#ბს-157-155(კ-17) 3 მაისი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 29 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2016 წლის 15 თებერვალს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხის - ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ, ხოლო მესამე პირად მიუთითა თ. გ-ა.
მოსარჩელემ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2008 წლის 28 ოქტომბერს თ. გ-ას სახელზე გაცემული #14992 საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობა მოითხოვა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 29 ნოემბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 29 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად იმსჯელა კანონიერი ნდობის არსებობაზე და არასწორად განმარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაცული კოდექსის 601.4 მუხლი, რომელიც ითვალისწინებს აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას დაინტერესებული პირის კანონიერი ნდობის არსებობის შემთხვევაში თუ კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციული აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს; თუმცა სასამართლო გადაწყვეტილებაში არ განმარტავს, რომ კანონსაწინააღმდეგოა გასაჩივრებული საკუთრების უფლების მოწმობა.
ამასთან, კასატორის მითითებით, ის გარემოება, რომ კომისიის გადაწყვეტილება ხელმოუწერელი იყო და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემისთვის აუცილებელი იყო სხდომის გამართვა, მოწესრიგებულია შესაბამისი ნორმებით, რომლის არცოდნაც მხარის კანონიერი ინტერესის გაჩენის წინაპირობა ვერ გახდება.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლო არაფერს ამბობს იმაზე, თუ რატომ არ გაუჩნდა თ. გ-ას კითხვა, როგორ გაიცა სხდომის ჩატარებამდე მის მიმართ საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობა, რისი კონტროლის და შემოწმების აბსოლუტური შესაძლებლობაც მას გააჩნდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 23 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს.
განსახილველ შემთხვევაში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ თ. გ-ას სახელზე გაცემული 2008 წლის 28 ოქტომბრის #14992 საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 31 ოქტომბრის #441 ოქმი, რომლითაც მიღებულია გადაწყვეტილება თ. გ-ას საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე, არ არის ხელმოწერილი კომისიის ყველა წევრის მიერ და საკუთრების უფლების მოწმობა გაცემის თარიღით წინ უსწრებს საოქმო გადაწყვეტილებას.
თავდაპირველად საკასაციო სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ თ. გ-ას მხრიდან საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილ იქნა კანონით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტები მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისთვის და თ. გ-ას კომისიისთვის რაიმე სახის არასწორი ინფორმაცია არ მიუწოდებია, რასაც არც მოსარჩელე ხდის სადავოდ. შესაბამისად, თავის მხრივ თ. გ-ამ შეასრულა ყველა სავალდებულო პროცედურული მოვალეობა, რომლის არსებობის პირობებში შესაძლებელი იყო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, სადავო - თ. გ-ას სახელზე გაცემული 2008 წლის 28 ოქტომბრის #14992 საკუთრების უფლების მოწმობა წარმოადგენს აღმჭურველ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ვინაიდან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც დაინტერესებულ მხარეს ანიჭებს რაიმე უფლებას ან სარგებელს წარმოადგენს აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. სადავო აქტი დაინტერესებულ მხარეს - თ. გ-ას ანიჭებს საკუთრების უფლებას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ. დაინტერესებული მხარისთვის მინიჭებული უფლების დაცვის მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს კანონიერი ნდობა. საკასაციო სასამართლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, უდავოდ მიიჩნევს გასაჩივრებული საკუთრების უფლების მოწმობის მიმართ თ. გ-ას კანონიერი ნდობის არსებობას. საქმის მასალებით თ. გ-ას უკანონო ქმედება არ დგინდება; ასევე დადგენილია, რომ მან შეასრულა საკუთრების უფლების აღიარებისთვის კანონით განსაზღვრული ყველა სავალდებულო მოთხოვნა.
ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, კანონმდებლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებს კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ თ. გ-ას სახელზე #14992 საკუთრების უფლების მოწმობა გაცემულია 2008 წლის 28 ოქტომბერს, ხოლო სადავო მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრში სახელმწიფოს სახელზე დარეგისტრირდა 2012 წლის 22 მაისს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2012 წლის 14 მაისის მიმართვის საფუძველზე, მაშინ როდესაც აღნიშნული მიწის ნაკვეთი თ. გ-ას უკვე გადაცემული ჰქონდა საკუთრებაში.
ასევე აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ თ. გ-ას მიერ სადავო მიწის ნაკვეთის ფლობისა და სარგებლობის ფაქტი თავად მოსარჩელე მხარესაც არ გაუხდია სადავოდ.
შესაბამისად, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ თ. გ-ას კანონიერი ნდობა უნდა შეფასდეს, როგორც დაცვის ღირსი; მან შეასრულა საკუთრების უფლების აღიარებისთვის კანონით განსაზღვრული ყველა სავალდებულო მოთხოვნა, რომლის არსებობის პირობებში შესაძლებელი იყო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ამასთან, სადავო მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს სახელზე დარეგისტრირებამდე თ. გ-ას უკვე გადაცემული ჰქონდა საკუთრებაში, ხოლო ის გარემოება, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 31 ოქტომბრის #441 ოქმი ხელმოწერილია მხოლოდ კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის მიერ, ან საკუთრების უფლების მოწმობის თარიღი არ ემთხვევა კომისიის საოქმო გადაწყვეტილებას, ვერ გახდება თ. გ-ას სახელზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობის საფუძველი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 29 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ჩინჩალაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი