საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე №ბს-116-115(კ-17) 18 მაისი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - მ. ა-ი
მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის მომსახურების ცენტრი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 30 აგვისტოს განჩინება
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, იჯარის ხელშეკრულების აღდგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ა-მა ახალციხის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის მომსახურების ცენტრის მიმართ და მოითხოვა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის მომსახურების ცენტრის 2015 წლის 13 იანვრის N1/2-13 ბრძანების და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის მომსახურების ცენტრის 2015 წლის 13 მაისის 1/2-148 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე, სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულების აღდგენა.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მ. ა-ის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 30 აგვისტოს განჩინებით მ. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ა-მა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 6 თებერვლის განჩინებით მ. ა-ის საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კასატორს დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის სახით 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის და უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივრის ან სასამართლო გადაწყვეტილებების გასაჩივრების უფლებამოსილების მინიჭების შესახებ ზ. ნ-ას სახელზე მ. ა-ის მიერ გაცემული მინდობილობის სასამართლოში წარმოდგენა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 6 თებერვლის განჩინების შემცველი გზავნილი კასატორს - მ. ა-ს საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა სამჯერ (2017 წლის 6 თებერვალს, 2017 წლის 14 თებერვალს და 2017 წლის 30 მარტს), თუმცა ადრესატის სახლში არ ყოფნის გამო გზავნილი ადრესატს ვერ ჩაბარდა და სამჯერვე დაუბრუნდა სასამართლოს. შპს „...“-ის გზავნილების ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათებში, ჩაუბარებლობის მიზეზად, ასევე, მითითებულია სოფლის რწმუნებულის მიერ დადასტურებული ინფორმაცია ადრესატის საცხოვრებელი მისამართის შეცვლის შესახებ. ამასთან, კასატორის _ მ. ა-ის მობილური ტელეფონის ნომრებზე (...; ....) არაერთგზის დაკავშირების მცდელობის მიუხედავად ტელეფონი იყო გამორთულ მდგომარეობაში. აღნიშნულის გამო, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 20 აპრილის განჩინებით კასატორს საჯარო შეტყობინების გავრცელების გზით ეცნობა საკასაციო საჩივრისათვის დადგენილი ხარვეზის შესახებ. ამასთან, საჯარო შეტყობინების გავრცელების შესახებ განჩინებით განიმარტა, რომ განჩინება მხარისათვის ჩაბარებულად მიიჩნეოდა სასამართლო შეტყობინების ვებგვერდზე განთავსებიდან მე-7 დღეს. საჯარო შეტყობინების გავრცელების შესახებ განჩინება უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე განთავსდა 2017 წლის 20 აპრილს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისთვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი პირს უნდა გაეგზავნოს ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსათვის ცნობილ სხვა მისამართზე. ამასთან, ამავე კოდექსის 71-ე მუხლის თანახმად, თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ითვლება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად კი, მხარეები და მათი წარმომდგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს.
ამდენად, აღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის - მ. ა-ისათვის საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 6 თებერვლის განჩინება ჩაბარებულად უნდა ჩაითვალოს 2017 წლის 27 აპრილს, ანუ საჯარო შეტყობინების გავრცელების შესახებ განჩინების უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე განთავსებიდან მე-7 დღეს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. იმავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ საქმეთა განმხილველი სასამართლოს მიერ მხარეთათვის სასამართლო უწყების, დოკუმენტების გადაცემისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, თუ როდის ჩაითვლება უწყება ჩაბარებულად მხარეებისა და მათი წარმომადგენლებისათვის, კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა ადრესატი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. უწყების მიმღები ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 6 თებერვლის განჩინების შემცველი გზავნილი მ. ა-ისათვის კანონით დადგენილი წესით ჩაბარებულად 2017 წლის 27 აპრილს ჩაითვალა, სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის ათვლა 2017 წლის 4 მაისს (ხუთშაბათს) 24 საათზე იწურებოდა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორმა მისთვის მიცემულ ვადაში არ შეავსო 2017 წლის 6 თებერვლის განჩინებით დადგენილი ხარვეზი. ამასთან, მას არც ხსენებული ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების თხოვნით მოუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის, რის გამოც, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოება მ. ა-ის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას წარმოადგენს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 401-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ა-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე