Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

883აპ.-09 12 აპრილი, 2010 წ.

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე – პაატა სილაგაძე

მოსამართლეები: მაია ოშხარელი, ვასილ როინიშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ პ. შ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის _ ა. ბ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 12 ოქტომბრის განაჩენზე.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 23 ივნისის განაჩენით პ. შ-ე ცნობილ იქნა ბრალეულად საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის II ნაწილის ,,ბ», იმავე მუხლის III ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტებით (5 ეპიზოდი) გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენაში და იმავე კოდექსის 59-ე მუხლის I ნაწილით, შეკრების წესით, მას სასჯელად განესაზღვრა 30 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის გამოყენებით პ. შ-ეს დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა _ 22500 (ოცდაორი ათას ხუთასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის II ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 25 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი _ 3 წელი, რომელიც დაემატა ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს და საბოლოოდ პ. შ-ეს სასჯელად განესაზღვრა 33 წლით თავისუფლების აღკვეთა.

სამოქალაქო სარჩელი დარჩა განუხილველი მისი წარმოუდგენლობის გამო.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით ფოთის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 23 ივნისის განაჩენი შეიცვალა შემდეგი მიმართებით:

პ. შ-ე ცნობილ იქნა ბრალეულად საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის II ნაწილის ,,ბ», იმავე მუხლის III ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტებით (5 ეპიზოდი) გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენაში და იმავე კოდექსის 59-ე მუხლის I და 50-ე მუხლის IV ნაწილებით მას სასჯელად განესაზღვრა 30 წლით თავისუფლების აღკვეთა, ასევე ჯარიმა _ 17500 (ჩვიდმეტი ათას ხუთასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის II ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 25 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი _ 3 წელი და ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 2 წელი, 7 დღე და საბოლოოდ პ. შ-ეს სასჯელად განესაზღვრა 32 წლითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების გამოყენებით პ. შ-ეს დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა _ 17500 (ჩვიდმეტი ათას ხუთასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო პალატა სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ ეს უკანასკნელი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულის მიმართ ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 180-ე მუხლის II ნაწილის ,,ბ», იმავე მუხლის III ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებებს და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ პ. შ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის _ ა. ბ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 12 ოქტომბრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.