Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე№ბს-331-329(კ-17) 20 აპრილი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ს. ლ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.05.2014წ. განჩინებაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.05.2014წ. განჩინებით ს. ლ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად იქნა დატოვებული ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 26.11.2013წ. გადაწყვეტილება ს. ლ-ის სარჩელის დაკმაყოფილების უარის თქმის შესახებ. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს. ლ-ემ, რომელმაც საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინა 28.03.2017წ..

სსკ-ის 397.1 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე, ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ დაიშვება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61.3 მუხლის შესაბამისად საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. სსსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთი, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, რჩება განუხილველად.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სააპელაციო პალატის 30.05.2014წ. განჩინება 08.07.2014წ. ს. ლ-ეს გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე: ახალციხე, ... ქ. 35, თუმცა გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათის თანახმად ოჯახის წევრებმა უარი განაცხადეს გზავნილის ჩაბარებაზე (ტ.2, ს.ფ.161), რის შემდეგაც 28.07.2014წ. ს. ლ-ის განმეორებით გაეგზავნა სააპელაციო პალატის განჩინება, ოჯახის წევრებმა კვლავ უარი განაცხადეს გზავნილის ჩაბარებაზე (ტ.2, ს.ფ. 164). აღნიშნულის შემდეგ სააპელაციო სასამართლოს 30.05.2014წ. განჩინება გაეგზავნა ს. ლ-ის წარმომადგენელ ი. ნ-ს და 11.08.2014წ. ჩაბარდა (ტ.2, ს.ფ. 167).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74.1 მუხლის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა ადრესატი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. ამავე კოდექსის 75.1 მუხლის შესაბამისად თუ ადრესატმა ან მასთან მცხოვრებმა ოჯახის ქმედუნარიანმა წევრმა უარი განაცხადა კორესპონდენციის ჩაბარებაზე, გზავნილი ადრესატისათვის ჩაბარებულად ითვლება. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ს. ლ-ე როგორც სარჩელში (ტ.1, ს.ფ.2), ასევე სააპელაციო საჩივარსა (ტ.1, ს.ფ.165) და განცხადებებში თავის ძირითად მისამართად უთითებდა: ქ. ახალციხე, ... ქ. 35-ს. საქმის განხილვის მიმდინარეობისას სწორედ აღნიშნულ მისამართზე ეგზავნებოდა და ბარდებოდა სასამართლო შეტყობინებები ს. ლ-ეს. სააპელაციო პალატის 30.05.2014წ. განჩინებაც ამ მისამართზე გაეგზავნა მხარეს. ს. ლ-ეს სასამართლოსათვის არ მიუწოდებია ინფორმაცია მისამართის შეცვლის შესახებ (სსკ-ის 76-ე მუხ.), იგივე მისამართია მითითებული წარმოდგენილ საკასაციო საჩივარშიც (ტ.2, ს.ფ. 179). ამდენად, სააპელაციო პალატის მიერ ს. ლ-ეს მის ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილზე ორჯერ გაეგზავნა 30.05.2014წ. განჩინება, თუმცა მისმა ოჯახის წევრებმა უარი თქვეს გზავნილის ჩაბარებაზე, რაც საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით მიიჩნევა კორესპონდენციის უფლებამოსილი პირის მიერ ჩაბარებად. ამასთანავე, გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათებზე არ არის გაკეთებული რაიმე აღნიშვნა ოჯახის წევრების მიერ გზავნილის ჩაბარებაზე უარის თქმის ობიექტური საფუძვლების შესახებ.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 13.2 მუხლის მიხედვით სასამართლო აქტები ეგზავნებათ მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს, ამასთანავე, წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი ითვლება მხარისათვის გაგზავნილად და პირიქით. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ს. ლ-ის ოჯახის წევრების მიერ განმეორებითი გზავნილის ჩაბარებაზე უარის თქმის შემდეგ, კორესპონდენცია დამატებით გაეგზავნა ს. ლ-ის წარმომადგენელ ი. ნ-ს. საკასაციო პალატა არ იზიარებს ს. ლ-ის მოსაზრებას, რომ ი. ნ-ი არ იყო მის მიერ უფლებამოსილი წარმომადგენელი და მხარე მას საერთოდ არ იცნობდა, რადგან სააპელაციო პალატის 15.05.2014წ. სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ როგორც უშუალოდ ს. ლ-ე, ასევე ი. ნ-ი, ს. ლ-ემ დაადასტურა, რომ ი. ნ-ის სახელზე სასამართლოსათვის წარდგენილი ორდერი გაცემულია მისი ნების შესაბამისად და თანახმაა მისი დაცვა გააგრძელოს ი. ნ-მა (14:40 სთ.). ამდენად, ი. ნ-ი იყო ს. ლ-ის წარმომადგენელი და მისთვის კორესპონდენციის ჩაბარება მიიჩნევა გზავნილის მარწმუნებლისათვის ჩაბარებად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.05.2014წ. განჩინება ს. ლ-ის მიერ საკასაციო წესით გასაჩივრებული იქნა გასაჩივრების 21-დღიანი ვადის დარღვევით, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 397-ე, 399-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ს. ლ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.05.2014წ. განჩინებაზე დატოვებულ იქნეს განუხილველად;

2. ა. მ-ეს (პ.ნ....) სრულად დაუბრუნდეს ს. ლ-ის საკასაციო საჩივარზე 28.03.2017წ. #1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი