№ბს-846-838(კს-16) 13 აპრილი, 2017 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - შპს „...“
დავის საგანი - ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.09.2016წ. განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
20.05.2016წ. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან ფოთის საქალაქო სასამართლოში განსახილველად შეტანილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შპს „...“ მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაღა კოდექსის 88-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებულ სამართალდარღვევის ფაქტზე.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 31.05.2016წ. დადგენილებით შპს „...“ ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად და მას შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი - ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით, რაც გასაჩივრდა შპს „...“ მიერ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.06.2016წ. დადგენილებით შპს „...“ საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად საჩივრის შეტანის 10-დღიანი ვადის დარღვევის გამო.
08.08.2016წ. შპს „...“ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება იმ საფუძვლით, რომ შპს „...“ საჩივრის წარდგენის ვადა არ დაურღვევია, რაც დასტურდება შპს „ს…“ ხარისხის მართვის დეპარტამენტის მონიტორინგის სამსახურის უფროსის 21.07.2016წ. წერილით, რომელშიც აღნიშნულია, რომ შპს-ს საჩივარი ფოსტას ჩაბარდა 10.06.2016წ. და არა 11.06.2016წ., როგორც ეს კონვერტზე დასმული საფოსტო შტამპით ირკვევა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.09.2016წ. განჩინებით შპს „...“ განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ აღნიშნა, რომ მართალია21.07.2016წ. შპს „ს...იდან“ წარმოდგენილი წერილის მიხედვით ფოსტას ... გზავნილი ჩაბარდა 10.06.2016წ., თუმცა წარმოდგენილი მტკიცებულებებით სარწმუნოდ არ დასტურდება შპს „...“ საჩივრის ფოსტისათვის 10.06.2016წ. ჩაბარება, რადგან შპს-ს არ აქვს გასული კორესპონდენციების რეგისტრაციის ჟურნალი, ამასთანავე, სასამართლოს მოხელის მიერ 19.08.2016წ. შპს „ს…“ ოპერატორთან სატელეფონო საუბრის აქტით ირკვევა, რომ ... გზავნილი შპს „ს…“ რეგისტრირებულია11.06.2016წ. 11:22 საათზე. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა შპს „...ს“ მიერ.
კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ გზავნილი ფოსტას ჩაბარდა 10.06.2016წ., თუმცა რეგისტრაციაში გატარდა მომდევნო დღეს, რაც დაადასტურა სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დაკითხულმა შპს „ს...“ ხარისხის მართვის დეპარტამენტის მონიტორინგის სამსახურის უფროსმა - ზ. ბ-მა. სააპელაციო სასამართლოს დაუსაბუტებელი განჩინებით შპს „...“ ერღვევა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება. შპს მიიჩნევს, რომ მესამე პირის მიერ განხორციელებული მოქმედებების გამო შპს „...“ არ უნდა დაზარალდეს, ამდენად, უნდა განახლდეს საქმის წარმოება და მის მიერ წარდგენილი საჩივარი განხილულ იქნეს არსებითად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების გაცნობისა და კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „...“ კერძო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის 61.3 მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას, ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. სსკ-ის 60.2 მუხლის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ შპს „...“ სამართალდამრღვევად ცნობის და სახდელის დაკისრების შესახებ ფოთის საქალაქო სასამართლოს 31.05.2016წ. დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა შპს „...“ წარმომადგენელი. ადმინისტრაციულ სამართლადარღვევათა კოდექსის 271.2, 272.1 მუხლების მიხედვით განსახილველ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილება საჩივრდება სააპელაციო სასამართლოში, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის თანახმად საჩივრის წარდგენის ვადა განისაზღვრება დადგენილების გამოტანიდან 10 დღით. ამდენად, შპს „...“ საჩივრის წარდგენის ვადა 10.06.2016წ. 24:00 სთ-ზე ეწურებოდა. აღნიშნულ გარემოებას არც შპს უარყოფს და აღნიშნავს, რომ საჩივარი შპს „ს...“ 10.06.2016წ. ჩაბარდა, რაც დასტურდება „ს...“ 21.07.2016წ. წერილითა და სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე ფოსტის ხარისხის მართვის დეპარტამენტის/მონიტორინგის სამსახურის უფროსის ზ. ბ-ის ახსნა-განმარტებით, რომელმაც აღნიშნა, რომ როგორც წესი, დღის ბოლოს ფოსტაში შესული კორესპონდენციები ტარდება მომდევნო დღის რიცხვით.
საკასაციო პალატის მიერ შპს „ს...“ გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია ... გზავნილის ფოსტისათვის გადაცემის თარიღის შესახებ. შპს „ს...“ (ხელმომწერი: ხარისხის მართვის დეპარტამენტის უფროსი ა. მ-ე) 24.03.2017წ. მომართვის თანახმად, ... გზავნილი, რომლის გამგზავნიც არის შპს „...“, ხოლო ადრესატია ფოთის საქალაქო სასამართლო, შპს „ს...“ ჩაბარდა 11.06.2016წ., აღნიშნულის დასადასტურებლად მომართვაზე თანდართულია ამონაწერი ფოსტის ელექტრონული სააღრიცხვო პროგრამიდან.
აღნიშნული მომართვის მიღების შემდეგ საკასაციო პალატამ განმეორებით მიმართა შპს „ს...“, მიუთითა ფოსტის 24.03.2017წ. (ხელმომწერი: ხარისხის მართვის დეპარტამენტის უფროსი: ა. მ-ე) და 21.07.2016წ. (ხელმომწერი: ხარისხის მართვის დეპარტამენტის მონიტორინგის სამსახურის უფროსი: ზ. ბ-ი) წერილებზე, რომელთა მიხედვით შპს „...“ მიერ ფოსტის უფლებამოსილი მუშაკისათვის გზავნილის ჩაბარების თარიღად მითითებული იყო სხვადასხვა თარიღები და მოითხოვა იმის დადგენა, თუ რომელ წერილში არსებული ინფორმაცია შეესაბამება სინამდვილეს და რეალურად როდის ჩაბარდა ფოსტის უფლებამოსილ მუშაკს ... გზავნილი.
შპს „ს...“ 05.04.2017წ. მომართვის თანახმად, ფოსტის სახელით გაცემულ ორ დოკუმენტს შორის შეუსაბამობა გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ 24.03.2017წ. დოკუმენტის მომზადებისას ფოსტამ იხელმძღვანელა თავის ელექტრონულ პროგრამაში დაცული ინფორმაციით, გზავნილის ელექტრონული რეგისტრაციის თარიღით, ხოლო 21.07.2016წ. ინფორმაციის გაცემისას ფოსტა დაეყრდნო დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლის მიხედვით შპს „...“ მიერ ... გზავნილის შპს „ს...“ კურიერისათვის ფიზიკურად ჩაბარება განხორციელდა 10.06.2016წ., თუმცა ვინაიდან კურიერის სერვისცენტრში დაბრუნებისას ფოსტის გაცვლა უკვე დასრულებული იყო, ფოსტამ გზავნილის პროგრამული რეგისტრაცია განახორციელა 11.06.2016წ.. აღნიშნულიდან გამომდინარე, საფოსტო სამსახურმა დაადასტურა, რომ ... გზავნილი შპს „ს...“ ჩაბარდა 10.06.2016წ. დღის მეორე ნახევარში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დასტურდება შპს „...“ მიერ ... გზავნილის შპს „ს...“ უფლებამოსილი მუშაკისათვის 10.06.2016წ. ჩაბარების ფაქტი. სააპელაციო სასამართლოს სათანადოდ არ შეუფასებია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებები, არ გამოუთხოვია დამატებითი მტკიცებულებები, რომლებიც სარწმუნოდ დაადასტურებდნენ გზავნილის ფოსტის უფლებამოსილი მუშაკისათვის ჩაბარების თარიღს. ის, რომ შპს „...“ არ გააჩნდა გამავალი კორესპონდენციების რეგისტრაციის ჟურნალი არ ადასტურებს ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ მოთხოვნის უსაფუძვლობას. ამდენად, საკასაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა მიიჩნევს, რომ არსებობს სააპელაციო სასამართლოს 07.09.2016წ. განჩინების გაუქმების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „...“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.09.2016.წ. განჩინება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი