#ბს-644-637(კ-16) 20 აპრილი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი
განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – რ. ხ-ი
დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2015 წლის 5 ნოემბერს რ. ხ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ იგი კეთილსინდისიერად მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში და ყოველთვის პირნათლად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს. ერთ-ერთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების დროს მას ცეცხლსასროლი იარაღი მოყვანილი ჰქონდა მწყობრში, რა დროსაც მისდა უნებურად მოხდა ამ იარაღიდან გასროლა, რითაც არავინ დაშავებულა და არც ზიანი მისდგომია ვინმეს. აღნიშნულ ფაქტზე როგორც პროკურატურაში, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიწყო სამსახურებრივი მოკვლევა. რის შემდეგაც კვლავ განაგრძობდა მუშაობას. მოულოდნელად საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 21 ივლისის #1590938 ბრძანებით რ. ხ-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 21 ივლისის #1590938 ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილებით რ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 21 ივლისის #1590938 ბრძანება რ. ხ-ის დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნის შესახებ და შინაგან საქმეთა სამინისტროს რ. ხ-ის შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების ... თანამდებობაზე აღდგენა დაევალა; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რ. ხ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მის მიერ იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურება შინაგან საქმეთა ორგანოებიდან 2015 წლის 21 ივლისის ბრძანებით დათხოვნიდან თანამდებობაზე აღდგენამდე პერიოდისათვის.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რ. ხ-ი 2009 წლიდან მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში, ხოლო 2012 წლიდან სადავო ბრძანების გამოცემამდე - ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების ... თანამდებობაზე.
2015 წლის 18 აპრილს ქ. თბილისის ისანი-სამგორის სამმართველოს მე-5 განყოფილებაში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რ. ხ-ის მიერ სხვისი ნივთის გაუფრთხილებლობით დაზიანების ფაქტზე.
საქალაქო სასამართლოს მითითებით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2015 წლის 18 აპრილს, დაახლოებით 01:20 საათზე, რ. ხ-ი ქ. თბილისში, ....#36 კორპუსის ეზოში იყო, რა დროსაც სამსახურებრივი საშტატო პისტოლეტის განმუხტვისას შემთხვევით გაისროლა, გასროლილმა ტყვიამ კი იმავე კორპუსის ბინა #34-ში მცხოვრები ... ოჯახის ფანჯრის შუშა და „...“ ფირმის მაცივარი დააზიანა და ოჯახს 725 ლარის ქონებრივი ზიანი მიაყენა. გამოძიების შედეგად დადგინდა რ. ხ-ის მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი, თუმცა მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არ დაიწყო საჯარო ინტერესის არარსებობის გამო იმაზე მითითებით, რომ რ. ხ-მა პირველად ჩაიდინა გაუფრთხილებელი, არაძალადობრივი დანაშაული. იგი აღიარებდა დანაშაულს, არ იყო ნასამართლევი, ხასიათდებოდა დადებითად, ზიანი ანაზღაურებულ იქნა, ჩადენილი დანაშაული არ იყო მაღალი საზოგადოებრივი საფრთხის შემცველი და არ იკვეთებოდა ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმებით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შედეგების საფუძველზე დადგინდა, რომ რ. ხ-მა შს სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომები, კერძოდ, სამინისტროს სისტემის ავტორიტეტის შემლახველი მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება და ქონებრივი ზიანის მიყენება ჩაიდინა, რის გამოც მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული მისთვის შს სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-3 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახდელის - სამსახურიდან დათხოვნის გამოყენება.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 21 ივლისის #1590938 ბრძანებით ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების ..., სერჟანტი რ. კ. ხ-ი, გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში.
საქალაქო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს საჯარო მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობანი, რომლებიც „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონსა და სხვა ნორმატიულ აქტებშია რეგლამენტირებული, დიდწილად საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებებიდან და საქართველოს კონსტიტუციიდან გამომდინარეობს. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტით, შრომა თავისუფალია. დასახელებული ნორმით დაცულია არა მარტო უფლება, პირმა აირჩიოს სამუშაო, არამედ ასევე უფლება, განახორციელოს, შეინარჩუნოს და დათმოს ეს სამუშაო (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება #2/2-389,26.10.2007). ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 23-ე მუხლით აღიარებულია ყოველი ადამიანის შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება. ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა საერთაშორისო პაქტით გარანტირებული შრომის უფლება სახელმწიფოს აკისრებს ვალდებულებას, უზრუნველყოფილ იყოს პიროვნების მიერ სამუშაოს საკუთარი სურვილისამებრ არჩევის უფლება, მათ შორის, ვალდებულებას, არ მოხდეს პირისათვის მუშაობის უფლების უკანონოდ წართმევა. ამ განსაზღვრებით ხაზგასმულია, რომ პიროვნების და მისი ღირსების პატივისცემა გამოიხატება სამუშაოს თავისუფლად არჩევის უფლებაშიც, რაც ხელს უწყობს პიროვნების განვითარებასა და მის სოციალურ და ეკონომიკურ სივრცეში დამკვიდრებას.
საქალაქო სასამართლოს მითითებით, პოლიციაში სამსახურის გავლის წესს, პოლიციელის სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიებს, პოლიციის საქმიანობის კონტროლს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს. ამავე კანონის 59-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევისათვის სამინისტროს მოსამსახურის მიმართ გამოიყენება შემდეგი დისციპლინური სახდელები: ა) შენიშვნა; ბ) საყვედური; გ) სასტიკი საყვედური; დ) სამინისტროს სამკერდე ნიშნის ჩამორთმევა; ე) სპეციალური ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითება; ვ) თანამდებობიდან ჩამოქვეითება; ზ) სამსახურიდან დათხოვნა. სამინისტროს მოსამსახურისათვის დისციპლინური სახდელის შეფარდების და მისი მოხსნის წესს ადგენს მინისტრი.
სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა (შემდგომში – მოსამსახურე) დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახალისების საფუძვლები, სახდელებისა და წახალისების სახეები, საქმისწარმოებისა და მოსამსახურეთათვის დისციპლინური სახდელების შეფარდებისა და მოხსნის წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდებით, რომლის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხდვით, დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის მოსამსახურეს ეკისრება დისციპლინური სახდელი, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის მხიედვით, დისციპლინური გადაცდომის სახეებია: ა) სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა; ა1) სამსახურებრივ მოვალეობათა არაჯეროვანი შესრულება; ბ) სამსახურებრივი მოვალეობებისადმი დაუდევარი დამოკიდებულება; გ) ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა; დ) ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ; ე) თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობა; ვ) მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს; ზ) ფიცის გატეხვა; თ) შრომის დისციპლინის წესის დარღვევა; ი) ფორმის ტანსაცმლის ტარების წესის დარღვევა. ამავე წესდების მე-3 მუხლის მიხედვით, დისციპლინური სახდელის სახეებია: ა) შენიშვნა; ბ) საყვედური; გ) სასტიკი საყვედური; დ) სამინისტროს სამკერდე ნიშნის ჩამორთმევა; ე) თანამდებობიდან ჩამოქვეითება; ვ) სპეციალური ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითება; ზ) სამსახურიდან დათხოვნა. დისციპლინური წესდების მე-4 მუხლის მიხედვით, სამინისტროს გენერალური ინსპექცია უფლებამოსილია, გამოავლინოს წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გადაცდომები და თვითონ შეადგინოს დისციპლინური გადაცდომის ამსახველი დასკვნა, ხოლო წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილია, ამ მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით, სათანადო დასკვნის მოსამზადებლად დისციპლინური გადაცდომის ფაქტებისა და გარემოებების ამსახველი ინფორმაცია გადააგზავნოს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, ტერიტორიულ ორგანოებში, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, დისციპლინური სახდელის დადებამდე მოსამსახურეს უშუალო უფროსის ან ზემდგომი თანამდებობის პირის მიერ უნდა ჩამოერთვას წერილობითი ახსნა-განმარტება. ახსნა-განმარტების არარსებობის შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იყოს ოქმი, რომელიც დადასტურებული იქნება არანაკლებ ორი მოსამსახურის ხელმოწერით. ამავე მუხლის მე-10 პუნქტის მიხედვით, დისციპლინური სახდელის გამოყენებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ჩადენილი გადაცდომის შინაარსი და სიმძიმე, შედეგები, აგრეთვე ჩადენის გარემოებები, მოსამსახურის პიროვნება და დამსახურება.
საქალაქო სასამართლოს მითითებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 99-ე მუხლის მიხედვით: 1. მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან ამ კანონით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომისათვის. 2. სამსახურებრივ მოვალეობათა დარღვევისათვის მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან, თუ მის მიმართ უკვე მოქმედებს დისციპლინური პასუხიმგებლობის ნებისმიერი სხვა ზომა. 3. მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების გარეშეც, თუ იგი უხეშად დაარღვევს სამსახურებრივ მოვალეობებს. აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლოს განმარტებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი დისციპლინური გადაცდომა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გახდეს, თუ გადაცდომა განსაკუთრებული მნიშვნელობისა და სიმძიმისაა ან მოსამსახურის მიმართ უკვე მოქმედებს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა. ნებისმიერ შემთხვევაში, საკითხი მოსამსახურის პიროვნების შეფასებისა და თანამდებობაზე მისი დატოვებით მოსალოდნელი შედეგების შეფასების საფუძველზე უნდა გადაწყდეს. შრომით-სამართლებრივ ურთიერთობებში მიღებული სტანდარტიდან გამომდინარე, მოხელის გათავისუფლებას მხოლოდ იმგვარი დასკვნა შეიძლება განაპირობებდეს, რომ მასთან შრომითი-სამართლებრივი ურთიერთობის გაგრძელება უარყოფითად აისახება სამსახურის საქმიანობაზე. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რ. ხ-მა გაუფრთხილებელი ქმედებით მატერიალური ზიანი მიაყენა მოქალაქეს, რომელიც აანაზღაურა, მას ამ შემთხვევამდე სხვა დისციპლინური გადაცდომა არ ჩაუდენია, ხასიათდებოდა დადებითად, რაც ცალსახად გამორიცხავს იმგვარი დასკვნის გაკეთებას, რომ რ. ხ-ის თანამდებობიდან გაუთავისუფლებლობა მოპასუხის საქმიანობის ჯეროვანი განხორციელებისათვის საფრთხის შემცველი იყო, შესაბამისად, ბათილად იქნა ცნობილი სადავო აქტი.
საქალაქო სასამართლომ ასევე მიუთითა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 127-ე მუხლის მე-5 პუნქტზე, რომლის თანახმად, სასამართლოს მიერ სამსახურიდან გათავისუფლებაზე ან გადაყვანაზე გაცემული ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების არაკანონიერად აღიარების შემთხვევაში, მოხელე ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღდგენას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი უარს ამბობს აღდგენაზე. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ რ. ხ-ის სამსახურიდან გათავისუფლების უკანონოდ ცნობის პირობებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია, რ. ხ-ი აღადგინოს გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე - შსს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების ... თანამდებობაზე, ხოლო ამავე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ სამსახურიდან განთავისუფლებაზე ან გადაყვანაზე გაცემული ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, მოხელის მიერ მოთხოვნილი განაცდური ხელფასი ანაზღაურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება ამ მოხელეს აღადგენს სამსახურში. ამავე კანონის კანონის 112-ე მუხლის მიხედვით, სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნილი მოხელე უფლებამოსილია, მოითხოვოს იძულებით გაცდენილი დროის შრომითი გასამრჯელო. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილი გარემოებების შესაბამისად, მოსარჩელე სამსახურიდან 2015 წლის 21 ივლისის სადავობრძანებით გათავისუფლდა. ამდენად, შესაბამისი ბრძანების ბათილად ცნობის გამო, მოპასუხე ვალდებულია, აუნაზღაუროს მას 2015 წლის 21 ივლისიდან სამუშაოზე აღდგენამდე მიუღებელი ხელფასი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის რ. ხ-ის სასარგებლოდ იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის სრულად ანაზღაურების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც რ. ხ-ის სარჩელი იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რ. ხ-ის სასარგებლოდ სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან 2015 წლის 21 ივლისის ბრძანებით დათხოვნიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე სამსახურში არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურება დაეკისრა; დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლომ, იმ პირობებში, როცა დადგენილად არის მიჩნეული, რომ რ. ხ-მა გაუფრთხილებელი ქმედებით მატერიალური ზიანი მიაყენა მოქალაქეს (რომელიც აანაზღაურა) და მას ამ შემთხვევამდე დისციპლინური გადაცდომა არ ჩაუდენია, ხასიათდებოდა დადებითად, ამასთან, მართალია მის მიერ, ჩადენილია ქმედება, რაც შეიცავს გაუფრთხილებელი დანაშაულის ნიშნებს, თუმცა სახეზე არაა ძალადობრივი ხასიათის სამართალდაღვევა, რაც მართლაც, იქნებოდა პოლიციელისათვის შეუფერებელი ქმედება, მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სწორად შეაფასა საქმეში წარმოდგენლი მტკიცებულებები და სწორად მიიჩნია, რომ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლება არ იყო ადეკვატური იმ დარღვევისა, რაც რ. ხ-მა ჩაიდინა.
