Facebook Twitter

#ბს-187-185(კ-17) 3 მაისი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2014 წლის 23 მაისს თ. გ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ.

მოსარჩელემ თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 29 აპრილის #7/2-157 ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მოითხოვა.

თელავის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით თ. გ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 29 აპრილის #7/2-157 ბრძანება და თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობას გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; სამსახურში აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

თელავის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თელავის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. გ-მა, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით თ. გ-ის და თვითმმართველი თემის თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თელავის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა არსებითად განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 22 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 22 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. გ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 12 ივლისის განჩინებით თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; თ. გ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 22 ოქტომბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებით თვითმმართველი თემი - თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; თ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თელავის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; თ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 29 აპრილის #7/2-157 ბრძანება თ. გ-ის სამსახურში აღდგენაზე უარის თქმის თაობაზე; თვითმმართველი თემი - თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობას თვითმმართველი თემი - თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... სამსახურის წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე ან სხვა ტოლფას თანამდებობაზე თ. გ-ის აღდგენა დაევალა; თვითმმართველ თემი - თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობას თ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება განთავისუფლების მომენტიდან - 2013 წლის 21 იანვრიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდის ჩათვლით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის მითითებით, თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობა არ წარმოადგენს გაუქმებული თელავის მუნიციპალიტეტის არც სამართალმემკვიდრეს და არც უფლებამონაცვლეს, რის გამოც ისინი ვერ აღასრულებენ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 23 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის - თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის მტკიცებას, რომ ეს უკანასკნელი არ არის თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის უფლებამონაცვლე და თ. გ-ის სამსახურში აღდგენასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება ვერ აღსრულდება.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, 2014 წლის 2 აგვიტოს მოხდა თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ლიკვიდაცია, რომლის ბაზაზე შეიქმნა ორი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - თვითმმართველი ქალაქი თელავის მუნიციპალიტეტი და თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტი. მართალია, შესაბამისი დოკუმენტებით არ არის განსაზღვრული უფლებამონაცვლეობის საკითხი, მაგრამ საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ეს ფაქტი არ წარმოადგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულების აღსრულების არიდების საშუალებას. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ უფლებამონაცვლეობის საკითხი უნდა გადაწყდეს „მუნიციპალიტეტებს შორის ქონებისა და ვალდებულებების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ზოგადი პრინციპების შესაბამისად. „წესის“ მე-4 მუხლი შეეხება ვალდებულებების განაწილების წესს. აღნიშნული მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები შეეხება უფლებამონაცვლეობის დადგენისს წესს უძრავ ქონებასა და მოსახლეობის მომსახურებასთან დაკავშირებულ ვალდებულებებზე, მე-3 პუნქტის თანახმად კი, გასაუქმებელი მუნიციპალიტეტის მიერ აღებული სხვა ვალდებულებების უფლებამონაცვლეს წარმოადგენს ახალი მუნიციპალიტეტი - თვითმმართველი თემი, თუ შეუძლებელია უფლებამონაცვლის განსაზღვრა, ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თვითმმართველობის მოხელეთა შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხებზე უფლებამონაცვლეობა ამ წესის შესაბამისად უნდა გადაწყდეს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დაწესებულების შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებისას ან არაკანონიერად განთავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენისას.

ამდენად, დაწესებულებაში შტატების შემცირება საკანონმდებლო რეგულაციის დონეზე იძლევა თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნის საფუძველს. განსახილველ შემთხვევაში კი სახეზე არ გვაქვს შტატების შემცირების საფუძვლით სამსახურიდან დათხოვნის შემთხვევა, ვინაიდან 2013 წლის 21 იანვარს - ერთი და იმავე დღეს მოხდა მოსარჩელის სამსახურიდან განთავისუფლება შტატების შემცირების გამო და იმავე სამსახურში მთავარი სპეციალისტის შტატის ერთი ერთეულით გაზრდა, რომელზეც დაინიშნა სხვა პირი. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ ყოფილა შესწავლილი და დადგენილი, თუ რა უპირატესობით სარგებლობდა ახალი თანამშრომელი მოსარჩელესთან მიმართებაში იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე ხასიათდებოდა დადებითად და ამასთან, არ არსებობდა რაიმე დოკუმენტი, ადმინისტრაციული ან ნორმატიული აქტი, რომელშიც შეიძლებოდა ყოფილიყო მითითებული ან გამიჯნული ერთმანეთისაგან სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის სპეციალისტის და მთავარი სპეციალისტის უფლება-მოვალეობები. ამდენად, რეალურად მოსარჩელის სამუშაო შტატის შემცირებას ადგილი არ ჰქონია. გამგეობას კი მიუხედავად სასამართლოს გადაწყვეტილებებით არაერთხელ დავალებისა, არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ჩინჩალაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი