Facebook Twitter

#ბს-136-134(კ-17) 3 მაისი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საპრეტენზიო კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 19 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2015 წლის 20 აპრილს მ. ქ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონკურსო-საატესტაციო კომისიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საპრეტენზიო კომისიის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საპრეტენზიო კომისიის 2015 წლის 24 თებერვლის №2 სხდომის ოქმის ბათილად ცნობა მ. ქ-ას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 24 თებერვლის №11 სხდომის ოქმის ბათილად ცნობა მ. ქ-ას მიმართ დადგენილი შედეგის ნაწილში, კონკურსის გასაუბრების ეტაპზე მ. ქ-ას შეფასების ბათილად ცნობა, ასევე, ა. დ-ას თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 13 თებერვლის №355 ბრძანების, ც. ჯ-ის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 16 თებერვლის №649 ბრძანების, მ. კ-ას თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 25 თებერვლის №802 ბრძანების, თ. ძ-ის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 25 თებერვლის №803 ბრძანების, ს. ა-ის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 13 თებერვლის №357 ბრძანებისა და ნ. ნ-ის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 25 თებერვლის №804 ბრძანების ბათილად ცნობა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიისათვის მის მიმართ ახალი აქტის გამოცემის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 23 მარტის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ნ. ნ-ი, თ. ძ-ე, მ. კ-ა, ს. ა-ე, ა. დ-ა და ც. ჯ-ე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით მ. ქ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო საატესტაციო საპრეტენზიო კომისიის 2015 წლის 24 თებერვლის №2 სხდომის ოქმში ასახული გადაწყვეტილება მ. ქ-ას მიმართ დადგენილი შედეგის ნაწილში; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2015 წლის 24 თებერვლის №11 სხდომის ოქმში ასახული გადაწყვეტილება მ. ქ-ას მიმართ დადგენილი შედეგის ნაწილში და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო საატესტაციო კომისიას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად მ. ქ-ას მიმართ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქემთა კოლეგიის 2016 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საპრეტენზიო კომისიამ, რომლებმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 19 დეკემბრის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონკურსო-საატესტაციო კომისიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საპრეტენზიო კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 19 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საპრეტენზიო კომისიამ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორების მითითებით, სასამართლო კონტროლი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების შემოწმებისას ვრცელდება გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობაზე და არა მიზანშეწონილობის ასპექტებზე.

კასატორების განმარტებით, საქმეში წარმოდგენილია ხუთივე განაცხადზე კომისიის თითოეული დამსწრე წევრის მიერ შევსებული ინდივიდუალური შეფასების ფორმა, რომელშიც პუნქტობრივადაა მოცემული ექვსი კრიტერიუმი: 1. კომუნიკაციის უნარი, 2. მოტივაცია, 3. პროფესიული მიღწევები, 4. ლოგიკური მსჯელობა და ანალიზის უნარი, 5. შესასრულებელი სამუშაოს ხედვა და მზადყოფნა, 6. დამატებით კითხვებზე პასუხები; კანდიდატი თითოეულ კრიტერიუმში შეფასებულია მინიმალური 1-დან მაქსიმალური 5 ქულის ჩათვლით. აღნიშნული ქულების საშუალო არითმეტიკული (რომელიც მრგვალდება მეასედის სიზუსტით) წარმოადგენს სპეციალიზებული კომისიის დამსწრე წევრის ინდივიდუალურ შეფასებას. მოცემულ შემთხვევაში, მ. ქ-ას საბოლოო შეფასებამ (რომელიც წარმოადგენს ინდივიდუალური შეფასების საშუალო არითმეტიკულს) შეადგინა მინიმალურ ზღვარზე - 3 ქულაზე ნაკლები. შესაბამისად, მ. ქ-ა ვერ იქნებოდა განხილული კონკრეტულ თანამდებობებზე დანიშვნის კანდიდატად.

კასატორების მითითებით, საგულისხმოა, რომ მოცემული სამართალურთიერთობის მარეგულირებელი არცერთი სამართლებრივი ნორმა არ ავალდებულებდა ადმინისტრაციულ ორგანოს გასაუბრების აუდიო ან ვიდეო ჩაწერას ან წინასწარ შემუშავებული კითხვარით ხელმძღვანელობას და გაუგებარია, რაზე დაყრდნობით ითხოვს სასამართლო გასაუბრების ამსახველი მტკიცებულებების წარდგენას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 23 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საპრეტენზიო კომისიის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საპრეტენზიო კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კონკურსი არის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კანდიდატის შესაბამისობის დადგენა ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნებთან.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ უზრუნველყო დაესაბუთებინა თუ რატომ ეთქვა უარი მოსარჩელის - მ. ქ-ას კანდიდატურას და რა კრიტერიუმების საფუძველზე მიენიჭა უპირატესობა ვაკანტურ თანამდებობებზე წარსადგენად სხვა კანდიდატებს. მართალია, ადმინისტრაციული ორგანო კონკურსის წესით საჯარო მოხელეთა შერჩევის პროცესში დისკრეციული უფლებამოსილებით სარგებლობს, თუმცა მასვე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლი ავალდებულებს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა შეძლოს იმის დასაბუთება, თუ რა გარემოება, რა კრიტერიუმი გახდა გადამწყვეტი კონკრეტული კანდიდატის წარსადგენად ვაკანტურ თანამდებობაზე. როდესაც კონკურსის წესით საჯარო მოხელის შერჩევისას არჩევანი ერთი კანდიდატის სასარგებლოდ კეთდება, ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება. ბუნებრივია კანდიდატს, რომელსაც უარი ეთქვა თანამდებობაზე წარსადგენად უჩნდება საფუძვლიანი უფლება გაეცნოს გადაწყვეტილების მოტივებს. მიუხედავად მიღებული გადაწყვეტილების შედეგებისა, დაინტერესებული მხარისთვის გასაგები უნდა იყოს რა მოტივით იქნა მიღებული მის მიმართ კონკრეტული გადაწყვეტილება. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სამართლიანობისა და კანონიერების განცდას უნდა ქმნიდეს.

ამასთან, თავად კონკურსის არსიდან გამომდინარეობს კანდიდატთა შერჩევის პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების მაღალი სტანდარტი, ვინაიდან კონკურსის წესით საჯარო მოხელეთა შერჩევისას ადმინისტრაციულ ორგანოს კანდიდატთა შეფასების ფართო არეალი აქვს, რაც ზრდის არაობიექტური და მიკერძოებული გადაწყვეტილების მიღების რისკებს. პროცესის გამჭვირვალობითა და გადაწყვეტილების დასაბუთებით ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამორიცხოს თვითნებური, მიკერძოებული, არაობიექტური გადაწყვეტილება. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კონკურსის წესით ვაკანტურ თანამდებობაზე წარსადგენად კანდიდატის შერჩევა ფორმალურ ხასიათს არ უნდა ატარებდეს. ადმინისტრაციული ორგანო უნდა ქმნიდეს ჯანსაღი კონკურენციის რეალურ პირობებს.

კონკურსის შედეგად საჯარო მოხელეთა შერჩევის არსს სწორედ გამჭვირვალე პროცესის საფუძველზე კანდიდატთა ურთიერთშეპირისპირებისას კონკრეტული თანამდებობისთვის სათანადო კანდიდატის შერჩევა წარმოადგენს. წინააღმდეგ შემთხვევაში აზრს დაკარგავდა აღნიშნული რეგულაცია. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის მე-4 მუხლი განსაზღვრავს კონკურსის მიზანსა და ამოცანებს, რომლის თანახმად, კონკურსის მიზანია ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად, დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით, შესაბამისი კანდიდატის შერჩევა; ხოლო კონკურსის ამოცანებია: ა) საქართველოს მოქალაქეთათვის ვაკანტურ თანამდებობათა თანაბრად ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ბ) ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატების შერჩევის და მათი თანამდებობებზე დანიშვნის პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა; გ) კონკურსში მონაწილე კანდიდატების კვალიფიკაციის, პროფესიული დონის, ცოდნის, პიროვნული თვისებების, მოტივაციის და უნარ-ჩვევების შეფასება; დ) შერჩეული კანდიდატების ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დონის განსაზღვრა. სწორედ აღნიშნულ მიზნებსა და ამოცანებზე მიუთითებს წესის მე-3 მუხლით განსაზღვრული კონკურსის პრინციპები - ა) კანონიერება; ბ) სამართლიანობა; გ) საჯაროობა; დ) გამჭვირვალობა; ე) არადისკრიმინაციულობა; ვ) ობიექტურობა; ზ) მიუკერძოებლობა; თ) კოლეგიალურობა; ი) კორექტულობა.

იმ პირობებში, როდესაც მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ წარმოადგინა კონკურის ბოლო ეტაპის - გასაუბრების პროცესის მიმდინარეობის ამსახველი რაიმე მტკიცებულება, ხოლო გასაჩივრებული აქტები ვერ უზრუნველყოფს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი კონკურსის გამჭვირვალობის თაობაზე. ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერების დადგენა კი უპირველესად გამჭვირვალე პროცესითა და მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებიდან ხდება შესაძლებელი. იმისათვის, რომ შემოწმდეს მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება, უნდა არსებობდეს პროცესის შემოწმების შესაძლებლობაც. ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის კანონიერების კონტროლი კი სასამართლოს კონსტიტუციურ ვალდებულებას წარმოადგენს. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება გასაუბრებით კანდიდატის შეფასების ფორმებს, თუმცა შეფასების საფუძვლები საქმის მასალებიდან ვერ ირკვევა. ვერ დგინდება როგორი სახის შეკითხვები დაესვათ კანდიდატებს და რა პასუხები გასცეს მათ. კანდიდატების შეფასების პროცესში გამოყენებული კრიტერიუმები, გასაუბრების მიმდინარეობის პროცესი და მისი ანალიზი სასამართლოსათვის არის მიუწვდომელი. ასეთ პირობებში შეუძლებელია იმის შემოწმება, თუ რა ვითარებაში მიმდინარეობდა კონკურსის მესამე ეტაპი. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო აქტების მატერიალური კანონიერების შემოწმება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საპრეტენზიო კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 19 დეკემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ჩინჩალაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი