საქმე ბს-365-360 (კ-16) 25 მაისი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ნუგზარ სხირტლაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ვასილ როინიშვილი, მაია ვაჩაძე
სხდომის მდივანი - ანა ვარდიძე
კასატორი - რ. კ-ი (მოსარჩელე), წარმომადგენლები ც. ყ-ი, ა. შ-ი (24.12.2015წ. N151387122 რწმუნებულება)
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები): სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის სოციალური მომსახურების ცენტრი, წარმომადგენელი - ლ. ქ-ე (29.12.2016წ. N04/93996 მინდობილობა)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.12.2015წ. გადაწყვეტილება
დავის საგანი - პენსიის შეჩერება-შეწყვეტა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
რ. კ-მა 05.03.2015წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის სოციალური მომსახურების ცენტრის მიმართ. სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე დაზუსტების შედეგად, მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის სოციალური მომსახურების ცენტრის 30.07.2014წ. N04-04/4683 გადაწყვეტილების და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 20.02.2015წ. N04/12102 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე მოპასუხეებისათვის 2009 წლის პირველი აგვისტოდან 2014 წლის ივლისის ჩათვლით მიუღებელი პენსიის გაცემის დავალება.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ დაენიშნა სახელმწიფო პენსია, რომელსაც წლების განმავლობაში იღებდა. ოჯახური მდგომარეობის გამო, პერიოდულად იმყოფებოდა საქართველოს საზღვრებს გარეთ, მათ შორის, უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში. 2014წ. ივლისში, საქართველოში დაბრუნების შემდეგ, მისთვის ცნობილი გახდა, რომ შეწყვეტილი ჰქონდა სახელმწიფო პენსიის ჩარიცხვა და მისი ახლად დანიშვნის მიზნით, განცხადებით უნდა მიემართა შესაბამისი სამსახურისათვის. 24.07.2014წ. ფულადი გასაცემლის დანიშვნის თხოვნის შესახებ განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის მომსახურების ცენტრს და მოითხოვა გასული წლების პენსიის მიუღებლობის მიზეზის განმარტება. სსიპ სოცალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის მომსახურების ცენტრმა 25.07.2014წ. მიიღო N16521 გადაწყვეტილება სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნის შესახებ. ამასთან, 30.07.2014წ. N04-04/4683 წერილით ცენტრმა აცნობა რ. კ-ს, რომ 01.08.2009წ. მას შეუჩერდა, ხოლო 01.04.2013წ. შეუწყდა სახელმწიფო პენსიის ჩარიცხვა. აღნიშნული წერილით მიუღებელი თანხის ანაზღაურებასთან დაკავშირებით განმცხადებლის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
04.08.2014წ. რ. კ-მა მიმართა სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის მომსახურების ცენტრს და მოითხოვა მისთვის ადმინისტრაციული მასალების გადმოცემა, მათ შორის, იმ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების, რომლებითაც შეუჩერდა, ხოლო შემდეგ შეუწყდა პენსიის მიღება. 04.09.2014წ. N04-04/5358 წერილით მას ეცნობა, რომ 01.08.2009წ. განხორციელებული პენსიის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება საქმეში არ მოიძებნა. სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის მომსახურების ცენტრმა ვერ უზრუნველყო აგრეთვე სახელმწიფო პენსიის შეწყვეტის შესახებ 01.04.2013წ. გადაწყვეტილების მისთვის გადაგზავნა.
რ. კ-მა 07.11.2014წ. ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა: 1) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის სოციალური მომსახურების ცენტრის იმ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, რომლებითაც შეუჩერდა და შეუწყდა სახელმწიფო პენსიის მიღება; 2) პენსიის/სუბსიდიის ცვლილების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების (სამმართველოს ინფორმაციის) ბათილად ცნობა; 3) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის სოციალური მომსახურების ცენტრისათვის 2009 წლის პირველი აგვისტოდან 2014 წლის ივლისის ჩათვლით მიუღებელი პენსიის გაცემის დავალება; 4) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის სოციალური მომსახურების ცენტრის 30.07.2014წ. N04-04/4683 წერილის ბათილად ცნობა.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 20.02.2015წ. N04/12102 ბრძანებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააგენტომ აღნიშნა, რომ პენსიის დანიშვნისაგან განსხვავებით, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის მე-16-17 მუხლები და წესის მე-8-მე-9 მუხლები იმპერატიულად მიუთითებენ პენსიის შეჩერება-შეწყვეტის საფუძვლებზე, წყაროსა და ვადებზე. სააგენტომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, პენსიის შეჩერება-შეწყვეტის გადაწყვეტილების მიღებამდე, ვერ იქნება დაცული ადმინისტრაციული წარმოების ისეთი პირობების დაცვა, როგორიცაა დაინტერესებული პირის წინასწარი ინფორმირება, წარმოებაში ჩართვა, ადმინისტრაციული წარმოების ვადების დაცვა. ამასთანავე კანონმდებელი არ საუბრობს პენსიის შეჩერება-შეწყვეტის გადაწყვეტილების გამოცემაზე. სზაკ-ის 51-ე მუხლის თანახმად, აქტი გამოიცემა წერილობით ან ზეპირად. რ. კ-ის მოთხოვნა პენსიის შეჩერების ან შეწყვეტის გადაწყვეტილებების წერილობითი სახით გამოცემის თაობაზე სააგენტოში არ დაფიქსირებულა, რ. კ-ისათვის პენსიის შეჩერება და შეწყვეტა არ წარმოადგენს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების შეზღუდვას, საპენსიო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს შეჩერება-შეწყვეტის გადაწყვეტილებების წერილობითი ფორმით მიღებას. სააგენტო პენსიის შეჩერება-შეწყვეტის გადაწყვეტილებების ასახვას, თვალსაჩინოებისათვის ახორციელებს ე.წ. „სამმართველო ინფორმაციაში“ ინდივიდუალურად, თითოეული პენსიონერის მიმართ. „სამმართველო ინფორმაცია“ შიდა გამოყენების დოკუმენტია, სადაც ხდება თითოეული პირის მიმართ მიღებული როგორც წერილობითი, ასევე ზეპირი გადაწყვეტილებების მოკლე შინაარსის ასახვა, თუმცა ბენეფიციარის დაინტერესების შემთხვევაში (წერილობითი მიმართვა), სააგენტო უზრუნველყოფს მისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გაცემას „სამმართველო ინფორმაციის“ შესაბამისად. სზაკ-ის 51.3 მუხლის თანახმად, ზეპირად გამოცემული აქტის მიმართ არ ვრცელდება სზაკ-ის 52-ე-58-ე მუხლების მოთხოვნები, მათ შორის აქტის ოფიციალური გაცნობის პირობა.
მოსარჩელის მითითებით, მისთვის არ უცნობებიათ, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს მიღებული ჰქონდა გადაწყვეტილებები სახელმწიფო პენსიის შეჩერება-შეწყვეტის შესახებ. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის სოციალური მომსახურების ცენტრმა არ დაიცვა კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები და მისი რეგისტრაციის მისამართზე არ გააგზავნა შესაბამისი გადაწყვეტილებები. ასეთის არსებობის შემთხვევაში, გადაწყვეტილებებს ჩაიბარებდნენ მისი ოჯახის წევრები და აცნობებდნენ მომხდარის შესახებ. საჭიროებიდან გამომდინარე, დაბრუნდებოდა საქართველოში და კანონით დადგენილი წესით გადაწყვეტდა პრობლემას. მოსარჩელე ფიქრობდა, რომ სახელმწიფო პენსია საბანკო ანგარიშზე ერიცხებოდა და საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ერთობლივად მიიღებდა.
მოსარჩელის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებები უკანონოა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, როგორც საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების განმახორციელებელ ადმინისტრაციულ ორგანოს, ასევე სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოებს, სზაკ-ის მოთხოვნებიდან გამომდინარე, გააჩნიათ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებისა და მხოლოდ ამის შემდგომ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვალდებულება. შესაბამისად, იურიდიულ საფუძველს მოკლებულია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სადავო 20.02.2015წ. ბრძანებაში განვითარებული მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16, მე-17 მუხლებით იმპერატიულად არის დადგენილი პენსიის შეჩერება-შეწყვეტის საფუძვლები, წყარო და ვადები. პენსიის შეჩერება-შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე ვერ განხორციელდება ადმინისტრაციული წარმოების ისეთი პირობების დაცვა, როგორიცაა დაინტერესებული პირის წინასწარი ინფორმირება და მისი ჩართვა ადმინისტრაციულ წარმოებაში. მოსარჩელის მითითებით, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16, მე-17 მუხლებში გაწერილია სახელმწიფო პენსიის შეჩერებისა და შეწყვეტის საფუძვლები, თუმცა კანონი არ ანიჭებს უფლებამოსილებას სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გარეშე მიიღონ გადაწყვეტილებები და გამოსცენ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები. სზაკ-ის 95-96-ე მუხლებიდან გამომდინარე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის სოციალური მომსახურების ცენტრი ვალდებული იყო მისთვის პენსიის შეჩერების და შემდეგ შეწყვეტის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიღებამდე, ჩაეტარებინა ადმინისტრაციული წარმოება, მოეხდინა მისი, როგორც უფლებამოსილი პირის ჩაბმა ადმინისტრაციულ წარმოებაში და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის შემდეგ მიეღო შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები. იურიდიულ საფუძველს მოკლებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო 20.02.2015წ. ბრძანებაში სზაკ-ის 51-ე მუხლიდან გამომდინარე განვითარებული მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ პენსიის შეჩერება და შეწყვეტა არ წარმოადგენს მისი კანონისმიერი უფლებებისა და ინტერესების შეზღუდვას, რამდენადაც „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი ცალსახად არ ადგენს ასეთი გადაწყვეტილებების თაობაზე ბენეფიციართა წინასწარი ინფორმირების ვალდებულებას, ხოლო პენსიის შეჩერებისა და შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებების წერილობითი ფორმით მიღებას არ ითვალისწინებს საპენსიო კანონმდებლობა. მოსარჩელემ მიუთითა, რომ 31.12.2009წ. N01/474-ო ბრძანებით დამტკიცებული „სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მომსახურების ცენტრისა და რაიონული (საქალაქო) განყოფილების ტიპური დებულებით“, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მომსახურების ცენტრისათვის დადგენილ ვალდებულებას წარმოადგენს სახელმწიფო პენსიის შეჩერებისა და შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღება და უფლებამოსილების ფარგლებში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების (გადაწყვეტილებების, ბრძანებების) გამოცემა, რაც მოცემულ შემთხვევაში არ შესრულებულა. გარდა ამისა, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 29 სექტემბრის N04-305 ბრძანებით დამტკიცებულია სპეციალური ფორმა სახელმწიფო პენსიის დანიშვნა-ცვლილების შესახებ, რომლის გამოყენებაც სავალდებულოა სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მომსახურების ცენტრისა და რაიონული (საქალაქო) განყოფილებებისათვის. ამასთან, მათი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ზეპირი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემით დაირღვევა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის პრინციპები. იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული ორგანო მიიჩნევდა, რომ საკითხი ზეპირი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით უნდა გადაეწყვიტა, ვალდებული იყო გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში გამოეცა წერილობითი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ვინაიდან ადმინისტრაციული ორგანოს ქმედებამ შეზღუდა მისი, როგორც ხანდაზმული მოქალაქის საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული სოციალური უფლება - სახელმწიფო პენსიის მიღების უფლება.
მოსარჩელემ სზაკ-ის 54-55-ე მუხლებიდან გამომდინარე აღნიშნა, რომ კანონი იმპერატიულად ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნების შესაძლებლობას მხოლოდ კანონით დადგენილ შემთხვევებში. შესაბამისად, ვინაიდან საქართველოს კანონმდებლობა პენსიის შეჩერებისა და შეწყვეტის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებას არ ითვალისწინებს, ასეთი აქტები ძალაში შედის უფლებამოსილი პირისათვის ჩაბარების დღიდან. ამდენად, რადგან აქტები ადმინისტრაციულ ორგანოს მისთვის არ გაუცვნია, არ მომხდარა მათი ძალაში შესვლაც. ადმინისტრაციული ორგანო არ იყო უფლებამოსილი იმ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საფუძველზე შეეჩერებინა და შემდეგ შეეწყვიტა მისთვის პენსიის ჩარიცხვა, რომლებიც კანონიერ ძალაში არ იყო შესული.
მოპასუხემ - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის სოციალური მომსახურების ცენტრმა შესაგებელში აღნიშნა, რომ მოსარჩელისათვის ასაკის საფუძვლით დანიშნული პენსია შეჩერდა და შემდგომში შეწყდა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მოსარჩელე თავად არ ხდის სადავოდ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფუძვლით პენსიის შეჩერებისა და შეწყვეტის საფუძვლების არსებობას.
მოპასუხემ - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ სარჩელი არ ცნო და მხარი დაუჭირა შესაგებელს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 30.06.2015წ. გადაწყვეტილებით რ. კ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის თანახმად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის სოციალური მომსახურების ცენტრის 30.07.2014წ. N04-04/4683 გადაწყვეტილება, ასევე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 20.02.2015წ. N04/12102 გადაწყვეტილება და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა რ. კ-ის მიმართ, 2009 წლის პირველი აგვისტოდან მიუღებელი პენსიის თაობაზე, ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის სოციალური მომსახურების ცენტრმა, მიიღო რა შეტყობინება, ბანკის ანგარიშზე აქტიური ოპერაციის განუხორციელებლობის თაობაზე, არ იყო ვალდებული ჩაეტარებინა ადმინისტრაციული წარმოება და შემდეგ გამოეცა ადმინისტრაციული აქტი სახელმწიფო გასაცემლის ჩარიცხვის შეჩერების თაობაზე. სასამართლომ მიუთითა სზაკ-ის 53.5-ე, 96.1 მუხლებზე და აღნიშნა, რომ მართალია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის სოციალური მომსახურების ცენტრის გადაწყვეტილება რ. კ-ისათვის 2009 წლის 1 აგვისტოდან სახელმწიფო გასაცემლის ჩარიცხვის შეჩერების თაობაზე, ასევე 2013 წლის 1 აპრილიდან სახელმწიფო კომპენსაციის შეწყვეტის შესახებ, არ შეიცავენ აქტისთვის სავალდებულო სტრუქტურასა და რეკვიზიტებს, მაგრამ პასუხობენ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის სტანდარტს, რადგან მხოლოდ ამგვარი დოკუმენტით იქნა მიღებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ. სასამართლოს განმარტებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის სოციალური მომსახურების ცენტრი, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შემთხვევაში მივიდოდა სხვაგვარ სამართლებრივ შეფასებამდე და გამოტანილი იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ადმინისტრაციულ ორგანოს ყველა შემთხვევაში უნდა ჩაეტარებინა ადმინისტრაციული წარმოება, რამდენადაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი არ ადგენს რაიმე საგამონაკლისო შემთხვევათა ნუსხას, რომელთა თაობაზე გამოსაცემი აქტი შესაძლოა მიღებულ იქნეს ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გარეშე. სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის მხრიდან ვერ იქნა წარდგენილი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გასაცემლის შეჩერებისა და შეწყვეტის შესახებ, შესაბამისად, სასამართლო ვერ შეაფასებდა, რამდენად მოხდა მათი გამოცემა საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევითა და შეფასებით. მოპასუხე მხარე არ ეთანხმებოდა სასარჩელო მოთხოვნას, თუმცა სსსკ-ის 134-ე მუხლის შესაბამისად, წარდგენილი არ ჰქონია წერილობით მტკიცებულებები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 30.06.2015წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ. აპელანტმა აღნიშნა, რომ კანონის მე-16-მე-17 და „წესის“ მე-8-მე-9 მუხლები იმპერატიულად უთითებს პენსიის შეჩერება-შეწყვეტის საფუძველზე, წყაროსა და ვადებზე. შესაბამისად ნორმების ანალიზი ცხადჰყოფს, რომ მოცემულ შემთხვევაში, საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, პენსიის შეჩერება-შეწყვეტის გადაწყვეტილების მიღებამდე, ვერ იქნება დაცული ადმინისტრაციული წარმოების ისეთი მოთხოვნები, როგორიცაა დაინტერესებული პირის წინასწარი ინფორმირება, წარმოებაში ჩართვა, წარმოების ვადების დაცვა. ამასთანავე, კანონმდებელი არ უთითებს პენსიის შეჩერება-შეწყვეტის გადაწყვეტილებების გამოცემაზე. სზაკ-ის 51-ე მუხლის თანახმად, აქტი გამოიცემა წერილობით ან ზეპირად. სააგენტოში არ ფიქსირდება რ. კ-ის მოთხოვნა გადაწყვეტილებების წერილობითი სახით გამოცემის თაობაზე. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის მე-16 და მე-17 მუხლებით განსაზღვრულ პირობებში პენსიის შეჩერება-შეწყვეტით არ ხდება პირის უფლებებისა და ინტერესების შეზღუდვა, კანონმდებელი ცალსახედ არ ადგენს ასეთი გადაწყვეტილებების ბენეფიციართა წინასწარი ინფორმირების ვალდებულებას. სააგენტო პენსიის შეჩერება-შეწყვეტის გადაწყვეტილებების ასახვას თვალსაჩინოებისათვის ახორციელებს ე.წ. „სამმართველო ინფორმაციაში“ ინდივიდუალურად თითოეული პენსიონერის მიმართ. „სამმართველო ინფორმაცია“ შიდა გამოყენების დოკუმენტია, სადაც ხდება თითოეული პირის მიმართ მიღებული როგორც წერილობითი, ასევე ზეპირი გადაწყვეტილებების მოკლე შინაარსის ასახვა, თუმცა ბენეფიციარის დაინტერესების შემთხვევაში (წერილობითი მიმართვა), სააგენტო უზრუნველყოფს მისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილებების გაცემას „სამმართველო ინფორმაციის“ შესაბამისად. აპელანტმა აღნიშნა აგრეთვე, რომ სზაკ-ის 51.3 მუხლის თანახმად, ზეპირად გამოცემული აქტის მიმართ არ ვრცელდება კოდექსის 52-ე-58-ე მუხლების მოთხოვნები, მათ შორის აქტის გაცნობის მოთხოვნა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.12.2015წ. გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.06.2015წ. გადაწყვეტილება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით რ. კ-ის სარჩელი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი - ნაძალადევის სოციალური მომსახურების ცენტრის 30.07.2014წ. №04-04/4683, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 20.02.2015წ. №04/12102 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობისა და 2009 წლის პირველი აგვისტოდან 2014 წლის ივლისის ჩათვლით მიუღებელი პენსიის გაცემის დავალდებულების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ზედიზედ 6 თვის განმავლობაში პენსიის მიუღებლობის ფაქტს ჰქონდა ადგილი, შესაბამისად ადმინისტრაციულ ორგანოს უპირობოდ წარმოეშვა პენსიის შეჩერების ვალდებულება, ხოლო შეჩერებიდან 3 წლის გასვლის შემდეგ მისი გაცემის შეწყვეტის ვალდებულება. სააპელაციო პალატამ გაიზიარა აპელანტი ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16, მე-17 მუხლებში აღნიშნული გარემოებების დადგომისას, ადმინისტრაციული ორგანოს ინიციატივით იწყება ადმინისტრაციული წარმოება სახელმწიფო პენსიის შეჩერება-შეწყვეტის თაობაზე, რაც უპირობოდ ქმნის საპენსიო გასაცემლის შეჩერება-შეწყვეტის საფუძვლებს და აღნიშნულ საკითხზე ადმინისტრაციულ ორგანომ უნდა იმსჯელოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რ. კ-ის საპენსიო საქმეში არ მოიძებნა 2009 წლის პირველ აგვისტოს განხორციელებული შეჩერების გადაწყვეტილება, ასევე პენსიის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება. შესაბამისად, გადაწყვეტილებები მოსარჩელე რ. კ-ს არ ჩაბარებია და აღნიშნული გარემოება ცალსახად წარმოადგენდა პროცესუალურ დარღვევას, თუმცა პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ რ. კ-ს არც პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას და არც სააპელაციო წესით დავის განხილვისას, სადავოდ არ გაუხდია საქმისათვის უმნიშვნელოვანესი ფაქტობრივი გარემოება: იგი არ იმყოფებოდა საქართველოში და ცხოვრობდა საზღვარგარეთ 2009 წლიდან 2014 წლის ივლისამდე. რ. კ-ი საქართველოში 2014 წლის ივლისის თვეში ჩამოვიდა. პალატის მითითებით, რ. კ-ი სადავოდ არ ხდის საპენსიო გასაცემლის შეჩერებისა და შეწყვეტის საფუძვლად დადებულ ფაქტობრივ გარემოებებს: ზედიზედ 6 თვის განმავლობაში პენსიის მიუღებლობას და პენსიის შეჩერებიდან 3 წლის ვადის გასვლას, რამაც თავის მხრივ განაპირობა პენსიის შეწყვეტა. ასეთ ვითარებაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა სადავო საკითხის გადაუწყვეტლად გასაჩივრებული აქტების ბათილობისა და ადმინისტრაციული ორგანოსათვის საკითხის ხელახლა განხილვის დავალების შესახებ, პალატის მოსაზრებით, დაუსაბუთებელი იყო. პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლოს მხოლოდ ისეთ გარემოებათა დადასტურების პირობებში უნდა დაედგინა რ. კ-ის მიუღებელი პენსიის ანაზღაურების გამო სოციალური მომსახურების სააგენტოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილობა, თუ სასამართლო მივიდოდა დასკვნამდე, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, საკითხის ხელახლა განხილვა სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას მისცემდა. ამასთან, საქალაქო სასამართლომ არ მიუთითა სასამართლოს მიერ საქმის გარემოებების დადგენის შესაძლებლობის გამომრიცხავ გარემოებაზე. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით საქალაქო სასამართლომ დავის გადასაწყვეტად საჭირო კონკრეტულად დასადგენი საქმის ფაქტობრივი გარემოებების მითითების გარეშე დაავალა ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხზე ახალი აქტის გამოცემა.
სააპელაციო პალატის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) მხარე აპელირებდა იმ გარემოებაზე, რომ იმ შემთხვევაში თუ გაეგზავნებოდა საპენსიო გასაცემლის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მის საცხოვრებელ მისამართზე, მისთვის ცნობილი გახდებოდა აღნიშნულის შესახებ ოჯახის წევრების მეშვეობით და შესაბამისი რეაგირებაც გაკეთდებოდა. სასამართლომ აღნიშნა, რომ ფაქტობრივად, მხარე სადავოდ არ ხდიდა საპენსიო დახმარების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების საფუძველს, იგი მხოლოდ აპელირებდა იმაზე, რომ იქნებოდა სათანადოდ ინფორმირებული და მიმართავდა სოციალური მომსახურების სააგენტოს პენსიის განახლებისათვის. პალატამ მიუთითა, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ პენსიის დანიშვნის გადაწყვეტილების მიღება გულისხმობს, ყოველთვიური სარგებლის მიღებას, ხოლო შეჩერების/შეწყვეტის გადაწყვეტილების შემთხვევაში, ყოველთვიური სარგებლის გაცემა, ბუნებრივია წყდება, რის თაობაზეც დამატებით, მხარისათვის ცნობილი ხდება პირადი საპენსიო ანგარიშიდან. პალატა მიუთითებს, რომ მხარეს ნებისმიერ დროს შეეძლო მიემართა ადმინისტრაციული ორგანოსავის, უფლების რეალიზაციის მოთხოვნით რაც მას 2014 წლამდე არ განუხორციელებია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.12.2015წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. კ-მა.
რ. კ-ი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ არ შეისწავლა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 31.12.09წ. N01/474 ბრძანებით დამტკიცებული „სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მომსახურების ცენტრისა და რაიონული (საქალაქო) განყოფილების ტიპური დებულება“, აგრეთვე არ შეისწავლა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2007 წლის 27 სექტემბრის N02/64 და 2014 წლის 29 სექტემბრის N04-305 ბრძანებებით დამტკიცებული სახელმწიფო პენსიის დანიშვნა-ცვლილებბის შესახებ სპეციალური ფორმა. კასატორის მითითებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას უნდა მოეხდინა არამხოლოდ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16, მე-17 მუხლების იზოლირებული, სიტყვა-სიტყვითი განმარტება, არამედ ნორმები უნდა განემარტა ამავე კანონის მე-3 მუხლით დადგენილ პრინციპებთან ერთობლიობაში. თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა სზაკ-ის 58-ე მუხლით დადგენილ დანაწესზე და სამართლებრივად არ შეაფასა სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის სოციალური მომსახურების ცენტრის ქმედება (კანონიერ ძალაში შეუსვლელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საფუძველზე სახელმწიფო პენსიის შეჩერება-შეწყვეტის საკითხი). სასამართლომ ასევე არ იმსჯელა სზაკ-ის 96-ე მუხლის მეორე პუნქტით დადგენილ დანაწესზე, სამართლებრივად არ შეაფასა სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის სოციალური მომსახურების ცენტრის ქმედება (ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაინტერესებული მხარისათვის ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ სავალდებულო შეტყობინების საკითხი). კასატორი ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასახულ მსჯელობას იმის თაობაზე, რომ დანიშნული პენსიის შეჩერების საკითხი ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გადაწყვიტოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით. კასატორმა მიუთითა 31.12.2009წ. N01/474-ო ბრძანებით დამტკიცებულ „სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მომსახურების ცენტრისა და რაიონული (საქალაქო) განყოფილების ტიპური დებულებაზე“, რომლითაც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მომსახურების ცენტრისათვის დადგენილ ვალდებულებას წარმოადგენს სახელმწიფო პენსიის შეჩერებისა და შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღება და უფლებამოსილების ფარგლებში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების (გადაწყვეტილებების, ბრძანებების) გამოცემა. შესაბამისად, სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის სოციალური მომსახურების ცენტრის მიერ სახელმწიფო პენსიის შეჩერება-შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება გამოცემული ყოფილიყო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმით. გარდა ამისა, კასატორმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 27.09.2007წ. N02/64 და 29.09.2014წ. N04-305 ბრძანებებით დამტკიცებულია სპეციალური ფორმა სახელმწიფო პენსიის დანიშვნა-ცვლილების შესახებ, რომლის გამოყენებაც სავალდებულოა სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მომსახურების ცენტრისა და რაიონული (საქალაქო) განყოფილებებისათვის. თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ შეისწავლა და არ გამოიკვლია 31.12.2009წ. N01/474-ო ბრძანებით დამტკიცებული „სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მომსახურების ცენტრისა და რაიონული (საქალაქო) განყოფილების ტიპური დებულება“ და მითითებული ბრძანებებით დამტკიცებული სახელმწიფო პენსიის დანიშვნა-ცვლილების შესახებ სპეციალური ფორმა, რომელიც ითვალისწინებს შეჩერება-შეწყვეტის ვალდებულებას.
კასატორი აღნიშნავს, რომ არ უნდა იქნეს გაზიარებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის მე-16, მე-17 მუხლებში აღნიშნული გარემოებების დადგომა უპირობოდ ქმნის საპენსიო გასაცემლის შეჩერება-შეწყვეტის საფუძვლებს. პალატას უნდა მოეხდინა არამხოლოდ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16, მე-17 მუხლების იზოლირებული, სიტყვა-სიტყვითი განმარტება, არამედ ნორმები უნდა განემარტა ამავე კანონის მე-3 მუხლით დადგენილ პრინციპებთან ერთობლიობაში. საკითხის გაგება წინააღმდეგობაში არ უნდა იყოს ასევე სზაკ-ით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის წესთან და ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებისათვის დადგენილ დებულებებთან. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16, მე-17 მუხლებში გაწერილია სახელმწიფო პენსიის შეჩერებისა და შეწყვეტის საფუძვლები, თუმცა კანონი არ ანიჭებს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებს უფლებამოსილებას, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გარეშე მიიღონ გადაწყვეტილებები და გამოსცენ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები. რ. კ-ი არ ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 28.12.2015წ. გადაწყვეტილებაში არსებულ მსჯელობას, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით თბილისის საქალაქო სასამართლომ დავის გადასაწყვეტად საჭირო, კონკრეტულად დასადგენი საქმის ფაქტობრივი გარემოებების მითითების გარეშე დაავალა ადმინისტრაციულ ორგანოს სადავო საკითხზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ვინაიდან საქმის განხილვის დროს მოპასუხის მიერ ვერ იქნა წარდგენილი გასაცემლის შეჩერებისა და შეწყვეტის შესახებ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები. შესაბამისად, სასამართლო ვერ შეაფასებდა, რამდენად იყო აქტები გამოცემული საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევით და შეფასებით. საქმეში ასევე არ იყო წარდგენილი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მომსახურე ბანკმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიაწოდა იმ პირთა სია (მათ შორის, რ. კ-ის), ვინც 01.08.2009წ. მდგომარეობით 6 თვის განმავლობაში საპენსიო ანგარიშიდან არ განახორციელა აქტიური ოპერაციები.
კასატორის მოსაზრებით, იურიდიულ საფუძველს არის მოკლებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ შეჩერების/შეწყვეტის გადაწყვეტილების შემთხვევაში, ყოველთვიური სარგებლის გაცემა, ბუნებრივია წყდება, რის თაობაზეც დამატებით, მხარისათვის ცნობილი ხდება პირადი საპენსიო ანგარიშიდან. კასატორი აღნიშნავს, რომ მართალია, პენსიონერი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეამოწმოს საკუთარი საპენსიო ანგარიში, თუმცა პენსიონერის ეს უფლებამოსილება არ ათავისუფლებს ადმინისტრაციულ ორგანოს, რომ სზაკ-ის მოთხოვნების შესაბამისად, ჩაატაროს ადმინისტრაციული წარმოება, გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ხოლო პენსიის შეჩერება-შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება დადგენილი წესით ჩააბაროს დაინტერესებულ მხარეს. ამასთან, კასატორმა აღნიშნა, რომ პენსიონერს საქართველოს კანონმდებლობით არ ეკრძალება პირად საპენსიო ანგარიშზე თანხის დაგროვება და საპენსიო ანგარიშიდან ნებისმიერ დროს ტრანზაქციის განხორციელება.
კასატორმა სზაკ-ის 54-55-ე მუხლებიდან გამომდინარე მიუთითა, რომ კანონი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნების შესაძლებლობას მხოლოდ კანონით დადგენილ შემთხვევებში. შესაბამისად, ვინაიდან საქართველოს კანონმდებლობა პენსიის შეჩერებისა და შეწყვეტის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებას არ ითვალისწინებს, ასეთი აქტები ძალაში შედის უფლებამოსილი პირისათვის ჩაბარების დღიდან. ამდენად, რადგან აქტები ადმინისტრაციულ ორგანოს მისთვის არ გაუცვნია, არ მომხდარა მათი ძალაში შესვლაც. ადმინისტრაციული ორგანო არ იყო უფლებამოსილი იმ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საფუძველზე შეეჩერებინა და შემდეგ შეეწყვიტა მისთვის პენსიის ჩარიცხვა, რომლებიც კანონიერ ძალაში არ იყო შესული. კასატორი თვლის, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაირღვა სსსკ-ის 248-ე მუხლის დანაწესი. სასამართლოს უფლება არ ჰქონდა გადაწყვეტილებით მხარისათვის მიეკუთვნებინა ის, რაც მას არ მოუთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოთხოვნის დაზუსტების შედეგად საბოლოოდ მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სადავო აქტების სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე ბათილად ცნობა, ადმინისტრაციული ორგანოსათვის ახალი აქტის გამოცემის დავალება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ რ. კ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონმდებლობის მიხედვით ზედიზედ ექვსი თვის განმავლობაში პენსიის მიუღებლობის ფაქტი წარმოშობს პენსიის გაცემის შეჩერების ვალდებულებას („სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის მე-16.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი, ამჟამად მოქმედი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 10.02.06წ. N46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესის“ 8.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი), ხოლო შეჩერებიდან სამი წლის გასვლის შემდეგ პენსიის გაცემის შეწყვეტის ვალდებულებას („სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის მე-17.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი, ამჟამად მოქმედი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 10.02.06წ. N46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესის“ 9.1 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი). შეჩერებული პენსიის განახლების თაობაზე განცხადების წარდგენის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან პენსია განახლდება და ანაზღაურდება მიუღებელი თანხა წარსული დროისათვის, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა პენსიის შეჩერების დღიდან. პენსიის შეწყვეტის საფუძვლის აღმოფხვრის შემდეგ პენსია ხელახლა ინიშნება საერთო წესით („სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის 16.2 მუხ., 14.2 მუხ., ამჟამად მოქმედი „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესის“ 9.3 მუხ.), შეწყვეტიდან პენსიის ხელახლა დანიშვნამდე სახელმწიფო გასაცემელი არ ანაზღაურდება.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ კასატორი არის „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის სუბიექტი - პენსიონერი, რომელსაც კანონით დადგენილი წესით დაენიშნა სახელმწიფო პენსია ასაკის გამო. რ. კ-ისათვის 2014წ. ივლისში გახდა ცნობილი სახელმწიფო პენსიის შეწყვეტის შესახებ, რის გამოც, პენსიის ხელახალი დანიშვნის მიზნით, 24.07.2014წ. რ. კ-მა განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის მომსახურების ცენტრს და მოითხოვა განმარტება გასული წლების პენსიის მიუღებლობის მიზეზის შესახებ. სსიპ სოცალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის მომსახურების ცენტრის 25.07.2014წ. N16521 გადაწყვეტილებით რ. კ-ს დაენიშნა სახელმწიფო გასაცემელი. ამასთანავე, 30.07.2014წ. N04-04/4683 წერილით განმცხადებელს ეცნობა, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და ამავე კანონის მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მას 01.08.2009წ. შეუჩერდა, ხოლო 01.04.2013წ. შეუწყდა სახელმწიფო პენსიის ჩარიცხვა, შესაბამისად, არ დაკმაყოფილდა მოთხოვნა მიუღებელი თანხის ანაზღაურებასთან დაკავშირებით. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 20.02.2015წ. N04/12102 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა რ. კ-ის ადმინისტრაციული საჩივარი, რომლითაც მოთხოვნილი იყო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის სოციალური მომსახურების ცენტრის 30.07.2014წ. N04-04/4683 წერილის ბათილად ცნობა.
სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილებით საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ რ. კ-ის პენსიის შეჩერების, ასევე პენსიის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებები არ იძებნება. სააპელაციო პალატის მოსაზრება იმის შესახებ, რომ შეჩერების და შეწყვეტის გადაწყვეტილებების საფუძვლად დადებული ფაქტობრივი გარემოებები (ზედიზედ 6 თვის განმავლობაში პენსიის მიუღებლობა და პენსიის შეჩერებიდან 3 წლის ვადის გასვლა) თავისთავად გამოიწვევდა დამდგარ შედეგს, კერძოდ სახელმწიფო პენსიის გაცემის შეჩერებას, ხოლო შემდეგ შეწყვეტას, არ ადასტურებს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონი განსაზღვრავს პენსიის მიღების უფლების მქონე პირთა წრეს, მისი შეჩერების და შეწყვეტის საფუძვლებს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონით განსაზღვრული სახელმწიფო პენსიის გაცემის შეჩერება-შეწყვეტის საფუძვლები თავისთავად არ წარმოადგენენ დამოუკიდებელ ინდივიდუალურ რეგულაციას, ისინი წარმოადგენენ კონკრეტული პირის მიმართ სახელმწიფო გასაცემლის შეჩერება-შეწყვეტის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის პირობას და არა თავად ინდივიდუალურ აქტებს. ის გარემოება, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის დანაწესის თანახმად პენსია შეჩერდება კანონით გათვალისწინებული შეჩერების ერთ-ერთი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, არ ნიშნავს იმას, რომ კანონით გათვალისწინებული შეჩერების საფუძვლის წარმოშობის შემთხვევაში არ არსებობს სახელმწიფო პენსიის შეჩერების თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საჭიროება.
სახელმწიფო პენსიასთან დაკავშირებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობების წარმოშობისათვის მხოლოდ კანონით გათვალისწინებული პირობის არსებობა არ არის საკმარისი. ასე მაგ. პირის მიერ საპენსიო ასაკის მიღწევა თავისთავად არ იწვევს მისთვის პენსიის დანიშვნას, ასეთ შემთხვევაში მოქალაქის განცხადების საფუძველზე იწყება ადმინისტრაციული წარმოება, რომლის შედეგადაც თუ მოქალაქის ფაქტობრივი მდგომარეობა შეესაბამება კანონით გათვალისწინებულ სამართლებრივ მოთხოვნებს და განცხადებას ახლავს ყველა საჭირო დოკუმენტი, საჯარო დაწესებულება ახდენს პენსიის დანიშვნის შესახებ მოქალაქის მოთხოვნის დაკმაყოფილებას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით, ე.ი. ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის საფუძველი არის პირის მიერ საპენსიო ასაკის მიღწევა, პენსიის დანიშვნის შესახებ განცხადებით სოციალური უზრუნველყოფის ორგანოსათვის მიმართვა, აქტის გამოცემა.
ამდენად, სახელმწიფო გასაცემელთან დაკავშირებით ურთიერთობის შინაარსის კონკრეტულად განსაზღვრა ხდება ინდივიდუალური აქტის გამოცემით. კანონი განსაზღვრავს წინაპირობებს, რომელთა არსებობისას ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ჩაებას კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობებში, კანონით განსაზღვრული აბსტრაქტულ-გენერალური მოწესრიგება საჭიროებს მისი კონკრეტულ-ინდივიდუალური შემთხვევისადმი მისადაგებას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მეშვეობით. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობა ვლინდება იმაში, რომ ის არის კანონის მოთხოვნების ცალკეულ შემთხვევებსა და კონკრეტულ პირებზე გავრცელების საშუალება. სახელმწიფო ხელისუფლება კანონის მოთხოვნათა შესასრულებლად თავისი საქმიანობით უშუალოდ კი არ უპირისპირდება მოქალაქეს, არამედ გამოსცემს სამართლებრივ აქტს, რომლის საფუძველზეც მიიღება კონკრეტული ზომა, როგორც სამართლიანი, განსაზღვრული და სავალდებულო ძალის მქონე ქმედება. სწორედ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ქმნის აქტის ამოქმედების შემდგომ მისი თვითაღსრულების პირობას. აღნიშნულში ვლინდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულებითსამართლებრივი მნიშვნელობა, რომელიც მოიცავს შესაძლებლობას პირის ნების საწინააღმდეგოდ, მის ხელთ არსებული კანონით დადგენილი აღსრულების საშუალებების გამოყენებით აღასრულოს აქტი. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულების სამართლებრივი ფუნქცია იმაში ვლინდება, რომ ის არის აღსრულების დაწყების აუცილებელი წინაპირობა.
ვინაიდან „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონი პენსიის ადმინისტრირებაზე უფლებამოსილ ორგანოს ავალდებულებს პენსიის დანიშვნა-არდანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით, დანიშნული პენსიის შეჩერება-შეწყვეტის საკითხებიც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის გზით უნდა წყდებოდეს აღნიშნულზე „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონში და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 10.02.06წ. N46/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესში“ პირდაპირი მითითების არ არსებობის მიუხედავად. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის მე-10 მუხლით განსაზღვრულია პენსიის ადმინისტრირების ორგანო, რომლის კომპეტენციაში შედის პენსიის დანიშვნა-გაცემის ორგანიზება, შეჩერება, განახლება, გადაანგარიშება და შეწყვეტა. აღნიშნულ ფუნქციების შესრულებას „სოციალური დახმარების შესახებ“ კანონის მე-17 მუხლია „ა“ ქვეპუნქტის, აგრეთვე ხსენებული „წესის“ მე-2 მუხლის შესაბამისად სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო ახდენს, რომელიც სზაკ-ის მე-2 მუხლის „ა„ ქვეპუნქტის თანახმად ადმინისტრაციული ორგანოა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 31.12.2009წ. N01/474-ო ბრძანებით დამტკიცებული „სოციალური მომსახურების ცენტრის და რაიონული (საქალაქო) განყოფილების ტიპიური დებულების“ 2.1 მუხლის თანახმად, განყოფილება არის სააგენტოს ტერიტორიული ერთეული, რომელიც კონკრეტულ სამოქმედო ტერიტორიაზე ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით სააგენტოზე დაკისრებულ უფლებამოსილებებს. სამოქმედო ტერიტორიაზე განყოფილების საქმიანობის ერთ-ერთ მიზანს და ამოცანას შეადგენს სახელმწიფო გასაცემლების დანიშვნა-ცვლილება და შესაბამისი საქმეების წარმოება (მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი), საამისოდ განყოფილება შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში კანონმდებლობითა და ამ დებულებით გათვალისწინებული კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს გადაწყვეტილებებს სოციალური დახმარების, სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციის, სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის, საყოფაცხოვრებო სუბსიდიის დანიშვნის, შეჩერების, შეწყვეტის, აღდგენის, განახლების ან დანიშვნაზე უარის თქმის თაობაზე (4.1. მუხ. „ა“ ქვეპუნქტი). ამ უფლებამოსილებების ფარგლებში განყოფილება კანონმდებლობის შესაბამისად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს (გადაწყვეტილებები, ბრძანებები) (4.2. მუხ. „ა“ ქვეპუნქტი), რომელიც პასუხობს სზაკ-ის 2.1 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ნიშნებს. სოციალური სუბსიდიების სააგენტოს 27.09.07წ. N02/64 ბრძანებით დამტკიცებული იყო პენსიის შეჩერების, შეწყვეტის გადაწყვეტილების ფორმა (ფორმა N2), აგრეთვე „(სამმართველოს ინფორმაცია) პენსიის/სუბსიდიის ცვლილების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებები“ (ფორმა N3). სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 29.09.14წ. N04-305 ბრძანებით დამტკიცებულია სახელმწიფო პენსიის დანიშვნა-ცვლილების შესახებ გადაწყვეტილების სპეციალური ფორმა (ტ.1, ს.ფ.36-40). საქმეში დაცული გადაწყვეტილების ფორმის ნიმუში შეიცავს მითითებას გადაწყვეტილების ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრების შესაძლებლობის, ადმინისტრაციული ორგანოს მისამართისა და გასაჩივრების ვადის დაინტერესებული პირისათვის ჩაბარებიდან ათვლის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში უდავოა, რომ ამ ფორმის სახელმწიფო გასაცემლის შეჩერებისა და შეწყვეტის გადაწყვეტილებების ჩაბარების, მათი გასაჩივრების შესაძლებლობა რ. კ-ს არ მისცემია.
პირის უფლებებისა და მოვალეობების დაწესების, შეცვლის, შეწყვეტის ან დადასტურებისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადება, გამოცემა და აღსრულება, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტა უკავშირდება სზაკ-ით დადგენილი ადმინისტრაციული პროცედურის ჩატარებას, თუ სპეციალური კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აქტის გამოცემის პროცესში დაიცვას სზაკ-ით დადგენილი, მოცემულ შემთხვევაში მარტივი ადმინისტრაციული წარმოების მოთხოვნები, როგორიცაა წარმოებაში დაინტერესებული მხარის მონაწილეობის უზრუნველყოფა (მე-13, 95-ე მუხ.), საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევა (53-ე მუხ.) და სხვ.. სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ რ. კ-ის საპენსიო საქმეში არ მოიპოვება რ. კ-ისათვის პენსიის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება, დადგინდა აგრეთვე, რომ შეჩერება-შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებები რ. კ-ს არ ჩაბარებია, რაც სააპელაციო პალატის მიერ პროცესუალურ დარღვევად შეფასდა, თუმცა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარს საფუძვლად დაედო სააპელაციო პალატის მიერ საქმეზე დადგენილი, რ. კ-ის მიერ ზედიზედ 6 თვის განმავლობაში პენსიის მიუღებლობის და პენსიის შეჩერებიდან 3 წლის ვადის გასვლის უდავო ფაქტობრივი გარემოება. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ აღნიშნული თავისთავად არ ადასტურებს სახელმწიფო პენსიის შეჩერება-შეწყვეტის მართლზომიერებას. მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ძირითადი პროცედურული ვალდებულების შესრულების, რ. კ-ისათვის (ან თუნდაც საქართველოში მცხოვრები მისი ოჯახის წევრებისათვის) აქტის ჩაბარების შემთხვევაში ადგილი ექნებოდა პენსიის შეწყვეტის საფუძველს და დადგებოდა იგივე შედეგი, არ დასტურდება, რომ რ. კ-ი არ მიმართავდა სოციალური მომსახურების სააგენტოს და არ აღმოფხვრიდა სახელმწიფო გასაცემლის არათუ შეწყვეტის, არამედ შეჩერების პირობას. არაფრით დასტურდება, რომ შეჩერებისა და შეწყვეტის აქტების გამოცემის პროცედურის დაცვის შემთხვევაში დადგებოდა იგივე შედეგი. მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს ამ მიმართებით რაიმე არგუმენტაცია არ წარმოუდგენია. ამდენად, ადგილი აქვს ისეთ მნიშვნელოვან პროცედურულ დარღვევას, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გამარტივებული წარმოება, პროცედურის ეკონომიურობისა და ეფექტურობის მოთხოვნები, არ გულისხმობს ადრესატისათვის აქტის გამოცემის საფუძვლების და გამოცემული აქტის შესახებ ინფორმაციის შეუტყობინებლობას, მით უფრო სოციალური დაცვის სამართალწარმოებაში აუცილებელი განსაკუთრებული კეთილსინდისიერების მოთხოვნის (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება 24.06.1993წ. N14518/89 საქმეზე „შულერ-ზგრაგენი შვეიცარიის წინააღმდეგ“(Schuler-Zgraggen v. Switzerland, §58); 12.11.02წ. N28394/95 გადაწყვეტილება „დორი შვედეთის წინააღმდეგ“(Dory v. Sweden, §41)), აგრეთვე „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონით განსაზღვრული საყოველთაობის, მუდმივობის, პენსიის მიღების სახელმწიფო გარანტიის პრინციპების (მე-3 მუხ.) გათვალისწინებით. ადმინისტრაციული ორგანოს ინიციატივით აქტის გამოსაცემად ადმინისტრაციული წარმოების დაწყება (სზაკ-ის 76.1 მუხ. „ბ“ ქვეპუნქტი), მით უფრო ვალდებულს ხდიდა ადმინისტრაციულ ორგანოს დაეცვა ადმინისტრაციული წარმოების ძირითადი მოთხოვნები. სააპელაციო პალატა ერთის მხრივ აღნიშნავს, რომ პენსიის შეჩერების საკითხი აქტის გამოცემის გზით უნდა გადაწყდეს, სააპელაციო პალატა საქმეზე დადგენილად მიიჩნევს, რომ შეჩერება-შეწყვეტის აქტები რ. კ-ის საპენსიო საქმეში არ იძებნება, თუმცა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოსარჩელეს მთლიანად ეთქვა უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
სზაკ-ის 51.1 მუხლის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა წერილობითი ან ზეპირი ფორმით. უკეთუ ზეპირი ფორმით გამოცემული აქტი ზღუდავს პირის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს ან თუ დაინტერესებული მხარე აქტის წერილობითი ფორმით გამოცემას მოითხოვს, ზეპირი ფორმით გამოცემული აქტი 3 დღის ვადაში უნდა გამოიცეს წერილობითი ფორმით (სზაკ-ის 51.2 მუხ.). სახელმწიფო გასაცემლის შეჩერება-შეწყვეტა ზღუდავს მოსარჩელის სოციალური უზრუნველყოფის უფლებას. ფულადი სოციალური დახმარება, რომლის მეშვეობით სახელმწიფო ელემენტარული საარსებო პირობების შექმნით ზრუნავს პენსიონერზე, არის მიზნობრივი, პერიოდული სოციალური სუბსიდიით პენსიონერის უზრუნველყოფა. პენსიის შეჩერება-შეწყვეტა არის შემზღუდავი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც ამძიმებს პირის სამართლებრივ მდგომარეობას, ზღუდავს თავის დროზე აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით პენსიონერისათვის მინიჭებული სოციალური უზრუნველყოფის უფლებას, სამისდღემშიოდ დანიშნული სახელმწიფო გასაცემლის მიღებას. სზაკ-ის მე-13, 95.2 მუხლების შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება აქვს განიხილოს და გადაწყვიტოს საკითხი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებულ მხარეს, რომლის უფლება ან კანონიერი ინტერესი იზღუდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, მიეცა საკუთარი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ პირს. სზაკ-ი არ ადგენს წარმოების დაწყების ვადას, როდესაც კანონით დაკისრებული ვალდებულების შესასრულებლად და არა განცხადების საფუძველზე არის აქტი გამოსაცემი. იგულისხმება, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ წარმოება უნდა დაიწყოს ადმინისტრაციული აქტის გამოცემის ვალდებულების წარმოშობისთანავე. აღნიშნულის მიუხედავად წარმოება საერთოდ არ ჩატარებულა. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის 1-ლი ოქმის თანახმად ყოველ პირს აქვს მისი საკუთრების პატივისცემის უფლება. პენსიის მოთხოვნა შესაძლოა იქნეს მიჩნეული 1-ლი ოქმის 1-ლი მუხლით გათვალისწინებულ საკუთრებად (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 18.11.2004წ. დადგენილება საქმეზე „პრავედნაია (Pravednaya) რუსეთის წინააღმდეგ“, §38). პენსია სოციალური უზრუნველყოფის განსხვავებული ტიპის ბენეფიტია, ის წარმოიშობა უფლების საფუძველზე, მიუხედავად პირის ქონებრივი მდგომარეობისა. განსახილველ შემთხვევაში რ. კ-ს, როგორც პენსიონერს, მოპოვებული ჰქონდა ასაკის გამო სახელმწიფო პენსიის სამისდღემშიოდ, პერიოდული მიღების უფლება, პენსიაზე გასვლით მოსარჩელის უფლებამ დასრულებული სახე მიიღო, ამ უფლების შეძენას არ აქვს დენადი ხასიათი. ამდენად, დაუსაბუთებელია მოსაზრება იმის შესახებ, რომ პენსიის შეჩერება-შეწყვეტის აქტები არ ზღუდავს მოსარჩელის უფლებას. მოსარჩელის მოსაზრება მოცემულ შემთხვევაში სათანადო ფორმის წერილობითი აქტის გამოცემის საჭიროების შესახებ საფუძვლიანია.
საქმეში დაცული „სამმართველო ინფორმაციის“ ფორმულიარი (ტ.1, ს.ფ. 67) შეიცავს გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლის და სარეზოლუციო ნაწილის გრაფას, გრაფაში მითითებულია სახელმწიფო პენსიის შეჩერება-შეწყვეტის სამართლებრივი საფუძველი, აგრეთვე სარეზოლუციო ნაწილი. სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის განყოფილების „სამმართველო ინფორმაციაში“ მითითებულია შეჩერების (01.08.09წ.) და შეწყვეტის (01.04.2013წ.) თარიღები, განყოფილების უფროსის მოადგილის, ზედამხედველი პირის, პროექტის ავტორის ხელმოწერები. ფორმულიარში არსებული ჩანაწერები არ შეიცავს წერილობითი აქტისათვის სავალდებულო ყველა რეკვიზიტს. ზეპირად გამოცემული აქტისაგან განსხვავებით, წერილობითი აქტის მიმართ მოქმედებს სზაკ-ის 52-ე-58-ე მუხლების მოთხოვნები, ამასთანავე გამოცემა შესაძლოა განხორციელდეს როგორც მატერიალური დოკუმენტის სახით, ასევე მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით (სზაკ-ის 51.3 მუხ.), თუმცა ასეთ შემთხვევაში ორგანო უზრუნველყოფს აქტის კანონიერ ძალაში შესვლას ადრესატისათვის მისი ოფიციალური გაცნობით. ამასთანავე, მმართველობის ღონისძიებების ეფექტურად, ორგანიზებულად და ეკონომიურად განხორციელების მიზნით, ორგანო არ არის შეზღუდული შეარჩიოს მხარის ინფორმირების ყველაზე მიზანშეწონილი საშუალება და დაინტერესებული პირის ინფორმირება მოახდინოს ელექტრონულადვე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შესაძლოა მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით აქტის გამოცემისას ადმინისტრაციული ორგანოს ჩაურევლად განხორციელდეს გარკვეულ მონაცემთა ელექტრონული დამუშავება და აქტის ავტომატურად შედგენაც კი, თუმცა ეს არ ათავისუფლებს ადმინისტრაციულ ორგანოს დაინტერესებული პირის ინფორმირების ვალდებულებისგან, რადგან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაში შედის მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობის ან საჯარო გამოქვეყნების შემდეგ (სზაკ-ის 54.1 მუხლი). უდავოა ორგანოს შესაძლებლობა კანონით კონკრეტულად განსაზღვრული მიზნით გამოიყენოს ელექტრონული დამუშავების პროგრამა როგორც მასობრივი, ერთგვაროვანი ხასიათის ადმინისტრაციული გადაწყვეტილებების გამოსაცემად, ასევე მათი ორგანიზებული გავრცელებისათვის, თუმცა ორგანოს ეფექტური საქმიანობის უზრუნველყოფას არ უნდა ეწირებოდეს აქტის ადრესატთა უფლება და კანონიერი ინტერესი. წინააღმდეგ შემთხვევაში იურიდიული ყოფა დაკარგავდა სტაბილურობას, გარანტირებულობას, დაირღვეოდა სამართლებრივი უსაფრთხოების განცდა, სამართლებრივი წესრიგის სიმყარე.
„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის მე-10 მუხლის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 10.02.06წ. N46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „წესის“ 2.2 მუხლის თანახმად ელექტრონულ დოკუმენტს ან მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც მატერიალურ დოკუმენტს. მაძიებელს/პენსიონერს და კომპეტენტურ ორგანოს შორის მიმოწერა შეიძლება განხორციელდეს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით, ორივეს თანაბარი იურიდიული ძალა აქვს, ელექტრონული ფორმით გაგზავნილი ნებისმიერი შეტყობინება ან სხვა დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი მიღებისთანავე. მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება პენსიის შეჩერების და შეწყვეტის შესახებ აქტის ადრესატისათვის გაგზავნა რაიმე ფორმით.
ყოველთვიური სარგოს შეწყვეტის შესახებ პირადი საპენსიო ანგარიშიდან დადგენის შესაძლებლობა არ ადასტურებს სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებას. სახელმწიფო პენსიის შეჩერება და შეწყვეტა ხდება არა რეალაქტის, არამედ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შედეგად. პენსიონერის მიერ საკუთარი საპენსიო ანგარიშის გადამოწმების შესაძლებლობა არ ათავისუფლებს ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის, ამ გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ კანონით დადგენილი წესების დაცვით გადაწყვეტილების მიღებისა და დაინტერესებული მხარისათვის მისი ჩაბარების ვალდებულებისაგან.
სოციალური სახელმწიფოს პრინციპი წარმოშობს ხელისუფლების არაერთ ვალდებულებას მოსახლეობის სოციალური უფლებების დაცვის თვალსაზრისით, რაც თავის მხრივ მოითხოვს ადეკვატურ ადმინისტრირებას. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ აქტის გამოქვეყნება, მისი ადრესატისთვის გაცნობა არის ადმინისტრაციული წარმოების ფინალი და მისი ნაყოფი - წარმოების შედეგად გამოცემული გადაწყვეტილება, ძალაში შედის მხარისათვის ოფიციალური გაცნობით (სზაკ-ის 54-ე მუხ.). სწორედ აქტის ძალაში შესვლით ანუ მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობის შემდეგ ხდება შესაბამისი ადრესატის უფლებამოვალეობების წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა, შესაბამისად, სწორედ ამ მომენტიდან პირს ეძლევა გასაჩივრების შესაძლებლობა. აქტის ოფიციალური გაცნობის სამართლებრივი მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში, რომ აღნიშნულით დასტურდება მისი შინაარსის გაცნობა მხარის მიერ. ოფიციალურ გაცნობად ვერ ჩაითვლება პირისათვის აქტის შინაარსის შეტყობა არაოფიციალური წყაროდან. შეუძლებელია პირს მოეთხოვოს მისთვის ჯერ კიდევ უცნობი აქტის შესრულება და გასაჩივრება. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობა არამარტო აქტის კანონიერების კრიტერიუმია, არამედ მისი არსებობის წინაპირობაც. როგორც კანონი შედის ძალაში მისი ოფიციალური გამოქვეყნებით, ისე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტიც შესასრულებლად სავალდებულო ძალას იძენს ადრესატისათვის მისი ოფიციალური გაცნობით. კანონმდებლობა არ შეიცავს რაიმე მითითებას პენსიის ცვლილებასთან დაკავშირებით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობის განსაკუთრებულ წესზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სპეციალური რეგულიაციის არარსებობის შემთხვევაში მოქმედებს სზაკ-ით დადგენილი წესები. სზაკ-ის შესაბამისად აქტის ოფიციალური გაცნობის სახეებია: დაინტერესებული მხარისათვის აქტის გადაცემა ან ფოსტის მეშვეობით გაგზავნა (სზაკ-ის 58-ე მუხ.), აქტის გამოქვეყნება შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს ბეჭდვით ორგანოში (სზაკ-ის 56-ე მუხ.) და საჯარო გამოცხადება (სზაკ-ის 57-ე მუხ.). ამდენად, კანონმდებლობა ითვალისწინებს აქტის ოფიციალურად გაცნობის მკაცრად ფორმალიზებულ და ნაკლებად ფორმალიზებულ, ანუ მარტივ ფორმებს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ადრესატისათვის გაცნობის ამ ფორმების გამოყენება დაკავშირებულია ადმინისტრაციული წარმოების ფორმებთან და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ადრესატთა რაოდენობასთან, ასევე მოწესრიგებული სამართლებრივი ურთიერთობის მნიშვნელობის ხარისხთან. ოფიციალობის თვალსაზრისით აქტის გაცნობის ზემოაღნიშნული ფორმები თანაბარი სამართლებრივი ძალის მქონეა და თანაბარ სამართლებრივ შედეგებს იწვევს. მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება ადრესატისათვის აქტის გაცნობა რომელიმე მითითებული საშუალებით. შიდა მოხმარების დოკუმენტში (ე.წ. „სამმართველო ინფორმაციაში“) შეჩერება-შეწყვეტის ფიქსაცია ვერ იქნება მიჩნეული ოფიციალური გაცნობის სახეობად - საჯარო გამოცხადებად, რომელიც არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ადმინისტრაციულ ორგანოში ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე, ღიად განთავსება (სზაკ-ის 57-ე მუხ.). მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარმოუდგენია შიდამოხმარების დოკუმენტაციაში აღრიცხვიანობისათვის ოფიციალური გაცნობის სტატუსის მინიჭების დამადასტურებელი მტკიცებულებები, საპენსიო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს დებულებას, რომლის მიხედვით პენსიის შეჩერების საფუძვლების წარმოშობა ან შეჩერების სიაში შეყვანა ავტომატურად ნიშნავს მხარის ინფორმირებას, მოპასუხე ასეთ აქტზე მითითებას ვერ ახდენს. ის, რომ შეჩერების საფუძველი არსებობს, თავისთავად არ გულისხმობს პენსიის დარიცხვის შეჩერებას, გლდანი-ნაძალადევის ცენტრის გადაწყვეტილებები პენსიის გაცემის შეჩერების, ხოლო შემდგომში შეწყვეტის შესახებ წარმოადგენს არა რეალაქტს, არამედ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, პირის უფლებას აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც ძალაში შედის ადრესატის მიერ ოფიციალურად დადგენილი წესით გაცნობიდან. აქტის გამოცემის საფუძვლის ცოდნა შესაძლოა გახდეს აქტის დასაბუთების გარეშე გამოცემის და არა საერთოდ მისი სათანადოდ გამოცემა-შეტყობინების ვალდებულებაზე უარის თქმის საფუძველი. საქმეში დაცული 29.09.14წ. N04-305/ო ბრძანება, რომლითაც დამტკიცდა „სამმართველო ინფორმაციის“ ფორმა, არ შეიცავს რაიმე მითითებას სამმართველო ინფორმაციაში გამოქვეყნებული მასალის ადრესატისათვის ოფიციალურ გაცნობად მიჩნევის შესახებ, ის გარემოება, რომ ადრესატს შეეძლო გაცნობოდა მის შინაარსს, არ ნიშნავს „სამმართველო ინფორმაციაში“ განთავსებული მასალის ადრესატისათვის ცოდნის პრეზიუმირებას. მხედველობაშია მისაღები აგრეთვე, რომ საქმეში დაცული სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის განყოფილების ფორმა N3 ანუ „პენსიის/სუბსიდიის ცვლილების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებები (სამმართველო ინფორმაცია)“ შევსებულია არა სახელმწიფო პენსიის შეჩერებიდან (01.08.09წ.), არამედ მოგვიანებით, კერძოდ 25.03.13წ. (ტ.1, ს.ფ. 67). ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ადრესატისათვის ჩაბარებასთან დაკავშირებულ დავაში მტკიცების ტვირთი ეკისრება არა ადრესატს, არამედ ადმინისტრაციულ ორგანოს. სახელმწიფო გასაცემლების შეჩერება-შეწყვეტის შესახებ აქტები ძალაში შედის მისი ადრესატისათვის ჩაბარების დღიდან. ვინაიდან საქმის მასალებით არ დასტურდება კანონმდებლობის იმპერატიული დანაწესის - პენსიის შეჩერება-შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებების დაინტერესებული პირისათვის ჩაბარება, შესაბამისად არ დასტურდება აგრეთვე მათი ძალაში შესვლა.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და სადავო აქტების ბათილად ცნობით ადმინისტრაციულ ორგანოს სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე დაევალა საქმის გარემოებების გამოკვლევის შემდეგ ახალი აქტის გამოცემა, მოსარჩელე რ. კ-ის მიერ სააპელაციო წესით არ გასაჩივრებულა, რ. კ-ი დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. საკასაციო ინსტანციის სასამართლოში მოთხოვნის გაზრდა არ დაიშვება (სსკ-ის 407-ე მუხ.), კასატორ რ. კ-ის წარმომადგენლებმა პროცესზე დააზუსტეს საკასაციო მოთხოვნა და საბოლოოდ მოითხოვეს სადავო აქტების გაუქმება სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე, ადმინისტრაციული ორგანოსათვის საკითხის ხელახალი განხილვის დავალება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სადავო აქტები და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის სოციალური მომსახურების ცენტრს დაევალოს საქმის მასალების შესწავლის შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფო გასაცემლის შეჩერება-შეწყვეტა კანონმდებლობით დადგენილი წესით წარმოების ძირითადი წესების სრული იგნორირებით თავისთავად იძლევა სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე სადავო აქტების ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოსათვის საკითხის ხელახალი განხილვისათვის დავალების შესაძლებლობას. მხედველობაშია მისაღები აგრეთვე, რომ პენსიის შეჩერების დროს მოქმედი „სახელმწიფო პენსიის დანიშვნის და გაცემის წესის“ 8.3 მუხლის თანახმად, პენსიონერის მიერ პენსიის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობის, მისი კუთვნილი საბანკო ანგარიშიდან თანხის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში გაუტანლობის შემთხვევაში პენსიის შეჩერების წყაროა პენსიის გამცემი საბანკო დაწესებულება. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდება საბანკო დაწესებულების მიმართვა სოცუზრუნველყოფის ორგანოსადმი, საქმეზე არ არის დადგენილი ასეთი მიმართვის კონკრეტული დრო. საქმის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გაარკვიოს აგრეთვე სახელმწიფო გასაცემლის შეჩერების, ხოლო შემდგომში შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებების რ. კ-ისათვის ოფიციალურად გაცნობის საკითხი.
სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისგან. დადგენილია, რომ რ. კ-ი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან ასკ-ის 9.1 მუხლის საფუძველზე, შესაბამისად, არ არსებობს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოებისათვის მოსარჩელის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების დაკისრების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე, 257-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. რ. კ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.12.2015წ. გადაწყვეტილების გაუქმებით საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. რ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. ბათილად იცნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 20.02.2015წ. N04/12102 გადაწყვეტილება რ. კ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე;
5. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის სოციალური მომსახურების ცენტრის 30.07.2014წ. N04-04/4683 გადაწყვეტილება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის სოციალური მომსახურების ცენტრს დაევალოს საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა რ. კ-ის მიმართ მიუღებელი პენსიის ანაზღაურების თაობაზე;
6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი