ბს-217-216(3კ-უს-16) 14 ივლისი, 2016 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ნ. დ-ის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.01.2016წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ნ. დ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების: სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, მესამე პირების დ. ბ-ის და ვ. კ-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ნ. დ-ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე მ. გ-ის, ვ. კ-ის და დ. ბ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებების არარად აღიარება, ასევე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 19.02.2013 წ. №26444 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 04.09.2014წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 19.03.2013 წ. №26444 გადაწყვეტილება სრულად და დაევალა მოპასუხე მხარეს გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, საქართველოს კონსტიტუციის, „საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 13.08.2012წ. #1/921-12 (#007111431) განაჩენის და საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ... მდებარე ნ. დ-ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე მ. გ-ის, ვ.კ-ის და დ. ბ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების არარად აღიარების თაობაზე მსჯელობა. მოპასუხე მხარეს დაეკისრა მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის ოდენობით გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.
გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, ნ. დ-მა და დ. ბ-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.07.2015წ. განჩინებით სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ნ. დ-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 19.02.2013წ. N26444 გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ნ. დ-ს უარი ეთქვა თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 07.03.2011წ. N882011090436-03 აქტის (მ. გ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ) არარად აღიარების თაობაზე და დაევალა მოპასუხე მხარეს საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, საქართველოს კონსტიტუციის, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 13.08.2012წ. N1/921-12 (007111431) განაჩენისა და საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ... მდებარე ნ. დ-ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე მ. გ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების არარად აღიარების თაობაზე მსჯელობა. დანარჩენ ნაწილში ნ. დ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ნ. დ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიზნით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის სადავო მიწის ნავეთზე მოქმედებების განხორციელების აკრძალვის მოთხოვნით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.01.2015წ. განჩინებით განცხადებაზე დადგინდა ხარვეზი, კერძოდ, განმცხადებელს დაეკისრა მოთხოვნის დაზუსტების შესახებ განცხადებისა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრის წარდგენა სააპელაციო სასამართლოსათვის, განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში.
ხარვეზის გამოსწორების მიზნით ნ. დ-მა სააპელაციო სასამართლოს წარუდგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, ასევე განცხადება მოთხოვნის დაზუსტების შესახებ, რომლითაც მოითხოვა გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა.
გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, ნ. დ-მა და დ. ბ-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.01.2016წ. განჩინებით ნ. დ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა, რაზეც ნ. დ-მა წარადგინა საჩივარი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.03.2016წ. განჩინებით ნ. დ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საკასაციო სასამართლოს.
საკასაციო სასამართლოს 06.05.16წ. განჩინებით ნ. დ-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და წარმოდგენილი საჩივრის დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. დ-ის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 29.01.2016წ. განჩინებაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სსკ-ის 191-ე მუხლით გათვალისწინებულია სასამართლოსთვის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე განცხადებით მიმართვის უფლება და განსაზღვრულია ამ უფლების რეალიზაციის წესი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პირის მატერიალურ-სამართლებრივი უფლების სასამართლო წესით დაცვის უზრუნველყოფა თავის თავში მოიცავს უფლების დაცვის როგორც ძირითად, ასევე დამატებით საშუალებებს. უფლების დაცვის ძირითადი საშუალებაა სასარჩელო წარმოება, ხოლო დამატებითი საშუალებაა საგანმცხადებლო წარმოება, რომელიც ცალკე, იზოლირებულად არ არსებობს და არსებით კავშირშია სასარჩელო წარმოებასთან, მისი თანმდევია. მათი ერთობლიობა კი ქმნის სასამართლო დაცვაზე უფლების რეალიზების საპროცესო-სამართლებრივ მექანიზმს. უფლების სასამართლო წესით დაცვის საგანმცხადებლო წარმოების სახეებია - სარჩელის უზრუნველყოფა და გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა. სარჩელის უზრუნველყოფა მიზნად ისახავს სასარჩელო მოთხოვნის რეალიზაციის უზრუნველყოფას სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გადაწყვეტილების ფაქტობრივი აღსრულების გაჭიანურების ან დაბრკოლების თავიდან აცილებას ემსახურება. მოსარჩელეს ეკისრება მტკიცების ტვირთი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას (სსკ 191-ე მუხლის პირველი ნაწილი).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად. აღნიშნული ნორმა მხარეს აძლევს შესაძლებლობას ჯერ კიდევ აღუსრულებელი გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა მოითხოვოს, რისთვისაც მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ. გადაწყვეტილების უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას უნდა არსებობდეს დასაბუთებული ვარაუდი, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – გადაწყვეტილების აღსრულება.
განსახილველ შემთხვევაში ნ. დ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 19.02.2013წ. #N26444 გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ნ. დ-ს უარი ეთქვა თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 07.03.2011წ. #882011090436-03 გადაწყვეტილების (მ. გ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ) არარად აღიარებაზე და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა საქმის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მ. გ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების არარად აღიარების თაობაზე. მნიშვნელოვანია, რომ ნ. დ-ის მოთხოვნა სადავო ნივთის ამჟამინდელი მესაკუთრის დ. ბ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის არარად ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდა. ნ. დ-ი განცხადებით ითხოვდა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფას. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს მასზედ, რომ სარჩელი არ არის სრულად დაკმაყოფილებული, საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით მარეგისტრირებელ ორგანოს დავალებული აქვს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მხოლოდ მ. გ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის ნაწილში. ამასთან, საქმის მასალებით დასტურდება სადავო მიწის ნაკვეთის რამოდენიმეჯერ გაყიდვა, რის გამოც საკასაციო პალატა თვლის, რომ უზრუნველოფის ღონისძიების გამოყენება გავლენას ვერ მოახდენს შედეგზე. შესაბამისად, კანონშესაბამისია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ მოცემულ პირობებში არ არსებობს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების წინაპირობები.
საკასაციო პალატა თვლის, რომ ნ. დ-მა სარწმუნოდ ვერ დაადასტურა, რომ ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან ხელი შეეშლება გადაწყვეტილების აღსრულებას. ამასთან, სარჩელის ზემოთმითითებულ ნაწილში დაკმაყოფილების პირობებში საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლით განსაზღვრული უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძველი, სააპელაციო სასამართლოს მიერ სწორად ეთქვა უარი საჩივრის ავტორის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 10.07.2015წ. გადაწყვეტილების აღსრულებისათვის ხელისშემშლელი გარემოებები, რის გამოც ნ. დ-ის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 29.01.2016წ. განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილით, 191-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. დ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ
საქმეთა პალატის 29.01.2016წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი