#ბს-172-170(კ-17) 3 მაისი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 29 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2016 წლის 15 თებერვალს შპს „...“ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხის - ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ.
მოსარჩელემ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისთვის 150 ლარის დაკისრება და „ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და შპს „...“ შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2015 წლის 11 მარტის №53 ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტისა და პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 14 იანვრის №01-06 20 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა. ამასთან, 2016 წლის 20 აპრილის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ მოპასუხისთვის 150 ლარის ნაცვლად 93,75 ლარის დაკისრება მოითხოვა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „...“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ბათილად იქნა ცნობილი „ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და შპს „...“ შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2015 წლის 11 მარტის №53 ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტისა და პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 14 იანვრის №01-06 20 ბრძანება ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის ნაწილში; ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ, შესრულებული სამუშაოს ღირებულება, 93 ლარი და 75 თეთრი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 29 დეკემბრის განჩინებით ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 29 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მითითებით, სასამართლომ მიუხედავად იმისა, რომ უდავო ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია ტექნიკური პირობის დარღვევით მიწოდებული შესრულება, მაინც დაავალა გამგეობას მისი ანაზღაურება და ბათილად ცნო ბრძანება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. ამასთან, აკეთებს დასაბუთებას, რომ გამგეობა უფლებამოსილი იყო უარი ეთქვა ხელშეკრულებაზე, ანუ ცალმხრივად შეეწყვიტა იგი, თუმცა მას რჩება ვალდებულება შეკვეთის ანაზღაურების. შესაბამისად, თუ გამგეობის ამ უფლებამოსილებას აღიარებს, მაშინ რის საფუძველზე ცნო ბრძანება ბათილად ხელშეკრულების შეწყვეტის ნაწილში. გარდა ამისა, ხელშეკრულების შესაბამისად ანაზღაურება მოხდებოდა გაწეული მომსახურეობის მიხედვით მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. აღნიშნული მიღება გამგეობის წარმომადგენლის მხრიდან არ განხორციელებულა, არაჯეროვანი შესრულების გამო. შესაბამისად, კასტორის მოსაზრებით, არ არსებობს დაფინანსების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 23 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში 2015 წლის 11 მარტს შპს „...“ და ქობულეთის მუნიციპალიტეტს შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №53 ხელშეკრულება წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლით განსაზღვრულ ნარდობის ხელშეკულებას, რომლითაც მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 636-ე მუხლის თანახმად, შემკვეთს უფლება აქვს სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს თქვას უარი ხელშეკრულებაზე, მაგრამ მან უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი. შესაბამისად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა უფლებამოსილი იყო უარი ეთქვა 2015 წლის 11 მარტის ხელშეკრულებაზე, თუმცა შპს „...“ უნდა აუნაზღაუროს შესრულებული სამუშაო - გაზეთში გამოქვეყნების შესახებ შესრულებული ორი შეკვეთა, რაც შეადგენს - 93 ლარს და 75 თეთრს.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას შპს „...“ მიერ სამუშაოს არაჯეროვანი შესრულების გამო გამგეობისთვის მომსახურების ღირებულების ანაზღაურების დაკისრების უსაფუძვლობასთან დაკავშირებით და მიუთითებს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით „ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და შპს „...“ შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2015 წლის 11 მარტის №53 ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტისა და პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 14 იანვრის №01-06 20 ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი სწორედ ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის ნაწილში, რაც სადავო ბრძანების თანახმად, შპს „...“ მიერ მომსახურების არაჯეროვან შესრულებას გულისხმობდა.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სწორად შეაფასეს ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები რეალურ ფაქტობრივ მოცულობასთან შეუსაბამოდ და დაუსაბუთებლად.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 29 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ჩინჩალაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი