Facebook Twitter

№ბს-855-847(კ-16) 25 მაისი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი

სხდომის მდივანი _ ანა ვარდიძე

კასატორი _ ჰ. ჰ-ი

წარმომადგენლები – ო. გ-ი, დ. მ-ი

მოწინააღმდეგე მხარე _ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობა

წარმომადგენელი - ხ. ა-ი

მესამე პირი – ს. დ-ი

წარმომადგენელი – დ. ა-ა

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 31 აგვისტოს განჩინება

დავის საგანი _ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2015 წლის 15 მაისს ჰ. ჰ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ახალქალაქის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის – ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, მან 2014 წლის 6 მაისს მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალქალაქის სარეგისტრაციო სამსახურს, რომ მოეხდინათ უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია. ცვლილება ეხებოდა 2014 წლის 22 აპრილს ... ქუჩა #16/3-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე მომზადებულ საკადასტრო გეგმას. განაცხადს ერთვოდა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ დამოწმებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი. იმავე წლის 6 მაისს ახალქალაქის სარეგისტრაციო სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება #882014229661 რეგისტრაციის შესახებ. 2015 წლის 29 მარტს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, როგორც დაინტერესებულმა პირმა, განცხადებით მიმართა სარეგისტრაციო სამსახურს და უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ მის მიერ დამოწმებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი არაზუსტი იყო. სარეგისტრაციო სამსახურმა 2015 წლის 2 აპრილის #882015173836 გადაწყვეტილებით შეაჩერა წარმოება, ხოლო შეჩერების ვადაში გამგეობის მიერ ხარვეზის საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობის გამო, სარეგისტრაციო წარმოება შეწყვიტა.

მოსარჩელის მითითებით, მას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2015 წლის 21 აპრილის #91/13 წერილით ეცნობა, რომ 2015 წლის 16 აპრილს ს. დ-ის წარმომადგენლის მიერ შემოსული განცხადების საფუძველზე დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2014 წლის 6 მაისს გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე. ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებით მოსარჩელემ თავისი მოსაზრებები წერილობით აცნობა გამგეობას და იქვე მოითხოვა ჩატარებულიყო სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება, მისი მონაწილეობით. 2015 წლის 29 აპრილის წერილით ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობამ აცნობა მოსარჩელეს, რომ მისი მოსაზრებები გათვალისწინებული იქნებოდა ადმინისტრაციული წარმოებისას. სინამდვილეში კი ყველა მოსაზრება უგულებელყო და 2015 წლის 6 მაისს გამოსცა ბრძანება #6513, რითაც ბათილად ცნო 2014 წლის 6 მაისს გამოცემული ზეპირი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საკადასტრო აზომვითი ნახაზის დამოწმების შესახებ. აღნიშნული ბრძანებით გამგეობამ უხეშად დაარღვია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილება და მიიღო კანონსაწინააღმდეგო დანაშაულებრივი გადაწყვეტილება.

მოსარჩელის მითითებით, მის და ს. დ-ის მიწის ნაკვეთების ზედდება დაფიქსირდა ჯერ კიდევ 2012 წლის მაისში, როდესაც ს. დ-მა მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალქალაქის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილებების რეგისტრაცია. რეგისტრაციაზე ს. დ-ს უარი ეთქვა, რაც გასაჩივრებულ იქნა ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში. რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა დ-ის სარჩელი და სწორედ ეს ძალაში შეუსვლელი გადაწყვეტილება მხარემ წარადგინა გამგეობაში. გადაწყვეტილება 2012 წლის 28 ნოემბერს გააუქმა თბილისის სააპელაციო სასამართლომ, ხოლო 2013 წლის 25 თებერვლის განჩინებით საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება. ამდენად, აღნიშნულ საქმეზე არსებობს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელსაც პრეიუდიციული მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა, მაგრამ აღნიშნულს ახალქალაქის გამგეობაში არარად მიიჩნევენ. გარდა ამისა, ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ მას გააჩნდა კანონიერი ნდობა და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე მან განახორციელა კიდეც გარკვეული ქმედებები, ხოლო გამგებლის ბრძანებით და საკადასტრო ნახაზის ბათილად ცნობით ადგება ზიანი.

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 30 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება ს. დ-ი.

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილებით ჰ. ჰ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ახალქალაქში, ... ქუჩა #12/5-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, რომლის დაუზუსტებელი ფართობია 2677 კვ.მ. და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის მესაკუთრეს წარმოადგენდა ს. დ-ი. ახალქალაქში, ... ქ. #16/3-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, რომლის დაზუსტებული ფართობია 5000 კვ.მ. და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის მესაკუთრეს წარმოადგენდა ჰ. ჰ-ი.

2014 წლის 5 მაისს ჰ. ჰ-მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალქალაქის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა ახალქალაქში, ... ქუჩა #16/3-ში მდებარე უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალქალაქის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2014 წლის 5 მაისს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, ვინაიდან სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა სხვაობა. განცხადებაზე თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით, წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემებით იცვლებოდა კოორდინატები და კონფიგურაცია. განმცახდებელს მიეთითა, წარმოედგინა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მიერ დამოწმებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ვინაიდან ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მიერ ობიექტი უკვე ლეგალიზებული იყო. 2014 წლის 6 მაისს ჰ. ჰ-მა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარადგინა ახალქალაქში, ... ქუჩა #16/3-ში მდებარე უძრავი ქონების საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომლითაც შეცვლილი იყო აღნიშნული მიწის ნაკვეთის კოორდინატები და კონფიგურაცია და მოითხოვა აღნიშნული საკადასტრო აზომვითი ნახაზის დამოწმება. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2014 წლის 6 მაისს მიღებულ იქნა ზეპირი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ჰ. ჰ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ და წარმოდგენილი ზემოაღნიშნული საკადასტრო აზომვითი ნახაზი დამოწმებული იქნა.

2014 წლის 6 მაისს ჰ. ჰ-მა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ დამოწმებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი დამატებით წარადგინა ახალქალაქის სარეგისტრაციო სამსახურში, რის შედეგადაც იმავე დღეს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ.

2014 წლის 27 ოქტომბერს ს. დ-მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალქალაქის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა ახალქალაქში, ... ქუჩა #12/5-ში მდებარე უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალქალაქის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2014 წლის 31 ოქტომბერს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, ვინაიდან სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ და მომიჯნავე ჰ. ჰ-ის საკუთრებად საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ზედდება.

2015 წლის 17 აპრილს ს. დ-ის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობას და მოითხოვა 2014 წლის 6 მაისს მიღებული ჰ. ჰ-ის საკადასტრო აზომვითი ნახაზის დამოწმების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ვინაიდან იგი შეიჭრა ს. დ-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთის საზღვრებში, რაც წინააღმდეგობაში მოდის საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტებთან და უკანონოდ ლახავს ს. დ-ის საკუთრების უფლებას. აღნიშნული განცხადების საფუძველზე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება, რის თაობაზეც ეცნობათ დაინტერესებულ პირებს - ს. დ-ს და ჰ. ჰ-ს. დაინტერესებულ პირებს მიეცათ შესაძლებლობა დაეფიქსირებინათ თავიანთი მოსაზრებები და მონაწილეობა მიეღოთ ადმინისტრაციულ წარმოებაში.

2015 წლის 6 მაისს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ მიღებულ იქნა ბრძანება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2014 წლის 6 მაისის ზეპირი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ჰ. ჰ-ის მიერ წარდგენილი ახალქალაქში, ... ქუჩა #16/3-ში მდებარე უძრავი ნივთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის დამოწმების შესახებ.

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს განმარტებით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2014 წლის 6 მაისის ზეპირი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ჰ. ჰ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და წარმოდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის დამოწმების შესახებ მიღებული იყო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შეფასების და საქმეში სავალდებულოდ მოსაწვევი დაინტერესებული პირის მონაწილეობის გარეშე. საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში ჰ. ჰ-ის მიერ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დასამტკიცებლად წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზით იცვლებოდა მიწის ნაკვეთის საზღვრები და კოორდინატები, ასევე წარმოდგენილი ნახაზით იცვლებოდა მიწის ნაკვეთის კონფიგურაცია. ამის მიუხედავად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მიმართვის დღესვე ისე დაამტკიცა აღნიშნული საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომ ადმინისტრაციული წარმოების შესახებ არ აცნობა ჰ. ჰ-ის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს - ს. დ-ს, შესაბამისად, არ უზრუნველყო მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საკადასტრო აზომვითი ნახაზის შეცვლილი კონფიგურაციით დამტკიცებით, ხომ არ ილახებოდა მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთის მესაკუთრის - ს. დ-ის უფლებები. შედეგად მიიღო გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის ინტერესების გათვალისწინების გარეშე, რითაც საფრთხის ქვეშ დადგა ს. დ-ის საკუთრების უფლება.

რაც შეეხებოდა მხარეთა შორის 2012 წელს წარმოშობილ დავას მიწის ნაკვეთების ზედდებასთან დაკავშირებით, რაზედაც არსებობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 28 ნოემბრის ძალაში შესული გადაწყვეტილება, საქმეში წარმოდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზებით, სასამართლოს გადაწყვეტილებებით და თვით მხარეთა აღიარებით დგინდება, რომ აღნიშნულ საქმეში დავის საგანს წარმოადგენდა 2011 წლის 11 ნოემბერს შედგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომელიც თავისი კოორდინატებით და კონფიგურაციით განსხვავდებოდა 2014 წლის 6 მაისს დამტკიცებული საკადასტრო აზომვით ნახაზთან მიმართებით. ეს გარემოება ასევე შეფასებულ იქნა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2015 წლის 6 მაისის #6513 ბრძანებით.

სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლითაც განსაზღვრულია, თუ რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად. აღნიშნული მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე, 34-ე მუხლებით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში - ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ - ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2015 წლის 6 მაისს #6513 ბრძანებით ბათილად ცნო მის მიერ 2014 წლის 6 მაისს მიღებული ზეპირი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამავდროულად დადგენილია, რომ 2014 წლის 6 მაისის აქტი მიღებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით დაინტერესებული პირის მონაწილეობის და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე.

ამდენად, სასამართლომ მიაჩნია, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობა უფლებამოსილი იყო ემსჯელა მის მიერ მიღებული აქტის კანონიერებაზე. ამასთან, აქტის გამოცემისას დაშვებული დარღვევები საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის საფუძველზე იძლეოდა მისი ბათილად ცნობის საფუძველს. რაც შეეხებოდა მოსარჩელე მხარის მითითებას იმის თაობაზე, რომ მას გააჩნდა კანონიერი ნდობა ბათილად ცნობილი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისადმი, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. განსახილველ შემთხვევაში 2014 წლის 6 მაისს მიღებული ზეპირი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არღვევდა ს. დ-ის საკუთრების უფლებას.

სასამართლომ აღნიშნა, რომ საკუთრების უფლება წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციით დაცულ სიკეთეს, შესაბამისად, მოსარჩელის მხრიდან კანონიერი ნდობის არსებობის შემთხვევაშიც კი, დაუშვებელია საკუთრების უფლების ხელყოფა. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2015 წლის 6 მაისის ბრძანება #6513 მიღებული იყო კანონის მოთხოვნათა დაცვით, შესაბამისად, არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ჰ. ჰ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 31 აგვისტოს განჩინებით ჰ. ჰ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასებები და დასკვნები გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთებისას მიუთითა სადავო სამართლებრივი ურთიერთობის მარეგულირებელ კანონმდებლობაზე. კერძოდ, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის #4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-142 მუხლსა და „საქართველოში ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 აგვისტოს №214 დადგენილებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტზე. მითითებულ ნორმაზე დაყრდნობით, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ დაინტერესებული პირის მომართვის საფუძველზე, შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიულმა ორგანომ უნდა შეამოწმოს უფლების დამადასტურებელ დოკუმენტსა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული სარეგისტრაციო უძრავი ნივთის ურთიერთშესაბამისობა, რის საფუძველზეც უნდა გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

სააპელაციო პალატის მითითებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას; დასაბუთება წინ უძღვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სარეზოლუციო ნაწილს; ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში უნდა მიეთითოს ის საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ან მისი შესაბამისი ნორმა, რომლის საფუძველზედაც გამოიცა ეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ზაკ-ის 96-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე; დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ ახალქალაქში, ... ქ. #16/3-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, რომლის დაზუსტებული ფართობია 5000 კვ.მ. და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის მესაკუთრეს წარმოადგენს ჰ. ჰ-ი. 2014 წლის 6 მაისს ჰ. ჰ-მა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარადგინა ახალქალაქში, ... ქუჩა #16/3-ში მდებარე უძრავი ქონების საკადასტრო აზომვითი ნახაზი, სადაც შეცვლილი იყო აღნიშნული მიწის ნაკვეთის კოორდინატები და კონფიგურაცია და მოითხოვა აღნიშნული საკადასტრო აზომვითი ნახაზის დამოწმება. ჰ. ჰ-ს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე ახალქალაქში, ... ქ. #16/3-ში, რომლის ფართობია 5000 კვ.მ. და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე, დაზუსტებული მონაცემებით რეგისტრაცია საჯარო რეესტრში განხორციელებული აქვს. 2011 წლის 11 ნოემბრის საკადასტრო აზომვითი ნახაზის სისწორე (შესაბამისობა უფლების დამდგენ დოკუმენტებთან) შემოწმებულ იქნა მოწინააღმდეგე მხარეთა შორის არსებული სამოქალაქო დავის ფარგლებში. კერძოდ, კანონიერ ძალაში შესული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა 2012 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით (საქმე 2ბ/3423-12), დაკმაყოფილდა ჰ. მ-ის სააპელაციო საჩივარი, ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება: ს. დ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, კერძოდ, მის მოთხოვნას წარმოადგენდა: დაევალოს ჰ. მ-ს შეიტანოს ცვლილება 2011 წლის 11 ნოემბერს შედგენილ მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზში, ს. დ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გადაფარვის ფარგლებში, ზომით 1მ X 51,88მ და 4,15მ X11მ-ზე.

სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომელიც პრეიუდიციული მნიშვნელობისაა. კერძოდ, დადგენილია, რომ ჰ. მ-ის (მხარეები სადავოდ არ ხდიან და დადგენილია ის გარემოება, რომ ჰ. -ი და ჰ. ჰ-ი ერთი და იგივე პიროვნებაა.) საკუთრებაში არსებული 5000 მ2 მიწის ნაკვეთზე გამყიდველის - შპს „...ის“ უფლება წარმოიშვა 1992 წლის 15 მაისს ახალციხის საქალაქო საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე (ნასყიდობის ხელშეკრულება 2003 წლის 23 აპრილი). აპელანტის მიერ საქმეში წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტების (შპს ,,...ზე’’ გაცემული გენერალური გეგმა, საკუთრების მოწმობა) საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ჰ. მ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, არსებულ საკადასტრო საზღვრებისა და არსებული კონფიგურაციით მეზობელი ს. დ-ის ნაკვეთთან მიმართებაში, ფიქსირდებოდა ჯერ კიდევ 2000 წლის მდგომარეობით ანუ ს. დ-ის მიერ 2003 წლის 15 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების დროისათვის.

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ჰ. ჰ-მა ვერ დაადასტურა 2014 წლის 30 აპრილს შედგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული სარეგისტრაციო უძრავი ნივთის ურთიერთშესაბამისობა უფლების დამდგენ დოკუმენტთან. აპელანტის მიერ მითითებული გარემოება, რომ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ფართის კონფიგურაციის შეცვლის საფუძველია სადავო ფართზე ჰ. ჰ-ის მფლობელობაში არსებული შენობა-ნაგებობის ნაწილის არსებობა, არ ქმნიდა მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისობაზე აქტის გამოცემის საფუძველს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებულია, რომ სადავო უძრავ ქონებაზე ჰ. ჰ-ის უფლების დამდგენი დოკუმენტი შესაბამისობაშია მისი დაკვეთით შესრულებულ 2011 წლის მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზთან (რაც გახდა საჯარო რეესტრში, სადავო ქონებაზე დაზუსტებული მონაცემებით რეგისტრაციის საფუძველი). შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მართებულად ცნო ბათილად 2015 წლის 6 მაისის ის გადაწყვეტილება, რომლითაც დამოწმებულ იქნა ჰ. ჰ-ის მიერ წარდგენილი ახალქალაქში, ... ქუჩა #16/3-ში მდებარე უძრავი ნივთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი (30.04.2014წ). სააპელაციო პალატა ასევე დაეთანხმა ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას, რომ სზაკ-ის მე-601 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, იგი უფლებამოსილი იყო ბათილად ეცნო მის მიერ გამოცემული აქტი უძრავი ნივთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისობის დადასტურებაზე.

სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას და არ არსებობდა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2015 წლის 6 მაისის #6513 ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 31 აგვისტოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ჰ. ჰ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკისაგან, რისთვისაც მითითებულ იქნა უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 16 ივლისის #ბს-892-874(კ-12) განჩინება და ამავე პალატის 2013 წლის 2 ივლისის #ბს-60-55(კ-13) გადაწყვეტილება. კასატორის მოსაზრებით, მოცემული საქმის განხილვისას არც რეგისტრირებულ უფლებათა რიგითობა, არც საექსპერტო კვლევა და არც მტკიცებულებათა გამოკვლევა არ იქნა მიჩნეული საჭიროდ, რის შედეგადაც მიღებულ იქნა უსამართლო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებები.

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის #4 ბრძანება და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 აგვისტოს #214 დადგენილება. მითითებული დადგენილებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებული ელექტროსადგურის ტერიტორიულ საზღვრებში მოქცეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ფიზიკური და/ან კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისათვის, აგრეთვე, რეგისტრირებული დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემის დაზუსტებისას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტაციისა, დამატებით წარმოდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (ცნობა), რომლითაც უნდა დასტურდებოდეს უფლების დამადასტურებელ დოკუმენტსა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული სარეგისტრაციო უძრავი ნივთის ურთიერთშესაბამისობა. კასატორის აზრით, სააპელაციო პალატას აღნიშნული ნორმა, კონკრეტული სადავო სამართლებრივი ურთიერთობის განხილვისას, არ უნდა გამოეყენებინა, რადგან აქ საუბარია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე, ხოლო საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ჰ. ჰ-ის საკუთრებაში აღრიცხული მიწის ნაკვეთის დანიშნულებაში მითითებულია არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 25 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ჰ. ჰ-ის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 9 თებერვლის განჩინებით ჰ. ჰ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ჰ. ჰ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ახალქალაქში, ... ქუჩა #12/5-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, რომლის დაუზუსტებელი ფართობია 2677 კვ.მ. და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის მესაკუთრეს წარმოადგენს ს. დ-ი. ახალქალაქში, ... ქ. #16/3-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, რომლის დაზუსტებული ფართობია 5000 კვ.მ. და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის მესაკუთრეს წარმოადგენს ჰ. ჰ-ი.

2014 წლის 5 მაისს ჰ. ჰ-მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალქალაქის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა ახალქალაქში, ... ქუჩა #16/3-ში მდებარე უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალქალაქის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2014 წლის 5 მაისს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, ვინაიდან სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა სხვაობა. განცხადებაზე თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით, წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემებით იცვლებოდა კოორდინატები და კონფიგურაცია. განმცახდებელს მიეთითა, წარმოედგინა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მიერ დამოწმებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ვინაიდან ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მიერ ობიექტი უკვე ლეგალიზებული იყო. 2014 წლის 6 მაისს ჰ. ჰ-მა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარადგინა ახალქალაქში, ... ქუჩა #16/3-ში მდებარე უძრავი ქონების საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომლითაც შეცვლილი იყო აღნიშნული მიწის ნაკვეთის კოორდინატები და კონფიგურაცია და მოითხოვა აღნიშნული საკადასტრო აზომვითი ნახაზის დამოწმება. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2014 წლის 6 მაისს მიღებულ იქნა ზეპირი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ჰ. ჰ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ და წარმოდგენილი ზემოაღნიშნული საკადასტრო აზომვითი ნახაზი იქნა დამოწმებული.

2014 წლის 6 მაისს ჰ. ჰ-მა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ დამოწმებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი დამატებით წარადგინა ახალქალქის სარეგისტრაციო სამსახურში, რის შედეგადაც იმავე დღეს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ.

2014 წლის 27 ოქტომბერს ს. დ-მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალქალაქის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა ახალქალაქში, ... ქუჩა #12/5-ში მდებარე უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალქალაქის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2014 წლის 31 ოქტომბერს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, ვინაიდან სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ და მომიჯნავე ჰ. ჰ-ის საკუთრებად საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ზედდება.

2015 წლის 17 აპრილს ს. დ-ის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობას და მოითხოვა 2014 წლის 6 მაისს მიღებული ჰ. ჰ-ის საკადასტრო აზომვითი ნახაზის დამოწმების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ვინაიდან იგი შეიჭრა ს. დ-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთის საზღვრებში, რაც წინააღმდეგობაში მოდის საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტებთან და უკანონოდ ლახავს ს. დ-ის საკუთრების უფლებას. აღნიშნული განცხადების საფუძველზე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება, რის თაობაზეც ეცნობათ დაინტერესებულ პირებს - ს. დ-ს და ჰ. ჰ-ს. დაინტერესებულ პირებს მიეცათ შესაძლებლობა დაეფიქსირებინათ თავიანთი მოსაზრებები და მონაწილეობა მიეღოთ ადმინისტრაციულ წარმოებაში.

2015 წლის 6 მაისს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მიიღო ბრძანება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2014 წლის 6 მაისის ზეპირი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ჰ. ჰ-ის მიერ წარდგენილი ახალქალაქში, ... ქუჩა #16/3-ში მდებარე უძრავი ნივთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის დამოწმების შესახებ.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მიხედვით კი, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. მოცემულ შემთხვევაში, კასატორს ზემომითითებული ფაქტების მიმართ პრეტენზია არ წარმოუდგენია, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთების შეფასებით შემოიფარგლება.

მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2015 წლის 6 მაისის ბრძანების კანონიერების დადგენა წარმოადგენს, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2014 წლის 6 მაისის ზეპირი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ჰ. ჰ-ის მიერ წარდგენილი ახალქალაქში, ... ქუჩა #16/3-ში მდებარე უძრავი ნივთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის დამოწმების შესახებ.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ განსახილველი სამართალურთიერთობის მიმართ გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს და განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ სადავო აქტი მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე, დაცულია ადმინისტრაციული აქტის მომზადებისა და გამოცემისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესი, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასაციის მოტივს იმასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის #4 ბრძანება და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 აგვისტოს #214 დადგენილება. საკასაციო სასამართლო მიუთითბს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის მარეგულირებელ კანონმდებლობაზე. კერძოდ, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის #4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-142 მუხლზე, რომლის თანახმად, „საქართველოში ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 აგვისტოს №214 დადგენილებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებული ელექტროსადგურის ტერიტორიულ საზღვრებში მოქცეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ფიზიკური და/ან კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისათვის, აგრეთვე, რეგისტრირებული დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემის დაზუსტებისას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტაციისა, დამატებით წარმოდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის - თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (ცნობა), რომლითაც უნდა დასტურდებოდეს უფლების დამადასტურებელ დოკუმენტსა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული სარეგისტრაციო უძრავი ნივთის ურთიერთშესაბამისობა.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაინტერესებული პირის მომართვის საფუძველზე, შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიულმა ორგანომ უნდა შეამოწმოს უფლების დამადასტურებელ დოკუმენტსა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული სარეგისტრაციო უძრავი ნივთის ურთიერთშესაბამისობა, რის საფუძველზეც უნდა გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელებისას, აუცილებელი და გარდაუვალი გარემოებაა, რომ თვითმმართველი ორგანო გავიდეს უძრავი ნივთის მისამართის მიხედვით ადგილზე და ისე მოხდეს უფლების დამადასტურებელ დოკუმენტსა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული სარეგისტრაციო უძრავი ნივთის ურთიერთშესაბამისობის შემოწმება.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლზე, რომლის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას; დასაბუთება წინ უძღვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სარეზოლუციო ნაწილს; ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში უნდა მიეთითოს ის საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ან მისი შესაბამისი ნორმა, რომლის საფუძველზედაც გამოიცა ეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე; დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ახალქალაქში, ... ქ. #16/3-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, რომლის დაზუსტებული ფართობია 5000 კვ.მ. და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის მესაკუთრეს წარმოადგენს ჰ. ჰ-ი. 2014 წლის 6 მაისს ჰ. ჰ-მა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარადგინა ახალქალაქში, ... ქუჩა #16/3-ში მდებარე უძრავი ქონების საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომლითაც შეცვლილი იყო აღნიშნული მიწის ნაკვეთის კოორდინატები და კონფიგურაცია და მოითხოვა აღნიშნული საკადასტრო აზომვითი ნახაზის დამოწმება. საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ 2014 წლის 30 აპრილს შედგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი (ამზომველი არმენ მანასიანი) დამოწმებულია ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბეჭდით, გაკეთებულია წარწერა „ვადასტურებ“, რასაც ხელს აწერს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებელი; 2015 წლის 17 აპრილს ს. დ-ის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობას და მოითხოვა 2014 წლის 06 მაისს მიღებული ჰ. ჰ-ის საკადასტრო აზომვითი ნახაზის დამოწმების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ვინაიდან ჰ. ჰ-ის მიწის ნაკვეთის საზღვრების და კონფიგურაციის ცვლილების რეგისტრაციის შედეგად იგი შეიჭრა ს. დ-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთის საზღვრებში, წინააღმდეგობაში მოდის საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტებთან და უკანონოდ ლახავს ს. დ-ის საკუთრების უფლებას.

საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ჰ. ჰ-ს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე ახალქალაქში, ... ქ. #16/3-ში, რომლის ფართობია 5000 კვ.მ. და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის დაზუსტებული მონაცემებით რეგისტრაცია საჯარო რეესტრში განხორციელებული აქვს. 2011 წლის 11 ნოემბრის საკადასტრო აზომვითი ნახაზის სისწორე (შესაბამისობა უფლების დამდგენ დოკუმენტებთან) შემოწმებული იქნა მოწინააღმდეგე მხარეთა შორის არსებული სამოქალაქო დავის ფარგლებში. კერძოდ, კანონიერ ძალაში შესული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა 2012 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით (საქმე 2ბ/3423-12), დაკმაყოფილდა ჰ. მ-ის სააპელაციო საჩივარი, ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება: ს. დ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, კერძოდ, მის მოთხოვნა იყო: დაევალოს ჰ. მ-ს შეიტანოს ცვლილება 2011 წლის 11 ნოემბერს შედგენილ მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზში, ს. დ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გადაფარვის ფარგლებში, ზომით 1მ X 51,88მ და 4,15მ X11მ-ზე.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ასევე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ მითითებულ სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომელიც პრეიუდიციული მნიშვნელობისაა. კერძოდ, დადგენილია, რომ ჰ. მ-ის (მხარეები სადავოდ არ ხდიან და დადგენილია ის გარემოება, რომ ჰ. მ-ი და ჰ. ჰ-ი ერთი და იგივე პიროვნებაა) საკუთრებაში არსებული 5000 მ2 მიწის ნაკვეთზე გამყიდველის - შპს ,,...’’ უფლება წარმოიშვა 1992 წლის 15 მაისს ახალციხის საქალაქო საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე (ნასყიდობის ხელშეკრულება 2003 წლის 23 აპრილი). აპელანტის მიერ საქმეში წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტების (შპს ,,...’’ გაცემული გენერალური გეგმა, საკუთრების მოწმობა) საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ჰ. მ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, არსებულ საკადასტრო საზღვრებში და არსებული კონფიგურაციით, მეზობელი ს. დ-ის ნაკვეთთან მიმართებაში, არსებობდა ჯერ კიდევ 2000 წლის მდგომარეობით ანუ ს. დ-ის მიერ 2003 წლის 15 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების დროისათვის.

საკასაციო პალატის მოსაზრებით, ჰ. ჰ-ი ვერ ადასტურებს 2014 წლის 30 აპრილს შედგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული სარეგისტრაციო უძრავი ნივთის ურთიერთშესაბამისობას უფლების დამდგენ დოკუმენტთან. კასატორის მიერ მითითებული გარემოება, რომ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ფართის კონფიგურაციის შეცვლის საფუძველია სადავო ფართზე ჰ. ჰ-ის მფლობელობაში არსებული შენობა-ნაგებობის ნაწილის არსებობა, არ ქმნის მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისობაზე აქტის გამოცემის საფუძველს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებულია, რომ სადავო უძრავ ქონებაზე ჰ. ჰ-ის უფლების დამდგენი დოკუმენტი შესაბამისობაშია მისი დაკვეთით შესრულებულ 2011 წლის მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზთან (რომელიც გახდა საჯარო რეესტრში, სადავო ქონებაზე დაზუსტებული მონაცემებით რეგისტრაციის საფუძველი). შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ მართებულად ცნო ბათილად ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2015 წლის 6 მაისის ბრძანებით ის გადაწყვეტილება, რომლითაც დამოწმებულ იქნა ჰ. ჰ-ის მიერ წარდგენილი ახალქალაქში, ... ქუჩა #16/3-ში მდებარე უძრავი ნივთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი (30.04.2014წ).

საკასაციო პალატა ასევე ეთანხმება ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, იგი უფლებამოსილი იყო ბათილად ეცნო მის მიერ გამოცემული აქტი უძრავი ნივთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისობის დადასტურებაზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. პალატა ეთანხმება სასამართლოს მსჯელობას და განმარტავს, რომ დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობის მიმართ ვერ გავრცელდება დაცვის ღირსი გარანტია, თუ გასაჩივრებული აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით არსებითად ირღვევა სხვა პირის კანონიერი უფლება ან ინტერესი. აღნიშნულ შემთხვევაში ილახება ს. დ-ის კონსტიტუციით დაცული საკუთრების უფლება, ვინაიდან უკანონოდ იზღუდება მისი მიწის ნაკვეთის ფართობი.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას და არ არსებობს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2015 წლის 6 მაისის #6513 ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. შესაბამისად, საკასაციო პალატის დასკვნით, სააპელაციო პალატის მიერ, მართებულად არ დაკმაყოფილდა ჰ. ჰ-ის სარჩელი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კასატორს - ჰ. ჰ-ს არ წარმოუდგენია დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც გააბათილებდა სააპელაციო სასამართლოს შეფასებებს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ჰ. ჰ-ის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან გასაჩივრებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 31 აგვისტოს განჩინება არსებითად სწორია, არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი და იგი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, დატოვებულ უნდა იქნეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ჰ. ჰ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 31 აგვისტოს განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი