ბს-794-786(2კ-16) 25 მაისი, 2017წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ვასილ როინიშვილი, მაია ვაჩაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.09.2015წ. გადაწყვეტილებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
კ. მ-ემ 14.08.2014წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შემდეგ მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 11.06.2014წ. გადაწყვეტილების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 17.07.2014წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოსარჩელის საკუთრებაში არსებული, სოფ. ... მდებარე უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის მოხსნა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.08.2014წ. განჩინებით საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა მცხეთის რაიონულ სასამართლოს.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 30.01.2015წ. განჩინებით სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაერთვნენ სსიპ შემოსავლების სამსახური და მ. ფ-ი.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 17.03.2015წ. გადაწყვეტილებით კ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა კ. მ-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.09.2015წ. გადაწყვეტილებით კ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 11.06.2014წ. გადაწყვეტილება, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 17.07.2014წ. გადაწყვეტილება და მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, დანარჩენ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტირის ეროვნულმა სააგენტომ, მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურმა და სსიპ შემოსავლების სამსახურმა.
კასატორებმა საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურმა აღნიშნეს, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ საგადასახადო კოდექსის 27.04.2007წ. მოქმედი რედაქციის 85-ე მუხლი, „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ კანონის მე-20, 33.5 მუხლები, რომელთა საფუძველზე უკეთუ საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით დატვირთული ნივთი გაიყიდება ან სხვა რაიმე გზით გადაეცემა სხვა მფლობელს, გირავნობა-იპოთეკა კვლავ გავრცელდება ამ ქონებაზე ახალი მფლობელის მიმართ. კასატორები მიუთითებენ, რომ საქმეში წარმოდგენილია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 04.07.2007წ. გადაწყვეტილება საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის რეგისტრაციის შესახებ, რომელსაც საფუძვლად დაედო თბილისის საგადასახადო ინპექციის ძალაში მყოფი 25.06.2007წ. შეტყობინება. კასატორების მოსაზრებით, მაშინ როცა არსებობს უფლებამოსილი ორგანოს შეტყობინების საფუძველზე მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების რეგისტრაციის შესახებ და იპოთეკა სათანადო წესით არ არის გაუქმებული, იპოთეკის უფლების უგულებელყოფა მხოლოდ იმიტომ, რომ იგი არ ასახულა მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გაცემულ ამონაწერში ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას. საკითხის სხვაგვარი გადაწყვეტა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლებას, როგორც დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის საშუალებას, ეჭვქვეშ აყენებს. დაუშვებელია საკითხის იმგვარი განმარტება, რომ საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება ნივთს გასხვისებისას არ უნდა გადაჰყვეს.
კასატორმა სსიპ შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ საქმის მასალების მიხედვით ნასყიდობის ხელშეკრულება მ. ფ-სა და კ. მ-ეს შორის გაფორმდა 24.07.2007წ., ხელშეკრულების გაფორმებისას ნოტარიუსმა იხელმძღვანელა 19.06.2007წ. ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რის საფუძველზეც ხელშეკრულებაში მიეთითა, რომ ნასყიდობის საგანი არის ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო, თუმცა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 03.04.2007წ. უკვე იყო მიღებული გადაწყვეტილება უძრავ ნივთზე საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის რეგისტრაციის შესახებ, ამდენად, ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას ნივთი უფლებრივად უნაკლო არ ყოფილა. ამასთანავე, მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 19.07.2007წ. გაცემული N27772 ცნობა ყადაღის არარსებობის შესახებ არ ადასტურებს აღნიშნულ პერიოდში უძრავ ნივთზე იპოთეკის არარსებობას. კასატორმა მიუთითა, საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით დატვირთული ნივთის გასხვისებისას, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა კვლავ ვრცელდება უძრავ ნივთზე ახალი მფლობელის მიმართ. ამასთანავე, არ წარმოშობილა საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლით განსაზღვრული გირავნობა/იპოთეკის გაუქმების საფუძვლები, რის გამოც იპოთეკა კვლავ ძალაშია კ. მ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის მიმართ, შესაბამისად კ. მ-ის სასარჩელო მოთხოვნა სრულიად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
არასწორია კასატორთა მოსაზრება, რომ საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა წარმოიშვა ნასყიდობის ხელშეკრულების დადებამდე, რის გამოც იგი გადაყვებოდა კ. მ-ის მიერ შეძენილ უძრავ ნივთს და აღნიშნულის დამაბრკოლებელ გარემოებას არ ქმნის საჯარო რეესტრის ამონაწერში იპოთეკის მიუთითებლობა.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას და „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-4, მე-10 მუხლების საფძველზე აღნიშნავს, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრიდან ამონაწერი მზადდება მათ შორის საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეესტრების მონაცემთა გათვალისწინებით და სრულად ასახავს მისი მომზადების მომენტისათვის უძრავი ნივთის შესახებ ამ რეესტრებში რეგისტრირებულ, ძალაში მყოფ მონაცემებს. ამასთანავე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს არამარტო უტყუარობის, არამედ სისრულის პრეზუმფციაც („საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-5 მუხ., სკ-ის 312.1 მუხ.), შესაბამისად, პირს აქვს ლეგიტიმური მოლოდინი, რომ საჯარო რეესტრის მიერ გაცემულ ამონაწერში მითითებული მონაცემები ზუსტია და სრულად ასახავენ უძრავ ნივთზე არსებულ უფლებებსა და ვალდებულებებს. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ არც ნასყიდობის ხელშეკრულების დადებამდე და არც კ. მ-ის საკუთრების წარმოშობის შემდგომ საჯარო რეესტრიდან გაცემული ამონაწერები არ შეიცავდნენ ინფორმაციას საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის შესახებ. საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციიდან გამომდინარე, დაინტერესებული პირი არ იყო ვალდებული დამატებით გამოეკვლია საქმის გარემოებები, ინდივიდუალურად შეემოწმებინა თითოეული რეესტრის (მაგ. საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის რეესტრის) მონაცემები, გამოეთხოვა მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილებები და სხვ.. მით უფრო, რომ საგადასახადო კოდექსის (2007წ. მოქმედი რედაქცია) 85.3 მუხლის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებული იყო საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის წარმოშობის შესახებ საგადასახადო ორგანოსგან შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა მოეხდინა იპოთეკის დარეგისტრირება. განსახილველ შემთხვევაში, მართალია მარეგისტრირებელმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის რეგისტრაციის შესახებ, თუმცა არ დასტურდება, რომ რეგისტრაცია ნასყიდობის ხელშეკრულების დადების მომენტისათვის იყო განხორციელებული და იპოთეკა ფიქსირდებოდა რეესტრის მიერ გაცემულ ამონაწერში. ამდენად, საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ის ვალდებულებები, რომლებიც ნივთის შეძენის მომენტისათვის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ არ იყო რეგისტრირებული, ახალ მესაკუთრეზე ვერ გადავიდოდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთანავე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს.კ. 202238621) სსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 24.11.2016წ. N32198 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.09.2015წ. გადაწყვეტილება;
3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს.კ. 202238621) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 24.11.2016წ. N32198 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
მ. ვაჩაძე