საქმე # 330310014575359
საქმე ¹ბს-494-489(2კ-16) 13 აპრილი, 2017 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები - მ. ზ-ე (მოსარჩელე)
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.02.2016წ. გადაწყვეტილება
დავის საგანი - მონაცემთა დამუშავების, სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
18.08.2014წ. მ. ზ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიმართ და მოითხოვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის 09.07.2014წ. N1309066 დასკვნის ბათილად ცნობა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 17.07.2014წ. N1367557 ბრძანების ბათილად ცნობა, მ. ზ-ის პირვანდელ თანამდებობაზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2014 წლის 17 ივლისიდან სამსახურში აღდგენამდე ყოველთვიურად 1200 ლარის ოდენობით.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2002 წლიდან მუშაობდა სამართალდამცავ ორგანოებში. 2013 წლიდან ეკავა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, აჭარის ა/რ სამმართველოს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების .... თანამდებობა. 09.07.2014წ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ შედგა დასკვნა, რომელშიც მითითებულია, რომ 02.05.2014წ. მ. ზ-ეს მისმა მეგობარმა თ. კ-ემ სთხოვა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცულ კომპიუტერულ ბაზაში არასამსახურებრივად მოეძიებინა და გადაეცა მისთვის ინფორმაცია მოქალაქე ე. მ-ის და კონკრეტული ავტომანქანის მფლობელის შესახებ, რაც შესრულდა მ. ზ-ის მიერ, რომელმაც თავისი კუთვნილი გენერირების მოწყობილობის მეშვეობით შინაგან სამინისტროს დაცულ კომპიუტერულ ბაზაში არასამსახურებრივად მოიძია ინფორმაცია ე. მ-ის და ავტომანქანის მფლობელის შესახებ, რაც იმავე დღეს მიაწოდა მოქალაქე თ. კ-ეს. ამდენად, პოლიციის მაიორმა მ. ზ-ემ ჩაიდინა შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების 2.2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით (სამსახურებრივი მოვალეობისადმი დაუდევარი დამოკიდებულება) და „ვ“ ქვეპუნქტით (მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს) გათვალისწინებული გადაცდომა, რაც გამოიხატა მის მიერ შს სამინისტროს შიდა სამსახურებრივ პორტალზე დაშვების პაროლის გენერირების მოწყობილობის არასამსახურებრივად გამოყენებაში, რითაც დაირღვა შს მინისტრის 24.08.2012წ. N709 ბრძანების მოთხოვნა, რომლთაც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს აეკრძალათ შიდა საინფორმაციო სისტემაში მონაცემების მოპოვება, გამოყენება ან გავრცელება არასამსახურებრივი მიზნით. აღნიშნულის საფუძველზე შს გენერალური ინსპექციის მიერ შედგა სარეკომენდაციო ხასიათის დასკვნა, რომლის მიხედვითაც მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული მ. ზ-ისათვის შს სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-2 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელის - სამსახურიდან დათხოვნის შეფარდება. 17.07.2014წ. შს მინისტრის მიერ გამოიცა ბრძანება, რომლითაც ფაქტობრივად სრულად იქნა გაზიარებული შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის დასკვნა, მ. ზ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროდან.
მოსარჩელემ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული დასკვნა და ბრძანება გამოიცა კანონის უხეში დარღვევით და საქმის მნიშვნელოვანი გარემოებათა გამოკვლევის გარეშე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 23.09.2014წ. სასამართლო მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა სარჩელზე მოპასუხედ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის და საქართველოს შინაგან სამეთა მინისტრის ნაცვლად, დაასახელა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. სხდომაზე დაზუსტდა სასარჩელო მოთხოვნა, მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 17.07.2014წ. N1367557 ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.02.2015წ. გადაწყვეტილებით მ. ზ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
კოლეგიამ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის ოპერატიული უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს, ოპერატიული უზრუნველყოფის სამმართველოს II სამსახურის გმს ინსპექტორმა 26.05.2014წ. MIA 0 14 00986656 პატაკით მიმართა გენერალურ ინსპექციის უფროსს. პატაკის თანახმად, შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის ა/რ სამმართველოს ... მ. ზ-ემ 2014 წლის მაისში მასზე განპიროვნებული პაროლის გენერირების მოწყობილობის „დიჯიპასის“ გამოყენებით, შსს შიდა საინფორმაციო პორტალიდან არასამსახურებრივად მოიძია ინფორმაცია: მოქალაქე ე. მ-ის დემოგრაფიული მონაცემებისა და ფოტოსურათის შესახებ, ამ უკანასკნელის მეუღლის საცხოვრებელი მისამართისა და ტელეფონის ნომრის შესახებ, მონაცემები BMW X5 მარკის ავტომანქანის, სახელმწიფო ნომრით ... , მფლობელის მ. ჩ-ის შესახებ და აღნიშნული მონაცემები გადასცა თ. კ-ეს. საქართველოს შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული მოკვლევის ფარგლებში საქართველოს შს სამინისტროს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის მიერ 06.06.2014წ. გაცემული წერილობითი ინფორმაციით დასტურდება, რომ INFO.MIA.GE 01/04/2014-02/05/2014 პერიოდში ე. მ-ის, მ. ჩ-ის და ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით ... მფლობელის შესახებ ინფორმაცია გადაამოწმა მ. ზ-ემ.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმებისას, თ. კ-ემ წრილობით ახსნა-განმარტებაში მიუთითა, რომ მ. ზ-ეს სთხოვა გადაემოწმებინა ინფორმაცია მის მეუღლეს, მ. ა-ს, ურეკავდა თუ არა ე. მ-ე. მ.ზ-ემ გადაამოწმა აღნიშნული ინფორმაცია და აცნობა, რომ ნამდვილად ურეკავდა და ჰქონდათ ხანგრძლივი საუბრები. თ. კ-ის განმარტებით, მან სთხოვა მ. ზ-ეს ასევე გაერკვია ე. მ-ის მეუღლის ტელეფონის ნომერი და ინფორმაცია მისი სამუშაო ადგილის შესახებ, რაზეც მ. ზ-ემ უთხრა, რომ ე. მ-ის მეუღლე ეწეოდა კომერციულ საქმიანობას, მანვე აცნობა აგრეთვე მისამართი. თ. კ-ის განმარტებით, მ. ზ-ემ ასევე მოიძია და სოციალური ქსელის მეშვეობით მიაწოდა მას ინფორმაცია ავტომანქანის (სახელმწიფო ნომრით ...) მესაკუთრის შესახებ და უთხრა, რომ აღნიშნული ავტომანქანა რეგისტრირებული იყო კერძო ფირმაზე, ასევე, გაუგზავნა იმ პირის ფოტოსურათი, რომელიც ამ ფირმის წარმომადგენელი იყო და დაუდგინა მისი ვინაობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ზ-ემ შიდა სამსახურებრივ პორტალზე ე. მ-ის, მ. ჩ-ის და ავტომანქანის სახელმწიფო ნომრით ... მონაცემები შეამოწმა და თ. კ-ეს გადასცა, რაც წარმოადგენს მოხელისათვის შეუფერებელ ქმედებას, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კოლეგიამ მიიჩნია, რომ მ. ზ-ის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ ბრძანება არ ეწინააღმდეგება კანონს და გამოცემულია „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 41.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის და 59.3 მუხლის, საქართველოს შს მინისტრის 31.12.2013წ. N995 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შს სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ 35.2. მუხლის “ზ“ ქვეპუნქტისა და 35.4 მუხლის, საქართველოს შს მინისტრის 31.12.2013წ. N989 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შს სამინისტროს დისციპლინური წესდების“ 1.1 მუხლის, 2.2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის და 4.3 მუხლის, საქართველოს შს მინისტრის 24.08.2012წ. N709 ბრძანების, სზაკ-ის 2.1 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის და 7.2 მუხლების მოთხოვნათა დაცვით. შესაბამისად, კოლეგიამ მიუთითა, რომ არ არსებობს სადავო ბრძანების ბათილად ცნობის, განაცდურის ანაზღაურებისა და ახალი აქტის გამოცემის დავალების სამართლებრივი საფუძველი. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ზ-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა პალატის 09.02.2016წ. გადაწყვეტილებით მ. ზ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.02.2015წ. გადაწყვეტიელბის შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. ზ-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 17.07.2014წ. N1367557 ბრძანება მ. ზ-ის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში დათხოვნის თაობაზე და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში მ. ზ-ის სამსახურიდან გათავისუფლებას საფუძვლად დაედო განერალური ინსპექციის დასკვნა. აღნიშნული დასკვნის საფუძველი გახდა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ოპერატიული უზრუნველყოფის სამმართველოს ინსპექტორის პატაკი, რომელიც შედგენილია თ. კ-ის ახსნა-განმარტების საფუძველზე. ის გარემოება, რომ მ. ზ-ის მიერ იქნა მასზე განპიროვნებული შიდა სამსახურებრივ პორტალზე დაშვების პაროლის გენერირების მოწყობილობის მეშვეობით ე. მ-ისა და ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით ...მფლობელის შესახებ ინფორმაციის მოპოვება, დასტურდება საქმის მასალებით, თუმცა ერთადერთი მტკიცებულება, რითაც დასტურდება მ. ზ-ის მიერ სამსახურში ყოფნისას, მასზე განპიროვნებული შიდა სამსახურებრივ პორტალზე დაშვების პაროლის გენერირების მოწყობილობის მეშვეობით შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცულ კომპიუტერულ ბაზაში არასამსახურებრივად ინფორმაციის მოძიება და ამ ინფორმაციის გადაცემა, არის თ. კ-ის ახსნა-განმარტება. აღნიშნულ ახსნა-განმარტებასა და გენერალური ინსპექციის დასკვნაში მითითებულ გარემოებებს შორის კი - შეუსაბამობაა. პალატამ აღნიშნა, რომ თ. კ-ის ახსნა-განმარტებაში საუბრობს ე. მ-ისა და მისი მეუღლის სატელეფონო საუბრებისა და მიმოწერის სიხშირისა და ხანგრძლივობის თაობაზე მ. ზ-ის მიერ ინფორმაციის გადაცემაზე, თუმცა მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელი არ უარყოფს, რომ მ. ზ-ეზე განპიროვნებული პაროლის გენერირების მოწყობილობა „დიჯიპასი“ არ შეიცავს ინფორმაციას სატელეფონო საუბრებისა და მიმოწერის სიხშირისა და ხანგრძლივობის თაობაზე. პალატამ ასევე ყურადება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ თვით ახსნა-განმარტების ოქმით არ ირკვევა, თუ ვინ ჩამოართვა თ. კ-ეს ახსნა-განმარტება, იყო თუ არა იგი უფლებამოსილი აღნიშნულზე, ახსნა-განმარტებას არ აქვს ადმინისტრაციული ორგანოს პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა. ამასთან, თ. კ-ე სასამართლოს მიერ დაბარების მიუხედავად არც პირველი ინსტანციის სასამართლოში და არც სააპელაციო წესით საქმის განხილვისას არ გამოცხადდა. პალატამ ასევე მიუთითითა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია მ. ზ-ის მიერ ინფორმაციის სოციალურ ქსელ „ფეისბუქით“ გადაცემის ფაქტი.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მართალია, მ. ზ-ისათვის დისციპლინური სახდელის შეფარდების პროცესში ადმინისტრაციული ორგანო დისკრეციული უფლებამოსილებით სარგებლობს, თუმცა დისკრეციული უფლებამოსილება არ უნდა იქცეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების ერთადერთ საზომად. მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შეფასებისას გამოსარკვევია არა მარტო ის, ჰქონდა თუ არა ადმინისტრაციულ ორგანოს კონკრეტული საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება, არამედ ის, თუ როგორ განახორციელა მან აღნიშნული უფლებამოსილება. პალატამ მიიჩნია, რომ სადავო ბრძანება არ შეიცავს დასაბუთებას მ. ზ-ის მიმართ ყველაზე მძიმე დისციპლინური სახდელის - სამსახურიდან დათხოვნის გამოყენების მიზანშეწონილობის თაობაზე. პალატამ დარღვეულად მიიჩნია ასევე სზაკ-ის 96-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიკვლიოს და უდავოდ დაადგინოს, მოიძია არასამსახურებრივად და გადასცა თუ არა მ. ზ-ემ გენერალური ინსპექციის დასკვნაში მითითებული ინფორმაცია; ამასთან დაადგინოს კ-ის მიერ განმარტებული ინფორმაცია საერთოდ მოიძიება თუ არა შს სამინისტროს შიდა პორტალზე, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც, აპელანტის განმარტებით, აღნიშნული ინფორმაცია არ არის დამუშავებული შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა საინფორმაციო სისტემაში. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა როგორც მ. ზ-ის, ისე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ.
კასატორმა - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიუთითა, რომ დაინტერესებული პირისათვის ჩამორთმეული ახსნა-განმარტება ჩვეულებრივი მტკიცებულებაა და ჩატარებული დისციპლინური წარმოების ფარგლებში, სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში იძლეოდა იმ დასკვნის გაკეთების საფუძველს, რაც შემდგომში საფუძვლად დაედო მ. ზ-ის სამსახურიდან დათხოვნას. ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს შს მინისტრის 24.08.2012წ, N709 ბრძანების თანახმად, საქართველოს შს სამინისტროს თანამშრომლებს ეკრძალებათ შიდა საინფორმაციო სისტემაში მონაცემების არასამსახურებრივი მიზნით არათუ გამოყენება და გავრცელება, არამედ მოპოვებაც. ის გარემოება, რომ აღნიშნული ინფორმაცია მოპოვებული და გავრცელებული იქნა დასტურდება არამარტო დისციპლინური წარმოების მასალებით, არამედ სასამართლო სხდომებზე მ. ზ-ის მიერ მიცემული განმარტებებით, რომელიც აცხადებდა, რომ ვერ იხსენებდა აღნიშნული ინფორმაციის მოძიების მიზანს. აღნიშნული გარემოება კი ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს.
კასატორმა მიუთითა, რომ მ. ზ-ის მიერ „შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების“ 2.2 მუხლის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის ჩადენა გამოიხატა სამსახურებრივ პორტალზე დაშვების პაროლის გენერირების მოწყობილობის არასამსახურებრივად გამოყენებაში და პერსონალური ინფორმაციის არასამსახურებრივად მოპოვებასა და გავრცელებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გამოყენებულ იქნა ადეკვატური სახდელი.
კასატორმა - მ. ზ-ემ აღნიშნა, რომ მისი სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება უკანონოა და მასში ასახული ფაქტები სიმართლეს არ შეესაბამება. მ. ზ-ემ სადავო ბრძანების გამოცემა მისი და შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ისპექციის ინსპექტორ ფ. კ-ეს შორის არსებულ პირად დაპირისპირებას დაუკავშირა და განმარტა, რომ მის მიმართ ამ უკანასკნელის მიერ ხორციელდებოდა შანტაჟი, დაშინება და სამსახურიდან გათავისუფლების მუქარა. კასატორმა ყურადღება გაამახვილა მოპასუხის მიერ წარმოდგენილ მის დახასიათებაზე და განაცხადა, რომ საქართველოს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმსართველოს უფროსი დ. ა-ი, რომელიც ხელს აწერს დახასიათებას, საერთხოდ არ იცნობს მას და გაურკვეველია როგორ შეაფასა, რომ იგი არ ფლობდა სამსახურისთვის შესატყვის უნარ-ჩვევებს. მ. ზ-ემ აღნიშნა, რომ მისი შრომითი საქმიანობის ხარისხის, ეფექტიანი მუშაობისა და მიღწევების გათვალისწონებით დააწინაურეს და ასევე, მუშაობის პერიოდში მიღებული აქვს არაერთი წახალისება. კასატორი თვლის, რომ მისი სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება გამოცემულია კანონის დარღვევით და არ არის საკმარისად დასაბუთებული. გენერალური ისპექციის ხელმოუწერელ დასკვნას სასამართომ არ მისცა შესაბამისი შეფასება. ფ. კ-ის პატაკი, რომელიც გენერალური ინსპექციის დასკვნის მიღების საფუძველია არის დაუსაბუთებელი. კასატორი ყურადღებას ამახვილებს თ. კ-ის ახსნა-განმარტებაზე და აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატას სათანადოდ არ შეუფასებია ახსნა-განმარტებასა და გენერალური ისპექციის დასკვნას შორის შეუსაბამობა, ასევე ის ფაქტი, რომ თ. კ-ის მიერ მითითებული მონაცემებს არ შეიცავს მ. ზ-ეზე განპიროვნებული პაროლის გენერირების მოწყობილობა „დიჯიპასი“. კასატორმა აღნიშნა, რომ სასამართლოს უნდა ემსჯელა აღნიშნული მტკიცებულების მოპოვების კანონიერებაზე, რადგან გაურკვეველია რომელმა ადმინისტრაციულმა ორგანომ ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება და იყო თუ არა იგი უფლებამოსილი.
კასატორმა მიუთითა, რომ კანონის დარღვევითაა მოპოვებული საქმეში დაცული 03.06.2014წ. MIA 714010466385 და 06.06.2014წ. MIA 71401070595 სამსახურებრივი ბარათები თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად. აღნიშნული დოკუმენტები შეიცავს საიდუმლო ინფორმაციას, კერძოდ, იდენტიფიცირებული/ინდენტიფიცირებადი ფიზიკური პირების პერსონალურ მონაცემებს. კასატორის განმარტებით, მან აღნიშნული მონაცემები სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების ფარგლებში მოიპოვა. შესაბამისად, სამსახურებრივ ბარათებზე თანდართული მასალები წარმოადგენს პროფესიულ საიდუმლოებას სზაკ-ის მე-2 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის მიხედვით. ამასთან, გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილის წერილი საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის მიმართ არ შეიცავს პერსონალური მონაცემების დამუშავებისათვის აუცილებელ კანონიერ და მკაფიოდ განსაზღვრულ მიზანს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საინფორმაციო ანალიტიკურ დეპარტამენტს უნდა ემოქმედა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ უნდა გაეცა მოთხოვნილი დოკუმენტაცია. საინფორმაციო ცენტრის მთავარი სამმართველოს უფროსმა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის დარღვევით, მიზეზის და მიზნის გარკვევის გარეშე გასცა მოთხოვნილი ინფორმაცია. სამსახურებრივი ინფორმაციის უკანონოდ დამუშავებამ გამოიწვია კასატორისათვის უმძიმესი შედეგი - სამსახურიდან დათხოვნა.
სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქმე საკასაციო პალატის მიერ ზეპირი მოსმენის გარეშე იქნა განხილული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების და საკასაციო საჩივრების საფუძვლების შესწავლის შედეგად საკასაციო პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სადავო ბრძანების გამოცემამდე სათანადოდ არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ თ. კ-ის ახსნა-განმარტებასა და გენერალური ინსპექციის დასკვნაში მითითებულ გარემოებებს შორის არის შეუსაბამობები. თ. კ-ე ახსნა-განმარტებაში უთითებს მ. ზ-ის მიერ მისთვის მისი მეუღლის და ე. მ-ეს შორის სატელეფონო საუბრების და მიმოწერის სიხშირისა და ხანგრძლივობის თაობაზე ინფორმაციის გადაცემაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატამ მიუთითა, რომ მ. ზ-ეზე განპიროვნებული პაროლის გენერირების მოწყობილობა არ შეიცავს ინფორმაციას სატელეფონო საუბრებისა და მიმოწერის სიხშირისა და ხანგრძლივობის თაობაზე. სააპელაციო პალატამ მიუთითა აგრეთვე, რომ თ. კ-ის ახსნა-გამარტების ოქმით არ ირკვევა თუ ვინ ჩამოართვა თ. კ-ეს ახსნა-განმარტება, ოქმს ხელს არ აწერს პასუხისმგებელი პირი. თ. კ-ე დაბარების მიუხედავად არ ცხადდება სასამართლოში. თ. კ-ის ახსნა-განმარტების მიხედვით მ. ზ-ემ მოძიებული ინფორმაცია სოციალურ ქსელ Facebook-ის საშუალებით გადასცა მას ინფორმაცია, რაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოკვლეული არ არის. სააპელაციო პალატამ სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალა შესაბამისი გარემოებების გამოკვლევის შემდეგ ახალი აქტის გამოცემა.
სასკ-ის 32.4 მუხლის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევის და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემა. სასამართლო დავის გადაუწყვეტლად აქტს ბათილად ცნობს იმ შემთხვევაში, როდესაც აშკარაა, რომ გადაწყვეტილების მიღება საჭიროებდა გარკვეული გარემოებების გამოკვლევას, რომელიც არ იქნა გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, ამ გარემოების გამოკვლევას არსებითი მნიშვნელობა აქვს გადაწყვეტილების მიღებისათვის, ამასთანავე, სასკ-ის 32.4. მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლოწარმოების ფარგლებში ვერ ხერხდება სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, რაც თავის მხრივ შეუძლებელს ხდის სადავო ადმინისტრაციული აქტის კანონიერებაზე მსჯელობას. სსკ-ის 103-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენა თუ მხარეებმა ამა თუ იმ მიზეზით ვერ შეძლეს მტკიცებულებების უშუალოდ მიღება და სასამართლოში წარდგენა, მხარეთა შუამდგომლობით სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოითხოვოს მტკიცებულებები. ამასთანავე, ადმინისტრაციული სასამართლოწარმოების ინკვიზიციური საწყისების გათვალისწინებით, სასკ-ის მე-4 და მე-19 მუხლების შესაბამისად, სასამართლო უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივითაც შეაგროვოს ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები. სასამართლოს მიერ აღნიშნული უფლებამოსილების გამოყენების გარეშე, სადავო აქტის ბათილად ცნობა და ადმინისტრაციული ორგანოსათვის გამოკვლევის შემდეგ ახალი აქტის გამოცემის დავალება არ არის დასაბუთებული. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეიცავს მითითებას სასკ-ის მე-4 და მე-19 მუხლების დანაწესების მიუხედავად სასამართლოს მიერ საქმის გარემოებების დადგენის შესაძლებლობის გამომრიცხავ გარემოებაზე.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას სადავო ბრძანების დაუსაბუთებლობის შესახებ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 17.07.2014წ. N1367557 ბრძანება შეიცავს მითითებას იმ ნორმატიულ აქტებზე, რომელთა საფუძველზეც გამოიცა ბრძანება. რაც შეეხება აქტის გამოცემის ფაქტობრივ წინამძღვრებს, ბრძანებას საფუძვლად დაედო შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დასკვნა. გენერალური ინსპექციის დასკვნა ეყრდნობა სამსახურებრივ შემოწმებას, საქმეში დაცულ თ. კ-ის ახსნა-განმარტებას, აგრეთვე მ. ზ-ის კუთვნილი გენერირების მოწყობილობის „DIGIPASS-ის“ მეშვეობით გადამოწმების შედეგად შედგენილ შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის N1070595 სამსახურებრივ ბარათს. სააპელაციო სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს საქმის იმ გარემოებას, რომ მ. ზ-ის მიერ, მასზე განპიროვნებულ შიდასამსახურებრივ პორტალზე დაშვების პაროლის გენერირების მოწყობილობის მეშვეობით, მოძიებულ იქნა ე. მ-ისა და ავტომანქანის (სახელმწიფო ნომერი ...) მფლობელის, მ. ჩ-ის შესახებ ინფორმაცია. ამასთანავე, აღნიშნული მონაცემების მოძიების და გადაცემის დამადასტურებელ ერთადერთ მტკიცებულებად სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებულია თ. კ-ის ახსნა-განმარტება. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მოყვანილი ეს მსჯელობა არ ესადაგება თავად სააპელაციო პალატის მიერ საქმეზე დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებას იმასთან დაკავშირებით, რომ ინფორმაცია ე. მ-ის, მ. ჩ-ის შესახებ მოიძია მ. ზ-ემ. საქმის მასალებით დასტურდება, რომ 03.06.14წ. მიმართვით დისციპლინური დევნის, ინსპექტირების და ფინანსური დარღვევების შემოწმების მთავარი სამმართველოს უფროსმა მოითხოვა მ. ზ-ის მიერ, მასზედ განპიროვნებული შს სამინისტროს შიდა სამსახურებრივ პორტალზე დაშვების პაროლის გენერირების მოწყობილობის მეშვეობით მოპოვებული ინფორმაციის შესახებ ცნობის მოწოდება. შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მონაცემთა აღრიცხვისა და რეგისტრაციის სამმართველოს უფროსის 03.06.14წ., N71401046385 სამსახურებრივი ბარათით გაიცა შემოწმებული ინფორმაცია ფაილის სახით. აღნიშნულის საფუძველზე გაცემული 06.06.14წ. N71401070595 სამსახურებრივი ბარათით, რომელიც მოიცავს 01.04.2014წ. – 02.05.2014წ. პერიოდს, მ. ზ-ემ მოიძია ინფორმაცია ე. მ-ის, მ. ა-ის, მ. ჩ-ის, რ. ვ-ის, თ. კ-ის შესახებ.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თ. კ-ის ახსნა-განმარტებისა და „პოლიციის მაიორ მ. ზ-ის მიმართ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგებზე“ გენინსპექციის დასკვნას შორის არსებული წინააღმდეგობა თავისთავად არ ადასტურებს დასკვნის უსწორობას, ვინაიდან გენინსპექციის დასკვნას საფუძვლად ედო არა მხოლოდ თ.კ-ის დასკვნა, არამედ სამსახურეობრივი შემოწმების მასალები. სწორედ სამსახურებრივი შემოწმების პროცესში გამოიკითხა თ. კ-ე. დასკვნაში საუბარია მ. ზ-ის მიერ არასამსახურებრივ მიზნებში მოქალაქეების მიმართ ინფორმაციის მოძიებაზე, დასკვნა და შესაბამისად შს მინისტრის სადავო აქტი არ შეიცავს მითითებას სატელეფონო საუბრების შესახებ ინფორმაციაზე. დასკვნის თანახმად, მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია გადამოწმებულია მ. ზ-ის კუთვნილი გენერირების მოწყობილობა „DIGIPASS-ის“ მეშვეობით. ამდენად, ის გარემოება, რომ კომპიუტერული სისტემა არ შეიცავდა ინფორმაციას კერძო პირთა შორის ელექტრონული კომუნიკაციის შესახებ არ წარმოადგენს დავის გადაწყვეტის გარეშე სადავო აქტის - „დისციპლინური წესით დასჯის და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ შს მინისტრის სადავო ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველს. შს სამინისტროს გენინსპექციის 13.08.2014წ. N1565360 წერილის თანახმად, მ. ზ-ეს გადაეცა გენინსპექციის 09.07.14წ. N1309066 დასკვნის და შს მინისტრის 17.07.14წ. N1367557 ბრძანების ასლები, წერილში აღინიშნა, რომ სამსახურებრივი შემოწმების მასალები, სზაკ-ის 99.1 მუხლის თანახმად, წარმოადგენდა შიდაუწყებრივი ხასიათის დოკუმენტაციას. სააპელაციო სასამართლო, რომელიც საკასაციო სასამართლოსაგან განსხვავებით არის არა მხოლოდ სამართლებრივი საკითხების, არამედ აგრეთვე ფაქტობრივი გარემოებების დამდგენი სასამართლო, უფლებამოსილია გამოითხოვოს ადმინისტრაციული წარმოების ყველა მასალა და მათი ანალიზის საფუძველზე გადაწყვიტოს დავა. სასამართლოს სასკ-ის მე-19 მუხლის საფუძველზე მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსგან უნდა გამოეთხოვა ინფორმაცია მ. ზ-ის მიერ შს სამინისტროს კომპიუტერული ბაზის მეშვეობით ან სხვა საშუალებით მობილური კავშირით SMS-შეტყობინების და სატელეფონო კავშირის განხორციელების, სატელეფონო საუბრის ხანგრძლივობის შესახებ მეტამონაცემების მოპოვების შესაძლებლობის, აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებების თაობაზე. სასამართლოს უნდა გაერკვია აგრეთვე მოპოვებული ინფორმაციის სოციალური ქსელის მეშვეობით თ. კ-ისათვის გადაცემის მითითების წინაპირობები და მათი საფუძვლიანობა, შეეფასებინა აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად წარმოდგენილი მტკიცებულებები და მათი შეფასების საფუძველზე დაედგინა განსახილველი საქმის ეს გარემოება.
ზემოაღნიშნულთან ერთად საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში დაცული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის 06.06.2014წ. N1070595 სამსახურებრივი ბარათი (ს.ფ. 84) უტყუარად ადასტურებს მ. ზ-ის მიერ მოქალაქე ე. მ-ისა და ავტომანაქანის, სახელმწიფო ნომრით ... , მფლობელის მ. ჩ-ის შესახებ ინფორმაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცული კომპიუტერული ბაზიდან მოძიების ფაქტს. მ. ზ-ე ვერ ასაბუთებს ზემოაღნიშნული ინფორმაციის სამსახურებრივი მიზნით მოპოვებას, ვერაფრითაა უარყოფილი გენინსპექციის დასკვნა იმის შესახებ, რომ მ. ზ-ემ არასამსახურებრივად მოიძია ინფორმაცია მოქალაქეებზე, შესაბამისად, სახეზეა შს მინისტრის 24.08.2012წ. N709 ბრძანების დარღვევა, რომლითაც შს სამინისტროს თანამშრომლებს აკრძალული აქვთ შიდა საინფორმაციო სისტემაში მონაცემების მოპოვება, გამოყენება ან გავრცელება არასამსახურებრივი მიზნით. მოძიებული ინფორმაცია, თავისი შინაარსით, წარმოადგენს პერსონალურ მონაცემებს („პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი). თ. კ-ისათვის ინფორმაციის გადაცემის დადასტურება/არ დადასტურების მიუხედავად, პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის არასამსახურებრივი მიზნით მოძიება და დამუშავება თავისთავად წარმოადგენს სამართალდარღვევას. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მონაცემთა დამუშავება არის ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან არაავტომატური საშუალებების გამოყენებით მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის შეგროვება, ჩაწერა, ფოტოზე აღბეჭდვა, ორგანიზება, შენახვა, გამოთხოვა, გამოყენება, დაჯგუფება, კომბინაცია და სხვ.. ამავე კანონის მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული, კანონიერი მიზნებისათვის. საჯარო დაწესებულება უფლებამოსილია შეაგროვოს ის პირადი მონაცემები, რომლებიც აუცილებელია მის წინაშე მდგარი ამოცანების შესასრულებლად. აღნიშნულის შესაბამისად, დამმუშავებლის მიერ მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად საჭირო მონაცემების დამუშავება არის მონაცემთა დამუშავების დასაშვებობის ერთ-ერთი საფუძველი („პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი). მოცემულ შემთხევევაში არ დასტურდება მონაცემების დამუშავების კავშირი რაიმე სამსახურებრივი ამოცანის შესრულებასთან, მნიშვნელოვან იურიდიულ მოქმედებასთან, უფლება-ვალდებულებების რეალიზაციასთან, გადაუდებელ აუცილებლობასთან. თავისთავად შენახვის ფაქტი არ გულისხმობს ამ ინფორმაციის გაცნობას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 14.04.2016წ. N1/1/625,640 გადაწყვეტილება, 87 პ.). კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მ. ზ-ემ სამსახურში ყოფნისას, მასზე განპიროვნებული შიდა სამსახურებრივ პორტალზე დაშვების პაროლის გენერირების მოწყობილობის მეშვეობით შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცულ კომპიუტერულ ბაზაში მოიძია და დაამუშავა ე. მ-ისა და ავტომანაქანის (სახელმწიფო ნომრით ...) მფლობელის მ. ჩ-ის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპიუტერულ ბაზაში არსებული ინფორმაცია. საამისოდ აუცილებელი, მკაფიოდ განსაზღვრული და კანონიერი მიზანი არ იკვეთება. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება მ. ზ-ის მიერ მონაცემთა დამუშავება (კერძოდ მოძიება) სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში დასტურდება მონაცემთა დამუშავება მ. ზ-ის მიერ, თუმცა არ დასტურდება მონაცემების დამუშავება სამსახურეობრივი მოვალეობის შესასრლებლად.
საერთო წესის მიხედვით, სასკ-ის 17.2 მუხლის შესამაბისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამასთანავე, მონაცემთა დამუშავების კანონიერების მტკიცების ტვირთი, აგრეთვე მონაცემთა დამუშავებაზე მონაცემთა სუბიექტის თანხმობის არსებობასთან დაკავშირებით დავის წარმოშობის შემთხვევაში მონაცემთა დამუშავების კანონიერების, მონაცემთა სუბიექტის თანხმობის ფაქტის არსებობის მტკიცების ტვირთი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის 26.4 მუხლის თანახმად ეკისრება მონაცემთა დამმუშავებელს, მოცემულ შემთხვევაში მ. ზ-ეს. სამსახურებრივი უფლებამოსილების მიღმა ინფორმაციული ინტერესის დაკმაყოფილება დამოკიდებულია იმ პირის თანხმობაზე, რომელსაც ის ეხება. მონაცემების სხვა მიზნებისათვის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ, ასევე პირის თანხმობის შემთხვევაში ან როდესაც აშკარაა მონაცემების პირის ინტერესებში გამოყენების საჭიროება, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. კანონიერი მიზნის საფუძველზე მონაცემთა დამუშავება არის დამმუშავებლის კანონისმიერი, იმპერატიული ვალდებულება და არა დისკრეციის სფერო. ის ფაქტი, რომ კონკრეტულ ადმინისტრაციულ ორგანოში დაცულია გარკვეული პერსონალური თუ პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია, ავტომატურად არ გულისხმობს მათზე ორგანოს მოსამსახურეთა შეუზღუდავი წვდომის, დამუშავებისა და გავრცელების შესაძლებლობას. კანონმდებლობით პრინციპის დონეზეა გარანტირებული მონაცემთა დამუშავების მიზნობრიობა, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაუშვებელია მონაცემთა შემდგომი დამუშავება სხვა, თავდაპირველ მიზანთან შეუთავსებელი მიზნით. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირადი ცხოვრების დაცულობისათვის მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ მონაცემთა გავრცელებას, არამედ მონაცემთა დამუშავების, მოპოვების წესების დაცვას ანუ იმისათვის, რომ პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლება დარღვეულად ჩაითვალოს არ არის სავალდებულო ტრიადის: „მოპოვება - შენახვა - გავრცელება“ ყველა ელემენტის დარღვევის არსებობა. დარღვევის დასადგენად, დავაზე გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისია იმ ფაქტის დადასტურება, რომ მ. ზ-ემ არასამსახურებრივი მიზნით მოიძია და დაამუშავა ადმინისტრაციული ორგანოს კომპიუტერულ სისტემაში დაცული პერსონალური ინფორმაცია. სააპელაციო პალატამ ჯეროვნად არ შეაფასა აღნიშნული გარემოება და ყურადღება არ გაამახვილა პერსონალური მონაცემების, როგორც პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის დაცვის მნიშვნელობაზე.
საქართველოს კონსტიტუციის 20.1 მუხლით გარანტირებულია ადამინის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა. აღნიშნული უფლება იცავს ადამიანს ხელისუფლებისა და გარეშე პირთა ჩარევისაგან მის ინტიმურ, პირად ურთიერთობებსა და საქმიანობაში. ადამიანს აქვს უფლება, საკუთარი თავი, პირადი ცხოვრება მოაქციოს საზოგადოებრივი კონტროლისა და მეთვალყურეობისგან თავისუფალ სივრცეში. ინფორმაცია პირის მონაცემებისა და საცხოვრებელი ადგილის შესახებ, ასევე ფოტოსურათი ადამიანის პირადი ცხოვრების კერძო სფეროს განეკუთვნება. სახელმწიფოს ჩარევა პირადი ცხოვრების უფლებაში შეიძლება გამოიხატოს არა მხოლოდ ამ სფეროს ხელშეუხებლობის დარღვევით, მასში უხეში ჩარევით, არამედ თუნდაც კონტროლითა და მათზე თვალყურის დევნით. კონკრეტულ შემთხვევაში მ. ზ-ემ ყოველგვარი კანონიერი ინტერესის გარეშე მოიპოვა საიდუმლო ინფორმაცია ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული ინფორმაცია, რომელიც შეიცავს პერსონალურ მონაცემებს და ამდენად, სზაკ-ის 2.1 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, საიდუმლო ინფორმაციათა რიგს განეკუთვნება. მოქალაქე მოკლებულია ადმინისტრაციულ ორგანოში მის შესახებ არსებული ინფორმაციის სათანადო დაცულობის გაკონტროლების შესაძლებლობას, თუმცა მას აქვს კონფიდენციალობის, მისი უფლების დაცვის უზრუნველყოფის მოთხოვნის შესაძლებლობა, მონაცემთა დაცულობის გონივრული, ლეგიტიმური მოლოდინი, რაც პირადი ცხოვრების პრივატულობისა და დაცულობის წინაპრობაა. ამასთანავე ცხადია, რომ პირს აქვს ნდობა განსაკუთრებული სოციალური ფუნქციის მატარებელი პირის, მოცემულ შემთხვევაში გამომძიებლის მიმართ, უკანასკნელი შებოჭილია პროფესიული ვალდებულებების დაცვით. ამდენად, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირადი ცხოვრების კონფიდენციალობის დაცვა, არამედ პირის ნდობის შენარჩუნება. პირადი საიდუმლოების ინფორმაციის შიინაარსი უმეტესად ზნეობრივ სფეროს ეხება, შესაბამისად პირადი საიდუმლოების და მორალური ნორმების დაცვა მჭიდრო ურთიერთკავშირში განიხილება, მოითხოვს საჯარო მოხელისაგან მაღალი მორალური სტანდარტისადმი შესაბამისობას, რომელიც დუმილს პროფესიულ ვალდებულებად აღიარებს. მართალია, მ. ზ-ეს დაკავებული თანამდებობის გათვალისწინებით შესაძლებლობა ჰქონდა საჭიროების შემთხვევაში გაცნობოდა დაწესებულებაში დაცულ ამგვარ ინფორმაციას, თუმცა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 31.12.2013წ. N999 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსის“ 2.14 მუხლის თანახმად, პოლიციელმა ბოროტად არ უნდა ისარგებლოს სამსახურებრივი ინფორმაციით და პერსონალური მონაცემებით საკუთარი ან/და ახლობელ პირთა კერძო ინტერესების დაკმაყოფილებისათვის. ამავე კოდექსის 2.18 მუხლის თანახმად, პოლიციამ პერსონალური მონაცემების შეგროვება, შენახვა და გამოყენება უნდა მოახდინოს პერსონალური მონაცემების ხელშეუხებლობის საერთაშორისო პრინციპების დაცვით. საქართველოს პარლამენტის 28.10.2005წ. N2010 დადგენილებით რატიფიცირებული „პერსონალური მონაცემების ავტომატური დამუშავებისას ფიზიკური პირების დაცვის შესახებ“ კონვენციის მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, პერსონალური მონაცემები, რომლებიც ექვემდებარებიან ავტომატიზირებულ დამუშავებას შენახული უნდა იქნას ზუსტად განსაზღვრული კანონიერი მიზნებისათვის და არ უნდა იყოს გამოყენებული მათთან შეუთავსებელი მიზნით.საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 31.12.2013წ. N995 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ 9.1 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამინისტროს მოსამსახურე ვალდებულია დაიცვას სამინისტროში სამსახურებრივი ინფორმაციის, მათ შორის პერსონალური ინფორმაციის დამუშავებასთან დაკავშირებული ინსტრუქციები. ამავე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამინისტროს მოსამსახურე ვალდებულია როგორც სამსახურებრივი ურთიერთობისას, ასევე სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ არ გაავრცელოს და დაიცვას სახელმწიფო და კომერციული საიდუმლოებები, პერსონალური მონაცემები, აგრეთვე სხვა სახის კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც ცნობილი გახდა მისთვის სამსახურებრივ მოვალეობათა განხორციელებისას, აკრძალულია სამსახურებრივი საქმიანობისას მოპოვებული კონფიდენციალური ინფორმაციის კერძო ინტერესებისათვის გამოყენება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პერსონალური მონაცემების დაცვა ხდება დასაშვებობის შეზღუდვის სხვადასხვა რეჟიმის მეშვეობით. იმ შემთხვევაში თუ პერსონალური მონაცემები უკეთესადაა დაცული სხვა საიდუმლოებით, გამოიყენება ეს უკანასკნელი. იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ შემთხვევაში პერსონალური მონაცემები განთავსებული იყო ადმინისტრაციული ორგანოს კომპიუტერულ ბაზაში, მასში აკუმულირებული მონაცემები მოქალაქისათვის პერსონალური მონაცემების დაცვის, ხოლო ადმინისტრაციული ორგანოს თანამშრომლებისათვის ამ ინფორმაციის დაცვა დამატებით სამსახურებრივი საიდუმლოების დაცვის რეჟიმში ტრანსფორმირდება. შესაბამისად, მ. ზ-ე სამსახურებრივი მოვალეობებიდან გამომდინარე, ვალდებული იყო დაეცვა ზემოხსენებული ინფორმაცია არა მხოლოდ როგორც პერსონალური მონაცემები, არამედ როგორც სამსახურებრივი საიდუმლოება, რომლის სამართლებრივი რეჟიმი მოითხოვს ინფორმაციისადმი დაშვების პირობების, დაცული ინფორმაციის მხოლოდ სამსახურებრივ მიზნებში გაცნობის პროფესიული ვალდებულების დაცვას. ვინაიდან პირადი საიდუმლოება, პერსონალური მონაცემები წარმოადგენს პროფესიული საიდუმლოების მნიშვნელოვან ნაწილს (სზაკ-ის 273 მუხლი), ამ უკანასკნელის ზედმიწევნით დაცვა პირადი საიდუმლოების დაცულობის მნიშვნელოვანი გარანტიაა.
საკასაციო პალატა არ იზიარებს მ. ზ-ის საკასაციო საჩივარში მოყვანილ მოსაზრებას 03.06.2014წ. MIA 714010466385 და 06.06.2014წ. MIA 71401070595 სამსახურებრივი ბარათებისა და მათზე თანდართული მასალების კანონდარღვევით მოპოვების შესახებ. საფუძველს არის მოკლებული კასატორ მ. ზ-ის მოსაზრება იმის შესახებ, რომ გენინსპექციის უფროსის მოადგილის წერილი საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მიმართ არ შეიცავდა პერსონალური მონაცემების დამუშავებისათვის აუცილებელ კანონიერ მიზანს და საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტს უნდა ემოქმედა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ უნდა გაეცა მოთხოვნილი დოკუმენტაცია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის დარღვევით. ის გარემოება, რომ მ.ზ-ის მიერ დამუშავებული ინფორმაცია პერსონალური მონაცემების შემცველ პროფესიულ საიდუმლოებას შეადგენდა, არ გამორიცხავდა ადმინისტრაციის შესაძლებლობას გადაემოწმებინა მ.ზ-ის მიერ უწყებაში არსებული ინფორმაციული რესურსების სამსახურებრივ მიზნებში გამოყენება, მონაცემების დამუშავების მართლზომიერება, მოქალაქეთა უფლებების დაცულობა, მ. ზ-ის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის ჯეროვანი შესრულება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონმდებლობა მოქმედებს სპეციალური რეგულაციების არ არსებობის შემთხვევაში. მონაცემთა დაცვა წარმოადგენს ტიპიურ მაგალითს სხვადასხვა სფეროს მომცველი გამჭოლი საკითხისა, რომელიც არ თავსდება ერთი უნივერსალური საკანონმდებლო აქტის რეგულაციაში, ამასთანავე მონაცემთა დაცვის საერთო რეგულაციასთან შედარებით მონაცემთა დაცვის სპეციალურ სფეროთა რეგულაციის ნორმებს უპირატესი, პრეროგატიული ძალა ენიჭება, მონაცემთა დაცვის განსაკუთრებული რეგულაციის არარსებობის პირობებში ძირითად მნიშვნელობას იძენს მონაცემთა დაცვის ზოგადი კანონი. „პოლიციის შესახებ“ კანონის 57.4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამინისტროს გენერალური ინსპექცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტროს სისტემაში „პოლიციის ეთიკის კოდექსისა“ და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა დისციპლინური წესდების“ ნორმების დარღვევის, მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენასა და მათზე სათანადო რეაგირებას. საერთოდ პირის თანხმობის პრეზუმფცია პერსონალური მონაცემების გამოყენებაზე იგულისხმება ნებისმიერი სახელმწიფო ორგანოს მიერ მისი კუთვნილი უფლებამოსილების შესრულებისას. საჯარო დაწესებულება უფლებამოსილია შეაგროვოს ის პირადი მონაცემები, რომლებიც აუცილებელია მის წინაშე მდგარი ამოცანების შესასრულებლად. დამმუშავებლის მიერ მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად საჭირო მონაცემთა დამუშავება არის მონაცემთა დამუშავების დასაშვებობის ერთ-ერთი საფუძველი (28.12.11წ. კანონის მე-5 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი). კონკრეტულ შემთხვევაში გენერალური ინპექცია მოქმედებდა დისციპლინური წარმოების ფარგლებში. დისციპლინური საქმის წარმოების ფარგლებში მოქმედ ადმინისტრაციას შეუძლია მოსამსახურის საქმიანობის მონიტორინგის გაწევა, დამსაქმებელს აქვს უფლება იცოდეს რით არის დაკავებული სამუშაო საათებში დასაქმებული (იხ.ადმიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 12.01.2016წ. გადაწყვეტილება საქმეზე „ბ. ბარბულესკუ რუმინეთის წინააღმდეგ“). მ. ზ-ის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ადმინისტრაციის მიერ კომპიუტერული სისტემიდან გამოთხოვილ იქნა არაპროპორციულად დიდი მოცულობის (01.04.14წ. – 05.05.14წ.) მასალა არ არის გასაზიარებელი, ვინაიდან საქმის მასალების მიხედვით თავად მ. ზ-ე არაერთგზის შუამდგომლობდა, უფრო ხანგრძლივი, კერძოდ 2014 წლის 01 იანვრიდან 2014 წლის 05 მაისამდე პერიოდში გენერირების მოწყობილობის გამოყენების ამსახველი ინფორმაციის კომპიუტერული ბაზიდან ამობეჭდვას (მ. ზ-ის 07.08.14წ. განცხადება (ს.ფ.38), შუამდგომლობა (ს.ფ. 110), სასარჩელო განცხადება (ს.ფ. 9)).
დაუსაბუთებელია კასატორ მ. ზ-ის მოსაზრება ავტომობილის მფლობელის შესახებ ინფორმაციის საყოველთაოდ ხელმისაწვდომობის შესახებ. ის გარემოება, რომ ავტომობილის სახელმწიფო ნომერი იძლევა არაპირდაპირი ფორმით მანქანის მფლობელი პირის იდენტიფიკაციის შესაძლებლობას, არ ადასტურებს პირის მონაცემის საყოველთაო მისაწვდომობას. ასეთი მონაცემის დამუშავება შესაძლებელია განსაზღვრული წრის პირებისათვის მისაწვდომი ინფორმაციის საშუალებით, რომლებიც ვალდებულნი არიან პირის იდენტიფიკაცია მოახდინონ სპეციალური კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურებრივი მიზნების მისაღწევად. გენინსპექციის დასკვნის მიხედვით ავტომანქანის მფლობელის შესახებ ინფორმაცია მ. ზ-ის მიერ მოპოვებულ იქნა გენერირების მოწყობილობის („DIGIPASS-ის“) მეშვეობით, არასამსახურებრივი მიზნით.
მოსარჩელის მოსაზრებები გენერალური ინსპექციის თანამშრომლის ძმასთან გართულებული ურთიერთობის, გენერალური ინსპექციის თანამშრომლის პირადი ინტერესის შესახებ, ამის გამო მოსარჩელესთან ანაგარიშსწორების და სხვ. გარემოებების შესახებ, საქმის მასალებში დაცული მტკიცებულებებით არ დასტურდება, ამ მიმართებით რაიმე მტკიცებულება არ წარმოდგენილა, მოსარჩელეს არ მოუთხოვია გენინსპექციის თანამშრომლების მოწმედ მოწვევა. სადავო აქტის უკანონობას არ ადასტურებს მოსარჩელის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ სტატისტიკური მონაცემების მიხედვით ხშირია სხვადასხვა პირების, მათ შორის ცნობადი სახეების მიმართ მონაცემების გამოთხოვა შს სამინისტროს სისტემის თანამშრომლების მიერ. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სხვა თანამშრომლების მიერ ინფორმაციის შესაძლო არამართლზომიერი მოპოვება სცილდება მოცემული დავის საგანს და არ ადასტურებს მ. ზ-ის მიერ კონკრეტული პირების მიმართ ინფორმაციის მოპოვების კანონიერებას, თანასწორობის მოთხოვნა პატივსადებია კანონის დაცვაში და არა მის დარღვევაში, სხვების მიერ სამართალდარღვევის შესაძლო ჩადენა არ წარმოადგენს სამართალდარღვევისგან გათავისუფლების, მისი უმნიშვნელო დარღვევად ცნობის საფუძველს.
აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაუშვებლად თვლის ვითარებას, როდესაც შეუძლებელი ხდება კონვენციით უზრუნველყოფილი უფლების, მოცემულ შემთხვევაში კონვენციის მე-8 მუხლით აღიარებული უფლების დაცვა იმის გამო, რომ დაინტერესებული პირისათვის უცნობია დარღვევის შესახებ (იხ. მაგ. 06.09.1978წ. გადაწყვეტილება „კლასი და სხვები გფრ-ის წინააღმდეგ“ („Klass and others v. Germany“) § 36, 68; 04.12.2015წ. გადაწყვეტილება „რომან ზახაროვი რუსეთის წინააღმდეგ“ („Roman Zakharov v. Russia”) § 165, 170-172). ამდენად, სასამართლომ უნდა იქონიოს მსჯელობა სასკ-ის მე-16 მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირებად იმ პირთა ჩაბმის შესაძლებლობების თაობაზე, რომელთა შესახებ იქნა მოპოვებული ინფორმაცია.
საკასაციო პალატა თვლის, რომ ახსნა-განმარტებასა და დასკვნას შორის შეუსაბამობის არსებობა თავისთავად არ ქმნის სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძველს, აღნიშნული ქმნიდა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსაგან დამატებითი განმარტების მოთხოვნის, საქმეში დაცული მტკიცებულებების შეფასებისა და მათი ანალიზის გზით გადაწყვეტილების მიღების საფუძველს, ამასთანავე, სადავო აქტს საფუძვლად დაედო გენინსპექციის დასკვნა და არა თ. კ-ის ახსნა-განმარტება.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ თ. კ-ის ახსნა-განმარტების ოქმს არ აქვს ადმინისტრაციული ორგანოს პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა და ვერ დგინდება, თუ ვის მიერ იქნა იგი ჩამორთმეული. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატას შესაძლებლობა ჰქონდა მიემართა შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის და დაედგინა აღნიშნული გარემოება. თ. კ-ის ახსნა-განმარტება შედგენილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისრტოს გენერალური ინსპექციის ბლანკზე, ყველა ფურცელი ხელმოწერილია თ. კ-ის მიერ. ბლანკზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერისათვის განკუთვნილი სპეციალური გრაფა დატანილი არ არის. ასეთივე ბლანკზე არის მოთავსებული მ. ზ-ის 04.06.2014წ. ახსნა-განმარტების ტექსტი. ამასთანავე, ახსნა-განმარტების ჩამომრთმევი კონკრეტული პირის ვინაობის დადგენა სავსებით შესაძლებელი იყო სასამართლოს მიერ სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე ადმინისტარციული ორგანოსათვის საკითხის შესწავლის დავალების გარეშე.
სააპელაციო სასამართლოს, როგორც საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების დამდგენ სასამართლოს, შეეძლო მოეთხოვა დამატებითი მტკიცებულებების გამოთხოვა, გენერალური ინსპექციის დასკვნის შემდგენი პირების ახსნა-განმარტების წარმოდგენა, თ. კ-ის მოწმის სახით დაკითხვა, მოწმის მოვალეობის შესრულების უზრუნველსაყოფად კანონმდებლობით (სსკ-ის 145-ე მუხ. და სასკ-ის მე-19 მუხ.) გათვალისწინებული ზომების მიღება, მტკიცებულების შეფასება, უფლების დარღვევის ინტენსივობის დადგენა და აღნიშნულის საფუძველზე მ. ზ-ის მიმართ გამოყენებული დისციპლინური ღონისძიების პროპორციულობის და სადავო აქტის კანონიერების შეფასება, დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა ასპექტის მიმართ დასკვნის გაკეთება. ამასთანავე, თ. კ-ისათვის ინფორმაციის გადაცემის დაუდასტურებლობის შემთხვევაში, სააპელაციო პალატას დამოუკიდებლად უნდა შეეფასებინა მ. ზ-ის მიერ საიდუმლო ინფორმაციის არასამსახურებრივი მიზნებისათვის მოძიებისა და დამუშავების ფაქტი, ემსჯელა პირად ცხოვრებაში ჩარევის ინტენსივობის ხარისხზე და დაედგინა მ. ზ-ის მიმართ გამოყენებული დისციპლინური ზომის რელევანტურობა. „პოლიციის შესახებ“ კანონის 59.3 მუხლი ითვალისწინებს სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევისათვის სამინისტროს მოსამსახურის მიმართ გამოსაყენებელი დისციპლინური სახდელების სახეობებს, მათი გამოყენება შს მინისტრის დისკრეციის სფეროს განეკუთვნება. დისკრეციული უფლებამოსილება ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას, საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება (სზაკ-ის 2.1. მუხ. „ლ“ ქვეპუნქტი). დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება არ უნდა იწვევდეს პირის კანონიერი უფლებისა და ინტერესების დაუსაბუთებელ შეზღუდვას. გამოყენებელი ზომის პროპორციულობის გარკვევა შესაძლებელია საქმის ყველა გარემოების დადგენის და შეფასების შედეგად.
კანონმდებლობის მოთხოვნებს არ ემყარება სააპელაციო სასამართლოს მიერ სასამართლო ხარჯების გადაწყვეტა. სსკ-ის მე-9 მუხლის, აგრეთვე „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის ტანახმად, მხარეები თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ასეთ შემთხვევაში სსკ-ის 55.3 მუხლის თანახმად, საქმეზე გაწეულ ხარჯს სახელმწიფო აანაზღაურებს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მ. ზ-ეს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი, კერძოდ, მ. ზ-ის სარჩელს თან ერთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი (ს.ფ. 50-52), რომლის თანახმად მ. ზ-ეს სს „...“ გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით (საგადახდო დავალება N4, ხაზინის ერთიანი ანგარიშის რეკვიზიტები: ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი: 300773150). იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხებთან დაკავშირებით აღძრული სარჩელი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით მოსარჩელეს დაუბრუნდა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი (სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი). სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სასკ-ის მე-9 მუხლის საფუძველზე ასკვნის, რომ აპელანტი მ. ზ-ე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. აღნიშნულის მიუხედავად სააპელაციო პალატამ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა მთლიანად, მათ შორის იმ ნაწილშიც, რომლითაც მ. ზ-ეს დაუბრუნდა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება მოკლებულია სამართლებრივ და ფაქტობრივ წინამძღვრებს, გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლების შემოწმება შეუძლებელია, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო საჩივრის აბსოლიტურ საფუძველს ქმნის. ზემოაღნიშნული, თავისმხრივ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოსათვის დაბრუნების პირობაა.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას საქმე უნდა დაუბრუნდეს ხელახალი განხილვისთვის.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მ. ზ-ის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.02.2016წ. გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ.როინიშვილი