საქმე№ბს-165-163(2კ-17) 16 მაისი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები: 1) სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო; 2) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე: ნ. ჭ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 27 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა: გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. ჭ-მა 2015 წლის 16 აპრილს სარჩელი აღძრა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახურისა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 14 აპრილის რეგისტრაციის შესახებ №882009099307-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლითაც სახელმწიფოს სახელზე, ოზურგეთის რაიონის სოფელ ... მდებარე უძრავ ქონებაძე, განხორციელდა სარეგისტრაციო ჩანაწერი, №... საკადასტრო კოდით.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 21 აპრილის განჩინებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ჩაბმულ იქნა მესამე პირად ადმინისტრაციულ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილებით მოსარჩელის ნ. ჭ-ის სარჩელი მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახურისა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 14 აპრილის რეგისტრაციის შესახებ №882009099307-03 გადაწყვეტილება, რომლითაც სახელმწიფოს სახელზე, ოზურგეთის რაიონის სოფელ ... მდებარე უძრავ ქონებაზე, განხორციელდა სარეგისტრაციო ჩანაწერი, საკადასტრო კოდით №..., საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ ნ. ჭ-ის სახელზე რეგისტრირებული საკუთრების უფლების, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №...გადაფარვის ნაწილში; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად მიიღოს გადაწყვეტილება, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ოზურგეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს, 2006 წლის 25 დეკემბრის №356 მიმართვასთან და ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო-გურია-სვანეთის სამხარეო სამმართველოს 2009 წლის 6 აპრილის №2-16/197 მიმართვასთან დაკავშირებით.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ - სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნულომა სააგენტომ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 27 მაისის განჩინებით ქონების მართვის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვეს.
კასატორებმა მიუთითეს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყურადღებას მიაქცევს მსგავს სამართლებრივ დავაზე საქმე №ბს-367-363(კ-12) გადაწყვეტილების თარიღი 28.02.2013წ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის სამართლებრივ შეფასებებსა და დასკვნებზე, რომლის თანახმად „ვინაიდან უძრავ ნივთზე რეგისტრირებული უფლება გამორიცხავს იმავე ნივთზე სარეგისტრაციოდ წარდგენილი უფლების რეგისტრაციას, მარეგისტრირებელი ორგანო ასეთ შემთხვევაში უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის შესახებ“. სასამართლოში საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილია, რომ სახელმწიფო საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი ... განხორციელდა 2006 წლის 29 დეკემბერს, ხოლო მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი ...; რეგისტრაცია განხორციელდა - 2007 წლის 28 სექტემბერს. შესაბამისად, ვინაიდან უძრავ ნივთზე რეგისტრირებული უფლება გამორიცხავს იმავე ნივთზე სარეგისტრაციოდ წარდგენილი უფლების რეგისტრაციას, მარეგისტრირებელი ორგანო ასეთ შემთხვევაში უნდა მიეღო გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის შესახებ, რაც მოცემულ შემთხვევაში არ განხორციელებულა. შესაბამისად დგინდება, რომ მიწის ნაკვეთები არ არის იდენტური. აღნიშნული გარემოება კი სასამართლოს მიერ არასწორად იქნა შეფასებული და გამოკვლეული, ვინაიდან, საქმეში არსებული ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს 2015 წლის 17 დეკემბრის დასკვნით, ნ. ჭ-ის საკუთრებაში არსებული N599 მიღება-ჩაბარების აქტით გადაცემული მიწის ნაკვეთის ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენა ვერ მოხერხდა, ასევე ვერ მოხერხდა იმის დადგენა, ფიქსირდებოდა თუ არა ზედდება ნ. ჭ-ისათვის გადაცემულ ქონებასა და სახელმწიფოს საკუთრებაში რეგიტრირებულ ქონებას შორის. ამასთან, საყურადღებოა ის გარემოება, რომ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 14 აპრილის 8820090993307-03 გადაწყვეტილება, რომლითაც განხორციელდა უკვე რეგისტრირებული სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციის დაზუსტება, ხოლო პირველადი რეგისტრაცია არ გამხდარა სადავო და ძალაშია, რაც სააპელაციო სასამართლოს მიერ ყურადღების მიღმა იქნა დატოვებული.
კასატორებმა ასევე აღნიშნეს, რომ სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაცია განხორციელდა შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების არსებობის პირობებში, კერძოდ: საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ოზურგეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2006 წლის 25 დეკემბრის N356 და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო-გურია- ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს 2009 წლის 6 აპრილის N2-16/197 მიმართვების საფუძველზე, რომლებიც კანონიერ ძალაშია. რეგისტრაცია წარმოებს სარეგისტრაციო დოკუმენტის საფუძველზე, რომელსაც „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, განეკუთვნება სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ბათილად ცნობა იწვევს რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადებას. აღნიშნული მუხლის მე-5 პუნქტი რეგისტრაციის გაუქმების გასაჩივრების შესაძლებლობას მხოლოდ ამ გაუქმების საფუძველთან ერთად ითვალისწინებს. შესაბამისად, რეგისტრაციის გაუქმების წინაპირობას მისი განხორციელების საფუძვლების გაუქმება წარმოადგენს. რომელთა კანონიერება სასამართლოს განსჯის საგანი არ გამხდარა. შესაბამისად, სამართლებრივი საფუძვლების კანონიერ ძალაში არსებობის პირობებში რეგისტრაციის გაბათილება დაუშვებელია.
კასატორები მიუთითებენ, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 14 აპრილის 8820090993307-03 გადაწყვეტილება) გამოცემულია კანონის სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, რამდენადაც ელექტრონული ვერსიის გარეშე წარდგენილი საკადასტრო აზომვითი მონაცემები ყველა შემთხვევაში მიიჩნევა დაუზუსტებლად და არ იძლევა უძრავი ნივთის სრული იდენტიფიკაციის საშუალებას და პრაქტიკულად შეუძლებელია ელექტრონული საკადასტრო აზომვითი ნახაზით წარდგენილი (დაზუსტებული) მონაცემების შედარება არაელექტრონულ (დაუზუსტებელ) მონაცემებთან. მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის ციფრული ვერსია იქმნება წერტილოვანი, ხაზოვანი და პოლიგონური ფენების სახით, ობიექტის მკაცრად განსაზღვრული ატრიბუტიკის (ელემენტების) აღნიშვნით, რომლებიც ტოპოლოგიის მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს. ასეთი ელემენტები არ გააჩნია ქაღალდის ვერსიას, შესაბამისად მათი შედარებით იდენტიფიცირება ვერ განხორციელდება, რაც დასტურდება ასევე საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნით. ნ. ჭ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ფართი არ არის რეგისტრირებული სახელმწიფო გეოდეზიურ კოორდინატთა ერთიან სისტემაში და საკუთრების უფლება რეგისტრირებულია დაუზუსტებელი მონაცემებით, რაც არ იძლევა მისი სახელმწიფო გეოდეზიურ კოორდინატთა ერთიან სისტემაში იდენტიფიცირების საშუალებას. ამასთან, ნ. ჭ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთისა და სადავო რეგისტრაციით განხორციელებული მიწის ნაკვეთის იდენტურობა არ დასტურდება არც ერთი მტკიცებულებით. იგი დაეყრდნო მხოლოდ უზენაესი სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებულ ერთგვაროვან პრაქტიკას, თუმცა მოცემული საქმისაგან განსხვავებით, იმ დავაში სასამართლოების მიერ დადგენილ იქნა სადავო ნაკვეთთა იდენტურობა, რაც აღნიშნულ საქმეში არ იქნა გამოკვლეული, მოცემულ შემთხვევაში კი იდენტურობა და ზედდება წარმოდგენული ექსპერტიზის დასკვნითაც კი ვერ იქნა დადასტურებული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 1 მარტის განჩინებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები წარმოდგენილ საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ უფლების დადმგენი დოკუმენტის -1997 წლის 15 ივლისის №599 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე ნ. ჭ-ს მართლზომიერ მფლობელობაში გადაეცა ოზურგეთის რაიონის სოფელ ... მდებარე 0.9 ჰა მიწის ნაკვეთი. ასევე, დადგენილია, რომ ჯერ კიდევ 2005 წელს ნ. ჭ-მა მითითებული მიღება-ჩაბარების აქტით გადაცემული და სისტემური წესით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთებიდან გაყოფილი 400 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი დაყო ორ ნაწილად, საიდანაც 225 კვ.მეტრი დარჩა მის საკუთრებაში, ხოლო დანარჩენი გაასხვისა პ. ც-ეზე. ამ უკანასკნელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს სახელზე N... საკადასტრო კოდით რიცხულ მიწის ნაკვეთთან ზედდების გამო მიმდინარე სასამართლო დავა ნაწილობრივ გადაწყდა კერძო პირის სასარგებლოდ №ბს-693-685(2კ-15) საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 22 დეკემბრის განჩინებით. ამდენად, უსაფუძვლოა კასატორების მოსაზრება სადავო მიწის ნაკვეთების იდენტურობის დაუდგენლობასთან დაკავშირებით. ამასთან, საქმის მასალებით არ დასტურდება მოსარჩელის მიერ მითითებული უძრავი ქონების მონაცემების დაზუსტების მიზნით საჯარო რეესტრში წარდგენილი ელექტრონული საკადასტრო-აზომვითი ნახაზის საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის მოთხოვნებთან შეუსაბამობა. პირიქით, მოსარჩელის სახელზე გაცემული საჯარო რეესტრიდან ამონაწერი (მიუხედავად დაუზუსტებელი რეგისტრაციისა) შეიცავს მიწის ნაკვეთის მაიდენტიფიცირებელ მონაცემებს, კერძოდ, სარეგისტრაციო ზონას და სექტორს კოდების მითითებით, ნაკვეთისა და კვარტლის ნომრებს, ფართობს, მისამართს.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველგვარი ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობის გარეშე მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებულ (მათ შორის სისტემური წესით) უფლებაზე დაარეგისტრირა სახელმწიფოს საკუთრების უფლება დაზუსტებული სახით, ანუ დაუშვა ერთი ნაკვეთის მიმართ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩანაწერის არსებობა, რაც კანონსაწინააღმდეგოა. შესაბამისი მტკიცებულებებით დასტურდება მოსარჩელის სასარგებლოდ საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ საკუთრების უფლებაზე სახელმწიფო საკუთრების უფლების დარეგისტრირება. კასატორებს არ წარმოუდგენიათ აღნიშნული გარემოების გამომრიცხავი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მტკიცებულება, რაც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის შესაბამისად მათ ვალდებულებას წარმოადგენს. ამასთან, საგულისხმოა, რომ სწორედ სახელმწიფოს მიერ მოხდა მითითებული მიწის ნაკვეთის განკერძოება მოსარჩელზე, შესაბამისად სახელმწიფოსაც ევალებოდა წარმოედგინა ამ ნაკვეთის ადგილმდებარეობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაც არ განუხორციელებია, რაც შეეხება ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 17 დეკემბრის დასკვნას აღნიშნული არ უარყოფს და არც ადასტურდებს ნ. ჭ-ზე №...და სახელმწიფოზე №... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების იდენტურობის ფაქტს. ამდენად, აღნიშნული დასკვნა არ წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მტკიცებულებას და არ იძლევა მისი, როგორც მტკიცებულების ძალის მქონე დოკუმენტის შეფასების შესაძლებლობას. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ აღნიშნული დასკვნის შეფასება განხორციელდა საპროცესო კანონმდებლობის სრული დაცვით.
კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 27 მაისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე