლად) მიმართ წაყენებულ მოთხოვნებთან. გამოსაცდელი ვადის დასრულებამდე უნდა მოხდეს გამოსაცდელი ვადის გამოყენების შედეგების შეფასება. შეფასების აქტი დგება წერილობითი ფორმით უშუალო უფროსის მიერ და დაერთვება პირის პირად საქმეს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გამოსაცდელი ვადის დასრულებისას სავალდებულოა შედგეს დასაბუთებული წერილობითი დოკუმენტი, შეფასების აქტი, რომლის გათვალისწინებითაც უფლებამოსილმა პირმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება მოსამსახურის თანამდებობაზე მიღების ან გათავისუფლების შესახებ.

საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ მართალია გამოსაცდელი ვადის შედეგების შეფასება განეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციის სფეროს, თუმცა მასვე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლი ავალდებულებს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამორიცხოს თვითნებური, მიკერძოებული, არაკვალიფიციური გადაწყვეტილება და უნდა დაასაბუთოს მიღებული გადაწყვეტილების კანონთან შესაბამისობა და კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა. მოტივირებული, დასაბუთებული გადაწყვეტილება კანონიერი გადაწყვეტილების წინაპირობას წარმოადგენს. დასაბუთებაში კი არგუმენტირებულად უნდა მიეთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლის შესაბამისადაც მიღებულ იქნა ეს გადაწყვეტილება. მიუხედავად მიღებული გადაწყვეტილების შედეგებისა, დაინტერესებული მხარისთვის გასაგები უნდა იყოს რა მოტივით იქნა მიღებული მის მიმართ კონკრეტული გადაწყვეტილება. სამსახურიდან გათავისუფლებისას პირმა უნდა იცოდეს რა წარმოადგენს მისი სამსახურიდან დათხოვნის რეალურ მიზეზს და მასზე დაკისრებული რომელი მოვალეობების შეუსრულებლობა გახდა მისი სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სამართლიანობისა და კანონიერების განცდას უნდა ქმნიდეს.

განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ არის დასაბუთებული ს. ს-ის სამსახურიდან განთავისუფლების საფუძველი, რაც ადასტურებს მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საჭიროებას.

ამასთან, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის - ს. ს-ის მოსაზრებას სადავო აქტის არებითად ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, ვინაიდან, საქმეზე დადგენილი გარემოებები არ იძლევა დავის არსებითად გადაწყვეტის შესაძლებლობას. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირის მიმართ შესაბამისი შეფასების აქტის შედგენა, ისევე როგორც დამაკმაყოფილებელი შედეგების შემთხვევაში თანამდებობაზე დანიშვნა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს, ამდენად, მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენება შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს, შესაბამისად სახეზეა სადავო საკითხის გადაუწყვეტლად აქტის ბათილად ცნობის და ადმინისტრაციული ორგანოსათვის საქმის გარემოებების შესწავლის შემდეგ, ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ს. ს-ის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 22 დეკემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ჩინჩალაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი