Facebook Twitter

საქმე Nბს-95-94(კ-17) 4 აპრილი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო (მესამე პირი)

მოწინააღმდეგე მხარე _ ი.თ-ა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს მთავრობა (მოპასუხე)

დავის საგანი _ მესამე პირად ჩაბმის კანონიერება;

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 22 ნოემბრის საოქმო განჩინება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი.თ-ამ 2015 წლის 25 სექტემბერს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში და მოპასუხეთა წრისა და სასარჩელო მოთხოვნის არაერთგზის დაზუსტების შემდეგ საბოლოოდ მოითხოვა საქართველოს პრეზიდენტისათვის და საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსადმი სარჩელით მიმართვის დავალება რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკის წინააღმდეგ, სადაც საქართველოს სახელმწიფოსთან ერთად მოსარჩელე იქნება ი.თ-ა. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა დაევალოს საქართველოს მთავრობას დაავალოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განახორციელოს ი.თ-ას საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთებზე, რომელიც მდებარეობს ქ. სოხუმში და დაბა გ-ში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილებით ი.თ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი.თ-ამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 22 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირად ჩაერთო საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ მიიჩნია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილით მესამე პირი საქმეში აუცილებლად უნდა იქნეს ჩაბმული, თუკი იგი არის იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზეც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან აპელანტის მოთხოვნები მიმართულია როგორც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, ასევე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით, ორივე ადმინისტრაციული ორგანო საქმეში ჩაბმული უნდა იქნეს მესამე პირად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 22 ნოემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ.

კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, იგი არ წარმოადგენს მოცემულ საქმეზე სამართალურთიერთობის მონაწილეს, რამდენადაც მოსარჩელის მოთხოვნა არ წარმოადგენს იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციაში შემავალ საკითხს და სამინისტროს ასეთი უფლებამოსილება საერთოდ არ გააჩნია და საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება ვერავითარი შედეგის მომტანი ვერ იქნება იუსტიციის სამინისტროსათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 22 ნოემბრის საოქმო განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში დამკვიდრებულია როგორც მხარეთა და პოტენციურ მესამე პირთა საპროცესო უფლება – მიმართონ სასამართლოს საქმეში მესამე პირის ან მესამე პირად ჩაბმის მოთხოვნით, აგრეთვე, Oოფიციალობის პრინციპის გათვალისწინებით სასამართლოს გააჩნია, როგორც უფლებამოსილება, ასევე აკისრია პროცესუალური ვალდებულება მესამე პირის ჩაბმის თაობაზე, რაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი დავების მატერიალურ-სამართლებრივი და პროცესუალური თავისებურებებიდან გამომდინარეობს.

მესამე პირთა სამართლებრივი ინტერესის დაცვის მიზნის მიღწევას ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა მოწვევის ინსტიტუტი ემსახურება. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მესამე პირის ინსტიტუტი ადმინისტრაციული პროცესის მნიშვნელოვანი ინსტიტუტია, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მესამე პირებს დაიცვან თავიანთი კერძო, სუბიექტური ინტერესები და რეალიზება განახორციელონ ადმინისტრაციული პროცესის ფარგლებში. მესამე პირების ინსტიტუტის საკანონმდებლო საფუძველს ქმნის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლი. აღნიშნული მუხლის თანახმად, კანონმდებელი განასხვავებს მესამე პირების მარტივ და სავალდებულო (აუცილებელ) ჩაბმას. მესამე პირთა ადმინისტრაციულ პროცესში მოწვევის მარტივი ფორმა შინაარსობრივად განსხვავდება აუცილებელი, სავალდებულო ფორმისაგან. განსხვავება იმაშია, რომ მესამე პირთა ადმინისტრაციულ პროცესში მარტივი ფორმით ჩაბმა საქმის განმხილველი სასამართლოს უფლებაა, ხოლო მესამე პირთა აუცილებელი, სავალდებულო ჩაბმა კი ვალდებულება კონკრეტული გარემოების არსებობისას. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილი სწორედ მესამე პირთა მარტივი ჩაბმის ფორმულირებას შეიცავს, მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის კი აუცილებელი, სავალდებულო ჩაბმის ფორმულირებას. ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა მარტივ და სავალდებულო ფორმით ჩაბმას შორის განსხვავებას მნიშვნელობა ენიჭება სწორედ მათთვის საპროცესო უფლებაუნარიანობისა და ქმედუნარიანობის მინიჭების თვალსაზრისით. ადმინისტრაციულ პროცესში მარტივი ფორმით ჩაბმული მესამე პირები უფრო შეზღუდული უფლებებით სარგებლობენ, ვიდრე სავალდებულო ფორმით ჩაბმული მესამე პირები.

ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა სავალდებულო ჩაბმის ფორმა სახეზეა, თუ მესამე პირი იმ სამართალურთიერთობის მონაწილეა, რომლის თაობაზეც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი. ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა მარტივი ჩაბმის დროს გადამწყვეტია მესამე პირთა სამართლებრივი ინტერესები, ხოლო რაც შეეხება აუცილებელ, სავალდებულო ჩაბმას, ამ დროს სამართლებრივი ინტერესის პარალელურად მნიშვნელოვანია ის, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით მესამე პირთა უფლებები და მოვალეობებიც შეიძლება განისაზღვროს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლი მე-2 ნაწილი მესამე პირებად საქმეში ჩაბმის აუცილებლობას ადგენს იმ პირების მიმართ, რომლებიც არიან სადავო სამართალურთიერთობის მონაწილეები, რომელთან მიმართებაშიც მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი, ანუ ასეთი პირები იმგვარად არიან დაკავშირებულნი სადავო სამართალურთიერთობასთან, რომ სასამართლოს მიერ ამ დავის გადაწყვეტის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება გავლენას მოახდენს ამ ურთიერთობასთან დაკავშირებულ, კანონით დაცულ მათ უფლებებსა და ინტერესებზე. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით აუცილებელი მოწვევის საფუძველზე ჩაბმული მესამე პირი (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლი) სარგებლობს მოსარჩელისა და მოპასუხის ყველა უფლებით და ეკისრება მოსარჩელის ყველა მოვალეობა, რაც გულისხმობს, რომ ამგვარი სტატუსის მესამე პირი აღჭურვილია მხარის ყველა საპროცესო უფლებით.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის მოტივებს, გასაჩივრებული განჩინება მიაჩნია კანონშესაბამისად და მიიჩნევს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო წარმოადგენს სადავო სამართალურთიერთობის მონაწილეს, შესაბამისად, არსებობდა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით საქმეში სავალდებულო მესამე პირად ჩაბმის მატერიალური და პროცესუალური წინაპირობები. შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ურთიერთობებში პირის პროცესუალური უფლებების უზრუნველყოფა პირდაპირ კავშირშია მისი მატერიალურ-სამართლებრივი უფლებების არსებობის ფაქტთან. პირს მესამე პირის პროცესუალური ინსტიტუტი აძლევს შესაძლებლობას, საპროცესო უფლებების გამოყენების გზით უზრუნველყოს მატერიალურ-სამართლებრივი უფლებების დაცვა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით საქმეში სავალდებულო მესამე პირად ჩაბმის ინსტიტუტის მიზანს სწორედ ასეთი პირის, სადავო სამართალურთიერთობის მონაწილის მატერიალურ-სამართლებრივი უფლებების დაცვის უზრუნველყოფა წარმოადგენს, რაც შესაბამისი საპროცესო უფლებების რეალიზაციის მეშვეობით უნდა განხორციელდეს.

მოცემულ საქმეში სარჩელი აღძრულია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სარჩელის სახით - მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოებისათვის ქმედების განხორციელების დავალება. მოთხოვნის საგანს წარმოადგენს: 1. დაევალოს საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაავალოს სარჩელით მიმართოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკის წინააღმდეგ, სადაც საქართველოს სახელმწიფოსთან ერთად მოსარჩელე იქნება ი.თ-ა; 2. დაევალოს საქართველოს მთავრობას დაავალოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განახორციელოს ი.თ-ას საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთებზე, რომელიც მდებარეობს ქ. სოხუმში და დაბა გ-ში.

საქართველოს პრეზიდენტისადმი მიმართული სასარჩელო მოთხოვნა ითვალისწინებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის მოქმედების განხორციელების დავალებას, რამდენადაც საქართველოს პრეზიდენტის მიმართ მოთხოვნა, რომ იუსტიციის სამინისტროს დაავალოს სარჩელით მიმართოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილების მე-3 მუხლის საფუძველზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებას განეკუთვნება. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მოცემულ დავაზე წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ საპროცესო სუბიექტს, რომლის მიმართაც მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ სამართალურთიერთობაში კერძო საჩივრის ავტორის საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ატარებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მესამე პირის ნიშანს, ანუ იმ პირს, რომლის თაობაზედაც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი, რაც უზრუნველყოფილ იქნა სააპელაციო სასამართლოს მიერ საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად.

საკასაციო პალატა სააპელაციო სასამართლოს ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მიმართულია სახელმწიფოს მიმართ, რომელსაც საქართველოს კონსტიტუციითა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით მათთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში წარმოადგენენ სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოები. საგულისხმოა, რომ მოცემული დავის ანალოგიური მოთხოვნა იგივე მოსარჩელის მიერ ერთხელ უკვე აღძრული იყო სასამართლოში, რომელზეც იმსჯელა საკასაციო პალატამ 2009 წლის 11 მარტის (საქმე №ბს-654-626(2კ-08)) განჩინებითა და 2013 წლის 13 თებერვლის (საქმე №ბს-403-398(კ-12)) გადაწყვეტილებით. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილებების საფუძველზე საქმის განხილვისას უნდა შეაფასოს მოცემულ დავაზე ხომ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართელოს იუსტიციის სამინისტროს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 22 ნოემბრის საოქმო განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე