საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ
875აპ.-09 5 მარტი, 2010 წ.
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე – პაატა სილაგაძე
მოსამართლეები: დავით სულაქველიძე
იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ. კ-ას ინტერესების დამცველი ადვოკატის _ ნ. ს-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 28 სექტემბრის განაჩენზე.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 9 თებერვლის განაჩენით რ. კ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის II ნაწილის ,,ბ» და იმავე მუხლის III ნაწილის ,,ბ», ,,გ» ქვეპუნქტებით – 10 წლით, ხოლო 143-ე მუხლის II ნაწილის ,,გ» და იმავე მუხლის III ნაწილის ,,ა», ,,გ» ქვეპუნქტებით – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის I ნაწილით, შეკრების წესით, მას სასჯელად განესაზღვრა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა.
სამოქალაქო მოპასუხე რ. კ-ას დაეკისრა სამოქალაქო მოსარჩელეების: ნ. ო-ას სასარგებლოდ _ 3690 ლარის, ლ. ბ-ის სასარგებლოდ _ 1200 ლარის, ხოლო დ. ბ-ის სასარგებლოდ _ 390 ლარის გადახდა.
დაზარალებულ უ. ბ-ის სამოქალაქო სარჩელი დარჩა განუხილველი.
საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი 2 თეთრი თვალი და 9 გამჭვირვალე თეთრი ქვა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს დაზარალებულ ნ. ო-ას, რკალისებური ფორმის ოქროს გადამდნარი ზოდი კი _ მოხმარდეს დაზარალებულების _ ნ. ო-ასა და ლ. ბ-ის მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებას.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 28 სექტემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო პალატა სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ ეს უკანასკნელი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.
მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულის მიმართ ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის II ნაწილის ,,ბ», იმავე მუხლის III ნაწილის ,,ბ», ,,გ», 143-ე მუხლის II ნაწილის ,,გ» და იმავე მუხლის III ნაწილის ,,ა», ,,გ» ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებას და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.
ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ რ. კ-ას ინტერესების დამცველი ადვოკატის _ ნ. ს-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 28 სექტემბრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.