Facebook Twitter

საქმე ¹ბს-815-807(კ-16) 25 მაისი, 2017 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

სხდომის მდივანი - ა. ვარდიძე

კასატორი - ფ. გ-ე

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (ისანი-სამგორის სოციალური მომსახურების ცენტრი), წარმომადგენელი ლ. ქ-ე (29.12.2016წ. N04/93996 მინდობილობა)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.09.2016წ. გადაწყვეტილება

დავის საგანი - სახელმწიფო პენსიის შეწყვეტის საფუძვლის არსებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

04.11.2015წ. ფ. გ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სოციალური მომსახურების ცენრტისა და სსიპ სოციალური მომსახურების ცენტრის მიმართ და დაზუსტებული სარჩელით მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის რაიონის სოციალური მომსახურების ცენტრის 23.09.2015წ. N04-05/8596 წერილის და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 23.10.2015წ. N04/81296 წერილის ბათილად ცნობა, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის რაიონის სოციალური მომსახურების ცენტრისათვის მიუღებელი ერთი წლის, 2012 წლის 1 ივლისიდან 2013 წლის 1 ივლისამდე, პერიოდის სახელმწიფო პენსიის ანაზღაურება.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი, დანიშნული ჰქონდა სახელმწიფო პენსია ასაკის მიხედვით, რომლის დარიცხვაც შეუჩერდა 2012 წლის 01 ივლისიდან იმის გამო, რომ ექვსი თვის განმავლობაში იმყოფებოდა საზღვარგარეთ სამკურნალოდ და ვერ ახერხებდა სახელმწიფო პენსიის მიღებას. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, 05.12.2013წ. მიმართა სოციალური მომსახურების ცენტრს და მოითხოვა პენსიის დარიცხვის განახლება. 01.01.2014წ. განახლდა პენსიის დარიცხვა და მას აუნაზღაურდა მხოლოდ 370 ლარი, 2012 წლის ივლისისა და აგვისტოს თვეების - 220 ლარი და 2014 წლის იანვრისათვის - 150 ლარი. 30.09.2014წ. მოსარჩელემ განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის რაიონის სოციალური მომსახურების ცენტრს შეჩერებულ პერიოდზე პენსიის სრულად ანაზღაურების მოთხოვნით, რაზეც 23.10.2015წ. N04/79857 წერილით მას განემარტა, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრის 10.02.06წ. N46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის წესში“ 2012 წლის აგვისტოს N01-48/ნ ბრძანებით შეტანილი ცვლილებების თანახმად იმ პირებს, რომლებსაც 2012 წლის სექტემბრის მდგომარეობით შეჩერებული ჰქონდათ პენსია არა უმეტეს 6 თვის პერიოდით და განახლების მოთხოვნით მიმართეს სააგენტოს 2013 წლის 1 იანვრის შემდეგ, 2012 წლის 1 სექტემბრიდან პენსია ჩაეთვალათ შეწყვეტილად და მიუღებელი თანხის მიღების მოთხოვნით მიმართვის შემთხვევაში აუნაზღაურდებათ მხოლოდ 2012 წლის 01 სექტემბრამდე მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული კუთვნილი გასაცემლები, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლისა შეჩერების დღიდან, ხოლო საპენსიო პაკეტის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება სააგენტოში განცხადების მიღებისა და საჭირო დოკუმენტების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ მან კიდევ ორჯერ 15.09.2015წ. და 17.09.2015წ. მიმართა ისანი-სამგორის რაიონის სოციალური მომსახურების ცენტრს პენსიის ანაზღაურებისა და სახელმწიფო პენსიის შეწყვეტის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გადაცემის მოთხოვნით, თუმცა 16.09.2015წ. და 23.09.2015წ. იგივე შინაარსის წერილები მიიღო, ხოლო შეწყვეტის აქტი არ გადასცემია. 06.10.2015წ. ფ. გ-ემ საჩივრით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 23.09.2015წ. N04-05/8596 წერილის ბათილად ცნობისა და საპენსიო ანაზღაურების დარიცხვის მოთხოვნით, რაზეც 08.10.2015წ. N04/76801 წერილით ეცნობა, რომ წარედგინა საჩივრით ერთთვიან ვადაში მიმართვის დამადასტურებელი მტკიცებულება. აღნიშნულთან დაკავშირებით, მოსარჩელემ განმარტა, რომ მისთვის გასაჩივრების წესის შესახებ არავის უცნობებია, რის გამოც არ უნდა გავრცელებულიყო გასაჩივრების ერთთვიანი ვადის შეზღუდვა. სააგენტომ არ გაიზიარა ფ. გ-ის მოსაზრება და 23.10.15წ. N04/81296 წერილით უარი თქვა საჩივრის წარმოებაში მიღებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე თვლის, რომ უხეშადაა დარღვეული საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სოციალური უფლებები და „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონი. მოსარჩელე თვლის, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის 17.1 მუხლი ამომწურავად განსაზღვრავს პენსიის შეწყვეტის საფუძვლებს, რომლებიც მხოლოდ ამ კანონით განისაზღვრება. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრის 10.02.2006წ. N46/ნ ბრძანებით დადგინდა პენსიის შეწყვეტის დამოუკიდებელი საფუძველი. მოსარჩელე თვლის, რომ აღნიშნული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი არ წარმოადგენს სპეციალურ რეგულირებას, საკითხის გადასაწყვეტად მხოლოდ „სახელმწიფო პენსიების შესახებ“ კანონი უნდა იქნას გამოყენებული, რადგან „ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონის 7.7 მუხლის თანახმად, საქართველოს საკანონმდებლო აქტებს აქვს უპირატესი იურიდიული ძალა საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიმართ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.04.2016წ. გადაწყვეტილებით ფ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 23.10.2015წ. N04/81296 გადაწყვეტილება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სოციალური მომსახურების ცენტრის 23.09.2015წ. N04-05/8596 გადაწყვეტილება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სოციალური მომსახურების ცენტრს დაევალა აუნაზღაუროს ფ. გ-ეს 1 წლის (2012 წლის ივლისიდან 2013 წლის ივლისის თვემდე) მიუღებელი პენსია.

კოლეგიამ დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სოციალური მომსახურების ცენტრის გადაწყვეტილებით ფ. გ-ეს, პენსიის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობის საფუძვლით, შეუჩერდა დანიშნული სახელმწიფო კომპენსაცია „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) 16.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 10.02.2006წ. N46/6 ბძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების“ (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) დანართი N1, 8.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხოლო შემდგომ შეუწყდა ამავე წესის 12.4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სოციალური მომსახურების ცენტრისათვის მიმართვის შემდგომ მოსარჩელეს დაერიცხა 2012 წლის ივლისისა და აგვისტოს თვის პენსია. კოლეგიამ მიუთითა, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 10.02.2006წ. N46/6 ბძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების“ (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) N1 დანართის, 9.1 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, პენსია შეწყდება პენსიის შეჩერებიდან 3 წლის გასვლის შემდგომ. სასამართლო სხომაზე მოსარჩელემ განმარტა, რომ 2011 წლის დეკემბრის თვეში დატოვა საქართველო და დაბრუნდა 2013 წლის ბოლოს. ამდენად, ფ. გ-ის მიმართ ვერ იქნებოდა მიღებული გადაწყვეტილება სახელმწიფო პენსიის/გასაცემლის შეწყვეტის შესახებ, რადგან პენსიის შეწყვეტისათვის აუცილებელი 3 წელი არ იყო გასული. კოლეგიამ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის განმარტება, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სოციალური მომსახურების ცენტრმა, მიიღო რა შეტყობინება, ბანკის ანგარიშზე აქტიური ოპერაციის განუხორციებლობის თაობაზე, არ იყო ვალდებული ჩაეტარებინა ადმინისტრაციული წარმოება და შემდგომ გამოეცა ადმინისტრაციული აქტი სახელმწიფო გასაცემლის ჩარიცხვის შეჩერების თაობაზე. კოლეგიამ მიუთითა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ყველა შემთხვევაში უნდა ჩაეტარებინა ადმინისტრაციული წარმოება, რამდენადაც სზაკ-ი არ ადგენს რაიმე საგამონაკლისო შემთხვევათა ნუსხას, რომელთა თაობაზე გამოსაცემი აქტი შესაძლოა მიღებულ იქნეს ადმინისტარციული წარმოების ჩატარების გარეშე. კოლეგიამ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ დაირღვა სზაკ-ის 96-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები. კერძოდ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ იმის ნაცვლად, რომ მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში დამატებით გამოეკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და სათანადო სამართლებრივი შეფასება მიეცა სადავო საკითხისათვის, უცვლელად დატოვა ფ. გ-ის მიერ სადავოდ ქცეული მიუღებელი პენსიის საკითხზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სოციალური მომსახურების ცენტრის 23.09.2015წ. N04-05/8596 წერილი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ (ისანი-სამგორის სოციალური მომსახურების ცენტრი). აპელანტმა აღნიშნა, რომ კანონქვემდებარე ნორმატიულმა აქტმა დაარეგულირა და შეავსო ის გარემოება, რომელიც საკანონმდებლო აქტით არ იქნა განსაზღვრული. აპელანტმა აღნიშნა აგრეთვე, რომ მოსარჩელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი აქტის კანონმდებლობით დადგენილი ერთი თვის ვადაში სადავოდ ქცევის დამადასტურებელი დოკუმენტი, შესაბამისად, სააგენტო უფლებამოსილი იყო წარმოებაში არ მიეღო ადმინისტრაციული საჩივარი. აპელანტმა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტაციულ სამქეთა პალატის 15.09.2016წ. გადაწყვეტილებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (ისანი-სამგორის სოციალური მომსახურების ცენტრი) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.04.2016წ. გადაწყვეტილება, ახალი გადაწყვეტილებით ფ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად გამოიყენა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 10.02.2006წ. N46/6 ბრძანების 9.1 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი, რადგან მოცემულ ურთიერთობას არეგულირებს სპეციალური ნორმა, რომელიც მოცემულია ამავე ბრძანებაში, კერძოდ, ბრძანების 12.4 მუხლის თანახმად იმ პირთათვის, რომლებმაც 01.09.2012წ. მდგომარეობით არაუმეტეს 6 თვის პერიოდით შეჩერებული პენსიის განახლების მოთხოვნით მიმართეს სააგენტოს 2013 წლის 1 იანვრის შემდეგ, პენსია 2012 წლის 1-ლი სექტემბრიდან შეწყვეტილად ეთვლებათ და ასეთ პირებს აუნაზღაურდებათ მხოლოდ 2012 წლის პირველ სექტემბრამდე მოქმედი კანონმდებლობით კუთვნილი გასაცემლები. სააპელაციო პალატის მოსაზრებით კოლეგიას არა ზოგადი, არამედ სწორედ აღნიშნული სპეციალური ნორმა უნდა შეეფარდებინა სადავო ურთიერთობისათვის.მოსარჩელის შემთხვევა სრულიად აკმაყოფილებდა ზემოაღნიშნული ნორმის დისპოზიციის ყველა პირობას. პენსია შეწყდა მხოლოდ საგამონაკლისო /სპეციალური ნორმის რეგულაციის გამო და ეს ვითარება არ უკავშირდებოდა პენსიის შეჩერების 3 წლიან ვადას და ამ ვადის გასვლის შემდგომ მის შეწყვეტას. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სსიპ მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სოციალური მომსახურების ცენტრს დაავალა ფ. გ-ისათვის 1 წლის (2012 წლის ივლისიდან 2013 წლის ივლისის თვემდე) მიუღებელი პენსიის ანაზღაურება მაშინ, როდესაც მოსარჩელეს უკვე ანაზღაურებული ჰქონდა 2012 წლის ივლისისა და აგვისტოს პენსია. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ფ. გ-ემ.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ფ. გ-ის მიერ. კასატორმა მიუთითა, რომ სააპელაციო პალატის მიერ მითითებული კანონქვემდებარე აქტი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 10.02.2006წ. N46/6 ბრძანება ვერ განიხილება სპეციალურ რეგულირებად. სახეზეა ორი იერარქიულად სხვადასხვა საფეხურზე მდგომი აქტი - „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონი და კანონის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 10.02.2006წ. N46/6 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესი“. კასატორი აღნიშნავს, რომ „ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონის მე-7 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, საქართველოს საკანონმდებლო აქტებს უპირატესი იურიდიული ძალა აქვთ საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიმართ. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში სახელმწიფო პენსიის შეწყვეტის პირობების განსაზღვრისას სოციალური მომსახურების სააგენტომ უნდა იხელმძღვანელოს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონით. მისთვის ერთი წლის პენსიის ანაზღაურების არ გაცემის საფუძველი იყო მინისტრის ბრძანება, რომლითაც მას პენსია შეწყვეტილად ეთვლებოდა. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის 17.1 მუხლი ამომწურავად განსაზღვრავს პენსიის შეწყვეტის საფუძვლებს, რომლებიც მხოლოდ ამ კანონით განისაღვრება. აღნიშნული კანონის მე-13 მუხლი ამომწურავად ჩამოთვლის იმ საკითხებს, რაც მინისტრის ბრძანებით უნდა განისაზღვროს, კერძოდ, მინისტრის ნორმატიული აქტით განისაზღვრება პენსიის დანიშვნისათვის საჭირო დოკუმენტების ნუსხა, საპენსიო დოკუმენტაციის წარმოების, აგრეთვე პენსიის დანიშვნის წესი და პირობები. კანონი არ ახდენს რაიმე მითითებას იმაზე, რომ შეწყვეტის საფუძვლები სხვა აქტით განისაზღვრება, კანონის მე-17 მუხლი ამომწურავად განსაზღვრავს შეწყვეტის საფუძვლებს, რომლებიც მხოლოდ აღნიშნული კანონიდან უნდა გამომდინარეობდეს და არა მინისტრის ბრძანებიდან. კასატორმა მოითხოვა საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება, სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება, სადავო აქტების ბათილად ცნობა, ადმინისტრაციული ორგანოსათვის ქმედების განხორციელების დავალება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად საკასაციო პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ისანი-სამგორის სოციალური მომსახურების ცენტრის 23.09.2015წ. N04-05/8596 გადაწყვეტილება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 23.10.15წ. N04/81296 გადაწყვეტილება შეიცავს სზაკ-ის 2.1 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს. ამდენად, დავის გადაწყვეტა საჭიროებს ხსენებული აქტების კანონმდებლობასთან შესაბამისობის გარკვევას. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების განმსაზღვრელი კრიტერიუმებია: აქტის, როგორც საქმიანობის სამართლებრივი ფორმის დასაშვებობა, ფორმალური და მატერიალური კანონიერება. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერება დაკავშირებულია აქტის შინაარსთან, აქტის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველთან. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმალური კანონიერება დაკავშირებულია ადმინისტრაციული აქტის გამოცემის პროცესთან და მოითხოვს, რომ აქტი უფლებამოსილი ორგანოს მიერ, კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დაცვით და შესაბამისი ფორმით იქნეს გამოცემული. ამდენად, დავის გადაწყვეტა საჭიროებს სადავო აქტების კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას.

„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონმდებლობის მიხედვით ზედიზედ ექვსი თვის განმავლობაში პენსიის მიუღებლობის ფაქტი წარმოშობს პენსიის გაცემის შეჩერების ვალდებულებას („სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის მე-16.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 10.02.06წ. N46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესის“ 8.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი), ხოლო შეჩერებიდან სამი წლის გასვლის შემდეგ პენსიის გაცემის შეწყვეტის ვალდებულებას („სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის მე-17.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 10.02.06წ. N46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესის“ 9.1 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი). პენსიის გაცემის შეჩერების შემთხვევაში მისი გაცემა განახლდება პენსიონერის მიერ კომპეტენტურ ორგანოში პენსიის გაცემის განახლების თაობაზე განცხადების შეტანის თვის მომდევნო თვეს და ანაზღაურდება მის მიერ მიუღებელი თანხა წარსული დროისთვის, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა პენსიის გაცემის შეჩერების დღიდან („სახემწიფო პენსიის შესახებ“ კანონის 16.2 მუხ.). რაც შეეხება პენსიის შეწყვეტას, პენსიის შეწყვეტის საფუძვლის აღმოფხვრის შემდეგ პენსია ხელახლა ინიშნება საერთო წესით („სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის 14.2 მუხ., „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესის“ 9.3 მუხ.), პენსიის ხელახლა დანიშვნამდე სახელმწიფო გასაცემელი ასეთ შემთხვევაში არ ანაზღაურდება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 10.02.2006წ. N46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად იმ პირთათვის, რომლებმაც 2012 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით არაუმეტეს 6 თვის პერიოდით შეჩერებული სახელმწიფო გასაცემლის განახლების მოთხოვნით 2013 წლის 1 იანვრის შემდეგ მიმართეს - 2012 წლის 1 სექტემბრიდან პენსია შეწყვეტილად ითვლება და ასეთ პირებს აუნაზღაურდებათ მხოლოდ 2012 წლის 1 სექტემბრამდე მოქმედი კანონმდებლობით კუთვნილი გასაცემლები, ხოლო შეწყვეტილი გასაცემელი ხელახლა ინიშნება განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების წარმოდგენის მომდევნო თვიდან.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ სახელმწიფო გასაცემლების მიმღებთა სააღრიცხვო ბაზის მონაცემებით ზედიზედ 6 თვის განმავლობაში პენსიის მიუღებლობის გამო ფ. გ-ეს გასაცემელი შეუჩერდა 2012 წლის 1 ივლისიდან. შეჩერებული გასაცემლის განახლების მიზნით ფ. გ-ემ ისანი-სამგორის სოციალური მომსახურების ცენტრს 05.12.13წ. მიმართა. ფ. გ-ეს გასაცემელი დაერიცხა 2012 წლის 1 სექტემბრამდე (ივლისის და აგვისტოს თვის), სახელმწიფო გასაცემელი ფ. გ-ეს შეუწყდა 2012 წლის 1 სექტემბრიდან, ხოლო შეწყვეტილი გასაცემლის განახლება მოხდა განცხადებით მიმართვის (05.12.13წ.) მომდევნო თვიდან - 2014 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის იანვრის თვეში დაერიცხა სახელმწიფო გასაცემელი 370 ლარის ოდენობით (2012 წლის 1 ივლისიდან 2012 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით - 220 ლარი და 2014 წლის იანვრის პენსია - 150 ლარი).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ნორმების უმნიშვნელოვანეს თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ მათი შემოღება ხშირად თავად აღმასრულებელი ხელისუფლების სუბიექტების მიერ, სახელმწიფო-მმართველობითი საქმიანობის პროცესში და მისი მიზნების მისაღწევად ხორციელდება. მოქმედი კანონმდებლობით შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოებისათვის სამართლებრივი ნორმების დამოუკიდებელი გამოცემის, ადმინისტრაციული ნორმაშემოქმედების უფლებამოსილების მინიჭება არის ნებისმიერი ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენციის უმნიშვნელოვანესი ელემენტი. მოთხოვნილება ეფექტურ მმართველობაში ობიექტურად განაპირობებს მის აღჭურვას ნორმის დამდგენი უფლებამოსილებებით. ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების (გამოცემის) უფლებამოსილება თავისი არსით არის კანონმდებლის მიერ აღმასრულებელი ხელისუფლებისათვის გადაცემული სამართალშემოქმედების უფლებამოსილება. ნებისმიერი სამართლებრივი ნორმა, მათ შორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ნორმა, წარმოადგენს სამართალშემოქმედებით აქტს. ამასთანავე, რადგან

აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების ძირითად ფუნქციას წარმოადგენს სამართალშეფარდებითი საქმიანობა, მათი ნორმაშემოქმედებითი ხასიათის საქმიანობა იმავე მიზანს ისახავს. ვინაიდან აღმასრულებელი ხელისუფლების ძირითადი ფუნქცია სამართალგამოყენებითი, ნორმაშეფარდებითი საქმიანობაა, ადმინისტრაციული ორგანოების ნორმაშემოქმედებითი ხასიათის საქმიანობა მხოლოდ ამ მიზანს ემსახურება და ამ ფუნქციით არის დეტერმინირებული. ამდენად, კანონქვემდებარე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ნორმები სამართალგამოყენების ანუ აღსრულების მიზანს ემსახურება, რის გამოც, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, აღმასრულებელი ორგანოს ნორმატიული აქტები გამოიცემა კანონის აღსრულების მიზნით, ანუ ისინი კანონქვემდებარე აქტებია. მიუხედავად იმისა, რომ საკანონმდებლო აქტით სათანადოდ ვერ იქნება უზრუნველყოფილი ყველა სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგება, ადმინისტრაციული ნორმაშემოქმედება ვერ იქნება უსაზღვრო, აღმასრულებელი ხელისუფლება ვერ იქცევა საკანონმდებლო პროცესის შემადგენელ ნაწილად და ვერ შეცვლის მას, მით უფრო როდესაც რეგულირება სცდება შიდასისტემურ რეგულაციას, აღმასრულებელი ხელისუფლების მექანიზმის შიდა ორგანიზაციას და ეხება მოქალაქის უფლებას. „ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღება(გამოცემა) შეიძლება მხოლოდ საკანონმდებლო აქტის შესასრულებლად და იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული საკანონმდებლო აქტით. სამართლის წყაროთა იერარქიაში ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები იურიდიული ძალის მიხედვით ექვემდებარებიან კანონს, კანონს აქვს უპირატესი ძალა კანონქვემდებარე აქტების მიმართ. კანონის უზენაესობის პრინციპი ვრცელდება მართვის ორგანოების როგორც მიმდინარე საქმიანობაზე, ისე ნორმაშემოქმედებით საქმიანობაზე. კანონს აქვს უპირატესი იურიდიული ძალა, თუ ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა არღვევს კანონს ან მის მიერ გამოცემული აქტი ეწინააღმდეგება კანონს, მოქმედებს კანონი. ნორმატიული აქტის იერარქიის განმსაზღვრელი „ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონის მე-7 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, სახელმწიფოს საკანონმდებლო აქტებს აქვთ უპირატესი იურიდიული ძალა სახელმწიფოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიმართ. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღება (გამოცემა) შეიძლება მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მისი კომპეტენციის ფარგლებში, მხოლოდ საკანონმდებლო აქტის შესასრულებლად და იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული საკანონმდებლო აქტით. კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში მითითებული უნდა იყოს, თუ რომელი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად იქნა იგი მიღებული(გამოცემული). ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დელეგირებული სამართალშემოქმედების, კანონმდებლობის დეკონცენტრაციის, მისი დივერსიფიკაციის გამოვლინებაა. დელეგირებული კანონშემოქმედების სახელმწიფოებრივ-სამართლებრივი აზრი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ კანონების მოთხოვნათა დაცვით რეგულირების ამოცანების შესრულებაში ჩართული იქნეს აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური შესაძლებლობანი და მისი სპეციალიზირებული პროფესიული ცოდნა. დელეგირება უზრუნველყოფს კონკრეტული სფეროს რეგულირების საგნობრივ ურთიერთკავშირს, რომელიც განაწილებულია კანონით განსაზღვრულ მასშტაბსა და ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს შორის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კანონქვემდებარე აქტის მთავარი ფუნქცია - საკანონმდებლო აქტის ეფექტური აღსრულების უზრუნველყოფაა.

მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 10.02.2006წ. N46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „წესი“ გამოცემულია „სახელმწიფო პენსიების შესახებ“ კანონის საფუძველზე და მის აღსასრულებლად. „სახელმწიფო პენსიების შესახებ“ კანონის 13.3 მუხლის თანახმად, ბრძანებით მინისტრი განსაზღვრავს პენსიის დანიშვნისათვის საჭირო დოკუმენტების ნუსხას, საპენსიო დოკუმენტაციის წარმოების, აგრეთვე პენსიის დანიშვნის წესს და პირობებს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ აღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესის“ 12.4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის დებულება სცდება მოცემული კანონქვემდებარე აქტის მიღების მიზნებს, რადგან საკანონმდებლო აქტისაგან განსხვავებულ რეგულირებას ადგენს. აღნიშნული ნორმა არ შეესაბამება კანონმდებლის ნებას, რომელიც „სახელმწიფო პენსიების შესახებ“ კანონის 17.1 მუხლში პენსიის შეწყვეტის საფუძვლების კონკრეტული განსაზღვრით გამოიხატა. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი, მე-17 მუხლების თანახმად, პენსიის შეწყვეტის საფუძველი არის კანონის და არა კანონქვემდებარე აქტის რეგულირების სფერო. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი დასაშვებად თვლის მუხლში მოცემული შეწყვეტის საფუძვლების ჩამონათვლისაგან სხვა საფუძვლითაც პენსიის შეწყვეტის შესაძლებლობას თუმცა უთითებს, რომ პენსიის შეწყვეტის საფუძველი უნდა გამომდინარეობდეს ამ კანონიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაუშვებელია სახელმწიფო პენსიის გაცემის შეწყვეტა ისეთი საფუძვლით, რომელიც არ არის გათვალისწინებული „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონით. კანონი არ შეიცავს რაიმე მითითებას შეწყვეტის საფუძვლის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრის შესაძლებლობის შესახებ. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრის 10.02.06წ. N46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „წესის“ 12.4 მუხლის თანახმად, თუ განცხადების შეტანა არ მოხდა 2013 წლის 1 იანვრამდე, პენსია შეწყვეტილად ჩაითვლება 2012 წლის 1 სექტემბრიდან. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონით დადგენილია შეჩერებიდან განახლების მოთხოვნის საერთო ვადა - სამი წელი (მე-17 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი). ფ. გ-ეს სახელმწიფო პენსია შეჩერებულად ჩაეთვალა „ლიბერთი ბანკის“ მიერ მოწოდებული სიის საფუძველზე, საბანკო ანგარიშიდან ექვსი თვის განმავლობაში საპენსიო თანხის გაუტანლობის გამო, 2012 წლის ივლისიდან. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელემ ცენტრს 05.12.2013წ. მიმართა, ანუ კანონით (16.2 მუხ.) გათვალისწინებულ შეჩერებიდან სამწლიან ვადაში. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 10.02.06წ. N46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „წესის“ თანახმად, პენსიის შეწყვეტა პენსიის შეჩერების კონკრეტულ თარიღს დაუკავშირდა. სახელმწიფო პენსიის შეწყვეტა შეჩერებიდან სამწლიანი ვადის გასვლამდე, კონკრეტული თარიღის (01.09.2012წ.) დადგომის შემდეგ მიმართვის შემთხვევაში, სცილდება კანონისმიერ რეგულაციას, შეწყვეტის ასეთი საფუძველი არ გამომდინარეობს საკანონმდებლო აქტის შინაარსიდან და ფაქტიურად პენსიის შეწყვეტის ახალი საფუძვლის შემოღებას უტოლდება. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის მე-13 მუხლით განსაზღვრული მინისტრის ნორმატიული აქტით გადასაწყვეტ საკითხთა წრე არ ითვალისწინებს პენსიის შეწყვეტის ახალი საფუძვლის დადგენას. შესაბამისად, კანონქვემდებარე აქტით დადგენილი ნორმა არ წარმოადგენს სპეციალურ რეგულირებას.

მხედველობაშია მისაღები აგრეთვე, რომ მოსარჩელეს ჰქონდა სახელმწიფო გასაცემლის შეწყვეტის საკითხის კანონის საფუძველზე გადაწყვეტის გონივრული, ლეგიტიმური მოლოდინი, ფ. გ-ეს ჰქონდა ნდობა იმისა, რომ ადმინისტრაციული ორგანო იმოქმედებდა მოქმედი კანონისმიერი რეგულაციის ფარგლებში. ნორმის განსაზღვრულობის პრინციპი მოითხოვს პირისათვის ქმედების/უმოქმედობის სავარაუდო სამართლებრივი შედეგის განჭვრეტადობას. განსახილველ შემთხვევაში 2012 წლის 01 სექტემბრიდან პენსიის შეწყვეტის საფუძვლად მითითებულია „წესის“ მე-12 მუხლი, რომელიც „წესს“ გარდამავალი დებულების სახით 2012 წლის 1 სექტემბრის შემდეგ, კერძოდ 10.09.2012წ. N01-62/ნ ბრძანებით დაემატა, ამასთანავე, მე-12 მუხლს მე-4 პუნქტი „წესს“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 24.09.2012 N 01-65/ნ ბრძანებით დაემატა. შესაბამისად, ფ. გ-ეს, 2012 წლის 1 სექტემბრისთვის არ ჰქონდა შესაძლებლობა განეჭვრიტა თავისი უმოქმედობის შედეგი. პენსიის შეწყვეტის საფუძვლების მიმართ კანონისმიერი რეგულაციის უცვლელობა, აგრეთვე ის, რომ არ დასტურდება ფ. გ-ის მიმართ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სახელმწიფო პენსიის შეჩერების, ხოლო 2012 წლის 1 სექტემბრიდან სახელმწიფო პენსიის გაცემის შეწყვეტის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა და ჩაბარება ან თუნდაც ამ აქტების გამოცემის შესახებ ადრესატისათვის ინფორმირების მცდელობა, სავსებით ცხადად ადასტურებს მოსარჩელის კანონის საფუძველზე სახელმწიფო გასაცემლის შეწყვეტის მოლოდინის ლეგიტიმურობას.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელის მოთხოვნები არ ეხება იმ ნორმის გაუქმებას, რომლითაც დადგინდა პენსიის შეწყვეტის დამატებითი საფუძველი („წესის“ 12.4 მუხ. „ბ“ ქვეპუნქტი). ის გარემოება, რომ მოსარჩელე არ მოითხოვს კანონქვემდებარე აქტის იმ ნორმის გაუქმებას, რომლითაც შემოღებულია პენსიის შეწყვეტის დამატებითი საფუძველი, არ განაპირობებს განსახილველი დავის უსათუოდ ამ ნორმის საფუძველზე გადაწყვეტას. განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს შეადგენს ფ. გ-ისათვის პენსიის შეწყვეტა, პენსიის შეჩერების ერთწლიანი პერიოდის საპენსიო თანხის გაცემაზე უარის თქმა. შესაბამისად სადავო საკითხის სწორად გადაწყვეტისათვის არსებით მნიშვნელობას იძენს პენსიის შეწყვეტასთან დაკავშირებული სადავო სამართალურთიერთობის მიმართ სათანადო ნორმის გამოყენება. დავის გადაწყვეტა გულისხმობს ნორმებს შორის კოლიზიის გადაჭრას, სადავო სამართალურთიერთობის მიმართ სათანადო ნორმატიული აქტის გამოყენების და სხვა, საწინააღმდეგო ნორმატიული აქტის გამოყენებაზე უარის თქმის საკითხის გადაწყვეტას. სასამართლოს მიერ დავის გადაწყვეტისას სასამართლო უფლებამოსილია ნაკლები იურიდიული ძალის მქონე ნორმატიული აქტის იერარქიულად უფრო მაღალი დონის ნორმატიული აქტისადმი შესაბამისობის საკითხი გადაწყვიტოს მხოლოდ მოცემულ საქმესთან დაკავშირებით და ასეთი შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში უარი თქვას ნორმატიული აქტის გამოყენებაზე, მისი ფორმალური გაუქმების გარეშე (ინციდენტური კონტროლი). ამასთანავე, ის ნორმატიული აქტი, რომელიც შეუსაბამობის გამო არ იქნა გამოყენებული სასამართლოს მიერ, ავტომატურად არ კარგავს ძალას და აგრძელებს მოქმედებას. სსკ-ის მე-6 მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესის თანახმად, თუ საქმის განმხილველი სასამართლოს აზრით კანონს არ შეესაბამება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას კანონის მიხედვით.

მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს არ ქმნის აგრეთვე სადავო აქტებში მითითება საქართველოს მთავრობის 23.07.2012წ. N279 დადგენილებაზე, რომლითაც დამტკიცებული „სოციალური პაკეტის გაცემის წესი და პირობები“ არ ვრცელდება ასაკობრივი პენსიის მიღებაზე უფლების მქონე პირებზე, რადგან აღნიშნული აქტით კონკრეტულად და ამომწურავად არის დადგენილი სოციალური პაკეტის მიმღებ პირთა წრე, ჩამოთვლილია სოციალური პაკეტის მიმღები სუბიექტები, კერძოდ: მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები, პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებული პირები და სხვ. ამდენად, ფ. გ-ის პენსიის შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძვლად მთავრობის აღნიშნული დადგენილების მითითება მოკლებულია ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს.

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება იმასთან დაკავშირებით, რომ ფ. გ-ეს ზედიზედ 6 თვის განმავლობაში პენსია არ გაუტანია საბანკო ანგარიშიდან და არც ანაბრის ანგარიშზე გადარიცხვის მოთხოვნით მიუმართავს ბანკისათვის, წარმოადგენდა პენსიის გაცემის შეჩერების საფუძველს. ამასთანავე, საფუძვლის არსებობა თავისთავად არ ადასტურებს გასაცემლის შეჩერებას, შეჩერება საჭიროებდა აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას, რაც საქმის მასალებით არ დასტურდება. მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი ფორმა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ფ. გ-ის არაერთი განცხადების (15.09.15წ., 17.09.15წ.) მიუხედავად, მას სახელმწიფო გასაცემლის შეჩერება-შეწყვეტის აქტები ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ ჩაბარდა, ასეთი არც საქმის განხილვის მსვლელობისას ყოფილა წარმოდგენილი. კანონმდებლობით კომპეტენტური ორგანოსათვის პენსიის გაცემის შეწყვეტის დადგომის შეტყობინების შესახებ პენსიონერის ვალდებულების განსაზღვრა („სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის 12.2 მუხ.), ბანკის მიერ იმ პირთა სიის გადაგზავნა სოციალური უზრუნველყოფის ორგანოსათვის, რომლებსაც 6 თვის განმავლობაში არ აუღიათ თანხა, პირადი საპენსიო ანგარიშიდან სარგებლის გაცემის დადგენის შესაძლებლობა, სახელმწიფო პენსიის გაცემის შეჩერების და შეწყვეტის საფუძვლების დადგენა არ ათავისუფლებს ადმინისტრაციულ ორგანოს გასაცემლის შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლის არსებობისას ნორმატიული აქტის (გენერალური რეგულაციის) დებულების კონკრეტული შემთხვევისადმი მისადაგების, აღნიშნულთან დაკავშირებით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის და შეტყობინების ვალდებულებისაგან. საპენსიო კანონმდებლობა არ შეიცავს რაიმე განსაკუთრებულ წესს, რის გამოც ამ სფეროზე მოქმედებს სზაკ-ის ნორმები წარმოების ჩატარების, აქტის გამოცემისა და მისი ადრესატისადმი გაცნობის შესახებ. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო ასრულებს საჯარო-სამართლებრივ უფლებამოსილებებს, იგი არის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის მიზანია მოსახლეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაცია და მისი განხორციელების ხელშეწყობა (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 27.06.2007წ. N190/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების“ 1.1. მუხ., 2.1.მუხ.). სზაკ-ის 2.1. მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო არის ადმინისტრაციული ორგანო. სზაკ-ის მე-3 მუხლის თანახმად, კოდექსის მოქმედება ვრცელდება სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და დაწესებულებების, აგრეთვე იმ პირების საქმიანობაზე, რომლებიც ამ კოდექსის შესაბამისად ითვლებიან ადმინისტრაციულ ორგანოებად. შესაბამისად სპეციალური რეგულაციის არარსებობის შემთხვევაში სააგენტოს საქმიანობაზე ვრცელდება სზაკ-ის ნორმები.

სზაკ-ის 51.1 მუხლის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა წერილობითი ან ზეპირი ფორმით. ამასთანავე, უკეთუ ზეპირი ფორმით გამოცემული აქტი ზღუდავს პირის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს ან თუ აქტის წერილობითი ფორმით გამოცემას მოითხოვს დაინტერესებული მხარე, ზეპირი ფორმით გამოცემული აქტი 3 დღის ვადაში უნდა გამოიცეს წერილობითი ფორმით (სზაკ-ის 51.2 მუხ.). სახელმწიფო გასაცემლის შეჩერება-შეწყვეტა ზღუდავს მოსარჩელის სოციალური უზრუნველყოფის უფლებას. წერილობითი აქტის გამოცემა შესაძლოა განხორციელდეს როგორც მატერიალური დოკუმენტის სახით, ასევე მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით (სზაკ-ის 51.3 მუხ.), თუმცა ასეთ შემთხვევაში ორგანო უზრუნველყოფს აქტის კანონიერ ძალაში შესვლას ადრესატისათვის მისი ოფიციალური გაცნობით. ამასთანავე, მმართველობის ღონისძიებების ეფექტურად, ორგანიზებულად და ეკონომიურად განხორციელების მიზნით, ორგანო არ არის შეზღუდული შეარჩიოს მხარის ინფორმირების ყველაზე მიზანშეწონილი საშუალება და დაინტერესებული პირის ინფორმირება მოახდინოს ელექტრონულადვე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შესაძლოა მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით აქტის გამოცემისას ადმინისტრაციული ორგანოს ჩაურევლად განხორციელდეს გარკვეულ მონაცემთა ელექტრონული დამუშავება და აქტის ავტომატურად შედგენაც კი, თუმცა ეს არ ათავისუფლებს ადმინისტრაციულ ორგანოს დაინტერესებული პირის ინფორმირების ვალდებულებისგან, რადგან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაში შედის მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობის ან საჯარო გამოქვეყნების შემდეგ (სზაკ-ის 54.1 მუხ.). უდავოა ორგანოს შესაძლებლობა კანონით კონკრეტულად განსაზღვრული მიზნით გამოიყენოს ელექტრონული დამუშავების პროგრამა როგორც მასობრივი ხასიათის ადმინისტრაციული გადაწყვეტილებების მისაღებად, ასევე მათი ორგანიზებული გავრცელებისათვის, თუმცა ორგანოს ეფექტური საქმიანობის უზრუნველყოფას არ უნდა ეწირებოდეს აქტის ადრესატთა კანონიერი ინტერესები.

მოცემულ შემთხვევაში საერთოდ არ დასტურდება პენსიის გაცემის შეჩერებისა და შეწყვეტის შესახებ არათუ აქტის გაგზავნა, არამედ მისი გამოცემა. ამასთანავე, კანონმდებლობით არ არის დადგენილი, რომ პენსიის შეჩერების საფუძლების წარმოშობა ან შეჩერების სიაში შეყვანა, ავტომატურად ნიშნავს მხარის ინფორმირებას. ის, რომ შეჩერების საფუძველი არსებობს, თავისთავად არ გულისხმობს პენსიის დარიცხვის შეჩერებას, პირის უფლებას აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და არა თავისთავად ასეთი აქტის გამოცემის საფუძვლების არსებობა.

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 31.12.09წ. N01/474-ო ბრძანებით დამტკიცებული „სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მომსახურების ცენტრისა და რაიონული (საქალაქო) განყოფილების ტიპური დებულების“ მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის თნახმად, ცენტრი (განყოფილება) კანონმდებლობისა და ამ დებულებით გათვალისწინებული კომპეტენციის ფარგლებში ღებულობს გადაწყვეტილებებს სახელმწიფო პენსიის დანიშვნის, შეჩერების, შეწყვეტის, აღდგენის, განახლების ან დანიშვნაზე უარის თქმის თაობაზე, ამ უფლებამოსილების ფარგლებში ამავე მუხლის მეორე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, განყოფილება, კანონმდებლობის შესაბამისად, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 27.09.07წ. N02/64 და 29.09.14წ. N04-305 ბრძანებით დამტკიცებულია სახელმწიფო პენსიის დანიშვნა-ცვლილების შესახებ სპეციალური ფორმა, რომლის გამოყენება სავალდებულოა სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მომსახურების ცენტრისა და რაიონული (საქალაქო) განყოფილებისათვის. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი ფორმის, გამოცემა.

სზაკ-ის მე-13, 95.2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. საპენსიო კანონმდებლობა არ შეიცავს გასაცემლის შეჩერება-შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებების მიღებამდე სზაკ-ით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გამომრიცხავ გარემოებებს. სზაკ-ის 54.1 მუხლის თანახმად, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაში შედის მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობისთანავე ან გამოქვეყნების დღეს. მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონდა არც გაცნობას და არც გამოქვეყნებას. გამოქვეყნება ხდება კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში (სზაკ-ის 55-ე მუხ.). საქართველოს კანონმდებლობა პენსიის შეჩერების და შეწყვეტის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოქვეყნებას არ ითვალისწინებს, სახელმწიფო გასაცემლების შეჩერება-შეწყვეტის შესახებ აქტები ძალაში შედის მათი ადრესატისათვის ჩაბარების დღიდან. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სახელმწიფო პენსიის გაცემის შეჩერებიდან არ გასულა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონით (17.1 მუხ. „ზ“ ქვეპუნქტი) განსაზღვრულია სამწლიანი ვადა სახელმწიფო პენსიის შეწყვეტისათვის, შესაბამისად არ დასტურდება სახელმწიფო პენსიის შეწყვეტის კანონისმიერი საფუძვლის არსებობა.

ვინაიდან ფ. გ-ეს პენსია შეუჩერდა 2012 წლის ივლისიდან „ლიბერთი ბანკის“ სიის საფუძველზე (რადგანაც ფ. გ-ის პირადი ანგარიშიდან არ ხდებოდა საპენსიო თანხის გატანა), ხოლო პენსიის განახლებაზე ფ. გ-ემ მიმართა 05.12.2013წ., პენსია ფ. გ-ეს დაერიცხა სააგენტოსათვის მიმართვის მომდევნო თვიდან. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის, აგრეთვე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 10.02.2006წ. N46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესის“ N1 დანართის 8.1. მუხლის „ა“ ქვეპუნქტის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის თანახმად, პენსიის გაცემა შეჩერდება საქართველოს მოქალაქის მიერ პენსიის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობისას (მე-16.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი). ასეთ შემთხვევაში მისი გაცემის განახლება ხდება პენსიონერის მიერ კომპეტენტურ ორგანოში პენსიის გაცემის განახლების თაობაზე განცხადების შეტანის თვის მომდევნო თვეს, ანაზღაურდება წარსული დროის მიუღებელი თანხა, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა პენსიის გაცემის შეჩერების დღიდან. მოსარჩელე მოითხოვს სახელმწიფო პენსიის შეჩერებიდან, კერძოდ 2012 წლის ივლისიდან 2013 წლის 1 ივლისამდე სახელმწიფო პენსიის ანაზღაურებას. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ფ. გ-ეს მოთხოვნილი პერიოდის ორი თვის, კერძოდ 2012 წლის 1 ივლისიდან 2012 წლის 31 აგვისტომდე კუთვნილი სახელმწიფო გასაცემელი - 220 ლარი მიღებული აქვს. ორი თვის პენსიის მიღებას მოსარჩელეც ადასტურებს სასარჩელო განცხადებაში. ფ. გ-ემ დაზუსტებული სარჩელით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობასთან ერთად მოითხოვა მიუღებელი პენსიის ანაზღაურება 2012 წლის ივლისიდან 2013 წლის ივლისამდე. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ფ. გ-ეს პენსიის დარიცხვა განუახლდა 2014 წლის 01 იანვრიდან. ფ. გ-ის ანგარიშიდან ამონაწერით (ტ.1, ს.ფ. 73) დგინდება, რომ 13.01.2014წ. ფ. გ-ეს ანგარიშზე ჩაერიცხა 370 ლარი. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემულ მიმართვებში მითითებულია და არც ფ. გ-ე უარყოფს, რომ აღნიშნული თანხა 2014 წლის იანვრის თვის პენსიასთან ერთად (150 ლარი) მოიცავდა 2012 წლის ივლისისა და აგვისტოს თვის პენსიებსაც (თვეში 110 ლარი). ამდენად, დაუსაბუთებელია მიუღებელი პენსიის ანაზღაურების შესახებ ფ. გ-ის მოთხოვნა 2012 წლის ივლისისა და აგვისტოს თვის პენსიის ანაზღაურების ნაწილში. შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს მის მიერ მოთხოვნილი არა ერთი წლის, არამედ ათი თვის, კერძოდ 2012 წლის 1 სექტემბრიდან 2013 წლის 1 ივლისამდე კუთვნილი სახელმწიფო პენსიის თანხა.

რაც შეეხება გასაჩივრებულ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 23.10.2015წ. N04/81296 წერილს, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში დაცული მასალებით დგინდება, რომ ფ. გ-ემ კუთვნილი პენსიის დარიცხვის განახლების მოთხოვნით სამჯერ (30.09.14წ., N04/79857; 16.09.15წ., N04-05/8490; 23.09.15წ. N04-05/8596) მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის რაიონის სოციალური მომსახურების ცენტრს, რომელმაც სამივე შემთხვევაში არსებითად განიხილა სადავო საკითხი და განმცხადებელს უარი უთხრა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე (30.09.14წ.; 16.09.15წ., N04-05/8490; 23.09.15წ. N04-05/5496). ამასთანავე, არცერთი ზემოხსენებული აქტი არ შეიცავდა გასაჩივრების პირობებსა და ვადებს. სასკ-ის მე-12 მუხლის თანახმად, გასაჩივრების ვადის დინება დაიწყება იმ შემთხვევაში, თუ პროცესის მონაწილე პირს განემარტება გასაჩივრების შესაძლებლობა, ორგანოს ადგილმდებარეობა, გასაჩივრების ვადა და წესი. თუ მხარეს არ ეცნობა გასაჩივრების უფლების შესახებ ან ეცნობა აღნიშნული რომელიმე მოთხოვნის დარღვევით, ასეთ შემთხვევაში გასაჩივრება შეიძლება სასამართლო აქტის გამოტანიდან ერთი წლის განმავლობაში. აღნიშნული საპროცესო-სამართლებრივი დანაწესი თავისი შინაარსით ვრცელდება არა მხოლოდ სასამართლო წარმოების, არამედ აგრეთვე ადმინისტრაციული წარმოების პროცესზე. საქმის მასალების მიხედვით ისანი-სამგორის სოციალური მომსახურების ცენტრის 23.09.15წ. N04-05/5496 წერილის ბათილად ცნობისა და განაცდურის საპენსიო ანაზღაურების დარიცხვის მოთხოვნით ფ. გ-ემ 06.10.15წ. ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს. 08.10.15წ. N04/76801 წერილით სააგენტომ საჩივრის ავტორს მოსთხოვა საჩივრის ერთთვიან ვადაში მიმართვის დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენა. საჩივრის ავტორის 19.10.15წ. N102519 განცხადებით მიმართვის მიუხედავად, სადაც ის განმარტავდა, რომ გასაჩივრების წესი ადმინისტრაციულ ორგანოს მისთვის არ განუმარტავს, სააგენტომ 23.10.15წ. N04/81296 წერილით უარი თქვა ადმინისტრაციული საჩივრის წარმოებაში მიღებაზე. შესაბამისად, ადმინისტრაციული საჩივრის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 23.10.15წ. N04/81296 წერილი უკანონოა, რის გამოც უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა მისი ბათილად ცნობის შესახებ.

სზაკ-ის 601.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. სასკ-ის 32-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო სასკ-ის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სადავო აქტები გამოცემულია მატერიალური და ფორმალური კანონიერების მოთოხვნათა დარღვევით. სასკ-ის 331 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. სასამართლო კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სადავო აქტები, ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაევალოს 2012 წლის სექტემბრიდან 2013 წლის ივლისის თვემდე პერიოდის მიუღებელი სახელმწიფო პენსიის ანაზღაურება.

სასკ-ის მე-9 მუხლის საფუძველზე მოსარჩელე, ხოლო „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სსკ-ის 55.3 მუხლის შესაბამისად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯებს სახელმწიფო აანაზღაურებს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე, 411-ე, 257-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

1. ფ. გ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.09.2016წ. გადაწყვეტილების გაუქმებით საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ფ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. ბათილად იცნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 23.10.2015წ. N04/81296 გადაწყვეტილება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სოციალური მომსახურების ცენტრის 23.09.2015წ. N04-05/8596 გადაწყვეტილება, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სოციალური მომსახურების ცენტრს დაევალოს აუნაზღაუროს ფ. გ-ეს 2012 წლის სექტემბრიდან 2013 წლის ივლისის თვემდე პერიოდის მიუღებელი სახელმწიფო პენსია;

5. ფ. გ-ის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი