#ბს-52-51(კ-17) 3 მაისი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 3 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2015 წლის 8 ივნისს ი/მ ტ. ზ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 11 მაისის №378 განკარგულების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 21 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით ი/მ ტ. ზ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ გამოცემული 2015 წლის 11 მაისის №378 განკარგულება ი/მ ტ. ზ-ის შავ სიაში შეყვანის თაობაზე; სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 3 მაისის განჩინებით სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 3 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.
კასატორის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენდა 12 500 ლარს, ხოლო მიღება-ჩაბარების აქტებით დადგინდა, რომ მიმწოდებელმა შეასრულა 1438.8 ლარის ღირებულების მომსახურება, რის გამოც უსაფუძვლოა დასაბუთება იმის შესახებ, რომ მხარემ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება.
ამასთან, სამინისტროს მიერ გაგზავნილი დოკუმენტები ხელმოწერილი იყო უფლებამოსილი პირის მიერ, სადაც მითითებული იყო, რომ მხარემ არ შეასრულა (არა ერთი გაფრთხილების მიუხედავად) ვალდებულებები, რომელსაც თან ერთვოდა ხელშეკრულების შეწყვეტის დოკუმენტი და ფოტომასალა, რომელიც ადასტურებდა მხარის მიერ არაჯეროვან შესრულებას. კასატორის მითითებით, სააგენტო არ არის ვალდებული ადგილზე შეამოწმოს ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტი, იგი ეყრდნობა მხოლოდ წერილობით მტკიცებულებებს და სატენდერო მასალებს, რომელთა შეჯერების საფუძველზეც იღებს გადაწყვეტილებას. სააგენტო ვერ იქნება ჩართული მხარეთა სახელშეკრულებო ურთიერთობაში, მას აქვს უფლება შეაფასოს წარდგენილი მასალები და მიიღოს გადაწყვეტილება შავ სიაში რეგისტრაციის შესახებ.
კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია ხელშეკრულების შეწყვეტის აქტის ან/და მისი შეუსრულებლობის გარემოებანი. მან გაასაჩივრა მხოლოდ შავ სიაში დარეგისტრირების აქტი, ხოლო შავ სიაში რეგისტრაცია ხდება მხოლოდ შემსყიდველი ორგანიზაციის მიმართვის საფუძველზე და მხოლოდ კანონით დადგენიული გარემოებების არსებობის შემთხვევაში.
ამასთან, კასატორის მითითებით, სადავო პერიოდში მოქმედი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 24-ე მუხლში გაწერილი იყო შავ სიაში რეგისტრაციის საფუძვლები, რომლის თანახმად, შავ სიაში რეგისტრაციის ერთ-ერთი საფუძველი სწორედ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულება იყო. კასატორის მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში დადგენილია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების ფაქტი, რის გამოც სახეზე იყო მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების წინაპირობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 23 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს პირის შავ სიაში დარეგისტრირების თაობაზე გადაწყვეტილება უნდა მიეღო სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ (სადავო განკარგულების გამოცემის დროს არსებული რედაქცია) 24-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, რომელიც განსაზღვრავდა შავი სიის წარმოების წესს და პირობებს. სააგენტოს სათანადო ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების საფუძველზე უპირველეს ყოვლისა უნდა დაედგინა შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ინფორმაცია აკმაყოფილებდა თუ არა აღნიშნული წესით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, შემდგომ კი სააგენტოს თავისი კომპეტენციის ფარგლებში სრულყოფილად უნდა გამოეკვლია წარდგენილი მტკიცებულებები. ამასთან, სააგენტო უფლებამოსილი იყო მოეთხოვა შემსყიდველი ორგანიზაციისთვის წერილობით შეტყობინებაში არსებული ინფორმაციის დაზუსტება, მიეღო დაინტერესებული პირებისგან სხვა დამატებითი ინფორმაცია, რაც აუცილებელი იყო პირის შავ სიაში დარეგისტრირების საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად, საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოში მიეწვია დაინტერესებული მხარეები ზეპირ განხილვაზე, რაც გამორიცხავდა სააგენტოს მიერ, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, პირის შავ სიაში დარეგისტრირების თაობაზე გადაწყვეტილების ავტომატურად მიღების შესაძლებლობას.
განსახილველ შემთხვევაში ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად მიიჩნიეს, რომ სადავო განკარგულების მიღებისას არ არის სათანადოდ გამოკვლეული და დასაბუთებული ი/მ ტ. ზ-ის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების ფაქტი, მითუფრო იმ პირობებში, როდესაც შავ სიაში რეგისტრაცია იწვევს გარკვეული უფლებების შეზღუდვას და შესაძლოა პირისთვის გამოუსწორებელი ზიანის მომტანი აღმოჩნდეს.
ამასთან, საკასაციო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში ხელშეკრულების შეწყვეტის აქტის ძალაში ყოფნა არ წარმოადგენს მოსარჩელის შავ სიაში ავტომატურად დარეგისტრირების საფუძველს.
მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენება შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს, შესაბამისად სახეზეა სადავო საკითხის გადაუწყვეტლად აქტის ბათილად ცნობის და ადმინისტრაციული ორგანოსათვის საქმის გარემოებების შესწავლის შემდეგ, ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 2016 წლის 14 ნოემბერს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 3 მაისის განჩინება;
3. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2016 წლის 14 ნოემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ჩინჩალაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი