საქმე Nბს-805-797(კ-16) 4 აპრილი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მესამე პირი)
მოწინააღმდეგე მხარე - ჯ. ქ-ე (მოსარჩელე)
მოპასუხეები: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახური; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილებების რეგისტრაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ჯ. ქ-ემ 2015 წლის 30 აპრილს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის №882015165441-03 (31.03.2015) გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2015 წლის 25 მარტს განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ჯ. ქ-ის სახელზე აღრიცხული ქონების, ქ. რუსთავში, ... ქუჩა N1-36-ში არსებული ბინის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების რეგისტრაცია. 2015 წლის 31 მარტის №882015165441-03 გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა, შეჩერების მიზეზად მოყვანილია დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა, კერძოდ, მოსარჩელე მხარეს უნდა წარედგინა უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილებების განხორციელებაში სახელმწიფო თანხმობა ან წარმოდგენილ შიდა აზომვითი ნახაზით დაზუსტებულ ფართზე (გარდა 35,0 კვ.მ., საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი. მოსარჩელის წარმომადგენლის მითითებით, დაირღვა საქართველოს კონსტიიტუციის მე-14 მუხლით აღიარებული თანასწორობის პრინციპი, ვინაიდან 2012-2013 წლებში ანალოგიური განცხადებით მიმართეს ქ. რუსთავის, ... ქ. №1-ში მცხოვრებმა სხვა მოქალაქეებმა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოახდინეს უძრავ ნივთზე ცვლილებების რეგისტრაცია. მოსარჩელის წარმომადგენელი ასევე უთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 და მე-3 მუხლებზე და მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ თანასწორობის პრინციპის დარღვევით მისი გადაწყვეტილება არის უკანონო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 5 მაისის განჩინებით ჯ. ქ-ის სარჩელი, მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს.
მოსარჩელემ 2015 წლის 16 მაისს რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიმართა დაზუსტებული სარჩელით, რომლითაც მოითხოვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ მოპასუხის 2015 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილების - ბათილად ცნობა და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 8 ივნისის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 4 სექტემბრის გადაწყვეტილებით ჯ. ქ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ჯ. ქ-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით ჯ. ქ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 4 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ჯ. ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 31 მარტის №882015165441-03 გადაწყვეტილება და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავი სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებებში ცვლილების რეგისტრაცია კანონით დადგენილი წესის დაცვით.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2012 წლის 24 აგვისტოს ქ. რუსთავში, ... ქუჩა N1-36-ში მდებარე 35 კვ/მეტრზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქვემო ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს მიმართვის საფუძველზე დარეგისტრირდა სახელმწიფო საკუთრების უფლება. 2012 წლის 15 სექტემბერს აღნიშნული ბინა სახელმწიფომ პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად, პრივატიზების საფუძველზე გადასცა ჯ. ქ-ეს. 2015 წლის 25 მარტს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურს №88201565441-03 განცხადებით მიმართა ჯ. ქ-ის წარმომადგენელმა და მოითხოვა ქ. რუსთავში, ... ქუჩის N1-ში მდებარე უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილებების რეგისტრაცია. სარეგისტრაციო მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით,
დაინტერესებული პირის მიერ სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილ იქნა შიდა აზომვითი ნახაზი, რაც წარმოადგენდა უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის საფუძველს. 2015 წლის 31 მარტის №882015165441-03 გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა იმ მოტივით, რომ საჭირო იყო დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა, კერძოდ, განმცხადებელს უნდა წარედგინა უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილებების განხორციელებაზე სახელმწიფო თანხმობა ან წარდგენილ შიდა აზომვითი ნახაზით დაზუსტებულ ფართზე (გარდა 35, 0 კვ.მ.) საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი.
სააპელაციო სასამართლომ მხარეთა ახსნა-განმარტებების, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და შესაბამისი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმების ანალიზის საფუძველზე მიიჩნია, რომ მოსარჩელისათვის წარდგენილი მოთხოვნა დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის აუცილებლობის თაობაზე არ გამომდინარეობს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებიდან.
საჯარო რეესტრის წარმოებისა და ინფორმაციის გაცემის წესსა და პირობებს, წარმოებაში მონაწილე მხარეებს, მათ უფლებებსა და მოვალეობებს არეგულირებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქცია საჯარო რეესტრის შესახებ. აღნიშნული ინსტრუქციის მე-14 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, თუ საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის შესაბამისად, შენობა-ნაგებობის ან მისი ერთეულის ფართობი სარეგისტრაციო დოკუმენტში მითითებულ, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ ან ტექნიკური აღრიცხვის სააღრიცხვო ბარათში დაფიქსირებულ დაუზუსტებელ ფართობზე მეტი ან ნაკლებია, თანამესაკუთრეთა/ბინამესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა თანხმობის შემთხვევაში რეგისტრაცია წარმოებს საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზით დადგენილი ფართობის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი აზომვითი ნახაზით დგინდება, რომ უძრავი ნივთი წარმოადგენს ერთ სისტემაში გაერთიანებულ, ურთიერთდაკავშირებულ და იზოლირებულ ფართს, რეგისტრაციის განსახორციელებლად ბინამესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა თანხმობა არ მოითხოვება.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ინსტრუქცია უშვებს რეგისტრაციის შესაძლებლობას საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზით დადგენილი ფართობის შესაბამისად, რისთვისაც დამატებითი პირობა - ბინამესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა თანხმობა განმსაზღვრელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უძრავი ნივთი არ
წარმოადგენს ერთ სისტემაში გაერთიანებულ, ურთიერთდაკავშირებულ და იზოლირებულ ფართს. სხვა დამატებითი მოთხოვნა დაზუსტებული რეგისტაციისათვის ინსტრუქციით განსაზღვრული არ არის.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. რუსთავში, ... ქუჩა N1-36-ში მდებარე 35 კვ/მეტრზე მოსარჩელემ საკუთრების უფლება მოიპოვა პირდაპირი მიყიდვის ფორმით სიმბოლურ ფასად პრივატიზების საფუძველზე. საქმეში (ტ1. ს.ფ. 135) წარმოდგენილია საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომლითაც დასტურდება, რომ უძრავი ნივთი წარმოადგენს ერთ სისტემაში გაერთიანებულ, ურთიერთდაკავშირებულ და იზოლირებულ ფართს.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან წარმოდგენილი ვერ იქნა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ უძრავი ნივთი წარმოშობილია არაიზოლირებული ფართების გაერთიანების საფუძველზე, ისევე როგორც მტკიცებულება, რომ მოთხოვნილი ფართი და პრივატიზაციის საფუძველზე გადაცემული ფართი არ არის იდენტური. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის დაცვით მტკიცებულება არ წარმოდგენილა. სააპელაციო სასამართლოს მიერ 2016 წლის 8 ივნისის საოქმო განჩინებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილ იქნა ქ. რუსთავში, ... ქუჩის №1-ში მცხოვრებ იმ ფიზიკურ პირთა დაზუსტებული რეგისტრაციის საფუძვლები, რომელთაც მოსარჩელის მსგავსად ფართი სახელმწიფოსაგან მიიღეს სიმბოლურ ფასად პრივატიზაციის საფუძველზე. საქმეზე გამოთხოვილი და წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლა სააპელაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს დაადასტუროს, რომ თითქმის ყველა შემთხვევაში ადგილი აქვს ფართის ცდომილებას რეგისტრირებულ ფართსა და დაზუსტებულ ფართს შორის, ყველა ამ შემთხვევაში დაზუსტებული რეგისტრაცია განხორციელებულია საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე, დამატებითი დოკუმენტაციის მოთხოვნის გარეშე, ცდომილება ფართებს შორის არის მნიშვნელოვანი. არსებულ პირობებში სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აპელანტის მითითება ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან საკითხის გადაწყვეტის პროცესში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლით დადგენილი პრინციპების უგულვებელყოფის თაობაზე და მიიჩნია, რომ დარღვეულია კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევებში არ დაუშვას სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება. სააპელაციო სასამართლომ გიზიარა ადმინისტრაციული ორგანოს შეფასება ზემოაღნიშნული მუხლის პრინციპთან დაკავშირებით და დაადასტურა, რომ არ არსებობს პირთა თანასწორობა უკანონობაში, თუმცა სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ შემთხვევაში სახეზე არ არის უკანონობა, რამდენადაც მოთხოვნა რეგისტრაციაზე ეფუძნება ნორმატიული აქტის, კერძოდ, საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის მე-14 მუხლის მე-9 პუნქტის დანაწესს, რომელიც, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, არსებულ პირობებში ითვალისწინებს რეგისტრაციის დაშვების შესაძლებლობას. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში წარმოდგენილი და საქმეზე გამოკვლეული ფაქტობრივი გარემოებები ქმნიდა სადავო აქტის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ ბათილობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტის მიღება მოითხოვა.
კასატორმა მიუთითა, რომ ჯ. ქ-ემ რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურში უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია მოითხოვა და წარადგინა გაზრდილი ფართის შიდა საკადასტრო აზომვითი ნახაზი. რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 31 მარტის N882015165441-03 გასაჩივრებული გადაწყვეტილებით შეჩერდა ჯ. ქ-ის განცხადების საფუძველზე დაწყებული სარეგისტრაციო წარმოება და განმცხადებელს დაევალა მოთხოვნილ ფართზე (დამატებით 47 კვ.მ.) სახელმწიფოს თანხმობა ან წარმოდგენილი შიდა აზომვითი ნახაზით დაზუსტებულ ფართზე საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი.
აღნიშნული გადაწყვეტილება ჯ. ქ-ემ გაასაჩივრა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, ხოლო ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის მიღების შემდგომ, სადავო ადმინისტრაციული აქტების კანონიერების საკითხი განხილულ იქნა სასამართლო წესით. პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულიად მართებულად დაადგინა საქმის გარმოებები და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს სწორი შეფასება მისცა, მიუთითა გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების კანონიერებაზე, თუმცა სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ჯ. ქ-ისათვის წარდგენილი მოთხოვნა დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის აუცილებლობის თაობაზე არ გამომდინარეობდა კანონმდებლობის მოთხოვნებიდან. სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-14 მუხლის მე-9 პუნქტი, რომლის თანახმადაც, „თუ საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის შესაბამისად, შენობა-ნაგებობის ან მისი ერთეულის ფართობი სარეგისტრაციო დოკუმენტში მითითებულ, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ ან ტექნიკური აღრიცხვის სააღრიცხვო ბარათში დაფიქსირებულ დაუზუსტებელ ფართობზე მეტი ან ნაკლებია, თანამესაკუთრეთა/ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა თანხმობის შემთხვევაში რეგისტრაცია წარმოებს საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზით დადგენილი ფართობის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი აზომვითი ნახაზით დგინდება, რომ უძრავი ნივთი წარმოადგენს ერთ სისტემაში გაერთიანებულ, ურთიერთდაკავშირებულ და იზოლირებულ ფართს, რეგისტრაციის განსახორციელებლად ბინამესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა თანხმობა არ მოითხოვება“. აღნიშნული ნორმის საფუძველზე, სასამართლომ განმარტა, რომ ინსტრუქცია უშვებს რეგისტრაციის შესაძლებლობას დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა თანხმობის საფუძველზე, ხოლო ამხანაგობის თანხმობა საჭირო არაა, როდესაც უძრავი ნივთი წარმოადგენს ერთ სისტემაში გაერთიანებულ, ურთიერთდაკავშირებულ და იზოლირებულ ფართს. სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად ის ფაქტობრივი გარემოება, რომ საქმეში წარმოდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით (ტ.1 ს.ფ.135) უძრავი ნივთი წარმოადგენდა ერთ სისტემაში გაერთიანებულ, ურთიერთდაკავშირებულ და იზოლირებულ ფართს. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან წარმოდგენილი ვერ იქნა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ უძრავი ნივთი წარმოშობილია არაიზოლირებული ფართების გაერთიანების საფუძველზე, ისევე როგორც მტკიცებულება, რომ მოთხოვნილი ფართი და პრივატიზაციის საფუძველზე გაცემული ფართი არ იყო იდენტური. საყუარდღებოა, რომ მოსარჩელეს რეგისტრირებულ საკუთრებაში აქვს ბ. N36, 35 კვ.მ. (ს/კ ...), ხოლო რეგისტრირებული მონაცემების დაზუსტების მიზნით წარდგენილმა საკადასტრო აზომვითმა ნახაზმა მოიცვა დამატებით 47 კვ.მ. გარდა რეგისტრტირებული 35 კვ.მ. ფართისა, დამატებით 47 კვ.მ. რათქმაუნდა არ მოიცავს ჯ. ქ-ის სახელზე რეგისტრირებულ 35 კვ.მ-ს, იგი არ ყოფილა ჯ. ქ-ისათვის 15.09.2012 წ. ნასყიდობის ხელშეკრულებით გადაცემული ფართი. სწორედ იმ საფუძვლით შეაჩერა მარეგისტრირებელმა ორგანომ სარეგისტრაციო წარმოება, რომ დამატებით მოთხოვნილი ფართი - 47 კვ.მ.-ის ოდენობით არ წარმოადგენდა ჯ. ქ-ის საკუთრებას, რის გამოც წარმოსადგენი იყო მესაკუთრის - სახელმწიფოს თანხმობა, ან სათანადო უფლების დამდგენი დოკუმენტი. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ბინის საერთო ფართობი - ესაა ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული, ერთ სისტემაში გაერთიანებული (ურთიერთდაკავშირებული) მომიჯნავე სათავსები, იზოლირებული სათავსი ან/და იზოლირებული სათავსების ფართობთა ჯამი. აღნიშნული განმარტების შესაბამისად, ჯ. ქ-ეს ინდივიდუალურ საკუთრებაში გააჩნდა მხოლოდ 35 კვ.მ. და ბინის საერთო ფართი ვერ გახდება 47 კვ.მ-ით მეტი სათანადო უფლების დამდგენი დოკუმენტის წარდგენის გარეშე. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს ეჭვი, იმის თაობაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი არ იყო მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა რომ მოთხოვნილი ფართი (47 კვ.მ) და პრივატიზაციის საფუძველზე გადაცემული ფართი არ არის იდენტური, უსაფუძვლოა, ვინაიდან ამ ფართების არაიდენტურობა ნათლად დგინდება საქმის გარემოებებით.
ამასთანავე, ინსტრუქციის მე-14 მუხლის მე-9 პუნქტში საუბარია შენობა-ნაგებობის დაუზუსტებელ ფართობზე, ხოლო მოცემულ შემთხვევაში, ჯ. ქ-ის საკუთრებაში არსებული ფართი დაზუსტებულია და იგი წარმოადგენს 35 კვ.მ-ს. სრულიად დაუსაბუთებელია სასამართლოს მოსაზრება, რომელიც მარეგისტრირებელ ორგანოს ავალებს დამატებით 47 კვ. მ-ის ჯ. ქ-ის სახელზე რეგისტრაციას, მაშინ როდესაც მისი საკუთრების უფლება შემოიფარგლება მხოლოდ 35 კვ.მ-ით და ამავე დროს სასამართლოს არ გამოუკვლევია თუ ვისი საკუთრების უფლება ვრცელდება დამატებით მოთხოვნილ 47 კვ.მ-ზე. კასატორის მოსაზრებით სასამართლომ არასწორად გამოიყენა მე-14 მუხლის მე-9 პუნქტი იმ მიზეზით, რომ სარეგისტრაციოდ მოთხოვნილ დამატებით ფართზე არანაირი უფლება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას არ გააჩნდა და იგი წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთრებას. ქ. რუსთავში, ... ქუჩის N1-ში მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები დარეგისტრირდა სახელმწიფო საკუთრებად (N... ს/კ), რომელმაც განკარგა ამ შენობა-ნაგებობაში არსებული ფართები, ხოლო ის ფართი, რომელიც სახელმწიფოს არ განუკარგავს კვლავ მის საკუთრებად რჩება და არა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო საკუთრებად.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, განცხადებას თან უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია, ხოლო მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. მოცემულ შემთხვევაში ჯ. ქ-ემ სარეგისტრაციო სამსახურში წარადგინა დაზუსტებული (გაზრდილი ფართით) საკადასტრო აზომვითი ნახაზი, თუმცა არ წარუდგენია უფლებამოსილი ორგანოს თანხმობა ან/და უფლების დამდგენი დოკუმენტი დამატებით მოთხოვნილ ფართზე (გარდა რეგისტრირებული 35 კვ. მ. ფართისა). მოცემულ პირობებში მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილი არ იყო კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განეხორციელებინა რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია (სზაკი-ის 5-1-ე მუხლები), რამდენადაც საკუთრების უფლების რეგისტრაცია დამატებით ფართზე შესაბამისი უფლების დამდგენი დოკუმენტის გარეშე წარმოადგენს კანონსაწინააღმდეგო ქმედებას. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, ისე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე. ამავე კანონის მე-2 მუხლის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტების საფუძელზე, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ხოლო სარეგისტრაცია დოკუმენტაცია - რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტაცია. მოსარჩელის მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი (გაზრდილ ფართზე) არ წარმოადგენს ამავე კანონით გათვალისწინებულ იმ სარეგისტრაციო დოკუმენტს, რომელიც რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას წარმოშობს. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვარის N4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფიელების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებაში მიუთითოს ყველა იმ საბუთისა თუ ინფორმაციის წარმოდგენის აუცილებლობის შესახებ, რომელიც საჭიროა მოთხოვნილი რეგისტრაციისთვის.
კასატორის მოსაზრებით, მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმათა სრული დაცვით და ადგილი არ აქვს კანონის დარღვევას, რომელსაც შესაძლოა გადაწყვეტილების შედეგზე ჰქონოდა გავლენა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 27 დეკემბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დასაშვებად და მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2012 წლის 24 აგვისტოს ქ. რუსთავში, ... ქუჩის N1-36-ში მდებარე 35 კვ/მ-ზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქვემო ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს მიმართვის საფუძველზე დარეგისტრირდა სახელმწიფო საკუთრების უფლება.
2012 წლის 15 სექტემბერს აღნიშნული ბინა სახელმწიფომ პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად, პრივატიზების საფუძველზე გადასცა ჯ. ქ-ეს.
2015 წლის 25 მარტს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურს №88201565441-03 განცხადებით მიმართა ჯ. ქ-ის წარმომადგენელმა და მოითხოვა ქ. რუსთავში, ... ქუჩა N1-ში მდებარე უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილებების რეგისტრაცია. სარეგისტრაციო მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, დაინტერესებული პირის მიერ სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილ იქნა შიდა აზომვითი ნახაზი, რაც წარმოადგენდა უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის საფუძველს.
2015 წლის 31 მარტის №882015165441-03 გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა იმ მოტივით, რომ საჭირო იყო დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა, კერძოდ, განმცხადებელს უნდა წარედგინა უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილებების განხორციელებაზე სახელმწიფო თანხმობა ან წარდგენილი შიდა აზომვითი ნახაზით დაზუსტებულ ფართზე (გარდა 35, 0 კვ. მ) საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი.
საქმეზე ასევე დადგენილია, რომ ჯ. ქ-ეს ქ. რუსთავში, ... ქუჩა N1-36-ში მდებარე 47.6 კვ.მ ფართის უძრავი ქონების საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი, ან სახელმწიფოს მიერ აღნიშნული ფართის მოსარჩელესათვის გადაცემის მტკიცებულება არ გააჩნია.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზების ფორმებია: ა) აუქციონი; ბ) პირდაპირი მიყიდვა: ბ.ა) პირდაპირი მიყიდვა; ბ.ბ) პირდაპირი მიყიდვა კონკურენტული შერჩევის საფუძველზე; გ) უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა.
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებას ახორციელებს ქონების მმართველი. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის, კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვისა და უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმებით პრივატიზება ხორციელდება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე, ამ კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტით, მე-63 და მე-10 მუხლებით დადგენილი წესით და პირდაპირი მიყიდვის ფორმით, ქონების მმართველის მიერ, ამავე კანონის მე-181 მუხლით დადგენილი წესით. ამავე კანონის მე-63 მუხლის პირველი პუნქტის შინაარსიდან გამომდინარე, სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე სახელმწიფო ქონება უსასყიდლოდ საკუთრებაში შეიძლება გადაეცეთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს − დევნილებს, აგრეთვე საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 17 აპრილის №91528 გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება „საჯარო რეესტრის შესახებ“ და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონს. ამასთან, გადაწყვეტილება გამოცემულია კანონის სრული დაცვით, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან. სადავო გადაწყვეტილება მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე, აგრეთვე დაცულია ადმინისტრაციული აქტის მომზადებისა და გამოცემისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესი.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ საქმეში წარმოდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით უძრავი ნივთი წარმოადგენდა ერთ სისტემაში გაერთიანებულ, ურთიერთდაკავშირებულ და იზოლირებულ ფართს, რამდენადაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მტკიცებულების წარმოდგენა, რომ მოთხოვნილი ფართი და პრივატიზაციის საფუძველზე გაცემული ფართი წარმოადგენდა ერთ სისტემაში გაერთიანებულ, ურთიერთდაკავშირებულ და იზოლირებულ ფართს. მოსარჩელეს რეგისტრირებულ საკუთრებაში აქვს ქ. რუსთავში, ... ქ. №1-ში, ბ. N36, 35 კვ.მ. (ს/კ ...), ხოლო რეგისტრირებული მონაცემების დაზუსტების მიზნით წარდგენილმა საკადასტრო აზომვითმა ნახაზმა მოიცვა, გარდა რეგისტრტირებული 35 კვ.მ. ფართისა, 47 კვ.მ. დამატებითი ფართი, რომელიც საქმეში წარმოდგენილი აზმოვითი ნახაზის თანახმად, არ წარმოადგენს ერთ სისტემაში გაერთიანებულ, ურთიერთდაკავშირებულ და იზოლირებულ ფართს. იგი არ ყოფილა ჯ. ქ-ისათვის 2012 წლის 15 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებით გადაცემული ფართი. მარეგისტრირებელმა ორგანომ სწორედ იმ საფუძვლით შეაჩერა სარეგისტრაციო წარმოება, რომ დამატებით მოთხოვნილი 47 კვ.მ ფართი არ წარმოადგენდა ჯ. ქ-ის საკუთრებას, რის გამოც წარმოსადგენი იყო უძრავი ქონების მესაკუთრის - სახელმწიფოს თანხმობა, ან სათანადო უფლების დამდგენი დოკუმენტი.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ბინის საერთო ფართობი ესაა ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული, ერთ სისტემაში გაერთიანებული (ურთიერთდაკავშირებული) მომიჯნავე სათავსები, იზოლირებული სათავსი ან/და იზოლირებული სათავსების ფართობთა ჯამი. ამდენად, ჯ. ქ-ეს ინდივიდუალურ საკუთრებაში გააჩნდა მხოლოდ 35 კვ.მ. და ბინის საერთო ფართი ვერ გახდება 47 კვ.მ-ით მეტი სათანადო უფლების დამდგენი დოკუმენტის წარდგენის გარეშე.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა და განმარტა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-14 მუხლის მე-9 პუნქტი, რომელიც ადგენს შენობა-ნაგებობის დაუზუსტებელ ფართობზე აზომვითი ნახაზის საფუძველზე რეგისტრაციის პირობებს. მოცემულ შემთხვევაში ჯ. ქ-ის სახელზე საჯარო რესტრში ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე აღრიცხულია დაზუსტებული 35 კვ.მ. ფართი. ამასთან, სარეგისტრაციოდ მოთხოვნილი 47 კვ.მ. ფართი არ წარმოადგენს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საკუთრებას, რადგან საქმის მასალების თანახმად, ქ. რუსთავში, ... ქუჩის N1-ში მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები (N... ს/კ) რეგისტრირებულია სახელმწიფო საკუთრებად, რომელმაც ამ შენობა-ნაგებობაში არსებული ფართების ნაწილი განკარგა, ხოლო ის ფართი, რომელიც სახელმწიფოს არ განუკარგავს კვლავ მის საკუთრებად რჩება და არ წარმოადგენს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო საკუთრებას.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, განცხადებას თან უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია, ხოლო მარეგისტრირებელი ორგანო ასევე უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. მოცემულ შემთხვევაში ჯ. ქ-ემ სარეგისტრაციო სამსახურში წარადგინა დაზუსტებული (გაზრდილი ფართით) საკადასტრო აზომვითი ნახაზი, თუმცა არ წარუდგენია უფლებამოსილი ორგანოს თანხმობა ან/და უფლების დამდგენი დოკუმენტი დამატებით მოთხოვნილ ფართზე. მოცემულ პირობებში მარეგისტრირებელი ორგანო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის შესაბამისად, არ იყო უფლებამოსილი კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განეხორციელებინა რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია, რამდენადაც საკუთრების უფლების რეგისტრაცია დამატებით ფართზე შესაბამისი უფლების დამდგენი დოკუმენტის გარეშე წარმოადგენს კანონსაწინააღმდეგო ქმედებას. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, ისე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე. ამავე კანონის მე-2 მუხლის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტების საფუძელზე, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ხოლო სარეგისტრაციო დოკუმენტაცია - რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტაცია. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი 47 კვ.მ. ფართზე არ წარმოადგენს ამავე კანონით გათვალისწინებულ იმ სარეგისტრაციო დოკუმენტს, რომელიც რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას წარმოშობს. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვარის N4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფიელების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებაში მიუთითოს ყველა იმ საბუთისა თუ ინფორმაციის წარმოდგენის აუცილებლობის შესახებ, რომელიც საჭიროა მოთხოვნილი რეგისტრაციისთვის.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით აღიარებული კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით აღიარებული ყველა ადამიანის დაბადებით თავისუფლებისა და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპიდან. კანონის წინაშე თანასწორობა, ერთი მხრივ, საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით აღიარებული კონკრეტული უფლებაა, ხოლო მეორე მხრივ, ფუნდამენტური სამართლებრივი პრინციპია, რომელიც განსაზღვრავს ძირითადი უფლებებით სარგებლობის ზოგად წესს, უზრუნველყოფს უფლება-თავისუფლებათა განხორციელებას დისკრიმინაციის გარეშე და იცავს ადამიანს უთანასწორო მოპყრობისაგან. კანონის წინაშე თანასწორობის ეს ზოგადი დებულება გულისხმობს სახელმწიფო აპარატის მხრიდან თვითნებობის აკრძალვას, დაუშვებელია ადმინისტრაციული პროცესის მონაწილე პირთა, იქნება ეს ფიზიკური თუ იურიდიული პირი, ასევე ადმინისტრაციული ორგანოსათვის, კანონიერი უფლებებისა და ინტერესების შეზღუდვა ან მათი განხორციელებისათვის ხელის შეშლა, აგრეთვე მათთვის კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი რაიმე უპირატესობის მინიჭება ან რომელიმე მხარის მიმართ რაიმე დისკრიმინაციული ზომების მიღება. დისკრიმინაციის აკრძალვას ითვალისწინებს აგრეთვე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-14 მუხლიც.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, რა თქმა უნდა, ყველა შემთხვევაში არ ჩაითვლება კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპის დარღვევად, ამ მოთხოვნის დარღვევა სახეზეა მაშინ, როდესაც იკვეთება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის ერთ-ერთი მხარის შეზღუდვის ან მისთვის უპირატესობის მინიჭების გონივრული, საქმის არსიდან გამომდინარე საფუძველი. ამასთან აშკარაა შეუსაბამობა განხორციელებულ ღონისძიებასა და საქმის ფაქტობრივ გარემოებებს შორის. სასამართლოს მოსაზრებით, კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი გულისხმობს სახელმწიფო ადმინისტრაციის მხრიდან თვითნებობის აკრძალვას და არსებითად იდენტური საქმის გარემოებების თვითნებურად არათანაბრად შეფასებისა და აქედან გამომდინარე, უკანონო გადაწყვეტილების მიღების დაუშვებლობას.
განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული გადაწყვეტილებები მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ მოსარჩელის დანარჩენ მეზობლებს მტკიცებულებათა წარდგენის გარეშე დაურეგისტრირდათ ქონება, საჯარო რეესტრის მიერ არ შეიძლება სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი გახდეს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის №2/1/473 გადაწყვეტილებით საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბ. ჭ. და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ“ სასამართლომ მიუთითა, რომ კონსტიტუცია კრძალავს კანონის წინაშე არსებითად თანასწორთა უთანასწოროდ (ან პირიქით) გონივრული და ობიექტური დასაბუთების გარეშე მოპყრობის ნებისმიერ შემთხვევას. თუმცა სამართლებრივი ურთიერთობის ბუნებიდან გამომდინარე, კანონის წინაშე თანასწორობის უფლების დაცვის ხარისხი განსხვავებულია და მისი მასშტაბის დადგენა უნდა მოხდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში. კანონის წინაშე თანასწორობის უფლება არ გულისხმობს, ბუნებისა და შესაძლებლობების განურჩევლად, ყველა ადამიანის ერთსა და იმავე პირობებში მოქცევას. თანასწორობის უფლება არ არის აბსოლუტური. კონსტიტუციის მე-14 მუხლი არ ავალდებულებს სახელმწიფოს, ნებისმიერ შემთხვევაში, სრულად გაათანაბროს არსებითად თანასწორი პირები. იგი უშვებს გარკვეული დიფერენცირების შესაძლებლობას. დიფერენცირებული მოპყრობისას ერთმანეთისგან უნდა განვასხვაოთ დისკრიმინაციული დიფერენცირება და ობიექტური გარემოებებით გამოწვეული დიფერენცირება.... ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს, არის თუ არა საჯარო მიზნის მისაღწევად პირთა დიფერენცირება ობიექტური გარემოებებით განპირობებული. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელის შინაარსიდან და მოსარჩელეთა მეზობლების საკუთრების უფლების დამადასტურებელი მტკიცებულებებიდან (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან) არ ჩანს, რომ სადავო ნორმა რაიმენაირად მიმართულია საცხოვრებელი ბინების საკუთრების რეგისტრაციის დიფერენცირებისკენ. თანასწორობის უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის კონსტიტუციურობის შეფასების სტანდარტები არ არის ერთგვაროვანი. ნორმა, რომლითაც დადგენილი დიფერენცირება უკავშირდება კლასიკურ, სპეციფიკურ ნიშნებს ან/და ხასიათდება მაღალი ინტენსივობით, ექვემდებარება კონსტიტუციურ შემოწმებას „მკაცრი ტესტის“ ფარგლებში, თანაზომიერების პრინციპის გამოყენებით. ამ ტესტის ფარგლებში „ლეგიტიმური მიზნის დასაბუთებისას საჭიროა იმის მტკიცება, რომ სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა არის აბსოლუტურად აუცილებელი, არსებობს „სახელმწიფოს დაუძლეველი ინტერესი“. სასამართლომ სადავო ნორმის კონსტიტუციურობა შეაფასა აგრეთვე „რაციონალური დიფერენცირების ტესტის“ ფარგლებში, რომლის მიხედვითაც: „ა) საკმარისია დიფერენცირებული მოპყრობის რაციონალურობის დასაბუთებულობა, მათ შორის, როდესაც აშკარაა დიფერენციაციის მაქსიმალური რეალისტურობა, გარდუვალობა ან საჭიროება; ბ) რეალური და რაციონალური კავშირის არსებობა დიფერენციაციის ობიექტურ მიზეზსა და მისი მოქმედების შედეგს შორის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება №1/1/493, 27 დეკემბერი, 2010 წელი). ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-14 მუხლის თანახმად, „ამ კონვენციით გაცხადებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულების, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა ნიშნის განურჩევლად“. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს არ მიუთითებია არც ერთი დასახელებული ნიშანი, რასაც შესაძლოა გამოეწვია მისთვის უძრავ ნივთზე საკუთრების რეგისტრაცის მოთხოვნაზე უარის თქმა.
საკასაციო პალატა მიიჩნევ, რომ ვინაიდან, არ არსებობს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები, უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სამსახურისათვის წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის დავალების შესახებ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით ჯ. ქ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 4 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ჯ. ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის „ს1“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო - სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებულ დავებზე საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟი, რომლის გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის მოსარჩელეში მოიაზრება არა მხოლოდ სასარჩელო განცხადების უშუალო ავტორი, არამედ ის პირიც, რომელიც ზემდგომი ინტანციის სასამართლოებში მიმდინარე სასამართლო წარმოების ინიცირებას ახდენს (აპელანტი, კასატორი), ასეთი პირი შესაძლოა იყოს როგორც თავდაპირველი მოსარჩელე ან მოპასუხე, ასევე გასაჩივრების უფლების მქონე მესამე პირი. ამდენად, მართალია, კასატორი გათავისუფლებული იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მაგრამ ვინაიდან წინამდებარე გადაწყვეტილებით დადგინდა ჯ. ქ-ის სარჩელის უსაფუძვლობა, შესაბამისად - საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი მუხლის საფუძველზე ჯ. ქ-ეს, რომელიც არ არის გათავისუფლებული სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან (სსკ-ის 55.2 მუხ.), სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა გადახდეს საკასაციო ინსტანციის სასამართლოში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ჯ. ქ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. ჯ. ქ-ეს დაეკისროს საკასაციო ინსტანციის სასამართლოში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ შემდეგ ანგარიშზე: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე