საქმე Nბს-189-187(კ-17) 16 მაისი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - თ. შ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 16 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თ. შ-მა 2015 წლის 7 დეკემბერს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხის – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების დავალება და თ. შ-ისათვის საცხოვრებელი ბინის გადაცემა საკუთრებაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით თ. შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება - თ. შ-ისათვის საცხოვრებელი ბინის საკუთრებაში გადაცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩვრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 16 იანვრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 სექტემბრის N3/9419-15 გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 16 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ. კასატორმა გასაჩივრებული გაჩინების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორმა მიუთითა, რომ თავდაცვის სამინისტროსა და თ. შ-ს შორის 2007 წლის 3 მაისს გაფორმდა კონტრაქტი, რომლის 3.1 პუნქტის თანახმად, „სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო სამსახურის ვადა განისაზღვრა 5 წლით, რომელიც აითვლება შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობაში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან და რომელიც აღინიშნება კონტრაქტის პირველ გვერდზე, რაც ამავდროულად ითვლებოდა კონტრაქტის ძალაში შესვლის თარიღად“. ამავე დროს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 5.1.9 პუნქტის თანახმად, „სამხედრო მოსამსახურე, ამ კონტრაქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე ერთი წლით ადრე, დააკმაყოფილოს საცხოვრებელი ბინით, არაუმეტეს 40 კვ.მ-სა, რომელიც მას, უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით, გადაეცემა ამ კონტრაქტის მე-3 მუხლის 3.1 პუნქტით განსაზღვრული სამხედრო სამსახურის ვადის დასრულების შემდეგ“.
თავდაცვის სამინისტროსა და თ. შ-ს შორის გაფორმდა 2011 წლის 1 სექტემბრის N159 შეთანხმების ოქმი, რომელიც გახდა ძირითადი კონტრაქტის შემადგენელი ნაწილი და ძირითადი კონტრაქტის დებულებებთან მიმართებაში მიენიჭა უპირატესობა. მითითებული შეთანხმების პირველი პუნქტში მითითებულია, რომ „კონტრაქტის მოქმედების ვადა ანუ 5 წელი გაგრძელდეს და განისაზღვროს 10 წლით კონტრაქტის ამოქმედების თარიღიდან“. კასატორი მიიჩნევს, რომ თ. შ-ის მიმართ ძირითადი კონტრაქტის 3.1 პუნქტით გათვალისწინებული 5 წლიანი ვადა გახდა 10 წელი, რომელიც 2012 წლის 3 მაისის ნაცვლად მთავრდებოდა 2017 წლის 3 მაისს. შესაბამისად, თ. შ-ის მიმართ კონტრაქტის 5.1.9 პუნქტით განსაზღვრული სამინისტროს ვალდებულება დადგებოდა 2016 წლის 3 მაისს საცხოვრებელი ბინით დაკმაყოფილების თაობაზე, ხოლო უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით, გადაცემის ვალდებულება დადგებოდა 2017 წლის 3 მაისს.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიუთითითებს, რომ გაურკვეველია სასამართლოს სამართლებრივი დასაბუთება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე და 361-ე მუხლებზე აპელირებით, მაშინ როდესაც სამინისტროს მიმართ ამ ვალდებულების შესრულების სავალდებულოობა არ დამდგარა და არც კრედიტორს წარმოშობია მოთხოვნის უფლება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 2 მარტის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საქმეზე დადგენილია, რომ მხარეებს შორის დადებული იყო ხელშეკრულება, რომელსაც ჰქონდა მბოჭავი ძალა და იგი უნდა შესრულებულიყო მათ მიერ სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კი 2007 წლის 3 მაისის ხელშეკრულების 5.1.9. პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება, რომლის შესრულების ვადად განსაზღვრული იყო 2011 წლის 3 მაისი არ შეუსრულებია.ის გარემოება, რომ თ. შ-სა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ვადა მხარეთა შეთანხმებით 2011 წლის 1 სექტემბრის №159 შეთანხმების ოქმით გაგრძელდა 10 წლამდე, არ ადასტურებს ამავე ხელშეკრულების 5.1.9. პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების გადავადებას.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილება, რომელიც წერილობით არის გაფორმებული, ითვალისწინებს მხოლოდ ხელშეკრულების ვადის გაგრძელებას და არ შეიცავს მითითებას მხარის მდგომარეობის გაუარესებაზე. კერძოდ, იმ გარემოებაზე, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საცხოვრებელი ბინის გადაცემის დრო გადაიწევს ამ გაგრძელებული ვადის შესაბამისად. მხარეები წერილობით არ შეთანხმებულან 5.1.9. პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეცვლის თაობაზე, რაც ადასტურებს იმას, რომ ხელშეკრულების ეს პირობა უცვლელი დარჩა. სადავო არ არის, რომ მოსარჩელემ ხელშეკრულების პირველ ვადაში კეთილსინდისიერად შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულებები, 5 წლის განმავლობაში იმსახურა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში კონტრაქტის პირობების შესაბამისად, რაც ქმნის 5.1.9. პუნქტის შესაბამისად საცხოვრებელი ბინის გადაცემის საფუძველს.
კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 16 იანვრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
4.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე