Facebook Twitter

#ბს-154-152(კ-17) 3 მაისი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 6 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2016 წლის 22 ივნისს ს. პ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მიმართ.

მოსარჩელემ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2015 წლის 19 ნოემბრის №04-06/10843 გადაწყვეტილებისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 30 მაისის №04/41418 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის ს. პ-ის სასარგებლოდ მიუღებელი სოციალური დახმარების - 420 ლარის ოდენობით ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 8 სექტემბრის სხდომაზე დაზუსტდა სასარჩელო მოთხოვნა და მოსარჩელემ საბოლოოდ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 30 მაისის №04/41418 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის ს. პ-ის სასარგებლოდ მიუღებელი სოციალური დახმარების - 420 ლარის ოდენობით ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა, ხოლო მოპასუხედ მიეთითა - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით ს. პ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 30 მაისის №04/41418 გადაწყვეტილება; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაეკისრა ს. პ-ის სასარგებლოდ მიუღებელი სოციალური დახმარების - 420 ლარის ოდენობით ანაზღაურება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 6 დეკემბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 6 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, სოციალური დახმარება არის ფულადი სახის გასაცემელი (შემდგომში – საარსებო შემწეობა), რომლის მიზანია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირება ან/და მისი პრევენცია და საარსებო შემწეობის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც ამ წესისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს საარსებო შემწეობის მაძიებელი ოჯახებისათვის საარსებო შემწეობის დანიშვნას, გაცემას, შეწყვეტას, გაანგარიშებას, შეჩერებას, აღდგენასა და საარსებო შემწეობის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხთა გადაწყვეტას. ასევე საარსებო შემწეობის მიღების უფლება აქვს ოჯახს, რომელიც დადგენილი წესით რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში (შემდგომში – მონაცემთა ბაზა) და მისი სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესით დადგენილი საარსებო შემწეობის მისაღებ ზღვრულ ქულაზე (შემდგომში – ღატაკი ოჯახი). ღატაკ ოჯახს საარსებო შემწეობის მიღების უფლება ეძლევა სარეიტინგო ქულის მინიჭების თვიდან მეორე თვეს (თვეთა ათვლისას სარეიტინგო ქულის მინიჭების მომდევნო თვე ითვლება პირველ თვედ). საარსებო შემწეობა ინიშნება უფლების წარმოშობის თვიდან, საარსებო შემწეობის დანიშვნის შესახებ, ღატაკი ოჯახის წერილობითი განცხადების საფუძველზე. ასევე საარსებო შემწეობის ადმინისტრირებისათვის სააგენტო უზრუნველყოფს: საარსებო შემწეობის დანიშვნას, გაანგარიშებას, შეჩერებას, შეწყვეტას, განახლებას, აგრეთვე გაცემის ორგანიზაციას. გარდა ამისა საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი ვალდებულია აცნობოს სააგენტოს იმ გარემოების დადგომა, რომელსაც თან სდევს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილება ან ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, ამ ცვლილებიდან ერთი თვის ვადაში; ასევე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილებად ითვლება მხოლოდ ოჯახის წევრ(ებ)ის შემოსავლის გაზრდა/გაჩენა, უძრავი ქონების ან/და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიით“ გათვალისწინებული მოძრავი ქონების შეძენა. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სააგენტოს უფლება აქვს, შეაჩეროს ან შეწყვიტოს საარსებო შემწეობის გაცემა და/ან გადაამოწმოს ოჯახი, შეუწყვიტოს ოჯახს მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია და/ან აუკრძალოს მომდევნო ერთი წლის განმავლობაში მონაცემთა ბაზაში განმეორებითი რეგისტრაცია (საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილება).

კასატორის მითითებით, ოჯახს მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია შეიძლება შეუწყდეს: შემოსავლების გაზრდის/გაჩენის შემთხვევაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ მიწოდებულ ხელზე აღებული ხელფასის (ყველა სხვა ანაზღაურების ჩათვლით) ოდენობას (საშუალოდ, ბოლო 4 თვეში ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებული) და „ოჯახის დეკლარაციის“ შესაბამის გრაფაში - „ხელფასი (ყველა სხვა სახის ანაზღაურების ჩათვლით)“ დაფიქსირებულ (საშუალოდ, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებული) ოდენობას შორის სხვაობა ტოლია ან ნაკლებია 150 ლარზე და ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებამდე სააგენტო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შესაბამის უფლებამოსილ პირს აწვდის ინფორმაციას განაცხადში მითითებული ოჯახის ყოველი წევრის შემოსავლების შესახებ (საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილება).

აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახის ვალდებულებას წარმოადგენს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში მომხდარი ცვლილებების იმპერატიულად შეტყობინება, რაც მოსარჩელეს არ განუხორციელებია და სააგენტოს, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს ქმედებები სრულად შეესაბამებოდა მოქმედ კანონმდებლობას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 23 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებით დამტკიცებული „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტოს უფლება აქვს შეაჩეროს საარსებო შემწეობის გაცემა, ნებისმიერ ეტაპზე, თუ ოჯახი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საჭიროებს დამატებით შესწავლა-შემოწმებას, მათ შორის შემოსავლების გაზრდა/გაჩენა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ - შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებულ ხელზე აღებული ხელფასის (ყველა სხვა ანაზღაურების ჩათვლით) ოდენობას (საშუალოდ ბოლო ოთხ თვეში ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებული) და ოჯახის დეკლარაციის“ შესაბამის გრაფაში – „ხელფასი (ყველა სხვა სახის ანაზღაურების ჩათვლით)“ დაფიქსირებულ (საშუალოდ ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებული) ოდენობას შორის სხვაობა ტოლია ან ნაკლებია 150 ლარზე.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ს. პ-ე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე საათობრივად მიწვეული სპეციალისტია და მისი დარიცხული ხელფასი თვეში შეადგენს 113.60 ლარს, ხელზე ასაღები თანხა კი - 90.80 ლარს. 2015 წელს ს. პ-ეს ორჯერ ჩაერიცხა ხელფასი - 2015 წლის 30 ივნისს 403.20 ლარი და 2015 წლის 31 აგვისტოს 307.20 ლარი, რაც მისთვის საარსებო შემწეობის შეწყვეტის საფუძველი გახდა. საკასაციო სასამართლოს მითითებით, 2015 წელს ს. პ-ის მიერ ხელზე მიღებული 710 ლარი წარმოადგენდა სრული სასწავლო წლის ანაზღაურებას, რომელიც სასწავლო კურსის დასრულების შემდგომ ჩაირიცხა ერთდროულად. შესაბამისად, ადმინისტრაციულმა ორგანომ ს. პ-ის ხელფასის გაანგარიშებისას არასწორად ჩათვალა მის მიერ ხელზე მიღებული 710 ლარი ბოლო 4 თვის სახელფასო ანაზღაურებად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ს. პ-ე არ იყო ვალდებული სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის ეცნობებინა მის მიერ 2015 წელს მიღებული შემოსავალის შესახებ და სააგენტოს შეუტყობინებლობა არ წარმოადგენდა მოსარჩელისთვის საარსებო შემწეობის შეწყვეტის საფუძველს, რის გამოც ს. პ-ემ ვერ მიიღო 2015 წლის ნოემბრიდან 2016 წლის მაისის ჩათვლით ყოველთვიური საარსებო შემწეობა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 6 დეკემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ჩინჩალაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი