Facebook Twitter

საქმე Nბს-162-160(კ-17) 16 მაისი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - პ. ბ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტს მერია (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 6 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - გადახდილი საგარანტიო თანხის დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

პ. ბ-ემ 2015 წლის 8 ოქტომბერს სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ. მოსარჩელემ მის სასარგებლოდ ქ. ქუთაისში, ... ქუჩა №11ბ-ში მდებარე 308 კვ. მეტრი ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, ქ. ქუთაისის, მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ აუქციონზე მონაწილეობის მისაღებად პ. ბ-ის მიერ შეტანილი საგარანტიო თანხის - 8317 ლარის ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის დაკისრება მოითხოვა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით პ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიოშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა პ. ბ-ემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით პ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 6 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა პ. ბ-მ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო პალატის მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორმა მიუთითა, რომ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად გადახდილ საგარანტიო თანხას არ შეიძლება იგივი მნიშვნელობა მიენიჭოს, როგორც სამოქალაქო კოდექსის 421-ე მუხლით განსაზღვრულ ბეს. ამასთან, სამოქალაქო ურთიერთობის პირინციპიდან გამომდინარე, არ შეიძლება პირს დაეკისროს პასუხისმგებლობა თუ მას ბრალი არ მიუძღვის ქმედების ჩადენაში ან უმოქმედობაში. კასატორი მიუთითებს, რომ მას არ შეეძლო წინასწარ ევარაუდა მისი შეუძლოდ გახდომის შესახებ, შესაბამისად არ უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა, რაც გამოიხატება ბე-ს სახით გადახდილი თანხის დაუბრუნებლობაში. სასამართლოს მიერ მითითებული გარემობა, რომ პ. ბ-ეს 16 დღე ჰქონდა შესაბამისი ბიჯის გასაკეთებლად მოკლებულია რეალობას, რადგან პ. ბ-ე 2015 წლის 20 აგვისტოს დარეგისტრირდა აუქციონში მონაწილეობის მისაღებად, როდესაც აუქციონი იმავე დღის 15:00 საათზე სრულდებოდა. კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა პ. ბ-ის არაბრალეული ხელის შემშლელი გარემოება, რის გამოც ვერ მიიღო მონაწილეობა აუქციონში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 28 თებერვლის განჩინებით პ. ბ-ის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, პ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

დადგენილია, რომ ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მიუღებლობა გამოწვეული არ იყო დაუძლეველი ძალის ან სხვა ცალსახა დამაბრკოლებელი გარემოების არსებობით. შესაბამისად, გონივრული დაშვების პირობებში, კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ შეიძლება ჩაითვალოს დამაჯერებლად ელექტრონულ აუქციონში მისი მონაწილეობის მიუღებლობის საპატიო გარემოებად მიჩნევისათვის. საგარანტიო თანხის უკან დაბრუნების აუცილებელ წინა პირობას „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 9 იანვრის №65 დადგენილების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გარემოება წარმოედგენს, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მართალია გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში საუბარია „ბე-ს“ სამართლებრივ ბუნებაზე, მაგრამ გადაწყვეტილება არსებითად სწორია, იმდენად, რამდენადაც საგარანტიო ვალდებულების ინსტიტუტის სამართლებრივი განმარტების საფუძველზეც ანალოგიურ შედეგი დადგებოდა, რადგან ზემოაღნიშნული დადგენილების მე-8 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, „თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირებული პირები, რომლებმაც ამ წესის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადაიხადეს ბე ან წარადგინეს/გაააქტიურეს (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, არ მიიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ ამ წესის მე-6 მუხლის მე-6 პუქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე გადახდილი ბე ან წარდგენილი/გააქტიურებული (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია სრულად ირიცხება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში“.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, იმის თაობაზე, რომ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“, „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებითა და აღნიშნული ნორმატიული აქტების საფუძველზე გამოცემული ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 9 იანვრის №65 დადგენილებით ამომწურავად არის განსაზღვრული ბე-ს და საგარანტიო თანხის აუქციონის მონაწილეზე დაბრუნების შემთხვევები, რომელიც არ ითვალისწინებს აუქციონის მონაწილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების საფუძვლით მისი უკან დაბრუნების შესაძლებლობას.

კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლისმე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. პ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 6 ოქტომბრის განჩინება;

3. კასატორს დაუბრუნდეს 20.01.2017 წლის საგადასახადო დავალებით კ. კ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 416 ლარის, 70% - 291.2 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე