Facebook Twitter

საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობის შესახებ

877აპ-09 ქ. თბილისი

22 იანვარი, 2010 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),

დ. სულაქველიძე, პ. სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ნ. შ-შვილისა და ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ. დ-შვილის საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 22 სექტემბრის განაჩენზე.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 25 ივნისის განაჩენით ნ. შ-შვილი და თ. შ-შვილი ცნობილ იქნენ დამნაშავეებად სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ», მე-3 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტებით და მიესაჯათ 11-11 წლით და 4-4 თვით თავისუფლების აღკვეთა. ნ. შ-შვილს გადაევადა განაჩენის აღსრულება შვილის 5 წლის ასაკს მიღწევამდე. მას სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2008 წლის 28 სექტემბრიდან იმავე წლის 3 ოქტომბრამდე. თ. შ-შვილს სასჯელის ათვლა დაეწყო 2008 წლის 28 სექტემბრიდან.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 22 სექტემბრის განაჩენით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ნ. შ-შვილის მიმართ დარჩა უცვლელად. ამასთან, დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება პროკურორსა და მსჯავრდებულ თ. შ-შვილს შორის: ამ უკანასკნელს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით, ამავე კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით, განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთაA და ჯარიმა _ 15 000 ლარი. მასვე დაუბრუნდა ჩამორთმეული ავტომანქანა.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო პალატა, სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრების შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ ისინი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულის მიმართ ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებას და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა და იგი ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ნ. შ-შვილისა და ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ. დ-შვილის საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 22 სექტემბრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.