რაც შეეხება იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნულთან მიმართებაში მიუთითა, რომ სასამართლომ უნდა განმარტოს, რა მოიაზრება იძულებით განაცდურში, სრული ხელფასი თუ თანამდებობრი სარგო, რომელიც ხელფასის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს და ხშირ შემთხვევაში, შესაძლოა, არ დაემთხვეს ხელფასის ოდენობას.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ უკანონოდ გათავისუფლებული პირი უფლებამოსილია მოითხოვოს იძულებითი განაცდური, ვინაიდან გათავისუფლების აქტის ბათილად ცნობა იწვევს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას.
პალატამ მიუთითა „საჯარო სამსახურის შესახებ“„ საქართველოს კანონის 112-ე მუხლზე და ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 31.07.2015წ. #2/3/630 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 112-ე მუხლის მე-2 წინადადება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტთან მიმართებით. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 112-ე მუხლის შესაბამისად (მოქმედი ნორმა), სამსახურიდან უკანონოდ განთავისუფლებული მოხელე უფლებამოსილია მოითხოვოს უკანონოდ განთავისუფლების ცნობა, განთავისუფლების საფუძვლის შეცვლა და თანამდებობრივი სარგო.
საჯარო მოხელის სამსახურიდან უკანონო გათავისუფლება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, იწვევს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას. საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული ზარალის ანაზღაურების ვალდებულება გულისხმობს არა კონკრეტული სუბიექტის მიერ წინასწარ დადგენილი ზღვრული ოდენობით, არამედ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში პირისათვის რეალურად მიყენებული ზარალის ანაზღაურების ვალდებულებას. შესაბამისად, რ. ხ-ს იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელო, კერძოდ, თანამდებობრივი სარგო, რომელიც ხელფასის შემადგენელი პრემიებისა და დანამატებისაგან განსხვავებით გაიცემა მოხელის ინდივიდუალური მახასიათებლების ან/და კვალიფიკაციის მიუხედავად, უნდა აუნაზღაურდეს სრული მოცულობით, კერძოდ, სამსახურიდან განთავისუფლების პერიოდიდან სამსახურში აღდგენამდე. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამრთლოს გადაწყვეტილება უნდა შეცვლილიყო მხოლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ, ისევე როგორც საქალაქო სასამართლომ, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა იგი, კერძოდ, სასამართლომ არ გამოიყენა სქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 28 მარტის #313 ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების შესახებ“ და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 28 თებერვლის #164 ბრძანება „სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის ტარების, შენხვისა და გადაადგილების წესის დამტკიცების შესახებ“. სამოტივაციო ნაწილში ცალკეულ ფაქტობრივ გარემოებებზე განმარტებისას გამოიყენა საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“ მაშინ, როდესაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მოქმედებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის #995 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესი“, ასევე არასწორად განმარტა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკებრის #989 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდებისა“ და „პოლიციის შესახებ“ კანონის ძირითადი პრინციპები და გადაცდომის არსებობის შემთხვევაში დისციპლინური სახდელის შეფარდების საკითხი, ხოლო სააპელაციო სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა ჩადენილ ქმედებასთან მიმართებაში განრიდების საკითხზე.
კასატორის მითითებით, სასამართლოები მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში ვერ ასაბუთებენ, რატომ არის რ. ხ-ის მიმართ გამოყენებული სახდელი შეუსაბამო. სასამართლო უგულებელყოფს იმ გარემოებას, რომ ქმედება ჩადენილია პოლიციელის მიერ სამსახურებრივი-საშტატო იარაღის არასათანადო მოხმარების შედეგად, რასაც მოჰყვა ზიანი. ცალსახაა, რომ გარდა დისციპლინური გადაცდომისა სახეზეა სისხლის სამართლის კოდექსის ნორმების დარღვევა და დანაშაულის შემადგენლობა, რომელშიც რ. ხ-ი კი არ გამართლდა, არამედ მოხდა განრიდება. განრიდების საკითხი არაკომპეტენტურად განმარტა პირველი ინსტანციის სასამართლომ, ხოლო სააპელაციო სასამართლო ისე დაეთანხმა აღნიშნულს, რომ არანაირი განმარტება არ გაუკეთებია, უფრო მეტიც, სასამართლო საუბრობს საქართველოს კონსტიტუციასა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ზოგად პრინციპეპზე და აღნიშნული აქტები არ მოჰყავს ერთობლიობაში და ზოგადი განმარტების საფუძველზე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში დამახინჯებით აკეთებს ფაქტობრივი გარემოებების შეფასებას, კერძოდ, სასამართლო მსჯელობს რ. ხ-ის მიერ მოქალაქისათვის გაუფრთხილებლობით მიყენებულ მატერიალურ ზიანზე, თუმცა არაფერს ამბობს ქმედების მიზეზ-შედეგობრივ კავშირზე, რამაც გამოიწვია მატერიალური ზიანი.
კასატორის განმარტებით, სასამართლოება ასევე არ იმსჯელეს იარაღის განმუხტვისას დაირღვა თუ არა კანონის ნორმები, სააპელაციო სასამართლო საერთოდ არ მსჯელობს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 28 მარტის #313 ბრძანებაზე „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების შესახებ“ და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 28 თებერვლის #164 ბრძანებაზე „სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის ტარების, შენახვისა და გადაადგილების წესის დამტკიცების შესახებ“ რომლის მე-13 მუხლის შესაბამისად, იარაღის ტარების უფლების მქონე პირი პირადად არის პასუხისმგებელი მისი დაცვისა და მოვლისათვის, ხოლო მე-18 მუხლის პირველი პუნქტით მკაცრად არის განსაზღვრული, რომ იარაღი უნდა ინახებოდეს ისეთ მდგომარეობასა და პირობებში, რომელშიც უზრუნველყოფილი იქნება მისი დაცვა და უსაფრთხოება, გამოირიცხება გაუთვალისწინებელი, უნებლიე გასროლა და იარაღთან გარეშე პირთა დაშვების შესაძლებლობა. სასამართლო უგულებელყოფს, რომ ქმედება ჩადენილია პოლიციელის მიერ მომეტებული საფრთხის წყაროს (ცეცხლსასროლი იარაღის) გამოყენების წესების დარღვევით.
კასატორის განმარტებით, სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმებების შედეგად დადგინდა, რომ მოსარჩელემ ჩაიდინა მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს. აღნიშნული სამსახურებრივი შემოწმების მასალები ცალსახად ადასტურებს ბრძანების გამოცემის საფუძვლების არსებობას, მართალია, საქმეზე შეწყდა სისხლის სამართლის გამოძიება, მაგრამ აღნიშნული არ ნიშნავს, რომ პოლიციელის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენას ადგილი არ ჰქონია. იმის გამო, რომ პირმა მატერიალური ზიანი აანაზღაურა, ეს არ ნიშნავს, რომ პირს საზოგადოებრივად საშიში ქმედება არ ჩაუდენია, უფრო მეტიც, პირის მიმართ გამოყენებულ იქნა განრიდების ღონისძიება, რაც იმას ნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე დანაშაულის ჩადენის ფაქტი დადასტურებულად იქნა მიჩნეული და აღიარებული მოსარჩელის მიერ, მაგრამ ამ პირის მიმართ არ იქნა გამოყენებული/შეფარდებული შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომა, ვინაიდან რ. ხ-ის მიერ შესრულდა განრიდების მუხლით გათვალისწინებული ერთ-ერთი ქმედება, კერძოდ, მიყენებული ზიანის სრული ანაზღაურება. კასატორის მითითებით, დადგენილია რ. ხ-ის მიერ იარაღის გამოყენების ფაქტი, ყოველივე აღნიშნული კი დისციპლინარული პასუხისმგებლობის გამოყენების საფუძველია. ნათელია, რომ მოსარჩელის მიერ ჩადენილია სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული დანაშაული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველია დანაშაული, ე.ი. ამ კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
კასატორის მითითებით, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის #995 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პოლიციელი სამსახურიდან შეიძლება დათხოვნილ იქნეს დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ან მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენის გამო, რ. ხ-ის მიერ ჩადენილი ქმედება წარმოადგენს დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენების საფუძველს, ხოლო „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 59-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევისათვის სამინისტროს მოსამსახურის მიმართ შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს ამავე პუნქტით გათვალისწინებული ნებისმიერი დისციპლინარული სახდელი.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს მიერ უსაფუძვლოდ იქნა გაზიარებული მოსარჩელის მსჯელობა, იმის თაობაზე, რომ შეფარდებული სასჯელი - სამსახურიდან დათხოვნა, არ შეესაბამება მის მიერ ჩადენილ ქმედებას და შეუსაბამოდ მკაცრია ვინაიდან არ მომხდარა კონკრეტული პიროვნების ფიზიკურად დაშავება. კასატორის განმარტებით, რ. ხ-ის მიერ ცალსახად იქნა დარღვეული შს სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტები, რომელიც გულისხმობს ქონებრივი ზიანის მიყენებას ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნას და მოსამსახურისათვის შეუფერებელ ქმედებას, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 12 იანვრის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაშვებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც რ. ხ-ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: მოსარჩელე რ. ხ-ი შრომით ურთიერთობაში იყო მოპასუხე საქართველოს შინაგან სამინისტროსთან და ეკავა შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს პოლიციის III განყოფილების ... თანამდებობა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 21 ივლისის #1590938 ბრძანებით რ. ხ-ი გათავისუფლებულ იქნა დაკავებული თანამდებობიდან.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2015 წლის 18 აპრილს, დაახლოებით 01:20 საათზე, რ. ხ-ი ქ. თბილისში, ....#36 კორპუსის ეზოში იყო, რა დროსაც, სამსახურებრივი საშტატო პისტოლეტის განმუხტვისას შემთხვევით გაისროლა, გასროლილმა ტყვიამ კი იმავე კორპუსის ბინა #34-ში მცხოვრები ... ოჯახის ფანჯრის შუშა და „...“ ფირმის მაცივარი დააზიანა და ოჯახს 725 ლარის ქონებრივი ზიანი მიაყენა. აღნიშნულ ფაქტზე 2015 წლის 18 აპრილს დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე რ. ხ-ის მიერ სხვისი ნივთის გაუფრთხილებლობით დაზიანების ფაქტზე. გამოძიების შედეგად დადგინდა რ. ხ-ის მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი, თუმცა მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა და განხორციელდა განრიდება.
ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის დაგენილებით რ. ხ-ის სისხლის სამართლის საქმეზე შეწყდა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვინაიდან პროკურორმა უარი თქვა ბრალდებაზე. რ. ხ-ის მიმართ გამოყენებულ იქნა განრიდება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმებით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შედეგების საფუძველზე დადგინდა, რომ რ. ხ-მა შს სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომები (სამინისტროს სისტემის ავტორიტეტის შემლახავი მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება და ქონებრივი ზიანის მიყენება) ჩაიდინა, რის გამოც მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული მისთვის შს სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-3 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახდელის - სამსახურიდან დათხოვნის გამოყენება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 21 ივლისის #1590938 ბრძანებით ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების ..., სერჟანტი რ. კ.ხ-ი, გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში. აღნიშნული ბრძანების გამოცემის საფუძვლად მითითებული იყო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის #989 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ (ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა), „ვ“ (მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს შინაგან საქმეთა სისტემის ავტორიტეტს) და მე-3 მუხლის „ზ“ (სამსახურიდან დათხოვნა) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომისათვის და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის #337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ და „ნ“ ქვეპუნქტები.
განსახილველი დავის საგანს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 21 ივლისის #1590938 ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტული დავის გადაწყვეტისას მნიშვნელოვანია პოლიციელის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების მნიშვნელობისა და მისი სტატუსის კვალიფიციური გააზრება ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საჯარო სამსახურის ძირითადი ფუნქცია საზოგადოების, მისი თითოეული წევრის კანონით დაცული ინტერესების მომსახურებაა, რისი გაუთვითცნობიერებლობა, ვალდებულებათა ჯეროვანი შეუსრულებლობა უშუალოდ აისახება სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობაზე. საჯარო სამსახური თითოეული საჯარო მოსამსახურის შეგნებაში უნდა განიხილებოდეს, როგორც საპატიო მისია - ემსახურო, პირადი წვლილი შეიტანო სახელმწიფოს განვითარებაში.
1979 წლის 17 დეკემბრის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ანსამბლეის მიერ მიღებულ იქნა მართლწესრიგის დამცველ თანამდებობის პირთა ქცევის კოდექსი, რომლის 1-ლი მუხლის თანახმად, მართლწესრიგის დამცველ თანამდებობის პირნი მუდმივად ასრულებენ კანონით მათზე დაკისრებულ მოვალეობებს, ემსახურებიან საზოგადოებას და იცავენ ყველა პირს მართლსაწინააღმდეგო აქტებისაგან პასუხისმგებლობის იმ მაღალი ხარისხის შესაბამისად, მათი პროფესია რომ მოითხოვს. მე-2 მუხლის თანახმად, თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების დროს სამართალდამცავმა პირებმა პატივი უნდა სცენ ადამიანის ღირსებას და დაიცვან მათი უფლებები. მე-8 მუხლის თანახმად კი, მართლწესრიგის დამცველმა თანამდებობის პირებმა პატივი უნდა სცენ კანონსა და ამ კოდექსს. ამასთანავე, თავიანთი შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად უნდა აღკვეთონ და მკაცრად აღუდგნენ წინ შესაბამის დარღვევებს.
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, საქართველოს პოლიცია არის სამინისტროს სისტემაში შემავალი, აღმასრულებელი ხელისუფლების განმახორციელებელი სამართალდამცავი დაწესებულებების სისტემა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში ახორციელებს პრევენციულ და სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებებს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დასაცავად. ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, პოლიციელი არის საჯარო მოხელე, რომელიც მსახურობს სამინისტროში, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომელი, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სპეციალური წოდებები და დადებული აქვთ პოლიციელის ფიცი. კანონი ასევე განსაზღვრას პოლიციელის საქმიანობის ძირითად პრინციბებს, კერძოდ, პოლიციელი თავის საქმიანობაში განუხრელად იცავს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და პატივისცემის, კანონიერების, დისკრიმინაციის დაუშვებლობის, თანაზომიერების, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების, პოლიტიკური ნეიტრალობისა და პოლიციის საქმიანობის გამჭვირვალობის პრინციპებს („პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლი). აღნიშნული პრინციპების დარღვევით განხორციელება იწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პასუხისმგებლობას. პოლიციის საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი და უმნიშვნელოვანესი პრინციპია ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და პატივისცემის პრინციპი, რომლის შესაბამისად, პოლიციის საქმიანობის განხორციელების ფორმები, მეთოდები და საშუალებები არ უნდა ხელყოფდეს ადამიანის პატივსა და ღირსებას, არ უნდა არღვევდეს ადამიანის სიცოცხლის, ფიზიკური ხელშეუხებლობისა და საკუთრების უფლებებს და სხვა ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, ზიანს არ უნდა აყენებდეს გარემოს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საჯარო მოსამსახურის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული მოვალეობების შეუსრულებლობამ ან არაჯეროვანმა შესრულებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება, რომელიც არის საჯარო მოსამსახურისათვის პროფესიული საქმიანობის განხორციელების პროცესში გამოვლენილი დარღვევებისათვის დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმა, მისი მიზანია საჯარო მოსამსახურის მიერ კანონმდებლობით დადგენილი ფუნქციების ჯეროვნად შესრულების უზრუნველყოფა და საქმიანობის პროცესის გაუმჯობესება, რაც სამომავლოდ სამსახურებრივი მოვალეობების დარღვევის შემთხვევების თავიდან აცილებას უზრუნველყოფს. დისციპლინური ზომის გამოყენება, როგორც ადმინისტრაციის ცალმხრივი ნების გამოვლენა, მართლზომიერად უნდა განხორციელდეს. დისციპლინური ზომის გამოყენება მიზნად უნდა ისახავდეს დარღვევის პრევენციას. ადმინისტრაციის მხრიდან ნებისმიერ დარღვევაზე რეაგირება უნდა განხორციელდეს პროპორციულობის მოთხოვნის დაცვით, საჯარო მოსამსახურისათვის დაკისრებული დისციპლინური სახდელი შესაბამისობაში უნდა იყოს მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმესთან და ითვალისწინებდეს დისციპლინური გადაცდომის ჩადენისას არსებულ გარემოებებს. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდება ხდება დამდგარი შედეგის სიმძიმის, ვალდებულების დარღვევის მიზეზის, დამდგარი შედეგის თავიდან აცილების შესაძლებლობის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. ამდენად, სამსახურიდან გათავისუფლება, როგორც უკიდურესი ღონისძიება, უნდა იყოს დარღვევის სიმძიმის პროპორციული.
საკასაციო პალატა მიუთითებს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის 41-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, პოლიციელი შეიძლება დაითხოვონ სამსახურიდან დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ან მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენის გამო. აღნიშნული კანონის IX თავში განსაზღვრულია პოლიციის საქმიანობის კონტროლი, რომლის 59-ე მუხლი განსაზღვრავს სამინისტროს მოსამსახურის პასუხისმგებლობის სახეებს, რომლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამსახურიდან დათხოვნა წარმოადგენს სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევისათვის სამინისტროს მოსამსახურის მიმართ დისციპლინური სახდელის სახეს. აღნიშნული სახდელის გამოყენების წესი რეგულირდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის #989 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდებით“, რომლის 1-ლი მუხლის შესაბამისად, დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის მოსამსახურეს ეკისრება დისციპლინური სახდელი; ამავე მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილია ამ დისციპლინური გადაცდომის სახეები: ა) სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა; ა) სამსახურებრივ მოვალეობათა არაჯეროვანი შესრულება; ბ) სამსახურებრივი მოვალეობებისადმი დაუდევარი დამოკიდებულება; გ) ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა; დ) ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ; ე)თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობა; ვ) მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს; ზ) ფიცის გატეხვა; თ) შრომის დისციპლინის წესის დარღვევა; ი) ფორმის ტანსაცმლის ტარების წესის დარღვევა.
როგორც საქმის მასალებით დასტურდება, 2015 წლის 18 აპრილს, დაახლოებით 01:20 საათზე, რ. ხ-ი იმყოფებოდა ქ. თბილისში, ....#36 კორპუსის ეზოში, რა დროსაც, სამსახურებრივი საშტატო პისტოლეტის განმუხტვისას შემთხვევით გაისროლა. გასროლილმა ტყვიამ კი იმავე კორპუსის ბინა #34-ში მცხოვრები ... ოჯახის ფანჯრის შუშა და „..“ ფირმის მაცივარი დააზიანა და ოჯახს 725 ლარის ქონებრივი ზიანი მიაყენა.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას, რომ რ. ხ-ის სამსახურიდან გათავისუფლება არ იყო შესაბამისი იმ დარღვევისა, რაც რ. ხ-ის მიერ იქნა ჩადენილი. აღნიშნულთან მიმართებაში სასამართლო განმარტავს, რომ პოლიციელის ქცევის სტანდარტები მოწესრიგებულია ასევე საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსით, რომლის თანახმად, პოლიცია საზოგადოების სამსახურში მდგომი სახელმწიფო ორგანოა და პოლიციელის საქმიანობაც უკიდურესად მნიშვნელოვანია. პოლიციელი უნდა იყოს ყურადღებიანი და თავდაჭერილი. განსაკუთრებული ყურადღებით უნდა იყოს აგრეთვე იარაღის ტარებისა და გამოყენებისას. იარაღის გამოყენების უფლება მას მინიჭებული აქვს მხოლოდ საკუთარი ან სხვა ადამიანის სიცოცხლისა და ჯამრთელობის დასაცავად და არა სხვა რაიმე მიზნებისათვის.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ის ფაქტი, რომ მოსარჩელის მიმართ ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის 2015 წლის 30 ივნისის დადგენილებით სისხლის სამართლის საქმეზე შეწყდა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვინაიდან პროკურორმა უარი თქვა ბრალდებაზე და ადგილი ჰქონდა განრიდებას, არ ნიშნავს იმას, რომ რ. ხ-ს არ ჩაუდენია მართლსაწინააღმდეგო ქმედება და მისი ქმედება არ შეიცავს საზოგადოებისათვის საფრთხის შემცველ ელემენტს.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, განრიდება სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს სისხლისსამართლებრივი დევნის/სასჯელის ალტერნატიულ მექანიზმს, რომელიც გულისხმობს დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ ისეთი ღონისძიებების გამოყენებას, რომელთა შესრულების შემთხვევაში პროკურორი არ იწყებს სისხლისსამართლებრივ დევნას ან თუ დევნა დაწყებულია, იღებს სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის გადაწყვეტილებას. პირის მიმართ განრიდების გამოყენება გამორიცხავს ნასამართლობას, ვინაიდან სასამართლო არ მსჯელობს პირის ბრალეულობაზე და შესაბამისად, განაჩენის გამოტანა არ ხდება დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ. სისხლის სამართლის პროცესში განრიდების მუხლის არსებობა არ ნიშნავს იმას, რომ პირს საერთოდ არ ჩაუდენია მართლსაწინააღმდეგო ქმედება, განრიდების შემთხვევაში ქმედების ჩადენის ფაქტი დადასტურებულია, რომელსაც არც თავად რ. ხ-ი უარყოფს.
ამდენად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ჩადენილი გადაცდომის შინაარსისა და სიმძიმის გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოყენებული დისციპლინარული სახდელი - სამუშაოდან დათხოვნა მართებულია, ვინაიდან, მოსარჩელის სამსახურის სტატუსიდან გამომდინარე იგი თავად უნდა უზრუნველყოფდეს სახელმწიფო უსაფრთხოებასა და საზოგადოებრივ წესრიგს. პოლიციელის მიმართ მოქმედებს მაღალი სადისციპლინო-საშემსრულებლო მოთხოვნები, რაც საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოს თანამშრომლებს ქცევის კიდევ უფრო მაღალ სტანდარტს უწესებს და მკვეთრად გამიჯნავს საჯარო სამსახურის სხვა მოხელეებისაგან.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას, რის გამოც საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმედეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით რ. ხ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. რ. ხ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი