Facebook Twitter

საქმე Nბს-71-70(კ-17) 16 მაისი, 2017 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები: ა. ვ-ი, ნ. კ-ა, ე. ვ-ი, ელ. ვ-ი (მესამე პირები)

მოწინააღმდეგე მხარეები: შ. ვ-ი, ს. ვ-ა, ფ. ვ-ი, ვ. ვ-ა(მოსარჩელეები)

მოპასუხე: სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბოლნისის სარეგისტრაციო სამსახური

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:თბილისის სააპელაციო სასმართლოს ადმინიტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 29 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა: გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შ. ვ-მა, ს. ვ-ამ, ფ. ვ-მა და ვ. ვ-ამ 2014 წლის 25 ნოემბერს სარჩელი აღძრეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბოლნისის სარეგისტრაციო სამსახურისა და მესამე პირების ა. ვ-ის, ნ. კ-ას, ე. ვ-ის, ელ. ვ-ის მიმართ. მოსარჩელეებმა რეგისტრაციის გაუქმების შესახებ მოპასუხის 2014 წლის 27 ივნისის №882014336312-03 გადაწყვეტილებისა და სადავო უძრავი ქონების (საკადასტროკოდი ...) ა. ვ-ის, ნ. კ-ას, ე. ვ-ისა და ელ. ვ-ის საკუთრებაში რეგისტრაციის შესახებ 2014 წლის 22 ივლისის № 882013353043-14 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოთხოვეს.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით მოსარჩელეების შ. ვ-ის, ს. ვ-ას, ფ. ვ-ისა და ვ. ვ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილოობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბოლნისის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 27 ივნისის №882014336312-03 გადაწყვეტილება რეგისტრაციის გაუქმების შესახებ; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაევალა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბოლნისის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 22 ივლისის №882013353043-14 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება და საჭიროების შემთხვევაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ა. ვ-მა, ნ. კ-ამ, ე. ვ-მა და ელ. ვ-მა.

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით ა. ვ-ის, ნ. კ-ას, ე. ვ-ისა და ელ. ვ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ა. ვ-მა, ნ. კ-ამ, ე. ვ-მა და ელ. ვ-მა, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მოსარჩელეებისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მიუთითეს, რომ სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ყველა ფაქტობრივი გარემოება, ისე რომ საერთოდ არ გაიზიარა კასატორების მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ: სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1964 წლის რედაქცია, რომელშიც აღნიშნულია საქართველოში საკომლო ინსტიტუტის არსებობის შესახებ და საკოლმეურნეო კომლის ცნება. ასევე მხედველობაში არ მიიღო საქართველოს რესპუბლიკაში „სახელმწიფო მეურნეობის, კოლმეურნეობისა და სხვა სასოფლო სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ მთავრობის 1992 წლის 29 სექტემბრის N949 დადგენილება და სახელმწიფო საბჭოს 1983 წლის 21 ოქტომბრის N29 დეკრეტი. აღნიშნული ნორმების გამოყენებით არ უნდა ყოფილიყო ბათილად ცნობილი ბოლნისი სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გამოტანილი ზემოთხსენებული გადაწყვეტილება, ვინაიდან საქმეში არსებული 2014 წლის 1 ივლისის №აა2014034864-03 საარქივო ცნობით, რომელიც გაიცა ბოლნისის არქივის მიერ შ. ვ-ი და მისი ოჯახის წევრები საერთოდ არ წარმოადგენდნენ დედის თ. მ. კ-ის კომლს. დედის თ. მ. კ-ის კომლის წევრები ყოველთვის იყვნენ და არიან ა. ვ-ი, ელ. ვ-ი, ე. ვ-ი და ნ. კ-ა

კასატორები ასევე აღნიშნავენ, რომ სააპელაციო სასამართლომ, მიუხედავად მათ მიერ წარდგენილი სასარჩელო განცხადებისა, რომელიც იმყოფებოდა ბოლნის რაიონულ სასამართლოს წარმოებაში 2013 წლის 31 მაისის ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ, არ შეაჩერა საქმის წარმოება ზემოთხსენებული საქმის გადაწყვეტამდე, რაც შედიოდა მის ვალდებულებაში, ვინაიდან შეუძლებელი იყო ამ საქმის გადაწყვეტა ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ საქმის გადაწყვეტამდე, რითაც დაირღვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის მოთხოვნები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 13 მარტის განჩინებით ა. ვ-ის, ნ. კ-ას, ე. ვ-ისა და ელ. ვ-ის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, ა. ვ-ის, ნ. კ-ას, ე. ვ-ისა და ელ. ვ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეზე სადავოა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ბოლნისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 8 მაისის კანონიერ ძალაში შსული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გამოცემული გადაწყვეტილებების კანონიერება.

დადგენილია, რომ ს. ვ-ასა და ფ. ვ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბოლნისის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 27 ივნისის №882014336312-03 გადაწყვეტილება, მიღებულია ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 8 მაისის კაონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე, მისი აღსრულების მიზნით. თუმცა, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხე გასცდა აღსასრულებელი გადაწყვეტილების ფრგლებს და არ გაითვალისწინა, რომ ფ. ვ-ს სადავო უძრავი ნივთის ნაწილზე საკუთრების უფლება წარმოეშვა 2013 წლის 31 მაისის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, რომელის კანონიერების საკითხი არ არის განხილული ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებით, რამდენადაც ჩუქების ხელშეკრულების კანონიერება არ გამხდარა სადავო მხარეთა მიერ. ამგვარ პირობებში, ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 8 მაისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, სადაც სრულიად სხვა აქტები წარმოადგენდა დავის საგანს, მართებულად იქნა მიჩნეული არაკანონიერად. ამდენად, 2013 წლის 31 მაისის ჩუქების ხელშეკრულების თაობაზე სარჩელის წარდგენა სასამართლოში არ წარმოადგენს სადავო აქტების ბათილად ცნობის გამომრცხავ საფუძველს, რამდენადაც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბოლნისის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 27 ივნისის №882014336312-03 გადაწყვეტილების მიღების მომენტში არ არსებობდა ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელებული რეგისტრაციის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი. ამდენად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას საქმის წარმოების შეჩერების საფუძვლის არსებობის თაობაზე.

რაც შეეხება სადავო ქონებაზე ა. ვ-ის, ნ. კ-ას, ელ. და ე. ვ-ების საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ 2014 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმებას, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას და განმარტავს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურმა ა. ვ-ის, ნ. კ-ას, ე. ვ-ის და ელ. ვ-ის სახელზე 912.00 კვ.მ. ფართის რეგისტრაციისას არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, კერძოდ, სარეგისტრაციოდ წარდგენილ უფლების საგანზე რეგისტრირებული იყო ს. ვ-ას და ფ. ვ-ის უფლება, რომლის ნაწილი ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე აღირიცხა ფ. ვ-ის საკუთრებაში. დადგენილია, რომ ჩუქების ხელშეკრულება და მის საფუძველზე განხორციელებული რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და დღეის მდგომარეობით ძალაშია. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ იმ გარემოებას, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბოლნისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ არ იქნა ადმინისტრაციული წარმოებისას სრულყოფილად გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება არ არის მიღებული ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. ვ-ის, ნ. კ-ას, ე. ვ-ისა და ელ. ვ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 29 სექტემბრის განჩინება;

3. კასატორებს დაუბრუნდეთ 01.03.2017 წლის №12565637 საგადახდო დავალებით ნ. ბ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის, 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე