Facebook Twitter

#ბს-163-161(2კ-17) 3 მაისი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საჩხერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2016 წლის 20 ივნისს ზ. ნ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა საჩხერის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საჩხერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიის მიმართ.

მოსარჩელემ საჩხერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიის 2015 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებების (ვაკანსიებზე - გამგეობის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის სპეციალისტი აგრარულ საკითხებში; გამგეობის კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის სპეციალისტი ტურიზმის დარგში) ბათილად ცნობა, ასევე, გამგეობის კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის სპეციალისტად ტურიზმის დარგში ა. ბ-ის დანიშვნის შესახებ საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ მიღებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის და გამგეობის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის სპეციალისტად აგრარულ საკითხებში დ. ფ-ის დანიშვნის შესახებ საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ მიღებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და საჩხერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიისთვის აღნიშნულ ვაკანსიებზე კონკურსის ხელახალი გამოცხადებისა და ჩატარების შესახებ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 11 ივლისის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ დ. ფ-ი და ა. ბ-ე.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილებით ზ. ნ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. ნ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას დაზუსტდა სასარჩელო მოთხოვნა და მოასრჩელემ საბოლოოდ საჩხერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიის სხდომის 2016 წლის 20 მაისის #2 ოქმისა და 2016 წლის 25 მაისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა (ვაკანსიაზე - „გამგეობის ეკონომიკური განვითარების სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის სპეციალისტი აგრარულ საკითხებში“ გასაუბრების ეტაპის შედეგების დამტკიცებისა და დ. ფ-ის გამარჯვებულად გამოცხადების ნაწილში), ასევე საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის 25.06.2016წ. #531188 ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც დ. ფ-ი დაინიშნა საჩხერის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის სპეციალისტად აგრარულ საკითხებში და კომისიისთვის აღნიშნულ ვაკანსიაზე კონკურსის გამოცხადების დავალდებულება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით ზ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ზ. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ - ბათილად იქნა ცნობილი საჩხერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიის 2016 წლის 20 მაისის ოქმი და 2016 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება ვაკანსიაზე - „გამგეობის ეკონომიკური განვითარების სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის სპეციალისტი აგრარულ საკითხებში“ გასაუბრების ეტაპის შედეგების დამტკიცებისა და დ. ფ-ის გამარჯვებულად გამოცხადების ნაწილში წინამდებარე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაშვი შასვლიდან; ბათილად იქნა ცნობილი საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის 25.06.2016წ. #531188 ბრძანება დ. ფ-ის საჩხერის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის სპეციალისტის აგრარულ საკითხებში დანიშვნის შესახებ წინამდებარე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან; საჩხერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედ კომისიას გამგეობის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის სპეციალისტის აგრარულ საკითხებში ვაკანტურ თანამდებობაზე გასაუბრების ეტაპის ხელახლა ჩატარება და კონკურსის შედეგების მიხედვით გამარჯვებული კანდიდატის დასანიშნად წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების მიღება დაევალა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობამ და საჩხერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედმა კომისიამ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვეს.

კასატორების მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა იმ ფაქტს, რომ კომისიის შემაჯამებელი სხდომა ცალკე უნდა ჩატარებულიყო და კომისიას არ ჰქონდა უფლება გასაუბრების ჩატარების დღეს მიეღო გადაწყვეტილება. დებულების მე-18 მუხლის შესაბამისად, კომისია კანდიდატების ყველა ეტაპის გავლის შემდეგ თავის სხდომაზე განიხილავს საკითხს მათ დაუსწრებლად. კასატორთა მითითებით, საინტერესოა სააპელაციო სასამართლომ რომელი სამართლებრივი აქტით იხელმძღვანელა და რომელი სამართლებრივი აქტი ადგენს, რომ კომისია გადაწყვეტილებას იღებს აუცილებლად სხვა სხდომაზე და კომისიას არ ჰქონდა უფლება შემაჯამაბელი გადაწყვეტილება მიეღო გასაუბრების დღესვე.

კასატორების განმარტებით, საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის სპეციალისტის აგრარულ საკითხებში ვაკანსიაზე დამატებით მოთხოვნას წარმოადგენდა უმაღლესი ან ტექნიკური განათლება სოფლის მეურნეობის კუთხით და სასურველი იყო შესაბამისი სპეციალობით მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება. როგორც დ. ფ-ს, ისე ზ. ნ-ეს გააჩნდა განათლება სოფლის მეურნეობის კუთხით. ზ. ნ-ე საჯარო სამსახურში მუშაობდა საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უფროსად. ამდენად, კასატორების მოსაზრებით, მისი მუშაობა საჯარო სამსახურში არ შეიძლება ჩაითვალოს მუშაობის გამოცდილებად სოფლის მეურნეობის კუთხით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 23 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საჩხერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიის საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საჩხერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კონკურსი არის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კანდიდატის შესაბამისობის დადგენა ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნებთან.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ უზრუნველყო დაესაბუთებინა თუ რატომ ეთქვა უარი მოსარჩელის - ზ. ნ-ის კანდიდატურას და რატომ მიენიჭა უპირატესობა ვაკანტურ თანამდებობაზე წარსადგენად სხვა კანდიდატს. გამოსარკვევია ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად რა კრიტერიუმები გახდა განმსაზღვრელი. მართალია, ადმინისტრაციული ორგანო კონკურსის წესით საჯარო მოხელეთა შერჩევის პროცესში დისკრეციული უფლებამოსილებით სარგებლობს, თუმცა მასვე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლი ავალდებულებს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა შეძლოს იმის დასაბუთება, თუ რა გარემოება, რა კრიტერიუმი გახდა გადამწყვეტი კონკრეტული კანდიდატის წარსადგენად ვაკანტურ თანამდებობაზე. როდესაც კონკურსის წესით საჯარო მოხელის შერჩევისას არჩევანი ერთი კანდიდატის სასარგებლოდ კეთდება, ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება. ბუნებრივია კანდიდატს, რომელსაც უარი ეთქვა თანამდებობაზე წარსადგენად, უჩნდება საფუძვლიანი უფლება გაეცნოს გადაწყვეტილების მოტივებს. მიუხედავად მიღებული გადაწყვეტილების შედეგებისა, დაინტერესებული მხარისთვის გასაგები უნდა იყოს რა მოტივით იქნა მიღებული მის მიმართ კონკრეტული გადაწყვეტილება. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სამართლიანობისა და კანონიერების განცდას უნდა ქმნიდეს.

ამასთან, თავად კონკურსის არსიდან გამომდინარეობს კანდიდატთა შერჩევის პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების მაღალი სტანდარტი, ვინაიდან კონკურსის წესით საჯარო მოხელეთა შერჩევისას ადმინისტრაციულ ორგანოს კანდიდატთა შეფასების ფართო არეალი აქვს, რაც ზრდის არაობიექტური და მიკერძოებული გადაწყვეტილების მიღების რისკებს. პროცესის გამჭვირვალობითა და გადაწყვეტილების დასაბუთებით ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამორიცხოს თვითნებური, მიკერძოებული, არაობიექტური გადაწყვეტილება. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კონკურსის წესით ვაკანტურ თანამდებობაზე წარსადგენად კანდიდატის შერჩევა ფორმალურ ხასიათს არ უნდა ატარებდეს. ადმინისტრაციული ორგანო უნდა ქმნიდეს ჯანსაღი კონკურენციის რეალურ პირობებს.

კონკურსის შედეგად საჯარო მოხელეთა შერჩევის არსს სწორედ გამჭვირვალე პროცესის საფუძველზე კანდიდატთა ურთიერთშეპირისპირებისას კონკრეტული თანამდებობისთვის სათანადო კანდიდატის შერჩევა წარმოადგენს. წინააღმდეგ შემთხვევაში აზრს დაკარგავდა აღნიშნული რეგულაცია. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის მე-4 მუხლი განსაზღვრავს კონკურსის მიზანსა და ამოცანებს, რომლის თანახმად, კონკურსის მიზანია ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად, დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით, შესაბამისი კანდიდატის შერჩევა; ხოლო კონკურსის ამოცანებია: ა) საქართველოს მოქალაქეთათვის ვაკანტურ თანამდებობათა თანაბრად ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ბ) ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატების შერჩევის და მათი თანამდებობებზე დანიშვნის პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა; გ) კონკურსში მონაწილე კანდიდატების კვალიფიკაციის, პროფესიული დონის, ცოდნის, პიროვნული თვისებების, მოტივაციის და უნარ-ჩვევების შეფასება; დ) შერჩეული კანდიდატების ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დონის განსაზღვრა. სწორედ აღნიშნულ მიზანსა და ამოცანებზე მიუთითებს წესის მე-3 მუხლით განსაზღვრული კონკურსის პრინციპები - ა) კანონიერება; ბ) სამართლიანობა; გ) საჯაროობა; დ) გამჭვირვალობა; ე) არადისკრიმინაციულობა; ვ) ობიექტურობა; ზ) მიუკერძოებლობა; თ) კოლეგიალურობა; ი) კორექტულობა.

იმ პირობებში, როდესაც მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ წარმოადგინა კონკურის ბოლო ეტაპის - გასაუბრების პროცესის მიმდინარეობის ამსახველი რაიმე მტკიცებულება, ხოლო გასაჩივრებული აქტები ვერ უზრუნველყოფს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი კონკურსის გამჭვირვალობის თაობაზე. ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერების დადგენა კი უპირველესად გამჭვირვალე პროცესითა და მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებიდან ხდება შესაძლებელი. იმისათვის, რომ შემოწმდეს მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება, უნდა არსებობდეს პროცესის შემოწმების შესაძლებლობაც. ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის კანონიერების კონტროლი კი სასამართლოს კონსტიტუციურ ვალდებულებას წარმოადგენს. მოცემულ შემთხვევაში კანდიდატების შეფასების პროცესში გამოყენებული კრიტერიუმები, გასაუბრების მიმდინარეობის პროცესი და მისი ანალიზი სასამართლოსთვის არის მიუწვდომელი. ასეთ პირობებში შეუძლებელია იმის შემოწმება, თუ რა ვითარებაში მიმდინარეობდა კონკურსის მესამე ეტაპი, რა პასუხები გასცეს კანდიდატებმა გასაუბრებისას დასმულ შეკითხვებს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საჩხერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ჩინჩალაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი