Facebook Twitter

#ბს-181-179(კ-17) 3 მაისი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 20 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2015 წლის 12 ივნისს ვ. ა-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელემ მისი ოჯახის განსახლების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახთა განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის“ 2015 წლის 13 თებერვლის №40 სხდომის ოქმის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2015 წლის 27 თებერვლის №03-01/03/5969 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 13 მაისის №05-01/06/12411 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიისთვის“ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით მისი ოჯახის განსახლების მოთხოვნის დაკმაყოფილების დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 15 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ლ. ზ-ი, გ. ა-ი და ა. ა-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით ვ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახთა განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის“ 2015 წლის 13 თებერვლის №40 სხდომის ოქმი ვ. ა-ის ოჯახის განსახლების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ასევე სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2015 წლის 27 თებერვლის №03-01/03/5969 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 13 მაისის №05-01/06/12411 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ამასთან, ვ. ა-მა, ლ. ზ-მა, გ. ა-მა და ა. ა-მა წარადგინეს შეგებებული სააპელაციო საჩივარი, რომლითაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი და ვ. ა-ის, ლ. ზ-ის, გ. ა-ის და ა. ა-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 20 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი არ ეთანხმება მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის გამოყენების შესაძლებლობას და მიუთითებს, რომ სამინისტროს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ნათლად ჩანს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ყველა იმ გარემოებებისა და მტკიცებულებების გამოკვლევის, ურთიერთშეჯერებისა და შეფასების საფუძველზე, რაც წარდგენილ იქნა ადმინისტრაციული წარმოების პროცესში და სამინისტროს მიერ არ ყოფილა უგულებელყოფილი არც ერთი გარემოება, თუ წარდგენილი მტკიცებულება. სამინისტროს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში იქნა მიღებული როგორც მოსარჩელეთა ახსნა-განმარტებები, ასევე ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარდგენილი თითოეული დოკუმენტი. ამასთან, სამინისტრომ საკითხის შესწავლის დროს სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიც დაიხმარა, რომ დაედგინა მოსარჩელის ოჯახის წევრებს შეუზღუდავ სარგებლობაში ან/და საკუთრებაში გააჩნდათ თუ არა ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი.

ამასთან, კასატორის მითითებით, სამინისტროს მიერ არც ადმინისტრაციული წარმოების დროს და არც სასამართლო სხდომაზე არ დადგენილა და დადასტურებულა ის გარემოება, რომ ლ. ზ-სა და მ. ზ-რ-ა-ს შორის დაიდო „მოჩვენებითი გარიგება“. როგორც სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში, ასევე წარმოდგენილ შესაგებელში და სასამართლო სხდომების დროს გაკეთებულ ახსნა-განმარტებებში სამინისტრო ცალსახად აფიქსირებდა, რომ საქმეზე არსებული გარემოებების გათვალისწინებით „მოცემული გარიგება, შესაძლოა ბადებდეს გონივრულ ეჭვს იმის თაობაზე, რომ ლ. ზ-სა და მის დას შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება მოჩვენებითი გარიგებაა“. რაც შეეხება ლ. ზ-ის საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტს - ამონაწერს საჯარო რეესტრიდან, გაუგებარია სასამართლოს პოზიცია ამ დოკუმეტის არარსებობის თაობაზე, ვინაიდან სამინისტროს მიერ სასამართლოში წარდგენილ ადმინისტრაციული წარმოების მასალების ასლების ერთ-ერთი შემადგენელი დოკუმენტია ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ამასთანავე, ფაქტები სოფელ … არსებული საცხოვრებელი ფართის მესაკუთრეების ცვლილებებისა და საბოლოოდ, ამ უძრავი ქონების ლ. ზ-ის სახელზე რეგისტრაციის თაობაზე არც მოსარჩელე მხარის მიერ არ გამხდარა სადავოდ, ეს ინფორმაცია საჯაროა და ხელმისაწვდომია თითოეული პირისათვის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ერთიანი ელექტრონული ბაზის მეშვეობით.

კასატორის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოვლინდა, რომ მოსარჩელის ოჯახის წევრი - ლ. ზ-ი ოფიციალურად წარმოადგენდა საცხოვრებელი ბინის მესაკუთრეს ქ. …. 2014 წლის 16 ივლისს აღნიშნული ბინა ლ. ზ-ის მიერ გადაფორმებულ იქნა მის დაზე - მ. ზ-ი-ა-ზე. ადგილზე გადამოწმების შედეგად გამოირკვა, რომ მოცემულ ბინას დღემდე ფლობენ მოსარჩელის ოჯახის წევრები, მისი შვილები, ხოლო მ. ზ-ი-ა-ი დღემდე ცხოვრობს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ .... სამინისტროს მიერ დადგინდა, რომ ვ. ა-ის ოჯახის წევრთა საკუთრებაში მართალია არ ირიცხება (დღეის მდგომარეობით) ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი, თუმცა ისინი შეუზღუდავად ფლობენ და სარგებლობენ ზემოხსენებულ საცხოვრებელ ფართს, ქ. …. მოცემული გარიგება, შესაძლოა ბადებდეს გონივრულ ეჭვს იმის თაობაზე, რომ ლ. ზ-სა და მის დას შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება მოჩვენებითი გარიგებაა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების არსებობის შემთხვევაში, სამინისტროს მიერ ვ. ა-ის ოჯახის დაკმაყოფილება, იმ ოჯახებზე წინ, რომელთაც რეალურად არ გააჩნიათ თავშესაფარი, წინააღმდეგობაში მოდის ნორმატიული აქტის იმ პრინციპებთან და დანიშნულებასთან, რომლის თანახმად, პირველ რიგში უკიდურეს მდგომარეობაში მყოფი ოჯახები უნდა იქნენ უზრუნველყოფილნი საცხოვრებელი ფართით. ამდენად, ცხადია, რომ ვ. ა-ის ოჯახი ამ ეტაპზე არ საჭიროებს ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით დაუყოვნებელ უზრუნველყოფას.

კასატორის განმარტებით, კრიტერიუმების შესაბამისად იმ ოჯახების დადგენა, რომლებიც ყველაზე უფრო მეტად საჭიროებენ თავშესაფარს, განპირობებულია იმ მიზნით, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად არ არის გამოყოფილი იმ რაოდენობის თანხა, რომელიც საკმარისი იქნება ამგვარ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების ერთიანად დასაკმაყოფილებლად საცხოვრებელი ფართით სახელმწიფოს მიერ. უნდა გამოვლინდეს ის ოჯახები, რომელთაც თავშესაფარი არ გააჩნიათ და ყველაზე მეტად საჭიროებენ დაუყოვნებლივ უზრუნველყოფას, ხოლო ის ოჯახები რომელთაც გააჩნიათ ფაქტიური თავშესაფარი, დაკმაყოფილებულ უნდა იქნენ შემდგომ ეტაპზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 23 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებით სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების ორგანიზების მიზნით დამტკიცდა „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების წესი“. აღნიშნული წესის პირველი მუხლის 11 პუნქტით (13.04.2016წ. განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, პირველი მუხლის მე-2 პუნქტი) განისაზღვრა, რომ სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად (ეკომიგრანტად) ჩაითვლება ოჯახი, რომლის საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) და არ ექვემდებარება აღდგენას ან/და სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას მეწყერის, ღვარცოფის, კლდეზვავის, ქვათაცვენის, მდინარეების ნაპირების გარეცხვის, თოვლის ზვავის, ჯდენადი გრუნტის გამო, გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა.

საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელე ვ. ა-ი არის სოფელ ... მუდმივი მაცხოვრებელი. მისი ოჯახი შედგება ოთხი წევრისგან: თავად ვ. ა-ი, ლ. ა-ი (მოსარჩელის მეუღლე), გ. და ა. ა-ები (შვილები). დადგენილია და მხარეებიც არ ხდიან სადავოდ, რომ სოფელი ... მდებარეობს მეწყერსაშიშ ზონაში, იქ ცხოვრება სახიფათოა მაცხოვრებელთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის.

ასევე დადგენილია, რომ კომისიამ ვ. ა-ს ოჯახის განსახლების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი იმ საფუძვლით უთხრა, რომ მისი ოჯახის წევრი - ლ. ზ-ი ოფიციალურად ფლობდა საცხოვრებელ ბინას დუშეთის მუნიციპალიტეტის ქ. ჟ…, რომელიც 2014 წლის 16 ივლისს გადააფორმა მის დაზე - მ. ზ-ი-ა-ზე; ხოლო ადგილზე გადამოწმებისას გაირკვა, რომ აღნიშნულ საცხოვრებელ ბინას ფაქტობრივად ფლობდა ვ. ა-ის ოჯახი (საცხოვრებელ ბინაში ცხოვრებდნენ მისი შვილები).

საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით არ დასტურდება კომისიის მიერ ვ. ა-ის განცხადების განხილვისას მისი ოჯახის წევრისთვის ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში არსებობის ფაქტი, რასაც არც კასატორი უარყოფს; ხოლო ის გარემოება, რომ მოსარჩელის ოჯახის წევრს - ლ. ზ-ს კომისიაში განცხადების წარდგენამდე საკუთრებაში გააჩნდა დუშეთის მუნიციპალიტეტის ქ. ჟინვალში მდებარე ბინა, სცილდება განსახილველი დავის ფარგლებს და არ წარმოადგენს ვ. ა-ის ოჯახის განსახლების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს.

საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ კომისიამ ერთი მხრივ მიიჩნია, რომ სოფლის მოსახლეობა ცხოვრობდა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ, ბუნებრივი და ანთროპოგენული კატასტროფების ზონაში და შესაბამისად, სოფლის მოსახლეობის განსახლების საკითხის განხილვა წარმოადგენდა პრიორიტეტული მნიშვნელობის საკითხს, რის გამოც სოფელ ... მოსახლეობის და მათ შორის, განმცხადებლის - ვ. ა-ის განსახლების საკითხი საგამონაკლისო წესით განიხილა, ხოლო მეორე მხრივ, მოხდა მოსარჩელის ოჯახის შეფასება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით დამტკიცებული კრიტერიუმების საფუძველზე.

ამასთან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებით დამტკიცებული „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების წესის“ მე-2 მუხლის 112 პუნქტის (13.04.2016წ. განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, მე-2 მუხლის მე-11 პუნქტი) თანახმად, ბოლო ეტაპზე განიხილება იმ დაზარალებული ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომელთა ოჯახის წევრ(ებ)ს საკუთრებაში აქვთ სხვა საცხოვრებელი სახლი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის გარემოებების ხელახალი შესწავლისა და გამოკვლევის დროს, სამინისტრო ვალდებულია გამოიკვლიოს ის გარემოებაც, შესაბამის სოფელში სტიქიით დაზარებული სხვა ოჯახები, რომლებსაც არ გააჩნიათ საცხოვრებელი სახლი, არიან თუ არა დაკმაყოფილებულები კანონმდებლობის შესაბამისად და თუნდაც ამის გამოც ხომ არ არსებობს ვ. ა-ის ოჯახის დაკმაყოფილების აუცილებლობა, მისი დაკმაყოფილების რიგი, თუნდაც ჩაითვალოს, რომ მის ოჯახს გააჩნია საცხოვრებელი ფართი.

მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენება შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს, შესაბამისად, სახეზეა სადავო საკითხის გადაუწყვეტლად აქტის ბათილად ცნობის და ადმინისტრაციული ორგანოსათვის საქმის გარემოებების შესწავლის შემდეგ, ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 20 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ჩინჩალაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი